სამი შვილის დედა ჯერ გააუპატიურეს და მერე „ატვიორტკით“ მოკლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

როგორ გადაურჩა გაუპატიურებას და როგორ იძია შური იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გოგომ

 

იმის მიუხედავად, რომ ადრე, სოფლად ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობდა და ნასოფლარიც უცხო სიტყვა იყო, ქალაქიდან ჩასულ ადამიანებს მაინც განსაკუთრებულად აკვირდებოდნენ. „ჭიანი ქალაქელი ბავშვები“ - ხშირად გაიგონებდით ამ სიტყვებს, რადგან სოფფელში, მართლაც, გაკაჟებული და უფრო ჯანმრთელი თაობა იყო. სამწუხაროდ, დღეს სოფელი ცოტას თუ ახსოვს და საუკეთესო შემთხვევაში, იქ ზაფხულობით ჩადის დასასვენებლად. აღარც ბებიები არიან იმ ტრადიციული გაგებით, როგორც ადრე იყვნენ, შოთის პურს რომ ჩააკრავდნენ თონეში და შვილიშვილებს, ჭყინტ ყველთან ერთად, ხელში სურნელოვან, ორთქლიან ნაჭერს ჩაუდებდნენ.

 

ჰოდა, ერთ-ერთ ასეთ სოფელში, საღამოს 10.00 საათზე, წითელ პალტოსა და კაბაში გამოწყობილი ქალი რომ გამოჩნდა, ყველა იმ ადამიანის ყურადღება მიიპყრო, ვინც იმ დროს გარეთ იყო. მოგეხსენებათ, ათ საათზე, ზამთარში, გვარიანი ღამეა, მაგრამ დათოვლილ გზაზე, მთვარის ანარეკლზე, ყაყაჩოსავით მოსჩანდა წითლებით შემოსილი ქალი.  მხოლოდ ერთმა მეზობელმა დააფიქსირა, რომ უცხო სტუმარი სოფლის განაპირას მდგარ სახლთან გაჩერდა, ჯერ იყოყმანა, მერე ხის პატარა კარი შეაღო და ეზოში შევიდა. იმ სახლში მარტოხელა, 45 წელს მიტანებული კაცი ცხოვრობდა.

„სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო სოფელში, სამი შვილის დედა იპოვეს მკვდარი. მთელი სოფელი ყალყზე დგას, ჩვენთან მკვლელი არავინაა, სასწრაფოდ იპოვეთ და სოფელს ნამუსი მოსწმინდეთ. ამიტომ, გადადე ყველა საქმე, წადი და კვირის ბოლომდე, გახსნილი საქმე მაგიდაზე მედოს - ასე მითხრა სამმართველოს უფროსმა ორშაბათის თათბირზე და მეც იძულებული გავხდი, იმავე დღეს, სოფლად წავსულიყავი ანუ იქ, სადაც არავის ვიცნობდი და ერთი ოპერმუშაკის გარდა, არც არავინ გამაყოლეს“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილის ექსპერტიზა რაიონულ ცენტრში უკვე ჩატარებული ჰქონდათ. ექსპერტის დასკვნით, ქალს გულ-მკერდის არეში, „ატვიორტკით“ სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გაძარცვული არა, მაგრამ გაუპატიურებული იყო. სანამ გამომძიებელი საეჭვო პირების სიას გადახედავად, მასთან სოფლის მაცხოვრებელი მივიდა და უთხრა, როგორ დაინახა ქალი იმ ეზოში შემავალი, სადაც მარტოხელა კაცი ცხოვრობდა. სამართალდამცავები მასთან წავიდნენ და სახლში შამპანურის ორი ცარიელი ბოთლი, შოკოლადის ფილა და სხვა ნუგბარი ნახეს, ისეთი, სოფლის მაცხოვრებლისთვის რომ უჩვეულოა.

კაცს საშინაო ტანსაცმელი ეცვა და ფეხთან, შარვალზე, სისხლის წვეთები უჩანდა. რაღა თქმა უნდა, ის დააკავეს და ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ეს ქალი ზაფხულში, სანატორიუმში გავიცანი, ბავშვებთან ერთად ისვენებდა. მომეწონა, მოვეწონე, ქმარი არ ჰყავდა, მაგრამ თან სამი შვილი ახლდა. მერე მისამართები გავცვალეთ და წერილებს ვწერდით. ბოლოს მომწერა, თუ დამპატიჟებ, ჩამოვალო. დავპატიჟე ზრდილობის გულისთვის, რას ვიფიქრებდი, თუ მართლა ჩამოვიდოდა და მორიგ წერილში რიცხვი მითხრა, მანდ ვიქნებიო. მოვემზადე, შამპანური და შოკოლადი ვიყიდე, ქალაქელი ქალისთვის სხვა რა უნდა შემეთავაზებინა, არ ვიცოდი. ქათამიც დავკალი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. საღამოს მართლა მოაკაკუნა და... კარი ვერ გავუღე. შემეშინდა, ვიფიქრე, თუ შემოვა, მერე აღარასოდეს წავა, სამ შვილსაც აქ ჩამოიყვანს, მე კიდევ არც მაგათი რჩენის თავი მქონდა და არც - სურვილი. ბავშვები რომ მდომოდა, ცოლს მოვიყვანდი, არ შემიძლია ბავშვების ტირილისა და ჭიჭყინის ატანა. იმან, დაახლოებით, 10-15 წუთი აკაკუნა, კარი რომ არ გავუღე, გატრიალდა და წავიდა. ცხელ გულზე, შამპანური გამოვცალე და დასაძინებლად დავწექი, დილით კი თქვენ მოხვედით და დამაკავეთ“, - ასეთი იყო ეჭვმიტანილის ჩვენება.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შარვალზე სისხლის ლაქები ქათმის იყო, ხოლო მის ორგანიზმში, განსხვავებით ქალის ორგანიზმისგან, ალკოჰოლის საკმოდ დიდი დოზა გახლდათ. რაც მთავარია, გამოჩნდა მოწმე, რომელმაც დაინახა, რომ დაახლოებით, 11.00 საათისთვის, ქალი სოფლიდან გასასვლელ გზაზე მიდიოდა ანუ ის იმ სახლიდან, სადაც სტუმრად მიდიოდა, ცოცხალი წავიდა.

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ სოფელში ნასამართლევი არავინ იყო. შესაბამისად, ეჭვის მიტანა ვინმეზე ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტი იყო - ქალი სოფლიდან არ გასულა. სხვა სოფლამდე მისასვლელად, 4 კილომეტრი დაგჭირდებოდათ, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, რომ იმ დროს, სხვა სოფლიდან ვინმე ამ სოფელში შემოსულიყო, ქალი მოეკლა და ისე წასულიყო, არავის დაენახა. უცხო მანქანას მაშინვე შენიშნავდნენ, ასეთი რამ კი არავის დაუნახავს. სამაგიეროდ, რამდენიმე ადამიანმა დაინახა, რომ 11.00 საათისთვის, სოფლელების სამი მანქანა მოძრაობდა და მათგან ერთი, სწორედ იმ გზაზე გავიდა, საიდანაც ქალი გაქრა. მანქანის მძღოლი 23 წლის დედისერთა ბიჭი გახლდათ, განებივრებული და საკმაოდ შეძლებული მშობლებით. იმის მიუხედავად, რომ ბიჭს არაფერი აკლდა, კოლმეურნეობაში მაინც მუშაობდა, ყველას ეხმარებოდა და სოფელს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. უფრო მეტიც, ვის აღარ ურიგებდნენ, თუმცა ბიჭი ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა.

გამოძიებამ ის მაინც დაკითხა და აღიარა, უბრალოდ, მანქანით ვსეირნობდი, ყველამ იცის, ღამით ხშირად დავდივარო და ეს სხვებმაც დაადასტურეს. ბიჭმა ქალის დანახვა უარყო, არ შემინიშნავს, თორემ წითელ პალტოში როგორ ვერ შევამჩნევდიო.

„ყველა იმედი გადამეწურა. გადავატრიალე იქაურობა, ჩუმ-ჩუმად, ფულად ჯილდოსაც დავპირდი მას, ვინც გამოძიებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ბოლოს, არარეალური თანხაც ვთქვი - ათი ათასი მანეთი, მაგრამ ამასაც არავინ გამოეხმაურა. სოფელი, პირიქით, ჩვენ „გვაწვებოდა“, გამოიძიეთ საქმე, მკვლელი დააკავეთ, რათა ყველამ გაიგოს, რომ აქ მკვლელები არ ცხოვრობენ და ვიღაც სხვამ მოკლაო. რა უნდა მექნა? ერთ კვირაში, პირში ჩალაგამოვლებული დავბრუნდი თბილისში“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან ერთი თვე იყო გასული, როცა იმავე სოფლის მიმდებარედ, ახალგაზრდა გოგოს გაუპატიურება სცადეს. გოგონა სტუმრად იყო ჩასული, საღამოს ტყის პირას გაისეირნა, დათოვლილი ხეების ნახვა მინდაო და თავსაც სწორედ იქ დაესხნენ. მოძალადემ საწადელს ვერ მიაღწია, გარდა იმისა, რომ გოგო გაუძალიანდა, ყვირილიც დაიწყო. გაქცევამდე, თავდამსხმელმა „ატვიორტკა“ ამ შემთხვევაშიც მოიქნია, თუმცა ზამთრის ტანსაცმელში ვერ გაატანა. რა თქმა უნდა, დაზარალებული სასწრაფო წესით თბილისში გადმოიყვანეს და ის ბატონმა თენგიზმა დაკითხა.

„რაღაცნაირი, უცნაური მეჩვენა ეს გოგო. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, გამომძიებლობა სურდა, აი, სისხლით რომ არიან გამომძიებლები, ისეთი იყო, შემართება ჰქონდა და ყველაფერ ამის მიუხედავად, ძალიან მშრალი ინფორმაცია მომაწოდა. არ დამინახავს სახე, არც ის მახსოვს, რა ეცვა, შემეშინდაო... არადა, არ ჰგავდა მშიშარას. ათასნაირად მივუდექი, თუმცა პირველ ჩვენებას მიაწვა, აღარაფერი შეცვალა და არც ჩვენებებში აიხლართა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გოგონა საავადმყოფოში დიდხანს არ გააჩერეს, არც ფსიქოლოგიური პრობლემები ეტყობოდა და შინ მშვიდად გაუშვეს. იმავე საღამოს, ბატონ თენგიზს სოფლის ოპერრწმუნებულმა დაურეკა, რომელმაც შეატყობინა, რომ დაზარალებული გოგო სოფელში გამოჩნდა და ერთ-ერთ ბიჭს, რკინის კეტით საშინლად სცემა.

„რაღა თქმა უნდა, სოფელში წავედი. დაზარალებული ის დედისერთა, მშობლებისგან განებივრებული ბიჭი იყო, თავდამსხმელი - გოგო. როგორც აღმოჩნდა, მან იცნო თავდამსხმელი და თავად გადაწყვიტა შურისძიება. ექსპერტებმა ბიჭს არა მხოლოდ სპერმის ანალიზი აუღეს, არამედ, მისი მანქანაც შეამოწმეს და უკანა სავარძელზე სისხლის ლაქები იპოვეს. სისხლი მოკლული ქალის ჯგუფს 100 პროცენტით დაემთხვა. დაკითხვაზე ბიჭმა მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ახლაც არ იცის, რატომ მოექცა იმ ქალს ასე. თქვა, რომ თავი ვერ შეიკავა, მანქანით ცენტრამდე მიყვანას დაპირდა, მერე გააუპატიურა და ბოლოს, შიშისგან მოკლა. მერე კი, როცა ერთი გაუპატიურება და მკვლელობა შერჩა, „მადა გაეხსნა“ და მეორე გაუპატიურება სცადა, რაც არ გამოუვიდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

პროკურორმა დაკავებულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მხოლოდ 15 წელი აკმარა. ჩვენს მთხრობელს ეჭვი აქვს, რომ მშობლებმა ფინანსები არ დაიშურეს, რათა სასჯელის უმაღლესი ზომა არ დამდგარიყო.

რაც შეეხება გოგოს... ორი წლის შემდეგ, მას სამსახურის დაწყებაში რეკომენდაცია განსაკუთრებულ საქმეთა მთავარმა გამომძიებელმა, ბატონმა თენგიზმა გაუწია.

 ავტორი - ბათო ჯაფარიძე