Menu
RSS

წითელი „ჯიპი“, არასეზონური ტანსაცმელი და მოწმეები, რომელსაც პროკურატურა ხელს აფარებს!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ირგვლივ ინტერესი არ ცხრება. არასრულწლოვანთა მონაწილეობის გამო, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულია, ამიტომაც ვცდილობთ, ინფორმაცია უმეტესად კულუარულად მოვიპოვოთ და რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმოთ.

,,ვერსიის'' კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, იმ ეზოსთან, სადაც მოზარდების ჩხუბს ორი არასრულწლოვანის მკვლელობა მოჰყვა, იდგა წითელი ,,ჯიპი'', საიდანაც ვიღაც პიროვნება მათ თვალს ადევნებდა. ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები გვიდასტურებენ, რომ ეს ინფორმაციას სხვადასხვა წყარომ რამდენჯერმე გააჟღერა – ერთი ვერსიით, ეს პიროვნება იყო ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, სავარაუდოდ, სუბელიანი ან კალანდია, მეორე ვერსიით – ვიღაც უცნობი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პროკურორს ეს კითხვაც დაუსვეს, ვერც უარყოფითი და ვერც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ – არადა, საინტერესოა, ჰყავს თუ არა გამოძიებას აღნიშნული პიროვნება იდენტიფიცირებული? – როგორც წყარო იუწყება, მეზობლებს არც მანქანა ეცნობათ და არც მისი პატრონი. თუმცა შემთხვევის ადგილთან არაერთი ვიდეოკამარაა და წესით, მისი მფლობელის დადგენა არ უნდა გაჭირდეს. შესაძლებელია, გამოძიებას დადგენილიც ჰქონდეს მისი ვინაობა - თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გამოძიებას დაკავებული ჰყავს ერთ-ერთი მოზარდის მამა დანაშაულის დაფარვის მუხლით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს პიროვნება იჯდა ,,ჯიპში'' და, შესაბამისად, მომხდარი მკვლელობის შემდეგ, სწორედ მან ,,მოახერხა'' შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებების გადამალვა და ბრალდებულების ,,გაპარება''...
მითუმეტეს ეს საკითხი ლოგიკურ ბმაშია როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებულთა ადვოკატების პოზიციასთან, რომლებიც არ იზიარებენ პროკურატურის ვერსიას და სვამენ კითხვას – ხომ არ მოხდა საქმის შეგნებული ფაბრიკაცია და სხვა შესაძლო დამნაშავეთა საქმიდან გაქრობა? შესაბამისად ლოგიკურად ჩნდება კითხვა – ვის შეეძლო ამის ბერკეტები ჰქონოდა? კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზისა და ამჟამად მოწმის სტატუსის მქონე ა.ს.-ს მამა მირზა სუბელიანი სწორედ იმ დროისთვის პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, ასევე ლოგიკურად ჩნდება ვარაუდიც... მით უმეტეს, რომ მირზა სუბელიანმა თანამდებობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც მოწმეთა და ბრალდებულთა უმეტესობა დაკითხული იყო და გამოძიება იმ არასწორ გზაზე იდგა, რაზეც დღეს მხარეები აპელირებენ.
დავით სალარიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულების, გ.ჯ –სა და გ.ბ-ს, სისხლის სამართლის საქმე საქალაქო სასამართლოში 1 თებერვალს განახლდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაეცემა სასამართლოს და რა ეტაპზეა მეორე საქმე, რომელიც აღნიშნული მკვლელობის დაფარვის გამო ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნების მშობლების მიმართ აღიძრა. როგორც გაირკვა, ეს საქმე გამოძიებამ მკვლელობაში ბრალდებულების საქმისგან გამოყო და პროკურორმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დააზუსტა, რა ეტაპზეა პროცესი. გასაკვირია, რატომ გააცალკევა ეს ორი საქმე პროკურატურამ მაშინ, როცა დანაშაულის დაფარვა სწორედ იმ მკვლელობას ეხება, რომელსაც სასამართლო უკვე განიხილავს? ხომ არ ცდილობს გამოძიება, საზოგადოების ყურადღება მოადუნოს და ხელი დააფაროს სხვა დამნაშავეებს? ,,ვერსია'' ამ საკითხზე ექსპერტ-კრიმინალისტს, მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მხრიდან ჩაერთო და საქმის დეტალებსაც გაეცნო:
_ ქალბატონო მაია, გვესმის, საქმე დახურულია, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ?
_ როცა ამ საკითხზე პირველად გესაუბრეთ, მაშინაც გვქონდა კითხვები: რამდენი დანაა საქმეში? დაღუპულებს აქვთ თუ არა ჭრილობა ერთი და იგივე დანით მიყენებული და ა.შ. საქმე სასამართლოს გადეცა და დღესაც არ შეგვიძლია ამაზე პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნები შევისწავლე, რაც ნაწილობრივ ინფორმაციას იძლევა, სანამ ტანსაცმლის ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, გამართულ პასუხს ვერ გავცემთ.
ჯერჯერობით პროკურატურაც ასეთივე ,,თვალახვეულია''. არ მახსოვს შემთხვევა, პროკურატურა ასე შესულიყო სასამართლო გამოძიების ეტაპზე, რომ არ იყოს დარწმუნებული, რამდენი დანაა საქმეში - ეს ნონსენსია.
_ და რა არის ამის მიზეზი?
_ ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სერიოზული ხარვეზია, რაზეც პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა იმსჯელოს. არ შეიძლება, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე უპირატესობა მიანიჭო იმას, რომ სასამართლომდე გამოძიების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ. ასეთი შემჭიდროვებული ვადა მსგავს საქმეში არასრულწლოვანის დაღუპვას ნიშნავს, რაზეც კანონმდებელს უნდა ეფიქრა.
_ თქვენი ინფორმაციით, ექსპერტიზის კვლევის ყველა დასკვნა როდის დაიდება?
_ რამდენი თვეცაა გათვალისწეინებული ამ კოდექსის მიხედვით, იმაზე მეტხანს სასამართლო გამოძიება არ უნდა გაგრძელდეს. შემჭიდროვებული ვადა რომ არ ყოფილიყო, ჯერ დასკვნები დაიდებოდა და მერე შევიდოდა საქმე სასამართლოში, გვექნებოდა საშუალება, სასამართლო გამოძიებამდე გავცნობოდით საქმეში არსებულ ნივთმტკიცებას _ ტანსაცმელს და გვქონოდა ჩვენი არგუმენტები. მაინტერესებს, სასამართლოში მხარეები შესავალ სიტყვაში რას ამბობენ, როცა არავის აქვს ყველაზე მთავარი მტკიცებულებები ხელში? ამის გარდა, ხომ ყველაფერი ბლეფია? ეს კი კოდექსის ხარვეზია. ძალიან ვწუხვარ, რომ გარდაცვლილებს აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ ამ განსასჯელების ბედიც ხომ სამართლიანად უნდა გადაწყდეს? მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე, როგორც ექსპერტმა, არ შემიძლია, ალტერნატიული კვლევისთვის წავიღო ტანსაცმელი ლაბორატორიაში და გამოვიკვლიო. მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, მტკიცებულებები სასამართლო დარბაზში დავათვალიეროთ.
_ ანუ ტანსაცმელის, როგორც ნივთმტკიცების, კვლევა სასამართლო დარბაზში მოგიწევთ?
_ სასამართლომდე, გამოძიების ეტაპზე ჯერ ბრალდების მხარე ატარებს ექსპერტიზას, შემდეგ დაცვის მხარეს შეუძლია გამოიკვლიოს. ამით გაირკვევა, რამდენი დანა იყო საქმეში, რაც ლოგიკურად დამნაშავეთა რაოდენობასაც გამოავლენს. ეს ხომ სასამართლოში ვერ მოხდება? ამ საშინელი ხარვეზით სამართლიანი სასამართლოს უფლება უკვე დაზარალებულია.
_ გარდაცვლილის მამა, ზაზა სალარიძე ამბობს, რომ შვილის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე მას ერთი მოზარდი ამდენ ჭრილობას ვერ მიაყენებდა.. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ამ კითხვის არსი სწორია, იგივე კითხვას მე სხვაგვარად ვსვამ _ როგორი იყო თავდამსხმელისა და მსხვერპლის პოზა თითოეული დაზიანების მიყენების მომენტში? ამის დადგენის შემდეგ შევძლებთ თქმას, იმ პოზაში მყოფი ადამიანი მიაყენებდა თუ არა ჭრილობებს გარდაცვლილს და კითხვას ბევრად მარტივად გაეცემა პასუხი.
_ გამოძიებით დადგენილია, თავდამსხმელისა და გარდაცვლილის პოზა?
_ ვერ იქნება გარკვეული, რადგან კრიმინალისტური ექსპერტიზა არ დამთავრებულა. ამასთან, შეიძლება დამთავრდეს ექპერტიზა, მაგრამ საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებისამარა დავრჩეთ. ჩვენებების შესწავლით უნდა აღდგეს ეს პოზები და ექსპერტიზის გზით გადამოწმდეს. ჩემი მუშაობის 90% სწორედ ესაა.
