Menu
RSS

მამუკა ბახტაძე: „ჩვენი სამიზნე ევროპის ბაზარი უნდა იყოს!“

2018 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია _ „მსოფლიო თავდაყირა 2018'' გაიხსნა. კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის'' და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი'' მასპინძლობდნენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა, 11 სექტემბრის ტრაგედიისა და საქართველოს მეგობრის, სენატორ ჯონ მაკკეინის გახსენებით დაიწყო: 

„დღეს 11 სექტემბერია. 17 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობისმოყვარე ადამიანები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. სიმბოლურია, რომ ამ დღეს, ჩვენ, თბილისში, სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში შევიკრიბეთ, რომელიც ამაყად ატარებს დიდი ადამიანის, დიდი ამერიკელის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და მთელ მსოფლიოში თავისუფლების გულმხურვალე ქომაგის, სენატორ მაკკეინის სახელს. ის ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას და ამას არასოდეს დავივიწყებთ“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ეს გზა გამოწვევებით აღსავსეა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველო წარმატებულად მიიწევს წინ: 

„ეს გამოწვევები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მეორე მხრივ, ნატო აცხადებს, რომ ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს გასაწევრიანებლად. ჩვენი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. ნატო-ს ბოლო სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებისადმი ერთგულება და მისი მნიშვნელობა დადასტურდა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი, თავდაცვის სფეროს ხმარდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ძალ- ღონეს არ ვიშურებთ ამ მიმართულებით, შესაბამისად, ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი თვლის, რომ საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას. ბრიუსელში დადასტურდა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, _ აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

საერთაშორისო კონფერენციაზე, Financial time-ის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ლუსი დაინტერესდა, დადასტურდა თუ არა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, გერმანია მხარს უჭერს: 

„ეს ყოველივე დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და სტატუს-კვოზე. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის. როდესაც წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს. ჩვენ შედეგზე ორიენტირებულნი ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპულ დემოკრატიად და ეკონომიკად ტრანსფორმაციის პროცესი. სიღარიბე ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან მოსახლეობის 20%, სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ჩვენს პოლიტიკაში დასახულია ეტაპობრივი მიზნები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებთან. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დასავლელი პარტნიორებიც კარგად ხედავენ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა რეგიონში გამორჩეული ქვეყანა გახდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, ცივილური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. საქართველო ევროპის განუყოფელი, ბუნებრივი ნაწილია. ჩვენი ისტორია, კულტურა, ღირებულებები, ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მშენებლობისადმი ერთგულება, ბუნებით ევროპულია. აქ არ არის საუბარი გეოპოლიტიკაზე და სწორედ ესაა ჩემი არგუმენტი ამ საკითხზე საუბრისას, როდესაც გვეკითხებიან, ეს არჩევანი პოლიტიკურია, თუ გეოპოლიტიკური. არა! ჩვენ, ჩემს თაობას, ან თუნდაც ჩვენს უშუალო წინამორბედებს, არ გადაუწყვეტიათ უცებ ევროპული ცივილიზაციის წევრად ქცევა! ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მისი ნაწილი. ამდენად, ჩვენი წევრობა სრულიად დამსახურებულია'', _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ედვარდ ლუსი ასევე დაინტერესდა, აუცილებელია, თუ არა „ერთი სარტყელი'' ანუ ერთი გზის ინიციატივაზე მეტი ყურადღების გამახვილება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. მისი თქმით, ჩინეთი აშენებს მძლავრ ინფრასტრუქტურას აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად და შესაძლოა, რუსეთის საპირწონე ფაქტორად იქცეს. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც სულ უფრო აქტიურობს თანამედროვე ,,აბრეშუმის გზის'' გაყოლებაზე მდებარე ქვეყნებში: 

„საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს თავისი როლი ხსენებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩინეთი კიდევ უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენი მისწრაფებები, პირველ რიგში, ეხება ევროკავშირის წევრობას, რასაც გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგან ევროკავშირი ჩვენი მთავარი პარტნიორია! სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სტრატეგია“, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კითხვაზე, რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ, რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ფსევდო-ახალი ამბების პრობლემა საქართველოში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდის საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებაა.

დაბრუნება დასაწყისში