Menu
RSS

სამართალდამცველი თუ დამნაშავე _ ვინ არის მირზა სუბელიანი?

სასამართლო განხილვის აქტიურ ფაზაში შესვლსთან ერთად ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ახალი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. ბრალდებულთა დაცვის მხარე უკმაყოფილებას დიდი ხანია გამოთქვამს იმის შესახებ, რომ პროკურატურამ სასამართლოს არასრულყოფილად გამოძიებული საქმით მიმართა. მათ ამ პოზიციას ხმაურიანი განცხადებებიც მალე მოყვა.
ადვოკატებიცა და მედიაც უკვე ღიად საუბრობენ საქმის ფაბრიკაციაზე და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ. კერძოდ, მედია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გვარზე აპელირებს, რომლის არასრულწლოვანი შვილი და ასევე, არასრულწლოვანი ნათესავი მომხდარი ტრაგედიის ფიგურანტები არიან, თუმცა საქმეში რატომღაც მოწმის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
• არის თუ არა მირზა სუბელიანი – პროკურატურის იმდროინდელი მაღალჩინოსანი – გამოძიების ვერსიის მთავარი ავტორი?
• ვინ იყვნენ არასრულწლოვანთა შორის დაწყებული კონფლიქტის ორგანიზატორები და მთავარი მოქმედი პირები?
• ჰყავს თუ არა ყველა მათგანი იდენტიფიცირებული გამოძიებას და თუ არა – რატომ?
• ხომ არ აფარებს ხელს პროკურატურა შეგნებულად დანაშაულის მთავარ ფიგურანტებს?
რატომ მირზა სუბელიანი? რატომ ეჭვობს ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარე, რომ სისხლის სამართლის საქმე სწორედ მირზა სუბელიანის მიერაა შეკერილი? ხომ არ მოხდა მისი უშუალო მონაწილეობით ის, რომ გამოძიებამ თავიდანვე აიღო გეზი ერთი და ისიც არასწორი მიმართულებით?
როგორც საზოგადოებამ უკვე იცის, 51-ე სკოლაში დაწყებული ინციდენტის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანის შვილია. ,,ვერსია“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ 51-ე სკოლის საპირფარეშოში მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება საქმის ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა. ამის ინიციატორი 14 წლის ა.ს. იყო, რომელიც უფროსკლასელებისგან გარკვეულ ზეწოლას განიცდიდა. სწორედ მან დაურეკა დახმარების თხოვნით თავის დეიდაშვილს მ.კ.-ს, რომელმაც თავის მხრივ, დეიდაშვილის პრობლემებში გასარკვევად გაყოლა თავისივე მეგობრებს სთხოვა. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიების მასალებში ა.ს.-ს როლი აქ წყდება. პროკურატურას არ აქვს დადგენილი, რა მოიმოქმედა ა.ს.-მ ჩხუბის დაწყების წინ, ან რას აკეთებდა უშუალოდ ჩხუბის მომენტში. ის იმ ოცდასამ მოზარდს შორისაა, რომლებზეც პროკურატურა ვერ ამბობს, რას აკეთებდნენ ისინი მაშინ, როცა ბრალდებულები დანაშაულს ჩადიოდნენ. შესაბამისად ა.ს., უშუალოდ მკვლელობის საქმეში დანარჩენი ოცდასამის მსგავსად, მოწმის სტატუსით სარგებლობს. ასევე, მომხდარის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე არასრულწლოვანი მირზა სუბელიანის ახლო ნათესავია, სწორედ ეს ორი არასრულწლოვანია პროკურატურის ოქროს მოწმე.
,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ მფარველობენ არაერთ პირს. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას და უფლებას? გამოძიება წაყვანილია ერთი მიმართულებით. გამოძიებას არ უცდია სრული სურათი დაედგინა, თუ რა მოხდა რეალურად“, _ განაცხადა ბრალდებულ გ.ბ–ს ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ, ერთ–ერთ სატელევიზიო კომენტარში. ადვოკატი არ უარყოფს, რომ საქმეზე გავლენის მომხდენი პირი შესაძლოა მირზა სუბელიანი იყოს.
გამოძიების შეცდომაში შეყვანის მთავარ შემოქმედად მედია და ადვოკატები მირზა სუბელიანს ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამო ასახელებენ – მაშინ, როცა დანაშაული მოხდა, მირზა სუბელიანი პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. მას მიუწვდებოდა ხელი საგამოძიებო პროცესზე და მისივე პერსონიდან გამომდინარე, მანიპულირების გარკვეული ბერკეტებიც გააჩნდა. იგი თანამდებობიდან მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებამ მოითხოვა. ეს 4 დეკემბერს მოხდა, როცა უკვე ყველა მთავარი მოწმე დაკითხული, ბრალდებულები კი დაკავებულები არიან.
მაშინ პროკურორი სოსო ხუციშვილი ამტკიცებდა., რომ პროკურატურის თანამშრომელს გამოძიებაზე ზემოქმედების არავითარი საშუალება არ გააჩნდა. ხუციშვილი პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრის შესაძლო გაფართოებასაც აანონსებდა:
„მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პასუხისგებაში მისაცემ წევრთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსიც შეეცვალოს“, – თუმცა დღემდე არც ბრალდებულთა წრე გაზრდილა და არც მოწმის სტატუსის მქონე ფიგურანტთა მიმართ შეცვლილა რაიმე.
ვინ არის მირზა სუბელიანი და რა იგულისხმება მანიპულირების ბერკეტებში, რომელიც მისი იარაღი და დამახასიათებელი ხელწერაა?
რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ მირზა სუბელიანი, როგორც ოდიოზური ფიგურა, ისე გაიცნო. მისი გვარი ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჟღერდა, როცა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მაშინ გაზეთი ,,გურია ნიუსი“ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნა–შევიწროვებით ცნობილი პროკურორი მირზა სუბელიანი, მინისტრ სოზარ სუბარის მონდომებით მოხვდა სამინისტროში.
,,სოზარის ბიძაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი, «ნაციონალი» მირზა სუბელიანი პატიმრებს დაერია, გამოძიება დაიწყო მაშინ გახორციელებულ ზარებზე, იბარებს პატიმრების ოჯახის წევრებს, ღამის 2-3 საათზე მოჰყავთ აქ ცოლები, საცოლეები, დედები და აიძულებენ განთქმითი ჩვენება მისცენ ნათესავების წინააღმდეგ“, – აცხადებდა ,,გურია ნიუსის“ რესპონდენტი.
,,მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში სოზარ სუბარი სკანდალში გაეხვა, რადგან მან სამინისტროს გენინსპექციის უფროსად საკუთარი ნათესავი და ნაცმოძრაობის ცნობილი ზონდერი – მირზა სუბელიანი დანიშნა. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი 26 მაისის ცნობილი დარბევის დროს ქვემო ქართლის პროკურორი იყო და ამ რეგიონიდან დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის საქმის შეკერვაში პირადად მონაწილეობდა“, – წერდა მაშინ გაზეთი ,,ქრონიკა+“.
თავად სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრი სოზარ სუბარი მირზა სუბელიანთან ნათესაობას უარყოფდა. თუმცა ამავე სამინისტროს მომავალი პირველი პირი, იმ დროისთვის კი ექსპერტი კახა კახიშვილი, 2013 წლის მარტში, ერთ-ერთ ინტერვიუში იმ უცნაურ ტენდენციაზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე პროკურორები ისევ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ:
,,სასჯელაღსრულებაში საერთოდ კატასტროფაა. გენინსპექციის უფროსად დაინიშნა სუბელიანი, ყოფილი პროკურორი, რომლის სახელი 26 მაისის საქმეებს უკავშირდება. ის უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში. მან გააშვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარე და საკუთარი კადრები დანიშნა კოლონიის უფროსებად. რატომ მოიყვანა „ნაცმოძრაობის“ კადრი სუბარმა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. დღეს მირზა სუბელიანი მართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს“, – აცხადებდა მაშინ კახა კახიშვილი.
საკმაოდ ,,მდიდარი“, არცთუ სახარბიელო სამსახურეობრივი წარსულის მიუხედავად, მირზა სუბელიანს სამართალდამცველ სტრუქტურებში გასული წლის დეკემბრის პირველ რიცხვებამდე ინარჩუნებდნენ. ის არც ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ დაკითხულა მოწმის სტატუსითაც კი, როცა ჩვენი ინფორმაციით, სწორედ სუბელიანი გახლდათ მთავარი მოქმედი პირი საქმის ფიგურანტი ორი მოზარდის – მისი შვილისა და ცოლის დისშვილის – პროკურატურის ოქროს მოწმეებად ქცევის საკითხში.
მირზა სუბელიანი არც იმ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რომელიც ცალკე წარმოებად გამოყო პროკურატურამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. ამ საქმეზე, ორ სხვა პირთან ერთად, სუბელიანის ქვისლი თენგიზ კალანდია და მისი ორი შვილი არიან ბრალდებულები. სუბელიანმა ,,მოახერხა“ და იგი არც ამ საქმეზე დაკითხულა. არადა, ტელეკომპანია პირველის თოქ-შოუს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ თენგიზ კალანდიას დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანი მომხდარიდან უმოკლეს დროში იყო მოვლენათა მომსწრე და მონაწილე.
,,ავედი სახლში, სადაც მელოდებოდა ჩემი ცოლის და და ა. ს. მალევე მოვიდა ჩემი ქვისლი მირზა სუბელიანი., რომელიც იყო გაცეცხლებული და მოსვლისას გამოკითხა ა. ს. ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მირზა სუბელიანი მუშაობს მთავარ პროკურატურაში პროკურორად“, – ამბობს თენგიზ კალანდია პროკურატურაში დაკითხვისას.
ყოველივე ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იყო სწორედ ის დაინტერესებული პირი, ვინც გამოძიება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში. სწორედ ის იყო დაინტერესებული მისივე ოჯახის წევრების სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არიდებაში, ამიტომ დიდი ალბათობით დაფარა მათი შესაძლო დანაშაული.
ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე სასამართლო გამოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 თებერვალს განახლდება. პროცესი ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის – დაწყებულია მოწმეთა დაკითხვა, უკვე მალე უნდა დასრულდეს ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ დანიშნული კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები. სწორედ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ამ საქმის გამოძიებაში უნდა გახდეს ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც საქმის ფაბრიკაციით დაინტერესებულთა დანაშაულებრივ ქმედებებს გამოააშკარავებს და ნათელს მოფენს ობიექტურ ჭეშმარიტებას.
დაჩი შალიკაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში