Menu
RSS

„ვერ დავაკონკრეტებ საიდან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ იყო მესამე პიროვნება, თუ მეტი არა!“

დავით სალარიძის მამა დუმილს არღვევს!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დახურული სასამართლო განხილვა გრძელდება და სკანდალების ჯაჭვი არ წყდება. საქმის მონაწილე არასრულწლოვნების გამო, პროკურატურა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ის ინფორმაციაც კი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ გამოძიებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. სწორედ ამაზე საუბრობს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის _ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც ყველა სასამართლო პროცესს ესწრება და აცხადებს, რომ პირდაპირი მოწმეები ჩვენებებს მნიშვნელოვან საკითხებში ცვლიან. ,,ვერსია'' ზაზა სარალიძეს ესაუბრა.
_ ბატონო ზაზა, ენდობით თუ არა გამოძიებას და რას გიჩვენებთ საქმის სასამართლო განხილვა, რამდენად გამართულია პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე?
_ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, ფაქტობრივად, ყველამ შეცვალა ჩვენება. რის საფუძველზე შეცვალეს, პროკურატურას აწყობდა თუ ვინმე სხვას, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. არსებითი განხილვის დაწყებამდე, მქონდა ნდობა გამოძიების მიმართ და ვფიქრობდი, რომ არაფერს დამალავდნენ. სამწუხაროდ, ბავშვები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ვეღარ ვხვდები, ეს ვისი ბრალეულობაა _ მოწმეების თუ გამოძიების, რომელმაც არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო...
_ რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები, ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება? ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ გამოძიებას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზისთვის არასრულყოფილად ჰქონდა კითხვები დასმული და ბრალდებულთა ადვოკატების პროტესტის შემდეგ, ორი თვის დაგვიანებით, გაუგზავნა დამატებითი კითხვები ექსპერტიზას?
_ სიმართლე გითხრათ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არაა გამორიცხული, ექსპერტებიც მოისყიდონ.
_ ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ოთხი თვეა გასული და რა იყო ასეთი დაუდგენელი, ვერ ვხვდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რადგან პატარა კაცი და უბრალო ადამიანი ვარ, ვერ ვითხოვ ვერაფერს, არც ის ვიცი, არც ის... რომ ვყოფილიყავი პარლამენტარი ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ხომ დააჩქარებდნენ და გააკეთებდნენ? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს უკვე, რომ აუცილებლად, ალბათ, მოისყიდიან ან რაღაცას სპეციალურად აჭიანურებენ, რომ დამატებითი ექსპერტიზების ჩატარება ვეღარ მოესწროს. ივნისის დასაწყისში უკვე განაჩენი გამოტანილი უნდა იყოს და ამის გამო შეიძლება, სპეციალურად წელავენ პროცესს.
_ ,,ვერსიისთვის'' ცნობილია, რომ მოკლული მოზარდებისთვის მიყენებული ჭრილობების სიგრძე ბევრად აღემატება საქმეში არსებულ დანაშაულის იარაღის _ დანების პირის სიგრძეს. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება, ეს ფაქტი მეტყველებდეს?
_ იმაზე, რომ ვიღაც სერიოზულს მალავენ. ორი პიროვნებაა დაკავებული, უშუალოდ, ჩემი ბავშვის მკვლელობაზე და, სავარაუდოდ, მალავენ კიდევ ვიღაცას.
_ და ვის მოიზარებთ, ამ ვარაუდის გამოთქმის სურვილი ახლა არ გაქვთ?
_ სამწუხაროდ, არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სასამართლო პროცესებს რატომ ვესწრები. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად ილაპარაკებენ სიმართლეს ბავშვები, მარტო ამის გამო დავდივარ პროცესზე. მეტი იქ არაფრის უფლება არ გამაჩნია, რადგან არასრულწლოვნები არიან. რა კანონი იცავს ასეთი ამ არასრულწლოვნებს, ვეღარ ვხვდები, მითუმეტეს ჩემი შვილიც არასრულწლოვანი იყო. სასამართლო პროცესის დროს რაღაც კითხვები მიჩნდება, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება არ გამაჩნია, რადგან მხარე არ ხარო და ამიტომ კითხვას ვერ დავსვამ.