_ და ჩვენებებით რა ირკვევა?
_ რომელი პოზების დადგენაზე უნდა ილაპარაკო, როცა ეს ჩვენებები ჩვეულებრივი წყალია, არაფერს გვაძლევს. ერთი ადამიანის მიერ რამდენჯერმე მიცემული ჩვენება, ლამის ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
_ როგორ ფიქრობთ, ამას რა განაპირობებს?
_ შეშფოთებული ვარ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლების დუმილით. დავუშვათ, მოზარდებს თავისებური ხედვა აქვთ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.
აი, ეზოში მცხოვრებ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც უყურებდნენ ყველაფერს, როგორ შეუძლიათ, ჩუმად იყვნენ?! სასწრაფო დამხარება ათეულობით ადამიანს ჰყავს გამოძახებული, გამოდის, ეს ხალხი უყურებდა ჩხუბს და როგორ შეუძლიათ, დუმდნენ გარდაცვლილების სულებისა და ბრალდებულების წინაშე, არ მესმის!
_ ქალბატონო მაია, პროკურატურა არ აკონკრეტებს, რას აკეთებდა მკვლელობის დროს ჩხუბში მონაწილე ათეულობით მოზარდი, საქმეში ეს აღწერილია?
_ ეს საქმე განზრახ მკვლელობას ეხება... ნებისმიერ განზრახ დანაშაულს კი აქვს შესავალი ნაწილი _ საიდან, რატომ დაიწყო ჩხუბი. განზრახვას მოტივი ხომ უნდა ჰქონოდა? საქმის მასალებიდან არა, მაგრამ პირადად მოპოვებული ინფორმაციით ვიცი, რომ პირველად ჩხუბი დასრულდა, ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, სიტუაცია დამშვიდდა და ერთ-ერთმა პირმა მაპროვოცირებელი სიტყვა თქვა, რასაც ჩხუბის განახლება მოჰყვა.
_ ვინ იყო ეს მოზარდი, იცით?
_ 51-ე სკოლის მოსწავლეთა მხრიდან რომ იყო, ამის თქმა შემიძლია. მთელი ვერა-ვაკე საუბრობს, რომ დასრულებული ჩხუბი ამის გამო განახლდა და რატომღაც არავინ საუბრობს, ვინ იყო ჩხუბის განმაახლებელი. რა თქმა უნდა, გვარებს ვერ დავსახელებ, მაგრამ ეს იქ მყოფმა ბავშვემა კარგად იციან.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყო ცალკე საქმე, სადაც ბრალდებულები სრულწლოვანი პირებიც არიან, კერძოდ, მოზარდების მშობლები?
_ რადგან სასწრაფო დახმარება უამრავმა ადამიანმა გამოიძახა ე.ი. იქ იყო ხმაური და ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, ხომ? მიკვირს, რატომ არსად ჩანს ეს მუხლი? რაც შეეხება თქვენ კითხვას, იქ კიდევ ერთი ადამიანია, რომელსაც დაზიანება აქვს მიყენებული და, როგორც ვიცი, 51-ე სკოლის მხარდამჭერების მხრიდან არ იყო.
_ ანუ მიდასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიდევ ერთი დაზიანებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა?
_ ამას ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ექსპერიმენტული სკოლის მხარდამჭერების მხრიდან იყო. თავისთავად გამორიცხულია, მისთვის ,,თავისიანს'' განზრახ მიეყენებინა დაზიანება, დაკავებულები კი ექსპერიმენტული სკოლის მხრიდან არიან. ლოგიკურად გამოდის, რომ მინიმუმ სამი დანა იყო ჩხუბში. თუმცა, უბნიდან მიღებული ინფორმაციით ვიცი, რომ ძალიან ბევრი დანა იყო. რატომ გამოიყო ცალკე საქმე, სადაც უფროსები დანაშაულის დაფარვის გამო დააკავეს, ძალიან გამოუკვეთავია. შეიძლება, ეს გამოძიების ერთგვარი ,,თავდაცვაა'' ამ კოდექსის ხარვეზისგან, რომ სრულფასოვნად წავიდეს გამოძიება გონივრულ ვადებში და გასწორდეს ,,ხარვეზები'', მაგრამ თუ ვინმეს დაფარვისთვის მოხდა ეს, მაშინ დაზარალებულების კითხვებიც დარჩება ჰაერში და ბრალდებულებიც შეიძლება უსამართლოდ დაისაჯონ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბში მონაწილის მამამ, სავარაუდოდ, საქმის ნივთმტკიცებები გადამალა. საქმეში ეს ნახსენებია?
_ არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, მიჭირს ამაზე საუბარი.
საინტერესო ისაა, რომ იმავე საღამოს ჩხუბში ძალიან ბევრ მონაწილეს უკვე ადვოკატი ჰყავდა და მათი თანდასწრებითაა მოზარდების ტანსაცმელი ამოღებული. ეს ძალიან საინტერესო დეტალია იმ ფონზე, რომ საუბარი უფრო მეტ დაჭრილზეა. ეს კი სწორედ იმ ტანსაცმლით უნდა დადგინდეს, გამოძიებამ რომ ამოიღო. მნიშვნელოვანია, წარდგენილი ტანსაცმელი ნამდვილად ისაა, რომელიც შემთხვევის დღეს, იმ ინციდენტის დროს ეცვათ ახლაგაზრდებს თუ არა? შეიძლება დაზიანება იყოს ტანსაცმელზე და არ იყოს სხეულზე, ეს ხომ დანების შესახებ ილაპარაკებდა? _ ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი ტანსაცმელი არაა სეზონის შესაბამისი. იმ სეზონზე მოზარდი იმ ტანსაცმელს ვერ ატარებდა. ტანსაცმელი, რომელიც მშობლებმა მიიტანეს, ოჯახებიდან ამოიღეს, ზაფხულისაა და არა დეკემბრისთვის შესაბამისი. წარმოიდგინეთ, ამის უკან რამხელა რამ დგას!
ვიმეორებ, მათ უკვე ადვოკატები ჰყავდათ მაშინ, როცა ბრალდებულს ლამის სახაზინო ადვოკატი ჰყავდა პირველ დღეს, ამიტომაც მიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ბევრი რაღაც გადამალული?
_ ბრალდების მხარეზე გაქვთ ეჭვი?
_ იცით, რა? თითქოს სულ სახელმწიფოს ვებრძვით, პროკურატურა და პოლიცია ლამის მტერი გამოგვყავს ყველაფერში, ესეც ხომ უკიდურესობაა! ხაზს ვუსვამ, რომ თითქმის ყველა მოზარდს ჰყავდა ადვოკატი და ტანსაცმელი გამოძიებას წარუდგინეს ოჯახის წევრებმა. თუმცა არაერთი ვიდეოთვალია ირგვლივ და ჩანაწერებიც ამოღებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაირკვეს, იყო კი იმის დრო, გადამოწმებულიყო ჩაბარებული ტანსაცმელი ნამდვილად ეცვა თუ არა მოზარდს ინციდენტის დროს.
_ იმას გულისხმობთ, რატომ ენდო გამოძიება მშობლებს, არა?
_ დიახ, მშობელი ხომ ფარავს ხოლმე ასეთ დროს შვილს... ხორავას ქუჩის სისხლიან დაპირისპირებაზე კიდევ ერთი რამის თქმა მსურს _ ვთქვათ, პოლიცია ამას მალავს, პროკურატურა არ იძიებს... სამაგიეროდ, უზარმაზარი კორპუსი დგას ვერაზე, სადაც ძალიან კულტურული ხალხი ცხოვრობს, იმ ადამიანებმა იციან სიმართლე ან სიმართლის ფრაგმენტი და არავის მიეხმარა არც საზოგადოებას, პროკურატურას, არც გამოძიებას? როგორ შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, როცა ორი ბიჭი გარდაცვლილია, ორი განსასჯელი და შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე ან უდანაშაულო ზედმეტად დაისაჯოს...
_ მესმის, არასრულწლოვანების საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებზე გიჭირთ საუბარი, თუმცა ცალკე გამოყოფილი საქმის ბუნდოვანება, სადაც სრულწლოვანის მიერ ნივთმტკიცებების შესაძლო გადამალვაზეა საუბარი, იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ სხვა დამნაშავე სწორედ ამ საქმით იფარება?
_ როცა მტკიცებულებების გადამალვაზე, დაფარვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, დანაშაულის დაფარვის მუხლთან გვაქვს საქმე. თავისუფლად შეიძლება, იქ დამატებითი დამნაშავე იმალებოდეს. რეალობა არავინ იცის, რადგან დასკვნა არ არსებობს.
საქმის გამოყოფა შეიძლება, მომხდარიყო ორი მიზნით _ ან როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამას შეიძლება კარგი მიზანი ჰქონდეს, რომ გამოძიება გონივრულ ვადაში წარიმართოს, ან ეს რაღაცის დასაფარად მოხდა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში