Menu
RSS

დაკითხავს თუ არა სასამართლო პროკურორ მირზა სუბელიანს?!

ხორავას ქუჩაძეზე მომხდარი მკვლელობის საქმე საქალაქო სასამართლოში 8 მაისს განახლდა. სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლეს და სამი მოწმე დაკითხეს, რომელთაგან ერთ-ერთი ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ლუკა კალანდიაა. იგი გირაოს სანაცვლოდაა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული.

ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილის _ მიხეილ კალანდიას, ძმაა. დაცვისა და დაზარალებული მხარეების განმარტებით, ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ სახლში, სადაც ბრალდებული გ.ჯ. და მიხეილ კალანდია იმყოფებოდნენ, მირზა სუბელიანიც იმყოფებოდა. 

ერთ-ერთი არასრულწოვანი ბრალდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სხდომაზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ძმა დაიკითხა: ,,რომელმაც სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დაჭრის შემდეგ, მის სახლში ვინ იმყოფებოდა, როგორ დამალეს გარკვეული პირები და ა.შ. აშკარად იკვეთება, რომ დაინტერესებულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ მიცემულიყვნენ. ამას მოჰყვა ის, რომ საქმეზე სწორი გამოძიება არ ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, როცა სასამართლო ამ მტკიცებულებების ანალიზს მოახდენს, აუცილებლად გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას“. 

კაკაბაძე აცხადებს, რომ ლუკა კალანდიას ჩვენებით ნამდვილად დადასტურდა: ,,კონკრეტული პირის მის სახლში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოწმეების მიერ ეს ფაქტი უარყოფილი იყო, ამ მოწმემ ეს დაადასტურა.'' მისი განმარტებით, კონკრეტულ პირებს სურთ, დანაშაული მხოლოდ ორ პიროვნებას გადააბრალონ: „დაცვის მხარე პირველივე დღიდან ვაპელირებდით, რომ კონკრეტული პირები საქმით დაინტერესებული არიან და ამ საქმეზე ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების წარმართვა არ სურთ. ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა მას არც ერთი მტკიცებულებით არ უდასტურდება დანაშაულის ჩადენა. დასტურდება, რომ სულ სხვა პირებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული და მათ, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების დაინტერესების შედეგად, დააფარეს ხელი. სურთ, ერთ და ორ ადამიანს გადააბრალონ ის, რაც მრავალმა ადამიანმა ჩაიდინა. ეს ნამდვილად დაუშვებელია.'' 

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ სხდომაზე გამოიკვლიეს ბრალდებულის ტანსაცმელიც: ,,ტანსაცმელზე რა ნივთიერება და სად იქნა აღმოჩენილი, ზუსტ შესაბამისობაშია დაცვის მხარის პოზიციასთან. მომხდართან დაკავშირებით ბრალდებული სასამართლოს აუცილებლად მისცემს ჩვენებას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები“. 

გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ -ზაზა სარალიძემ, სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მოწმის ჩვენებით, მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში: ,,ვფიქრობ, ლუკა კალანდია ამ პროცესისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული, მას დაზეპირებული ჰქონდა ჩვენება. ან პროკურატურამ მოამზადა, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი, რაც მან გამოკვეთა და რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს. მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ, მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში”. სარალიძის განმარტებით, ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. როგორც სარალიძე აღნიშნავს, მოწმე ცდილობდა თავისი ოჯახისა და ძმის დაცვას, რათა არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები. მან მამაზე -თენგიზ კალანდიაზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა უარყო. ზაზა სარალიძის თქმით, ლუკა კალანდიამ თავის ძმის მონაწილეობაზე ასეთი რამ თქვა: ,,ეხებოდა დათოს და ჩემმა შვილმა გამოიყენა რაგბის ილეთი, ბეჭით დაეჯახა და გამოაგდო ჩხუბიდანო. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩხუბის დროს ეცვა მის ძმას, არ არის წარდგენილი გამოძიებაში. თუ დათოს ეხებოდა მიხეილ კალანდია, მაშინ რატომ არ ამოვიდა მის ტანსაცმელზე ჩემი შვილის სისხლი?! გამოდის, ტანსაცმელი გამოიცვალეს და ისე მივიდნენ პოლიციაში? მორაგბეა კალანდია და მორაგბე იყო ჩემი შვილიც, თუ დაეტაკა, სისხლი ტანსაცმელზე აუცილებლად გადავიდოდა. 

მიეცემა თუ არა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში? _ ამის მოლოდინი სარალიძეს არ აქვს: ,,სამწუხაროდ, სუბელიანის პასუხისმგებლობას არავინ დააყენებს. კარგად ხედავთ, რომ დღემდე ბევრი ადამიანის პასუხისგების საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.'' 

საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე ადასტურებს, რომ ლუკა კალანდიამ მართლაც ისაუბრა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით: ,,დაადასტურა, რომ არის მისი ნათესავი. ასევე მისი განმარტებით, მირზა სუბელიანი 2017 წლის პირველ დეკემბერს მივიდა მათთან სახლში, თუმცა მას არ უნახავს, ვის და რა ტონით ესაუბრა მირზა სუბელიანი. აღნიშნულ პიროვნებას ამის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია. მოწმემ განაცხადა, რომ ის პერიოდულად გადიოდა სახლიდან, მირზა სუბელიანს, მიხეილ კალანდიასა და ბრალდებულს შორის მოხდა თუ არა შეხვედრა, ნახეს თუ არა ერთმანეთი, მას ინფორმაცია არ გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშიორებით მირზა სუბელიანი დაკითხულია, შესაბამისი ჩვენება მიცემული აქვს. მირზა სუბელიანი შეყვანილია მოწმეთა დასაკითხ სიაში დაცვის მხარის მიერ და იმედია, დაცვის მხარე წარმოადგენს და სასამართლო სხდომაზე მას კითხვები დაესმება. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბატონი სუბელიანი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა პოლიციაში და მისმა შვილმა პოლიციას ჩვენება მისცა. საფუძველი რომ არსებობდეს, ბატონი სუბელიანი მიცემული იქნებოდა პასუხისგებაში.''

 

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში