Menu
RSS

დიდი შეთქმულება ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ _  პარლამენტის წევრსა და მის ნათესავებს მიწების მითვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ამხელენ?!

საინვესტიციო კომპანია შპს ,,მედგრუპ ჯორჯია’‘ დაბა წავკისში გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ეს კომპლექსი სანკტპეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენისა და ცნობილი ექიმის, თამაზ მჭედლიძის საინვესტიციო პროექტია. შპს ,,მედგრუპ ჯორჯიამ’‘ წავკისის პროექტში 5 000 000 აშშ დოლარი უკვე დახარჯა და კიდევ 30 000 000მდე დოლარის დახარჯვას აპირებს. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტს, რომელმაც ხელი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს, ადგილობრივი ჩინოვნიკები _ გარდაბნის რაიონის ყოფილი გამგებელი, თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი და მისი გარემოცვა ეწინააღმდეგება. რატომ უპირისპირდებიან წავკისელ ,,ფეოდალებად’‘ მონათლული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი წავკისის პროექტს და, საერთოდ, შპს ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘? მფარველობენ თუ არა შსსსა და ყოფილი კუდის მაღალჩინოსნები დეპუტატს? _ ყველაფერ ამის გასარკვევად, ,,ვერსიამ’‘ დაპირისპირებულ მხარეებს მიმართა. 
თავდაპირველად, შპს ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ გენერალურ დირექტორს, მირიან ამირანაშვილს ვესაუბრეთ, რომლის თქმითაც, დაბა წავკისის გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას საქართველოს პარლამენტის წევრი, თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი და მისი გარემოცვა უპირისპირდება. მირიან ამირანაშვილმა ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ თემურ ფეიქრიშვილს ზურგს შსსს მაღალჩინოსნები უმაგრებენ. 
_ ბატონო მირიან, სახელმწიფოს წარმომადგენელს, დეპუტატ თემურ ფეიქრიშვილს სურვილი რატომ გაუჩნდა, თქვენთვის ანუ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისთვის პრობლემები შეექმნა?
_ ფეიქრიშვილი წავკისში, ამ პროექტის მიმდებარედ, უძრავ ქონებას _ დიდი რაოდენობის მიწებს ფლობს, რაც სხვადასხვა ადამიანზე აქვს გაფორმებული. ეს მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ერთერთ გლეხთან მივედი და მიწის გადაცვლა შევთავაზე. მან მითხრა, ეს ჩემი მიწა არაა და ჯერ თემურ ფეიქრიშვილთან უნდა შევათანხმოო. არადა, ეს გლეხი, მალხაზ გვარაძე, გამაჯანსაღებელი კომპლექსის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს ფლობს. რეესტრში გვარაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობა რომ ვნახე, სახელი შეცვლილი იყო _ მალხაზის ნაცვლად, მამუკა ეწერა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი თემურ ფეიქრიშვილის ინიციატივით, შეგნებულად გაყალბდა, რადგან მალხაზ გვარაძე ჩემთან გარიგებაში მის გარეშე არ შემოსულიყო... მივხვდი, თემურ ფეიქრიშვილი წავკისში ყველაფერს სოფლის კი არა, სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე აკონტროლებდა, ამიტომაც თამაზ მჭედლიძემ მითხრა, ჩვენი კუთვნილი მიწები გაყიდე და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ასაშენებლად სხვა ადგილი მოძებნეო. ,,მთვარის მოტაცებიდან’‘ თარაშ ემხვარის სიტყვები ხომ გახსოვთ, მე იმ გვარისა ვარ, უკან დახევა რომ არ სჩვევიათო... ჰოდა, უკან არ დავიხიე, შევეცადე, ყველაფერი ბოლომდე გამერკვია და მთავრობასთან მივედი. 
_ ეს როდის მოხდა?
_ 2011 წელს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში მივედი და ეს პროექტი რუკის სახით წარვადგინე _ ვაჩვენე, რა ტერიტორიებს მოიცავდა გამაჯანსაღებელი ცენტრი და ისიც აღვნიშნე, რომ ამ ტერიტორიაში კერძო ნაკვეთებიც შედიოდა. თბილისის მერიაში განმიცხადეს, კერძო მესაკუთრეებთან ურთიერთობა იურიდიულად უნდა დაალაგო და ნოტარულად დამოწმებული ხელშეკრულებები გააფორმოო. ავუხსენი, რომ წავკისის მიწებს გარკვეული ოჯახური კლანი განკარგავდა... თბილისის მერიამ, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებში დასვა საკითხი, კარგი პროექტი იწყება, რომელსაც ხელს ფეიქრიშვილი უშლისო. არ ვიცი, როგორ გაჟონა ინფორმაციამ, ვინ მიიღო დავალება, მაგრამ ამის შემდეგ, საჯარო რეესტრში ამონაწერები გაასწორეს და წავკისელებს მიწის ნაკვეთები გავუცვალეთ. თემურ ფეიქრიშვილმაც ის მიწები გაგვიცვალა, რაც მის სახელზე იყო გაფორმებული, მაგრამ მიწის ერთერთი ნაკვეთი, რომელსაც მისი მძახალი ჯაფიაშვილი ფლობს და რომელიც კომპლექსამდე მისასვლელ გზას ემიჯნება, პრობლემად იქცა. ჯაფიაშვილმა მიწის ნაკვეთის გაცვლა გადაიფიქრა და ფულის გამოძალვა გადაწყვიტა.  დაბა წავკისში 24 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 1 250 000 ლარად შევიძინეთ, თბილისის მერიამ ვალდებულება დაგვაკისრა _ 2014 წლის ბოლომდე, მინიმუმ, 3 600 000 აშშ დოლარის დახარჯვით, საერთაშორისო დონის გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა დავასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 360 000 აშშ დოლარის საბანკო გარანტიასა და მიწას ჩამოგვართმევენ. კონტრაქტით დაგვეკისრა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წავკისის ტყისთვისაც მოგვევლო და გვეპატრონა _ ფანჩატურები და ბილიკები მოვაწყვეთ, წყაროებიც დავასუფთავეთ, მაგრამ ფანჩატურები დაგვინგრიეს. დავოსის მერი და თამაზ მჭედლიძე მეგობრობენ და ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ. მაგალითად, დავოსის ტყეში ხის პატარა ქოხებია და იგივეს გაკეთება წავკისშიც გვინდოდა. დავოსიდან ჩამოტანილი ხეები წავკისის ტყეში დავრგეთ, აბრა დავამაგრეთ, რომ წავკისის ტყე დავოსის ტყეს დაუმეგობრდა. აბრა დახიეს, თამაზის სურათი ამოჭრეს და სახრჩობელა გააკეთეს. ამის შემდეგ, შს მინისტრის იმდროინდელ მოადგილეს, გელა ხვედელიძესაც შევხვდი, რომელმაც საქმე ,,გამირჩია’‘, იქნებ, შენ არ ხარ მართალიო. როგორც ჩანს, ხვედელიძე ფეიქრიშვილს მფარველობდა. თემურ ფეიქრიშვილის მითითებით, პოლიცია ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა.   პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრი, ბიზნესომბუდსმენი, ბატონი პრემიერმინისტრი, ყველა მხარში გვიდგას, რასაც ფეიქრიშვილი და მისი გარემოცვა ვერ ეგუება. ცუდ ფონს გვიქმნიდნენ, თამაზ მჭედლიძის წინააღმდეგ ,,შავი პიარიც’‘ ააგორეს, სასულიერო პირებიც ჩართეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ, სოფლები აეჯანყებინათ. ბიძაჩემი სასულიერო პირია, დაურეკეს და პირდაპირ უთხრეს, რომ პროექტს ჩამოვშორებოდი. თამაზ მჭედლიძეზე ამბობდნენ, საროსკიპოებს აშენებსო, არადა მისი კლინიკების ქსელი საუკეთესოა რუსეთში. ვეჭვობ, უშიშროებამ ზოგიერთი სასულიერო პირის სახელით, შეგნებულად გაავრცელა მრევლში ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი პროექტს დიდი რაოდენობის ხალხი დაპირისპირებოდა.    სხვათა შორის, გლეხებს _ მალხაზ და გულნარა გვარაძეებს, ჩვენს მიერ გადაცვლილი მიწები, წაართვეს. გულნარა და მალხაზ გვარაძეები სოციალურად დაუცველები არიან და მათ ვეხმარები. მალხაზ გვარაძეს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, თამაზ მჭედლიძის ინიციატივით, გულის შუნტირების ოპერაცია გავუკეთეთ. აქამდე მოუნათლავი იყო და მოვნათლე. მოკლედ, უყურადღებოდ არ ვტოვებთ.
_ ბატონო მირიან, აპირებს თუ არა თამაზ მჭედლიძე სხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებას?
_ აპირებს და დავიწყეთ კიდეც ვერტოდრომის მშენებლობის პროექტი. წავკისის გამაჯანსაღებელი კომპლექსი იქნება ცენტრი, საიდანაც ჩვენს ცენტრში მოსულ სტუმრებს, საქართველოს მასშტაბით, ვერტმფრენით გასვლით ტურებს შევთავაზებთ... ვერტოდრომისთვის მიწები 2007 წელს შევიძინეთ, ამ პროექტსაც მე ვხელმძღვანელობ, დავიწყეთ მშენებლობა, მაგრამ აქაც ხელი თემურ ფეიქრიშვილმა შეგვიშალა. დავაფუძნეთ კომპანია ,,ფლაი ველნესი’‘, რომელმაც უნდა ააშენოს ვერტოდრომი. კომპანია ,,ფლაი ველნესის’‘ დამფუძნებელი ,,სტიმორ ასოციაციაა’‘. პროექტის მშენებლობისას აღმოვაჩინეთ, რომ ვერტოდრომთან მისასვლელი გზა არ გვაქვს _ გზის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთებს ერთი პიროვნება ფლობს, მაგრამ დოკუმენტები გააყალბეს და ფორმალურად, სხვადასხვა ადამიანზე გადააფორმა.  
_ ეს დოკუმენტები ახლა გააყალბეს თუ 2007 წელს?
_ ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანს, რომ 2007 წელს გაყალბდა, მაგრამ ფეიქრიშვილის ჯგუფს არ გაუჭირდებოდა, მაშინდელი თარიღით ახლა გაეყალბებინა. როგორც კი კომპანიამ მიწა იყიდა, მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და გადაწყვიტეს, ჩვენთვის გზა დაეკეტათ. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, ვერ მივდივართ ჩვენს ტერიტორიაზე, რომ გზა ავაშენოთ და პროექტი დავიწყოთ.  
,,ფეიქრიშვილმა მითხრა, დაგიჭერო’‘
,,ვერსია’‘ სოციალურად დაუცველ, წავკისელ მალხაზ გვარაძესაც ესაუბრა.
_ ბატონო მალხაზ, ხელშეკრულებაზე ხელი როგორ მოაწერეთ?
_ ხელი რაზე მოვაწერე, არ დავინტერესებულვარ, კონტრაქტი არც კი წამიკითხავს. დილით, ადრე, სოფელ ტაბახმელაში, გამგეობაში წავედი. იქ ვნახე სოსო ქოროღლიშვილი და მისი მეუღლე. მითხრეს, შინდისში გავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი. ჩემი სიძე ტაბახმელაში ცხოვრობს და მასთან გავჩერდი, მაგრამ იქაც მომაკითხეს და გაყოლა მთხოვეს. სოსო ქოროღლიშვილის მეუღლემ სადღაც დარეკა, ალბათ თემურ ფეიქრიშვილთან და არ ვიცი, რა უთხრა. ტელეფონი მომაწოდა, თემურმა მითხრა, წავყოლოდი და რასაც მეტყოდნენ, გამეკეთებინა, თორემ ორივეს დაგვიჭერდნენ. ამ სიტყვების შემდეგ დავთანხმდი და წავყევი. 
_ რა რაოდენობის თანხა უნდა მიგეღოთ?
_ 40 000 ლარი და 60 000 აშშ დოლარი, ოღონდ კონტრაქტი ისეა გაფორმებული, თითქოს ეს თანხა უკვე აღებული მაქვს. 
_ თანხა არ მიგიღიათ?
_ მობრძანდით და ნახეთ, სად ვცხოვრობ, ან სად მძინავს. 60 000 აშშ დოლარი თუ მომცეს, ერთ კარადას ან ხის საწოლს ვერ ვიყიდდი? თუ გადამიხადეს, სად წავიღე ეს ფული? დღესაც რკინის ზამბარებიან საწოლზე მძინავს და ერთი გადასაფარებელი მაქვს _ გასარეცხად რომ იღებენ, ველოდები, როდის გაშრება, რომ დავიფარო.  
ინტერვიუ ,,ფეოდალთან’‘
,,ვერსია’‘ საქართველოს პარლამენტის წევრს, თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილს დაუკავშირდა, რომელიც მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. 
_ ბატონო თემურ, გარდაბნის რაიონის გამგებელობისას თამაზ მჭედლიძეს მართლა დაემუქრეთ, რომ ოთხ სოფელს აუჯანყებდით?
_ ეს მტკნარი სიცრუეა. ჯერ ერთი, გარდაბნის რაიონის გამგებელი კი არა, საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. წავკისი თბილისის მერიას რომ შეუერთდა, მიწის რეფორმა მე ჩავატარე. სოფელმა კრება ჩაატარა და ხალხმა წავკისის ტყე შეინარჩუნა. აი, ამის შემდეგ მოხდა დანაშაული _ მთლიანი ტყე ისე გაიყიდა, როგორც არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა. რაც შეეხება ოთხი სოფლის შანტაჟსა და ხელის შეშლას, ყველაფერი მათი მოგონილია. თვითონ აშანტაჟებენ ხალხს და კარგადაც წაართვეს წავკისელებს მიწის ნაკვეთები. გარდაბნელებს საჩივარი აქვთ დაწერილი, მეც იმ სოფელში ვცხოვრობ და არ დავუშვებ, ტყე გაიჩეხოს, თორემ კარგი საქმის გაკეთებაში ხელს არავინ უშლის. ღმერთმა ქნას, უამრავი კარგი საქმე გააკეთონ. 
_ მირიან ამირანაშვილი ამბობს, რომ ტყეში ფანჩატურები და ბილიკები გააკეთეს, რაც მოსახლეობამ დაანგრია, რატომ?
_ ნამდვილად არის ფანჩატურები, მაგრამ ამაზე არ გვაქვს პრეტენზია. ტყეში ძალიან დიდი რაოდენობით ხე გაჩეხეს და ესაა პრობლემა. ფანჩატურები ჩაედგათ, ოღონდ ტყე არ გაეჩეხათ. კარგი საქმის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ ტყეს ნუ ჭრიან და ხალხს ნაკვეთებს ნუ ართმევენ. 
_ შპს ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ წინააღმდეგ თქვენს ნათესავებთან _ ქოროღლიშვილებსა და ჯაფიაშვილებთან ერთად მოქმედებთ?
_ ჯაფიაშვილი ნამდვილად ჩემი მძახალია _ ჩემი რძლის მამაა. ცდილობენ, მიწის ნაკვეთი წაართვან, მაგრამ თავის საკუთრებას არ თმობს. მისი საკუთრებაა და თუ ყაჩაღები არ არიან, რატომ ეძალავებიან, რატომ ართმევენ? ადრე აშინებდნენ, ამას გიზამთ, იმას გიზამთო და ართმევდნენ, მაგრამ ეს კაცი არ თმობს საკუთრებას. 
_ თქვენ და თქვენი ნათესავები წავკისელი ,,ფეოდალები’‘ ხართ და გარდაბნის რაიონის მიწების დიდ რაოდენობას ფლობთ?
_ წავკისში დავიბადე და გავიზარდე, ფეოდალი როგორ ვარ? უკანონოდ არაფერს ვფლობ, ყველაფერი კანონიერად მაქვს. მე ვარ ფეოდალი თუ თამაზ მჭედლიძე და მირიან ამირანაშვილი, რომლებმაც ასეულობით ჰექტარი ტყე გაჩეხეს? მათ უნდა ჰქონდეთ მიწა და ჩვენ არა? რატომ? სამწუხაროდ, ცუდი ისაა, რომ რაც უნდა დამაბრალონ, პასუხს არ აგებენ. შეუძლიათ, უამრავი რამ დამაბრალონ და მერე ბოდიში მოიხადონ ან არ მოიხადონ და დაჯარიმდნენ. ისინი თაღლითები არიან. 
_ გელა ხვედელიძე, ასევე, უშიშროებისა და კუდის თანამშრომლები გმფარველობდნენ? 
_ რა სისულელეა. რა მჭირს სამფარველო, მაგათნაირი ყაჩაღი ვარ? რატომ უნდა მიპატრონოს ვინმემ? ეგენი არიან ყაჩაღები, პატრონობა და მფარველობა მაგათ უნდათ. შეისწავლიან, როგორ ართმევდნენ ხალხს მიწებს, მოსახლეობა ყველაფერს იტყვის. 
_ ეკა ბესელია შეცდომაში რატომ შეიყვანეთ?
_ ეკა ბესელიას საერთოდ არ გავსაუბრებივარ ამ თემასთან დაკავშირებით. მერე რა, რომ დეპუტატები ვართ, კარგად არც კი მიცნობს, მხოლოდ ვესალმებით. 
_ სოციალურად დაუცველ გვარაძეების ოჯახს მიწის ნაკვეთები მოტყუებით წაართვით?
_ სისულელე და კიდევ ერთი ბრალდებაა. ვისი რა საქმეა, სოფელში ვინ ვის მიყიდის მიწას? ეტყობა, ფული სჭირდებოდათ და გაყიდეს, თორემ ვინმე რამეს უფულოდ აჩუქებს? 
_ ხელშეკრულება ხომ გააფორმეთ?
_ დიახ, ჩემსა და გულნარა გვარაძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი მართლა ვიყიდე. 
_ მერე, გულნარა გვარაძეს თანხა რატომ არ გადაუხადეთ?
_ ისინი ამბობენ ასე, მაგრამ მუქთად ვინმე რამეს გაჩუქებთ? ეგენი არიან გამოძალვასა და წართმევას დაჩვეულები, თორემ მიცნობენ სოფლელები და კარგად იციან, ვარ თუ არა ამის გამკეთებელი.
_ მალხაზ გვარაძემ მითხრა, ხელშეკრულებაზე ხელი ისე მომაწერინეს, არ ვიცოდი, შიგ რა ეწერაო...
_ ტყუილი და სისულელეა. მალხაზ გვარაძეს ფულს ჩუქნიან და რასაც უნდათ, იმას ათქმევინებენ. 
_ მალხაზ გვარაძისთვის ტელეფონით თქვენ გითქვამთ, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.
_ ტყუილიამეთქი, ხომ გითხარით? 
_ ესე იგი, წავკისსა და გარდაბნის რაიონში მიწის ნაკვეთებს არ ფლობთ? 
_ არა, რა სისულელეა. აბა, ერთი მაგალითი მომიყვანონ, ვის რა წავართვი. ყაჩაღები თვითონ არიან. რეფორმით მიღებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ხალხის საკუთრებაა, რეკრეაციულ ზონად აქვთ გაფორმებული. ტყე გაჩეხეს და არასასოფლო მიწააო, ამბობენ. ტყე არ არის რეკრეაციული ზონა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაა რეკრეაციული? ჩემი და სოფლელების პოზიცია ასეთია: ტყე არ უნდა გაიჩეხოს და ხალხს საკუთრება არ უნდა წაართვან.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში