პუტინის თებერვლის სისხლიანი ვნებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს რუსეთისა და ბელარუსის დატოვება

 

24 თებერვალი, ესე იგი, უკრაინაში პუტინის შეჭრის ერთი წლისთავი ახლოვდება. შესაბამისად, ვოლოდიმერ ზელენსკისა და ასევე, მთელ ცივილურ მსოფლიოს მოლოდინი აქვს, რომ კრემლის დიქტატორი უკრაინაზე მძლავრ იერიშს მიიტანს. შეშლილი ფსიქოპათისგან გამორიცხული არაფერია, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზუსტად 24-ში, ვლადიმერ ვლადიმერის ძე ე.წ. ლუჟნიკის სტადიონზე, სადაც კონცერტი უნდა გაიმართოს, 200 ათასი (ამ ციფრს რუსული მედია ავრცელებს) ადამიანის წინ სიტყვით წარსდგება. მოგეხენებათ, პუტინი ფართო საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პლანეტაზე კოვიდი გამოჩნდა. ჰოდა, საინტერესოა, რატომ გარისკავს 24-ში, ან რას ეტყვის ხალხს?

 

ზოგადად, პუტინს მომხრეები რუსეთშიც ჰყავს და, სამწუხაროდ, რუსეთს გარეთაც, მაგალითად, პუტინელები საქართველოშიც არიან, მაგრამ ისიც არ არის დასამალი, რომ იგივე რუსეთში, საღად ბევრი აზროვნებს და უკრაინასთან ომს არათუ ამართლებს, არამედ, გვახსოვს, მასობრივი მობილიზაციის პირველი ტალღა რომ გამოცხადდა, ჩვენი ქვეყნის საზღვარს უამრავი რუსი მოაწყდა. ილუზია, რომ ამ რუსებში სპეცსამსახურების წარმომადგენლები არ იყვნენ, არავის აქვს, მაგრამ ფაქტია - რუსეთის ბევრი მოქალაქე, სწორედ პუტინს გამოექცა, თუმცა დიქტატორი რისი დიქტატორია, ხალხს მოუსმინოს. ამიტომაც, პუტინი, ალბათ, შეეცდება, რომ თავისი უძლეველობა, პირველ რიგში, საკუთარ ხალხს დაუმტკიცოს. საამისოდ კი ე.წ. ბატალური სცენები სჭირდება.

ერთ-ერთი ასეთი „ბატალური სცენა“, შესაძლოა, ის ინფორმაცია იყოს, რომელსაც ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს.

კერძოდ, ნორვეგიის დაზვერვა იუწყება, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეიარაღებული ჩრდილოეთ ფლოტის რუსული საბრძოლო ხომალდები ზღვაში შევიდნენ.

დაზვერვის ინფორმაციითვე, 30 წლის განმავლობაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული ხომალდების ზღვაში შესვლის პირველი შემთხვევაა.

„რუსეთის მუდმივი სამხედრო ძალები საგრძნობლად დასუსტდნენ უკრაინის ომის შემდეგ. ამავდროულად, მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე ომშია ჩართული... მეორე მხრივ, რუსეთის ბირთვული შესაძლებლობები კვლავ იგივეა, რაც ომამდე იყო. რეგულარული არმიის ძლიერად დასუსტების ფონზე, რუსეთისთვის ბირთვული იარაღის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო პერიოდში“, - ვკითხულობთ დაზვერვის ანგარიშში.

მაშასადამე, გამოდის, რომ პუტინმა რაღაც ჩაიფიქრა, მაგრამ რა?

ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა საფრთხის არსებობას სხვა გარემოებაც ამძაფრებს. კერძოდ, აშშ-მ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, ანალოგიური მოწოდებით დასავლეთის სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ და საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთის კი არა, ბელარუსის დატოვებაც მოსთხოვეს.

რატომ? - ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად ამომწურავ პასუხს ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის „ფეისბუქპოსტი“ სცემს:

„სხვადასხვა ვერსია იყო გამოთქმული, თუ რატომ მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ ბელარუსის ტერიტორია. მე აქ დავწერ, რომელი ვერსია მიმაჩნია უფრო ლოგიკურად:

ლუკაშენკომ კუხოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ ომში გვერდით ვერავინ გადგება. თან ლუკაშენკო დარწმუნებით ამბობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. აქ არ დაგვავიწყდეს „ოცნების“ „შემთხვევითი“ განცხადებებიც, თითქოსდა, რუსეთი იმარჯვებს.

ეს, ალბათ, მხოლოდ განცხადებები არაა და ბელარუსის მხრიდან შესაბამისი სამზადისის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციაც ექნებათ დასავლეთის ქვეყნებში.

დასავლეთში კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მოწოდება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ სასწრაფოდ გამოვიდნენ ბელარუსიდან, ლუკაშენკოს მისამართით გაკეთებული მკაფიო მინიშნებაა, რომ თუ მას იარაღზე ხელი წაუცდა, ან ისევ საკუთარი ტერიტორია გამოაყენებინა რუსეთს უკრაინაზე თავდასასხმელად, მაშინ დაიბომბება ბელარუსის ტერიტორია, ან შეიძლება, სულაც სამხედრო მოქმედებები დაიწყოს იქ.

და აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ეს უკრაინიდან მოხდება, თუ სხვა ადგილიდან.

ვნახოთ, უახლოეს ხანში გამოჩნდება, რამდენად გაითვალისწინებს ლუკაშენკო ამ გაფრთხილებას.

მეორე - 24 თებერვალს, მეორე ბუჩას და ირპენს აღარავინ დაუშვებს!

უკრაინა გაიმარჯვებს!“

ღმერთმა ქნას, ქართველი ანალიტიკოსის პროგნოზი ახდეს და მსოფლიომ მეორე ბუჩა და ირპენი აღარ დაუშვას, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია - თებერვალში პუტინს სისხლიანი ვნებები ეძალება ხოლმე.

დრო აჩვენებს, მსოფლიო ამ ვნებებს ჩააცხრობს, თუ ვერა...

ავტორი-ნინო დოლიძე