Menu
RSS

„ლიბერთიმ“, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

1 ნოემბრიდან, „ლიბერთიმ“ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად _ 60 წელს გადაცილებული პენსიონერები, კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან. 

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს, შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში. 

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან. 

პროგრამაში, პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში _ Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან, ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში. 

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა: 

,,ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტი, ერთგვარი ხიდი თაობებს შორის _ ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია“. 

„ლიბერთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან თხელიძე იმედოვნებს, რომ პროექტი გაამართლებს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება: 

,,ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ _ ციფრულ ტექნოლოგიებთან. 

ჩვენ მთელი წლის მანძილზე, არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც, ვიმედოვნებთ, გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ!“

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში