18 წლის გოგო, დეიდის ქმარმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა - დიდი ოჯახური საიდუმლო, რომელსაც ფარდა 26 წლის შემდეგ აეხადა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, დღეს ქუჩაში მიტოვებული ჩვილი აღარავის უკვირს. პატარა ბავშვებს ხან ნაგვის ურნაში მოისვრიან, ხან პირდაპირ ქუჩაში ტოვებენ. ადრე კი ასე არ იყო. თუ ანალოგიური რამ მოხდებოდა, ლამის, მთელი საქართველო იგებდა და მის ჩამდენს არა თუ კიცხავდნენ, არამედ, ხშირად საცხოვრებლის გამოცვლასაც აიძულებდნენ ხოლმე. ლოგიკა მარტივი იყო - თუ ბავშვი გაიმეტა, ყველას გაიმეტებსო.

 

დეიდამ დისშვილი გარდაცვლილი იპოვა - საავადმყოფოდან გამოწერეს და გაუკვირდა, ერთადერთი დისშვილი რომ არ მივიდა დასახვედრად, ამიტომ შინ შეუარა, კარი გასაღებით გააღო და 42 წლის ქალი ლოგინში გარდაცვლილი ნახა. მაშინვე სასწრაფოში დარეკა და სასწრაფომ მილიციის თანამშრომლებიც მიიყოლა. სანამ ბუნებრივი სიკვდილი არ დადგინდებოდა, სამართალდამცავები ვალდებულნი იყვნენ, საქმე აღეძრათ.

„შეგიძლია, მუშაობა მკვლელობის ან თვითმკვლელობის ვერსიაზე დაიწყო. კლასიკური მოწამვლაა და იმის გარკვევა მოგიწევს, თავი მოიკლა, თუ დაეხმარნენ ამ უბედურს“, - უთხრა ექიმმა ადგილზე მისულ გამომძიებელს.

ოთახში, მაგიდაზე, ვარდების თაიგული და შოკოლადი იდო. აი, ის, „ასორტი“ რომ ეწერა და ბევრისთვის საოცნებო ნუგბარი გახლდათ, რეალურად, ბევრი არაფერი - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი შოკოლადი, სასურველზე ცოტა დაბალი ხარისხისაც კი. ტკბილეული ექსპერტიზაზე წაიღეს, გამომძიებელმა კი დეიდა დაკითხა.

„ჩემი დისშვილი ერთი უბრალო გოგოა. მასწავლებლად მუშაობდა, ხელფასი არაფერში ჰყოფნიდა, მე და ჩემი ქმარი ვეხმარებოდით. 30 წლის ასაკში, ვიღაც არანორმალური გამოჩნდა, ცოლობა სთხოვა და ესეც მაშინვე გაჰყვა. ერთ თვეში, ის კაცი დაიჭირეს, ყაჩაღობისთვის 7 წელი მიუსაჯეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა. ამ შტერმაც ისევ მიიღო და მერე ისევ დაიჭირეს. ახლა ისევ გამოჩნდა, გამოვედიო და ამან რომ აღარ მიიღო, ძალიან გაბრაზდა. არ გამოვრიცხავ, თუ მოკლულია, სწორედ მისი გაკეთებული იყოს“, - აღნიშნა დეიდამ.

კრიმინალი ქმრის ძებნა მაშინვე დაიწყო და მას ერთ საათში მიაგნეს. სამართალდამცავების დანახვისას, ქმარი გაიქცა, თუმცა დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა - ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, გაქცეულმა ხელები ასწია, შემდეგ კი პირდაპირ ასფალტზე დაწვა. სამწუხაროდ, ტყვია ტყუილად დაიხარჯა - ეჭვმიტანილმა არც ცოლის გარდაცვალების შესახებ იცოდა რამე და რკინის ალიბიც ჰქონდა. მალე ექსპერტიზის დასკვნაც მოვიდა - ქალი მოწამლული შოკოლადის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ახლა ის იყო გასარკვევი, ვინ მიუტანა ვარდების თაიგული და ტკბილეული, თანაც ისე, რომ შოკოლადს ძღვენის მიმტანმა პირი არ დააკარა. დეიდამ ეს ფაქტიც განმარტა - ჩემი დისშვილი შოკოლადზე გიჟდებოდა, ამიტომ რაც ნაკლებს შეჭამდნენ სტუმრები, უხაროდაო, ერთადერთი, რასაც არავის სთავაზობდა და აძალებდა, შოკოლადი იყოო, თუმცა ექსპერტიზას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჰქონდა - მაგიდაზე მდგარ ჭიქებზე, გარდაცვლილის თითის ანაბეჭდების გარდა, კიდევ ერთი ანაბეჭდი იყო, რომელიც სახლში სხვაგან არსად გახლდათ. ვინაიდან და რადგანაც გარდაცვლილთან ურთიერთობა მხოლოდ დეიდას და დეიდის ქმარს ჰქონდათ, მათი ანაბეჭდებიც აიღეს, თუმცა ეს სხვისი იყო. აი, ის სხვა იყო მოსანახი და სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ბიოგრაფიის შესწავლა დაიწყეს.

დეიდამ კი თქვა, იმდენად უინტერესო და მოსაწყენი იქნება, არ გირჩევთო, მაგრამ...

საარქივო ცნობებით გაირკვა, რომ თავდაპირველად, გოგო რეგიონში ცხოვრობდა, სადაც 18 წლის ასაკში, ბავშვი გააჩინა და მშობიარობიდან მეორე დღეს, ჩვილი პალატის ფანჯრიდან გადმოაგდო. საბედნიეროდ, კარგად შეფუთული ჩვილი ტოტებში გაიხლართა და ძირს რბილად დაეცა. მას მოტეხილობა არ დაუდგინდა, სამაგიეროდ, გოგოს დაუდგინეს ფსიქიკური აშლილობა მშობიარობის ფონზე, თუმცა ყველაფერმა ამან არ გაიარა და ბავშვი ჩამოართვეს.

როცა ეს ამბავი დეიდას უთხრეს, მან სახე ჩამოიხოკა - „მახსოვს, როგორ არ მახსოვს. საოცარი ბავშვი იყო. შვილი არ მყავს და როცა ჩემს დისშვილს დედობის უფლება ჩამოართვეს, მინდოდა, მე მეშვილებინა, თუმცა უკვე გაშვილებული დამხვდა...“

სამართალდამცავები ბავშვთა სახლში წავიდნენ. იქ არა მარტო აღნიშნული ისტორია ახსოვდა რამდენიმე ძველ თანამშრომელს, არამედ, ისიც თქვეს, რომ დაახლოებით, ორი თვის წინ, მათთან მივიდა ახალგაზრდა კაცი, თქვა, რომ სწორედ ის ბავშვი იყო, რომელიც დედამ ფანჯრიდან გადააგდო და ბიულოგიურ დედას ეძებდა. კანონის თანახმად, ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა  ეს ინფორმაცია არ მისცეს, მაგრამ მაშინ ყველაფერი იყიდებოდა და გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ, რომელიმე თანამშრომელს, ფულის სანაცვლოდ, საიდუმლო გაეთქვა... ბიჭმა დედა იპოვა და წარსულის გამო, შური იძია.

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ვინ იშვილა ბიჭი, ვის გვარზე იყო და სახლშიც დაადგნენ. ბიჭი შინ იყო, წინ ორი სურათი ედო და დასცქეროდა. სამართალდამცავების დანახვამ გააკვირვა და როცა უთხრეს, რის გამოც იყვნენ მისულები, ახალგაზრდა კაცს ისტერიკა დაეწყო. გაირკვა, რომ მას რამდენიმე თვის წინ, მშობლები ავარიაში გარდაეცვალა. დედამ სამი დღე იცოცხლა და სწორედ მაშინ, საავადმყოფოში უამბო სიმართლე. ბიჭმა ამის შემდეგ გადაწყვიტა ბიოლოგიური დედის მოძებნა, რადგან აღარავინ დარჩა. იპოვა კიდეც და იპოვა მოხუცი თანამშრომლის წყალობით. დედასაც ძალიან გაუხარდა შვილის ნახვა, იმ დღეს ბიჭი მასთან იყო მისული, მამა უნდა გაეცნო, შოკოლადი და ყვავილები იქ დახვდა, დედამ უთხრა, მამა გავიდა, ნახევარ საათში დაბრუნდებაო. მანამდე, დედამ შოკოლადი ჭამა, ბიჭს ხელი არ უხლია - არ უყვარდა. მერე დედამ უთხრა, თავი ამტკივდა, წამოვწვებიო და დაიძინა. ბიჭმაც კარი გაიხურა და წავიდა. გაუკვირდა, დედა რომ აღარ შეეხმიანა და მის მონახულებას კვლავ აპირებდა. ჰო, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - როცა ბიჭი კიბეზე ადიოდა, გზად კაცი შეხვდა. ჰკითხა კიდეც დედამ, ვინმე ხომ არ შეგხვედრიაო და ბიჭმა დამალა, მიხვდა, მამას შეეჩეხა და არ უნდოდა, დედისთვის ეთქვა, მამა კიბეზე ვნახე და გვერდით ჩავუარეო. მერე, უფრო სახალისოდ გამოჩნდებოდა ეს ამბავი. მან ზუსტად აღწერა კაცი, რომელიც შეხვდა და გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს - აღწერილობით კაცი ძალიან ჰგავდა დეიდის ქმარს.

სამართალდამცავებმა დეიდის ქმრის ფოტო მოიპოვეს და ახლომდებარე მაღაზიები დაიარეს. ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ, ამ კაცმა მათგან „ასორტის“ შოკოლადი იყიდა და ეს იმიტომ დაამახსოვრდა, რომ კაცს ხელში ვარდების ლამაზი თაიგულიც ეჭირა. ცხადი გახდა, მოწამლული შოკოლადი ცოლის დისშვილთან სწორედ მან აიტანა, მაგრამ ეს საკმარისი მტკიცებულება მაინც არ გახლდათ. 26 წლის ბიჭის მონაყოლი, მამა უნდა გაგაცნოო, ბევრ რამეზე მეტყველებდა. სავარაუდოდ, 26 წლის წინ, ცოლის დისშვილი სწორედ მან შეაცდინა და ბავშვიც მისი იყო. სამართალდამცავებმა სამსახურში დეიდას მიაკითხეს და ბავშვის სავარაუდო მამაზე ჰკითხეს. ქალმა მხრები აიჩეჩა, ამ თემაზე ჩემი დისშვილი არასოდეს საუბრობდა, როგორც ვიცი, თანაკლასელთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ცოცხალი თავით, არც ამან თქვა რამე და არც - თანაკლასელებმაო.

შემდეგ ქალს პირდაპირ ჰკითხეს, ხომ არ არსებობდა ვერსია, რომ მის დისშვილს ბავშვი მისი ქმრისგან ჰყოლოდა, რაზეც ქალი დაიბნა, თუმცა მტკიცედ მიუგო - იყო ეს ვარაუდიც, თუმცა არაფერი დამტკიცებულა და ქმარმაც ყველაფერი უარყოო.

გამოძიებამ მამაკაცი დააკავა და... შვილს დაუპირისპირა. შვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, სწორედ ეს კაცი შემხვდა კიბეზეო, გამყიდველმა ქალმაც ამოიცნო და დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

„ჰო, ლამის სამი ათეული წლის წინ შევცდი და ჩემი ცოლის დისშვილთან სიახლოვე მქონდა. ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით, თუმცა შემდეგ, მისმა ორსულობამ შოკში ჩამაგდო. ეს კარიერის დასრულებას და საშვილიშვილო სირცხვილს ნიშნავდა. გოგოსგან პირობა ავიღე, რომ არაფერს იტყოდა, ბავშვი კი... ბავშვი თავად მოისროლა ფანჯრიდან, მეც შოკში ვიყავი. ახლა კი გამომიცხადა, ჩვენი შვილი გამოჩნდაო. თავად მე შვილი არ მყავს, მაგრამ საზოგადოებაში მაქვს სერიოზული ადგილი, კარგი თანამდებობა და ყველაფერი ეს არ მაწყობდა, თანაც ცოლთან სკანდალი და ამბების ატეხვა ცალკე პრობლემა იყო, ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, ამ ლაწირაკს კი, ჩემთვის პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია“, - დაასრულა მონოლოგი დეიდის ქმარმა.

სასამართლომ დამნაშავეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.