Menu
RSS

რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის ხორავას ქუჩის ტრაგედიის სასამართლო განხილვა, მით უფრო მეტი სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, საზოგადოება ჯერ კიდევ ბევრ გაუხმაურებელი ეპიზოდს შეიტყობს. ამ ვარაუდის მთავარი საფუძველი ის არის, რომ ამ დრომდე მხოლოდ მოწმეთა მცირე ნაწილია დაკითხული და მათი უმეტესობა საქმის ირიბი მოწმეა. მხოლოდ ბოლო სხდომაზე წარმოადგინა ბრალდებამ ერთი მოწმე, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილეა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ უჩინარი ხელი სულ უფრო გულმოდგინედ ცდილობს, დაფაროს სიმართლე. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ საქმის ფიგურანტები თუ ინფორმაციის მატარებელი პირები გაუთქმელობის ხელწერილით შეზღუდა. თავად კი ტრაფარეტული ფრაზით იფარგლება: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ!“
ბრალდებულთა დაცვის მხარე სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასრულყოფილად გამოძიებული საქმის, გაყალბებული ან განადგურებული მტკიცებულებების და პროკურატიურის მიერ დანიშნული ექპერტიზების ამ დრომდე დაუსრულებლობის გამო. მედიისა და საზოგადოების ინტერესი კი ისევ მაღალია – ჩნდება ხმაურიანი განცხადებები და სახელდება კონკრეტულ გვარებიც.
ორიოდე კვირის წინ, სამართალდამცველთა დაცვის ლიგის დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ სკანდალური განცხადება გაავრცელა. კუპრავა ამტკიცებდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მოწმეთა მოსყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით, „რუსთავი2“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელმაც კუპრავას მიერ გახმაურებული ინფორმაცია დაადასტურა. ჩანაწერში ხორავას ტრაგედიის საქმის მოწმეები იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მოწმეებს, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სთავაზობდა.
თბილისის პროკურატურამ, ზვიად კუპრავას განცხადების საფუძველზე „გამოძიება დაიწყო ,,ბაბუას» მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, ცდილობდა, ხორავას ქუჩის ტრაგედიის მოწმეების მოსყიდვას, მათთვის დიდი ფულადი თანხის გადაცემას კონკრეტული პირების სასარგებლოდ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ.“ 21 თებერვალს გამოძიების მიერ დაკითხულმა კუპრავამ განაცხადა, რომ ფაქტზე ჩვენება მისცა, თუმცა გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე ხელის მოწერაც მოუწია, ამიტომ მედიასთან კონტაქტი და ინფორმაციის გავრცელება მას უკვე კანონით აეკრძალა.
ვინ არის „ბაბუა“ და რატომ ცდილობს იგი დაფაროს სიმართლე? – ,,ვერსიამ“ ამ კითხვაზე სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა – დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში კარგად ცნობილი პიროვნება ბორის კაკუბავაა.
რა კავშირშია ბორის კაკუბავა ხორავას ქუჩის ტრაგედიის მონაწილეებთან და რატომ უნდა იყოს ის დაინტერესებული მოწმეთა მოსყიდვით? _ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 51-ე სკოლაში დაწყებული ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილია.
,,ვერსია“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა: 51-ე სკოლის საპირფარეშოში მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება საქმის ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა. მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი და მისივე ქვისლის შვილი, რომელსაც დახმარებისთვის დეიდაშვილმა მიმართა, დღეს საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებენ. არადა, საზოგადოებისთვისაც და გამოძიებისთვისაც აღარაა დაფარული, რომ მოზარდებს შორის სისხლიანი შეტაკება სწორედ ამ ნათესაურ გამოსარჩლებას მოჰყვა.
პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის ქვისლი, თენგიზ კალანდია, თავის ორ შვილთან ერთად, პროკურატურამ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მისცა. თუმცა თავად სუბელიანი არც ერთ საქმეზე დაკითხულა. არადა, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ თენგიზ კალანდიას დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანი მომხდარიდან უმოკლეს დროში იყო მოვლენათა მომსწრე და მონაწილე.
,,ავედი სახლში, სადაც მელოდებოდა ჩემი ცოლის და და ა. ს. მალევე მოვიდა ჩემი ქვისლი მირზა სუბელიანი., რომელიც იყო გაცეცხლებული და მოსვლისას გამოკითხა ა. ს. ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მირზა სუბელიანი მუშაობს მთავარ პროკურატურაში პროკურორად“, – ამბობს თენგიზ კალანდია პროკურატურაში დაკითხვისას.
,,ვერსიაცა“ და მედიის სხვა საშუალებები უკვე დიდი ხანია ვწერთ იმაზე, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა და ამით დაინტერესებულთა შორის პირველი მირზა სუბელიანი დასახელდა. ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს ბრალდებულთა ადვოკატებმაც და არ გამორიცხეს, რომ საქმის ფაბრიკაციით დაინტერესებული სწორედ მირზა სუბელიანი იყო. მას დანაშაულის დღიდან თანამდებობიდან წასვლამდე – მთელი ოთხი დღის განმავლობაში მიუწვდებოდა ხელი ამ საქმეზე. მირზა სუბელიანი გამოძიების შეცდომაში შეყვანის ავტორად, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე მისივე ოჯახის არასრულწლოვანი წევრების გამო დასახელდა. სავარაუდოდ, მისი მიზანი ამ მოზარდებისთვის მყარი ალიბის შექმნა და მოწმის სტატუსის შენარჩუნება იყო მიუხედავად იმისა, რომ მათი უშუალო მიზეზით დაიწყო ტრაგიკულად დასრულებული ინციდენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ დადასტურდება ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი დეიდაშვილების სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას ამჯერად ბაბუა ცდილობს.
,,ვერსია“ შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ოჯახური დანაშაულებრივი ქმედებების მონაწილე და გამგრძელებელი პირი ბორის კაკუბავა.
მაშ ასე, მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს _ მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ქვისლები არიან _ ანუ მათ ცოლად ჰყავთ დები – მირზა სუბელიანის მეუღლეა თეა კაკუბავა (მირზა სუბელიანის ქონებრივი დეკლარაცია. დაბადებული 1977 წლის 18 სექტემბერს, სოხუმში), ხოლო თენგიზ კალანდიას მეუღლეა ლელა კაკუბავა (დაბ. 1974 წლის 04 აპრილს). ის, რომ თეა და ლელა კაკუბავები ბორის კაკუბავას შვილები არიან დასტურდება 2000–2004 წლებში მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით.
ეს მონაცემები ამყარებს ,,ვერსიის“ ხელთ არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაბუა, რომლითაც პროკურატურა მოწმეთა მოსყიდვის ფაქტზე დაინტერესდა, სავარაუდოდ, ბორის კაკუბავაა.
ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციების მიუხედავად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ არიან განსაკუთრებით დაინტერესებულები დეიდაშვილი მოზარდების ოჯახის უფროსი წევრები სიმართლის მიჩქმალვით და რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი _ თენგიზ კალანდია ოფიციალურად არის ბრალდებული დანაშაულის დაფარვასა და მტკიცებულებების განადგურებაში და პატიმრობაში იმყოფება. ხომ არ არის საქმიდან გამქრალი სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის დანაშაულის სხვა იარაღები? გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბევრი მუშაობა და განსაკუთრებული მონდომება მოუწევს!
,,ბაბუის“ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბრალდებულთა ადვოკატებს, რომლებიც ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებენ. „ვერსიის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა ეტაპზეა მოწმეთა მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება და ცნობილია თუ არა გამოძიებისთვის ,,ბაბუას“ ვინაობა, პროკურორი ზვიად ფხაკაძე ერთი წინადადებით პასუხობს: ,,მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული პირის იდენტიფიცირება“.
ვინ არის ბორის კაკუბავა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გამოძიებაზე?
ბორის კაკუბავა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც თავის დროზე, 90–იან წლებში, საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქვოტით შევიდა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მაშინ სოხუმის ხორცკომბინატში მუშაობდა, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 1978 წელს, ქურდობის ბრალდებით დააკავა და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსული კაკუბავა, აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი და დევნილთა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერიც კი გახდა.
1999 წელს ბორის კაკუბავას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა-ორგანიზებაში დასდეს ბრალი. ამ ბრალდებას კი საფუძვლად დაედო კავშირი #1 ტერორისტად გამოცხადებულ იგორ გიორგაძესთან. იმავე წელს, პროკურატურის მოთხოვნით, მას საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
1999 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, ბორის კაკუბავა საქართველოში აღარავის უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთის ფედერაციას აფარებდა თავს. 2001 წელს დევნილთა საკოორდინაციო საბჭომ გენპროკურატურას ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისა და ხელისუფლების მიერ ტერორისტად შერაცხული ბორის კაკუბავას რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა. ამასთან, ისინი არ უარყოფდნენ კაკუბავას იგორ გიორგაძესთან კავშირს და აცხადებდნენ: „კაკუბავას გიორგაძესთან მართლაც ჰქონდა სატელეფონო საუბრები, მაგრამ განა ეს დანაშაულია?“
2002 წელს, ,,აღორძინების“ ქვოტით პარლამენტში ხელმეორედ შესული ბორის კაკუბავა, მეორედ დადგა იმუნიტეტის მოხსნის საშიშროების წინაშე. საქმე უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მიმართ კაკუბავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
ინტერნეტმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რებილიტირებული ბორის კაკუბავა საზოგადოებას „დევნილთა პარტიის“ ლიდერის სტატუსით მოევლინა. მოგვიანებით, მან 2012 წლის ზაფხულში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართა და დევნილთა ხმების მობილიზების პირობა დადო. 2012 წლის ზაფხულში ბორის კაკუბავა ჟურნალისტებმა ,,ქართული ოცნების“ ოფისშიც დააფიქსირეს, თუმცა როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. როგორც კულუარებში ამბობენ, პროდასავლურმა ძალებმა იგი დაბლოკეს.
„ვერსია“ არაფერს ამტკიცებს. ჩვენ მხოლოდ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვავრცელებთ, რომლის გადამოწმების მცდელობისას გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი გამოიკვეთა. თუკი ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ახლახანს გამოჩენილი ფიგურანტი ბორის კაკუბავაა, გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს 12 წლის მანძილზე პარლამენტის წევრის, საზოგადოებისთვისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნების იდენტიფიცირება.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში