Menu
RSS

„თუ ყველა არ დაისაჯა, შესაძლებელია „მალალეტკების“ ომი დაიწყოს!“

ზაზა სარალიძე მოზარდთა მხრიდან შურისძიების საფრთხეზე ალაპარაკდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. 28 მაისს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ დუმილის უფლება დაარღვია და ჩვენება მისცა. ,,ვერსია'' მოკლული დავით სალარიძის მამას – ზაზა სალარიძეს ესაუბრა და ჩვენების გარკვეული დეტალების დაზუსტება სთხოვა.

_ გ.ჯ-მ ისაუბრა იმაზე, რომ მიხეილ კალანდიასაც დაუნახა ხელში რაღაც იარაღი. თქვა, კალანდიას ქურთუკის სახელო სისხლიანი ჰქონდა და სახელოში რაღაც საგანს მალავდაო, ეს პირდაპირ იმაზე მიანიშნებს, რომ მონაწილეობა მიიღო კალანდიამ ჩემი შვილის დაჭრაში. როცა კალანდიას სახლში ვიყავიო, მიხეილ კალანდიამ მითხრა, ნუ ნერვიულობ, მოვა ბიძაჩემი და ყველაფერს დაალაგებსო. ოთახში ვისხედით, როცა შემოვიდა მირზა სუბელიანი და მივესალმე, ხელიც გავუწოდე, მაგრამ არ ჩამომართვა. შემდეგ ერთ სახლში მიგვიყვანეს, სადაც შუქი არ იყო და ვნერვიულობდი -ჩემებმაც რომ არ იცოდნენ, სად ვიყავი. მიხეილ კალანდიამ მითხრა, ნუ გეშინია, ბიძაჩემი დიდ თანამდებობაზეა პროკურატურაში, ყველაფერს დაალაგებს და, შესაძლებელია, ქვეყნიდანაც გაგვიყვანოსო. 

უკვე მეორე მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მირზა სუბელიანი კალანდიების სახლში იყო მაშინ, როცა კალანდიების ოჯახი მკვლელის გადამალვას ცდილობდა. აქამდეც ბევრი მტკიცებულება იყო, რომ მირზა სუბელიანის მიმართ სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, მაგრამ ამ ჩვენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედია, გონს მოვა პროკურატურა და ჭეშმარიტებას ახდის ფარდას. 

თვითონ ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ ამოიღო დანა და დაარტყა ჩემს შვილს, თქვა -მერე მივხვდი, რომ დამირტყია და ხელიდან გავაგდე დანაო. ადვოკატებმა სასამართლოში დააყენეს შუამდგომლობა ზვიად ფხაკაძის აცილებასთან დაკავშირებით, რადგან სანამ 28 მაისს სასამართლო დაიწყებოდა, ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, სადაც დასაკითხი ბრალდებული გ.ჯ.-ს სახელი და გვარი ღიად დაასახელა, რაც არასრულწლოვანთა კოდექსის უხეში დარღვევაა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია. 

_ ბატონო ზაზა, როგორც ბრალდებული გ.ჯ ყვება, კალანდია ჩხუბის დასრულებისთანავე ცდილობდა, თავის დანაშაულის დაფარვას. ეს რეალურად მიგაჩნიათ? 

_ კალანდიას ამ ინციდენტამდე მინიმუმ 6-7 დაჭრა აქვს განხორციელებული, რომელიც ბიძამისმა ისე მიუჩქმალა, ეს საქმეები პოლიციაშიც არ მისულა და უკვე გაწვრთნილია ბავშვი -იცის, რა უნდა ქნას. 

_ თქვენ ორივე ბრალდებულის ჩვენება მოისმინეთ, მათი ნაამბობი ერთმანეთთან თანხვედრაშია? 

_ დაახლოებით, ერთსა და იმავეს ყვებიან, ოღონდ მკვლელობის ნაწილში გ.ბ. სხვა რამეს ყვება, გ.ჯ _ სხვას. რადგან მოწმეების ნაამბობიდან გამომდინარე, გ.ჯ. თავჩაღუნული იყო და ჩემი შვილი ეჩხუბებოდა, წესით, ვერ უნდა დაენახა კიდევ ვინ ჩაიდინა მკვლელობა. გ.ბ. კი ნათლად ხედავდა ყველაფერს. 

_ ბატონო ზაზა, პროკურორებისა და გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის დედის აღშფოთება გამოწვია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნამ, სადაც ეწერა, რომ ზოგიერთი ჭრილობა არა დანით, არამედ მაკრატლით იყო მიყენებული. თქვენ როგორ აფასებთ დასკვნის ამ ნაწილს? 

_ არ მინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს, რომ თითქოს ექსპერტმა თქვა, ჭრილობები მაკრატლითაა მიყენებულიო. ექსპერტმა თქვა, მაკრატლისმაგვარი რაღაც საგნითაა მიყენებული ჭრილობებიო, ასეთი საგანი კი ძალიან ბევრი შეიძლება, იყოს. 

_ დანა გამოირიცხა, ხომ ასეა? 

_ დიახ. ის ორი დანა, რომელიც საქმეშია, გამორიცხა. 

_ ბატონო ზაზა, 27-ში აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი? 

_ პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი საზოგადოებას, რადგან ვნახე ფაქტი, რომ საზოგადოება ჩემს გვერდითაა და უსამართლობის წინააღმდეგაა განწყობილი. იმედია, გონს მოვა პროკურატურა, ასეთ რამეებს აღარ მიჩქმალავს და სააშკარაოზე გამოიტანს ყველაფერს, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ გაუჩნდეს ხალხს. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მაქვს შემოთავაზება პარლამენტის წევრისგან შესახვედრად, აუცილებლად შევხვდები ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი ინიციატივას გამოიჩენს, გენერალურ პროკურორსაც შევხვდები, ოღონდ მარტო კი არა, იმ თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც ჩემი უფლებადამცველები არიან. 

_ ბატონო ზაზა, ნაციონალურ მოძრაობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, თქვენს აქციაზე პოლიტიკოსები რიგით წევრებად იყვნენ და მათ არ მიეცათ საშუალება აქციის წარმართვისა. ეს პირადად თქვენი გადაწყვეტილება იყო? 

_ ნაციონალურ მოძრაობას კი არა, 8 პარტიას შევხვდი. ადამიანს როგორც უნდა, ყველაფერს ისე იგებს. ოფიციალურად არ მიმიმართავს არც მარტო ნაციონალური მოძრაობისთვის და არც დანარჩენი პარტიებისთვის. ყველას ერთობლივად მივმართე არა პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახით. ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა ძალიან კარგად განაცხადა აქციაზე, ჩვენ საქართველოისტები ვართ და არა იმისტები და ამისტებიო. პირველ რიგში, უნდა იყოს დაყენებული ადამიანური გრძნობა. რა თქმა უნდა, მე გადავწყვიტე, რომ პოლიტიკოსები აქციაზე რიგით წევრებად ყოფილიყვნენ. იქიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ რა განაცხადიც გააკეთა, თითქოს მე ნაციონალურ მოძრაობას მივყიდე ჩემი შვილის სული!!! რა სისულელეა! ეს სისულელე ნებისმიერმა ამოიგდოს თავიდან, რომ მე თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ვუდგავარ გვერდით. ,,ოცნებამ'' რა, არ გამოიყენა ასეთი თემები? შესაძლებელია, ვიღაცამ გამოიყენოს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ამის უფლება არ მივცე. 

ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ 6 თვეა, ერთ რამეს ვყვირი -გაცილებით მეტი დამნაშავეა-მეთქი. სად იყო აქამდე მმართველი გუნდი?! ბატონი ირაკლი შოთაძე?! სანამ აქციები არ დავაანონსე და, ასე რომ ვთქვათ, შეტევაზე არ გადავედი, ფაქტობრივად, წყობიდან გამომიყვანეს. 

დიდ ბოდიშს ვუხდი აქციაზე მოსულ საზოგადოებას, რომ ჩემი და ჩემი შვილის გამო შეწუხდნენ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს მარტო ჩემი პრობლემაა. ეს არა მარტო ჩემი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილია, მითუმეტეს ხედავთ, არასრულწლოვნებში დაპირისპირებები როგორც ხდება. თუ გვინდა, რომ მომავალი თაობა აღარ გვყავდეს, კი ბატონო, დაარქვან დათო სარალიძის სახელს ნაციონალური მოძრაობა, ან ,,ოცნება''! 

_ თქვენ განაცხადეთ, რომ დათოს მეგობრებისგან შურისძიების სურვილი მოდის და ისევ სისხლიანი გარჩევის საფრთხე დგას... ხშირად გხვდებიან თქვენი შვილის მეგობრები და რა განწყობა აქვთ ახლა? 

_ დიახ, ყოველდღე ჩემ გვერდით არიან. ჩემი მეუღლე აბსოლუტურად ისეთ დღეშია, როგორც ლევან დადუნაშვილის დედას ხედავთ, უბრალოდ, გარეთ გამოსვლას ერიდება, ლოცულობს ჩვენი შვილის სულისთვის. დათოს მეგობრები ყოველდღე ჩვენთან არიან, რომ ჩემს მეუღლეს შეუმსუბუქონ ტკივილი. დათოს ამბებს უყვებიან, რომ გული გადააყოლოს. 

მათ დღესაც აბსოლუტურად იგივე შეგრძნება აქვთ, რომ აუცილებლად შური უნდა იძიონ. ჩემი შვილი უკვე მიწაშია და რატომ მივცე მის მეგობრებს უფლება, მკვლელები გახდნენ?! ისინიც ხომ ჩემი შვილები არიან?! პროკურორ ინა გუგუშვილს რომ ვუთხარი, შეიძლება, ,,მალალატეკლების'' ომი დაიწყოს-მეთქი (ვციტირებ), მიპასუხა _ დაიწყოს მერე, ეს ჩემი პრობლემა არ არისო. მაგათ აწყობთ ეს გადატრიალება, ალბათ, და მე არ მინდა, იგივე ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარონ. 

_ ბატონო ზაზა, გვახსოვს, საწყის ეტაპზე გამოძიებას ენდობოდით, რის შემდეგ დაკარგეთ ნდობა ბრალდების მხარის მიმართ? 

_ მე თავიდანვე იგივე პოზიცია მქონდა, რაც დღეს მაქვს, უბრალოდ, თავიდან როცა პროკურორებს ვხვდებოდი, აბსოლუტურად დამაჯერებლად მესაუბრებოდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ და ყველას გამოვიყვანთ სააშკარაოზეო. იმედი მქონდა, გამოკვეთდნენ ყველაფერს, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, სასამართლოში რაც წარმოჩინდა, მივხვდი, პროკურატურაც მატყუებდა. სხვა ვის უნდა მივმხრობოდი, როცა პროკურატურა უნდა იყოს ჩემი ოფიციალური წარმომადგენელი, ვისთვის უნდა დამეჯერებინა, თუ არა მაგათთვის? პრეტენზია რომ მქონდა, ჩემს შვილს ორი ადამიანი ვერ მოკლავდა-მეთქი, პროკურორმა მითხრა -თქვენ თუ ასე იყვირებთ, მაშინ ამათაც გამოუშვებენო. Dავაცადე. როგორც კი 4-5 სასამართლო პროცესი გაიმართა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თურმე მატყუებდნენ -უნდოდათ, მათი მხარე დამეჭირა, რა მოცემულობაც ჰქონდათ წარმოდგენილი, ეს მიეყვანათ ბოლომდე და ჩემი შვილის მკვლელები გარეთ დარჩენილიყვნენ. ასე გამოდის, რომ პროკურატურა ჩემს მოსყიდვას აპირებდა, რომ ეს ორი პირი მიეცათ პასუხისგებაში და დანარჩენებისთვის კი ხელი დაეფარებინათ. ჩემი მიზანი მხოლოდ ამ ორი ბრალდებულის პასუხსიგებაში მიცემა კი არა, ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა დაისაჯოს. თუ ასე არ მოხდება, შესაძლებელია, ბავშვები თვითონ გადავიდნენ იერიშზე და ატეხონ ხოცვა-ჟლეტა. რატომ, რას მიკეთებს სახელმწიფო ბრალდება?! 

_ თქვენ განაცხადეთ, რომ გითვალთვალებდნენ, მსგავსი ფაქტი კიდევ შეგინიშნავთ? 

_ სიმართლე გითხრათ, იმ წუთას მომხვდა თვალში, თორემ არ ვაკვირდები, რადგან მე მაგათი არ მეშინია, პირიქით, მაგათ უნდა ეშინოდეთ ჩემი. მე პირველ დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი და რისი უნდა მეშინოდეს? ტყვიას მესვრიან? _მესროლონ! ზვიად ფხაკაძესთან შელაპარაკება მომივიდა, ვუთხარი, არ გაპატიებ თუ გამოიკვეთა შენი ბრალეულობა-მეთქი. თუ ასე მოხდა, ქუჩაში მარტო არ შემხვდე-მეთქი და იმ წუთას მოიმარჯვა ტელეფონი, დაიწყო ჩაწერა და მკითხა, აბა, რას მიზამ ქუჩაშიო? ვუპასუხე, ხელს ჩამოგართმევ-მეთქი. იმის დაფიქსირება უნდოდა, თითქოს მე დავემუქრე. არავის არ ვაპატიებ ამ ყველაფერს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში