საქართველოს პრემიერ-მინისტრი - დუბაიში გამართულ მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. მაღალი დონის შეხვედრების გარდა, პრემიერი მსოფლიოს მთავრობათა სამიტშიც მონაწილეობდა, რომელიც 13 თებერვალს, დუბაიში გაიმართა. სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიანს, არაბთა გაერთიანებული საამირობის ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციებისა და წინსვლის კონტექსტში. მისი თქმით, მსოფლიოს მთავრობათა სამიტი, გლობალური თანამშრომლობის მხრივ, ქვეყნის ურყევი ერთგულების დასტურია. წლევანდელი სამიტის თემა „მომავლის მთავრობათა ფორმირებაა“ და როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში:

დღევანდელ შეკრებაზე, თქვენ წინაშე, გამოვდივარ მომავლის იმედითა და ოპტიმიზმით აღსავსე, რადგან ვიცი, რომ ჩვენი გამორჩეული მასპინძლების ხელმძღვანელობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გააგრძელებს სასიცოცხლო როლის შესრულებას უკეთესი მსოფლიოს ფორმირებაში. ჩვენს მთავრობას აქვს ძლიერი საქართველოს ხედვა, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი. ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ქმედით და ეფექტიან პოლიტიკას ვამუშავებთ და ჩვენს ხედვას ძლიერი მოქმედებებით ვამყარებთ.

მიუხედავად რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სერვისების სფეროებში, ტურიზმის ჩათვლით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა - 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს, 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023-2027 წლებში, საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის - წელიწადში საშუალოდ 5%“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წელსაც დაფიქსირდა, რომლის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 100%-ზე მეტით გაიზარდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრთა გადამწყვეტმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას:

წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9.4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს, ან იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირებისა და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოსატანად. ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ, მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელ თავებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო საერთაშორისო ფირმებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად. რაც მთავარია, უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. პრემიერის თქმით, საქართველოს გავლით, კომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ ევროპის 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით, თანაც საბაჟო მოსაკრებლისა და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-სთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან.

გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შევძელით, საქართველო ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ია. ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის კვლევით, საქართველო მეშვიდე ადგილზეა გლობალურად.

საქართველო ინვესტორებს სთავაზობს არსებითად მიმზიდველ წინადადებას, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისაგან თავისუფლდება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების მიმზიდველ ადგილს. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშში, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობისა და ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა, 120 ქვეყანას შორის, სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიხედვით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე, საქართველო მერვე ადგილზეა, 80 ქვეყანს შორის, მსოფლიოში ყველაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს ინვესტიციების მიმზიდველობის ნიშნით. ჰერითიჯის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ბევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს, 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობითა და ყველა მოქალაქისთვის უფრო წარმატებული მომავლის შექმნით მივაღწიეთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით, ქვეყანა იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და შედეგად,  ხალხის ცხოვრების დონესაც აუმჯობესებს. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს რბილი და მყარი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

რეგიონული ინიციატივები ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში, როგორებიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება; ევროპისა და აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი; შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი; რკინიგზის მოდერნიზაცია; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გაზრდის ჩვენი რეგიონისა და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნების დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ეგრეთ წოდებული, შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად.

ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათ შორისაა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით შავი ზღვის თხევადი აირის პროექტის განვითარებას. მისი წარმატებული განხორციელება ხელს შეუწყობს სამხრეთ დერეფნის შემდგომ განვითარებას პროდუქტებისა და მარშრუტების მიწოდების დივერსიფიკაციის გზით. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე განვიხილავთ ეგრეთ წოდებულ, ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს ევროკავშირის პარტნიორებთან, რაც დამატებით ეკონომიკურ მუხტს შემოიტანს და კატალიზატორად იქცევა ევროპულ და აზიურ ბაზრებთან მეტი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და მოკავშირეები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ისარგებლებენ ამ პროექტებით.

ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების გარეშე. სწორედ ამიტომ, გასულ წელს, დამტკიცდა „მთავრობის ხედვა 2030“. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს და წარმართავს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას, ამავდროულად, ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტებს, გაეროს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სულისკვეთებასა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. პრემიერის თქმით, სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას.

გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელებისას, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობასა და ღიაობას, ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების სფეროებში. ეს ძალისხმევა აისახა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის 2022 წლის ინდექსში, რომლითაც საქართველო 41-ე ადგილზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს მრავალ ქვეყანას მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით. მსოფლიო სამართლის პროექტის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2023 წლის ინდექსით, „ნამბეოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის, მსოფლიოში - მე-18, ხოლო ევროპაში - მერვე ადგილზეა.

ყველა იმ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე. 2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადაწყვეტილი გვაქვს სწრაფი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი, უახლოესი ეტაპი გახლავთ“.

ირაკლი ღარიბაშვილისვე განცხადებით, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი, რომელიც რეაგირებს ახალ რეგიონულ და გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე, პოლიტიკურ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება, ქვეყნის მთავრობა ეროვნული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების ერთგულია და ემსახურება მოქალაქეების საჭიროებებს. სიტყვის ბოლოს კი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ხედვა საქართველოს მიმართ, გულისხმობს სტაბილურობის, მშვიდობის, შესაძლებლობებისა და განვითარების სიმბოლოდ ქცევას.

მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავე დროს, ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ, დაე, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ იმის ნათელ მაგალითად, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად, საერთო-სახალხო გაერთიანებით. ამას შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ჩვენს ხედვას რეალობად ვაქცევთ!

 ავტორი: მაკა რუხაძე