_ არც თქვენს ადვოკატს აქვს კითხვების დასმის უფლება პროცესზე?
_ არა, სამწუხაროდ, არავის. უბრალოდ, დაზარალებულებად გვცნეს და მორჩა, მეტი არაფერი.
_ თქვენ შეიტანეთ პროკურატურაში განცხადება ბორის კაკუბავას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ,,რუსთავი 2''_ ის ეთერში გააკეთა და რომელიც გუშინ გამოძიებამ დაკითხა. თქვენი აზრით, რა იყო საქმის ფიგურანტი მოზარდების ბაბუის მიზანი. რატომ გააკეთა განცხადება ბორის კაკუბავამ 51-ე სკოლაში პერმანენტული ძალადობის ფაქტებზე?
_ რატომ და, ბორის კაკუბავას ორი შვილიშვილი მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ერთი _ 51-ე სკოლელი, ვის გამოც დაიწყო ეს ჩხუბი და მეორე _ მოსული მხარე, ანუ დეიდაშვილი იმ პატარა ბავშვის. რომლის მამა და ძმაც დაკავებულია დანაშაულის დაფარვაზე. სიმართლე გითხრათ, დანაშაულის დაფარვაზე დაკავებული პიროვნებები არ მაინტერესებს. მე უფრო მაინტერესებს, მკვლელი ვინ არის კიდევ. აბსოლუტურად ყველა, თუ ვინმეს შეხება ჰქონია ჩემი შვილის ჭრილობებთან, ერთი და იმავეს ლაპარაკობს, რომ გამორიცხულია ორ ბავშვს, 17 წლისებს, 12 ჭრილობა მიეყენებინა მისთვის. ეს არის უკვე ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანის გაკეთებული, თავიდან ბოლომდე გამიზნულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თორემ 17 წლის ორმა ბავშვმა როგორ დაჩეხეს ერთი ბავშვი, არ ვიცი?!
_თქვენ გჯერათ, რომ სწორედ ის მოზარდები არიან პასუხისგებაში მიცემული, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს?
_ მხოლოდ ეს მოზარდები არა მგონია, კიდევ იმალება ვიღაც. ვიღაცას აფარებენ ხელს, სერიოზულს. არ არის გამორიცხული, სრულწლოვანი იყოს ის, ვინც იმალება და შეიძლება, ამის გამო მალავენ ან, უკაცრავად ამ გამოთქმაზე და, ვიღაც ,,შიშკის'' შვილია და მაგის გამო აფარებენ ხელს.
_ როგორც ვიცი, გაეცანით საქმის მასალებს. რა არის თქვენთვის ცნობილი საქმეში არასრულწლოვანი დეიდაშვილების მონაწილეობის შესახებ?
_ პირდაპირ გეტყვით, ბატონი ბორის კაკუბავას მეორე _ ,,მოსული'' შვილიშვილი, რომელზედაც ბავშვები წერდნენ, რომ ეჩხუბებოდა ჩემს შვილს _ სასამართლო პროცესზე რამდენიმემ თქვა, რომ უმოძრაოდ, უმოქმედოდ იდგაო ანუ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები აბსოლუტურად შეცვალეს.
_ ამის საფუძველზე აცხადებთ, რომ მოწმეები რადიკალურად ცვლიან ჩვენებებს მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებითო?
_ რა თქმა უნდა, ეს განვაცხადე რამდენიმე ტელევიზიაშიც. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინდოდა, ველოდებოდი არსებით განხილვებს. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ბავშვები გამომძიებელთან ცოტა სტრესის ქვეშ იყვნენ და არ ეუბნებოდნენ სიმართლეს და მეგონა, მოსამართლის წინაშე სიმართლეს იტყოდნენ, სამწუხაროდ, შევცდი.
_ თუმცა, საქმის პროკურორი გამორიცხავს მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლას.
_ პროკურატურას ორი დამნაშავე დაჭერილი ჰყავს, სამი თუ ოთხი დანაშაულის დაფარვზე ჰყავს დაკავებული. ამ პიროვნებებს მიიყვანს ბოლომდე და მორჩა _ ჩაეთვლებათ საქმის გამოძიებაში.
_ ანუ მიზანი მხოლოდ ბრალდებულების დასჯაა?
_ რა თქმა უნდა, ახლა მითუმეტეს ვიღაც რომ გამოიკვეთოს, არც პროკურატურას აწყობს, რადგან პირდაპირ დაარტყამს გამოძიებას. ნათელი გახდება, რომ გამოძიებამ ვერ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ამიტომ მაქსიმალურად ეცდებიან, დამალონ ის მესამე პირი, თუ მეოთხე პირიც არ არის კიდევ.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში თენგიზ კალანდიამ მეგობრის მანქანით მიაკითხა თავის შვილს და მასთან ერთად ადგილიდან მხოლოდ ერთ-ერთი მოზარდი გ.ჯ. წაიყვანა. საქმის მასალებიდან კი ჩანს, რომ იმ მომენტში ადგილზე ბევრად მეტი მოზარდი იყო. რატომ მაინცდამაინც გ.ჯ. და არა სხვა ვინმე? ხომ არ ფიქრობდა თენგიზ კალანდია, რომ გ.ჯ.-ს ოჯახი ქვეყნიდან გაიყვანდა? თუ ასეა, ვის აწყობდა, რომ ასე მომხდარიყო?
_ აბსოლუტურად ყველაფერი ეჭვს მიჩენს უკვე. პირდაპირ საუბარი არ მინდა, რადგან ყოველდღე ერთი და იგივე მესმის პროკურატურისგან, რომ არასრულწლოვნები არიან და კანონი იცავთ. რა კანონი იცავთ ამნაირი, ამას ვერ ვხვდები. არაფერს აღარ გამოვრიცხავ. სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, რადგან ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის ეს საქმე. ისე ხლართავენ ყველაფერს, როგორც აწყობთ. ისევ და ისევ გეუბნებით, რომ ორი მკვლელი ჰყავთ, ეს მოცემულობა აქვს პროკურატურას ამ წუთში, მიიყვანს ბოლომდე და მორჩა.
_ როგორც ცნობილია, გამოძიება პირველად ვერსიას მიჰყვება. ეს ვერსია ტრაგედიიდან პირველივე დღეებში ჩამოყალიბდა, როცა პირველივე დღეს დაიკითხა პროკურორი მირზა სუბელიანის შვილი, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით სარგებლობს. სუბელიანი დაიკითხა მაშინ, როცა მისი დეიდაშვილის ოჯახს ჯერ კიდევ გადამალული ჰყავდა ამჟამად ბრალდებული გ.ჯ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმის ფაბრიკაცია იყო გ.ჯ.-ს გადამალვის ერთ-ერთი მიზეზი?
_ ხომ გეუბნებით, ყველაფერზე ეჭვი მიჩნდება უკვე, ერთადერთი ყველაზე მეტად რამაც გამიღრმავა ამ მ.კ-ზე ეჭვი ისაა, რომ პირდაპირმა მოწმემ, ანუ ვინც ადგილზე იყო და თავიდან ბოლომდე უყურებდა ყველაფერს, შეცვალა ჩვენება და თქვა _ უმოქმედოდ იდგაო. როცა პოლიციაში ორჯერ ჰქონდა ჩვენება მიცემული და ორივეჯერ ჰქონდა ნახსენები, რომ მ.კ. ეჩხუბებოდა ჩემს შვილს.
პლუს ამას, ,,რუსთავი 2''-ის ფარულ ჩანაწერშიც ნათლად ჩანს, რომ მ.კ. ეჩხუბებოდა ჩემს შვილს, რაც ჩემთან ილაპარაკა ამ ბავშვმა, მოწმემ, რომელმაც შემდეგ რადიკალურად შეცვალა ჩვენება. კი, მართალია, საქმის მასალებიდან გამომდინარე, პროკურატურას ნაკლებად აინტერესებს დამატებით კიდევ არის თუ არა ვინმე, იმიტომ რომ დაკავებულ ორ პიროვნებაზე აძლევენ ჩვენებებს ეს ბავშვები. დანარჩენებზე ჩვენებები როგორც უნდოდათ, ისე შეაცვლევინეს და ვინ აკეთებს ამას, პროკურატურა, ვინმე იმათი ახლობელი აშინებს და აშანტაჟებს, ფულს უხდის თუ რას შვება, ვეღარ ვგებულობ. ვინც მეხმარებოდა ამ გამოძიებაში თავიდან ბოლომდე, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობდა, კი ხედავთ, გააჩუმეს. ზვიად კუპრავა დაიბარეს და ხელი მოაწერინეს გაუთქმელობაზე, რომ ამ საქმეს უნდა შეშვებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი ეჭვს მიჩენს.
_ ბატონო ზაზა, ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმეები კონცენტრირებული არიან, მხოლოდ ამ ორ ბრალდებულზე გავრცელდეს მთელი ბრალი. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?
_ დიახ, იგივე მინდა ვთქვა, რომ ამ ორს მიიყვანენ ბოლომდე, მიუსჯიან და ამით დამთავრდება ეს საქმე.
_ და შესაძლებელია სხვა მკვლელი, დამნაშავე თავისუფალი დარჩეს?
_ რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრათ, საიდან ვარ დარწმუნებული ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ კიდევ იყო მესამე პიროვნება, თუ მეტი არ იყო კიდევ.
_ ანუ, მესამე დანა ხომ?
_ რა თქმა უნდა, იმიტომ ჭიანურდება ექსპერტიზის პასუხიც. ცოტა ხანში მინდა მოვითხოვო ოფიციალურად შეხვედრა შს მინისტრთან და ჩემი აზრები გავუზიარო – თუ, რა თქმა უნდა, დამთანხმდებიან შეხვედრაზე.
_ ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რა მოტივი უნდა ჰქონოდა კაკუბავას, როცა სკოლაში არსებულ ძალადობაზე საუბრობდა?
_ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებააო, გამიგია. იგივე გამოიყენა ბატონმა ბორის კაკუბავამ როცა გააჟღერა, რომ თურმე მის შვილიშვილებს აშანტაჟებდნენ ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი. საკმაო საფუძველია, რომ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ძიება დაიწყოს და თუ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, მაშინ მისცენ სამართლებრივი ფორმა, რაც ნაკლებად მჯერა, რადგან ერთი და იგივე პასუხი აქვთ ყოველთვის _ არასრულწლოვნები არიან და კანონი იცავთო, გაუთქმელობაა, დაფარულია, გასაიდუმლოებულიაო და ა.შ.
_ ანუ განცდა გრჩებათ, რომ ,,არასრუწლოვნების კოდექსს'' ერთგვარ ,,შირმად'' იყენებენ სიმართლის დასაფარად?
_ რა თქმა უნდა, პირველი ,,კოზირი'' ეგ უკავიათ ხელში. ამასთან, არის დეტალები, რომელსაც არ ვიცნობ. პირდაპირ მითხრეს გამოძიების მასალების გაცნობის დროს, არის ისეთი საბუთები, რომელსაც თქვენ ვერ გაჩვენებთო, რატომ _ ამას ვერ ვხვდები. ჯერ ერთი, საქმის მასალებს არ მაძლევენ, არასრულწლოვნები არიან და გასაჯაროვება არ შეიძლებაო. ადგილზე მივდივარ და იქ ვეცნობი. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ და კითხვა დავიწყოთ, შეიძლება, რაღაც მომენტი გამოგრჩეს და დაბრუნდე, თავიდან წაიკითხო. ამის საშუალებაც არ მაქვს, როგორ ვიჯდე პოლიციაში დილიდან საღამომდე და როგორ წავიკითხო 10 ტომი, რომელიც სასამართლომ 4 თვე უნდა განიხილოს? მე ერთ დღეში უნდა დავიზეპირო, ეს ხომ გამორიცხულია.
_ ბატონო ზაზა, თქვენი შეფასებით, ყველა მოწმემ შეცვალა ჩვენება?
_ ერთადერთ მოწმეს არ შეუცვლია ჩვენება. უბრალოდ, დეტალებში არც გამოძიებაში არ ჰქონდა ნასაუბრები. ისე მოხდა, რომ გაითიშა თუ კაპიშონი წამოაფარეს თავზე, ანუ რაც გამოძიებას მისცა, იგივე ჩვენება მისცა მოსამართლეს. ვინ იხმარა დანა, ვინ იჩხუბა, ეს არ დაუნახავს და ამ მოწმის ჩვენება შეიცვლებოდა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ძირითადმა მოწმეებმა, ვინც პირდაპირ უყურებდა მკვლელობასა და ჩხუბს, ყველამ შეცვალა.
_ სიმართლეს არც თქვენი შვილის, დათოს, მეგობრები ამბობენ?
_ დიახ, მე ჩემი შვილის მეგობრებზე უფრო მეტი გართულება მაქვს, რადგან ,,მოსულები'' ჯერ არ დაუკითხავთ, ძირითადად, ჩემი შვილის მეგობრები დაკითხეს, რომლებიც მალავენ სიმართლეს. აი, მ.კ-სთან დაკავშირებითაც ჩემი შვილის უშუალო მეგობარმა დამალა ყველაფერი. თავიდან რომ თქვა, ეჩხუბებოდაო და სასამართლოში თქვა, უმოძრაოდ იდგაო.
_ საქმის მასალებიდან რა ირკვევა, ,,საპირფარეშოს ეპიზოდში'' თქვენი შვილი ფიგურირებდა?
_ არა. საქმის მასალები თავიდან რომ წავიკითხე, ვის გამოც დაიწყო ჩხუბი იმას ეწერა, თითქოს ჩემი შვილი იქ იყო, მაგრამ ხომ შეცვალა ყველამ ჩვენება და დაადასტურეს, რომ არ იყო.
_ ბატონო ზაზა, თქვენ მოზარდებს პირადად ესაუბრეთ. რაიმე მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭადი გითხრეს თავიდან, რაც მერე სასამართლო პროცესზე აღარ თქვეს?
_ აი, წეღან რაც გითხარით მ.კ.-სთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთი რაღაცეები მითხრეს, რაც პირდაპირ ეჭვს მიჩენს, რომ დანა მაგასაც ჰქონდა.
_ ამ მოზარდის მამა დაკავებულია და აღიარებს, რომ დანაშაული დაფარა..
_ დაფარვას აღიარებს, რადგან თვითონ და ერთი ბიჭი პასუხისგებაში არიან მიცემული. ვინც ინციდენტში იღებდა მონაწილეობას, არასრუწლოვანია და თუ იმასაც დასჯიან, გამოდის, მთელი ოჯახი უნდა დაიჭირონ.
_ და ამის გამო, თენგიზ კალანდია დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს?
_ დიახ.
_ ექსპერტიზის ჩატარებას ბრალდებულის დაცვის მხარე აპირებს, ელოდებით მის პასუხს?
_ რასაც დაცვის მხარე ითხოვს, მაგას ველოდები მეც, რადგან უკვე ეჭვი კი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას მალავენ.
_ ბატონო ზაზა, თუ სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა თქვენი, როგორც დაზარალებულის ინტერესები, რის გაკეთებას გეგმავთ?
_ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, ძალიან ბუდნოვანია უკვე ყველაფერი. რა მხრივ მივუდგე, ვეღარ ვხვდები. მაგათ ხელშია კანონებიც, კოდექსიც და ყველაფერი. სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ორ პიროვნებაზე, დანარჩენი გამორიცხულია, მოსამართლესთან თუ ბავშვებმა არ ისაუბრეს სიმართლე, მოსამართლემ რა უნდა ქნას _ ვერაფერი.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში