Menu
RSS

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებას ახალი ნომინაციები და ჯილდოები დაემატა

კომპანიების რეგისტრაცია 17 სექტემბერს დაიწყება!

2018 წელს, თიბისის ბიზნესდაჯილდოებას ახალი ნომინაციები და პრიზები დაემატა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ 4 კატეგორიას, წელს კიდევ ორი ახალი ნომინაცია: ,,წლის ქალი მეწარმე'' და ,,ბიზნესი დადებითი გავლენისთვის'' შეემატა. შესაბამისად, 2018 წლის ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებია: ,,წლის ბიზნესი'', ,,წლის ქართული პროდუქტი'', ,,წლის ტურისტული ბიზნესი'', ,,წლის ქალი მეწარმე'', ,,წლის სტარტაპი'' და ,,ბიზნესი დადებითი გავლენისთვის''. 

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ წელს ამ პროექტის პარტნიორები არიან: ,,აწარმოე საქართველოში'', ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, Impact Hub და EFCE. მისი თქმით, თითოეული მათგანი დაჯილდოებაზე ერთ ნომინაციას წარადგენს: 

,,წელს ბიზნესდაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა _ ,,წლის ქალი მეწარმე'' და ,,ბიზნესი დადებითი გავლენისთვის''. ნომინაციაში ,,წლის ქალი მეწარმე'', მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისეთ კომპანიებს, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალბატონები არიან. რაც შეეხება ნომინაციას ,,ბიზნესი დადებითი გავლენისთვის'', აქ ისეთი ბიზნესები წარმოჩინდებიან, რომლებიც საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ. რაც მთავარია, წვლილი შეაქვთ განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის სფეროების განვითარებაში'', _ განაცხადა ნიკა ქურდიანმა. 

მისი თქმით, სასურველი 6 ნომინაციიდან, ერთ კომპანიას შეუძლია, მისთვის საინტერესო, ერთ-ერთ ნომინაციაში დარეგისტრირდეს. კიდევ ერთი სიახლე, რაც თიბისის ბიზნესდაჯილდოებას წელს დაემატა, სამი კატეგორიის ჯილდოა. როგორც ნიკა ქურდიანმა განმარტა, ეს ფულადი ჯილდო არაა, მაგრამ ბიზნესის განსავითარებლად, მნიშვნელოვანი წახალისებაა: 

,,წლევანდელ დაჯილდოებაზე სამი კატეგორიის ჯილდო დავაწესეთ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი; ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია; პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა). საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ, გამარჯვებულებს უფლება აქვთ, ამ სამი ჯილდოდან ერთ-ერთი აირჩიონ'', _ განმარტა ნიკა ქურდიანმა. 

მაგალითად, თუ გამარჯვებული ჯილდოს სახით, ციფრული სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს აირჩევს, მისი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ, ციფრულ სტრატეგიას დაუგეგმავენ და ახალ ვებ-გვერდს მოუმზადებენ. ეს იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში, ბიზნესის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. 

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებული ბრენდ-სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას აირჩევს, მისი ბიზნესისთვის სტრატეგიულ ბრენდ-პლატფორმას შექმნიან და ახალ საიმიჯო რგოლსაც დაუმზადებენ. ნიკა ქურდიანმა განმარტა, რომ ბიზნესღირებულებების სწორად განსასაზღვრად, ბრენდ-პლატფორმა აუცილებელია, რომელმაც სამომავლოდ, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა შექმნას, ხოლო მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს. 

თუ გამარჯვებული ჯილდოს სახით პროგრამულ უზრუნველყოფას აირჩევს, მისი კომპანიის ბიზნესპროცესებს გააანალიზებენ და მისთვის საჭირო კომპიუტერულ პროგრამას, მობილურ აპლიკაციას, ან ვებ-სერვისს შეარჩევენ. ეს ჯილდოც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის მიზნით, ბიზნესს ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება განსაკუთრებით სჭირდება. 

უკვე ორი წელია, რაც სსიპ ,,აწარმოე საქართველოში'', თიბისის ბიზნესდაჯილდოების პარტნიორია. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მათი ნომინაცია ბიზნესდაჯილდოებაზე ,,წლის ქართული პროდუქტი” იქნება: 

,,ჩვენი სააგენტოს პრიორიტეტი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა. ბოლო წლებში, უამრავი, საინტერესო ქართველი მეწარმე დავაფინანსეთ, რომლებიც კარგ, ქართულ პროდუქტს აწარმოებენ. ამიტომ გაგვიჭირდება, რომ საუკეთესოებს შორის, ერთ-ერთი გამოვარჩიოთ. ამის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველ ახალ წელს, როდესაც თიბისი ბანკი ამგვარი ინიციატივით გამოვა, ჩვენ მისი მხარდამჭერები და პარტნიორები ვიქნებით. საკმაოდ საინტერესო ფაქტია, რომ ამ დაჯილდოებას წელს ახალი ნომინაცია _ ,,წლის ქალი მეწარმე'' დაემატა. მოგეხსენებათ, ქალი მეწარმე და ზოგადად, ქალი ბიზნესში, ასევე ჩვენი პრიორიტეტია. მიკროგრანტების პროგრამის მიხედვით, რომელიც წელს დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ბიზნესიდეების 43%, სწორედ ქალმა მეწარმეებმა შემოიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალი მეწარმეების სულისკვეთება ძალიან მაღალია''. 

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოების მიზანი ქვეყნის ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერაა. უკვე მესამე წელია, რაც თიბისი ბანკი ამ პროექტის საშუალებით, საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს. განვლილი ორი წლის მანძილზე, თიბისი ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 1 200-მდე წევრი გააერთიანა. წელს ამ დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია 17 სექტემბერს დაიწყება, ნოემბერში _ დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში