Menu
RSS

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდება?

ვინ არიან „სტამბოლის ბაზრის“ მეწილეები და რა მოხდა რუსთავში 2009 წელს

15 იანვარს, რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მფლობელი, საკუთარ კაბინეტში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით აღიძრა. გარდაცვლილი პირი ყოფილი დეპუტატი და გენერალი, სამსონ (სოსო) ქუთათელაძეა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს-ში დანაშაულის მოტივზე არ საუბრობენ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
ვინ არის სოსო (სამსონ) ქუთათელაძე
 
სოსო (სამსონ) ქუთათელაძის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს, იგი ძმებთან ერთად, წლების მანძილზე მსახურობდა ეროვნული გვარდიის რიგებში და იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მისი ძმა – პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების, მოგვიანებით თბილისში გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის მონაწილეა და 1992 წლის ზაფხულში, სპეცოპერაციის დროს, ქალაქ გორში დაიღუპა. მეორე ძმა _ ზურა ქუთათელაძე კი 1999 წელს გარდაეცვალა.
პოლკოვნიკმა ბესიკ ქუთათელაძემ, თანამებრძოლებთან ერთად, 1991 წლის 1 ივნისს დააარსა მე-16 სამთო ბატალიონი, რომელმაც მინაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში და 21 სამხედრო მოსამსახურე შესწირა საქართველოს. სწორედ ამ ბატალიონის ბაზაზე, 2004 წლის 17 თებერვალს, დაარსდა საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა, ხოლო 2006 წლის 14 აგვისტოს ჩამოყალიბდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, 2014 წლის 29 მაისის #738 ბრძანების საფუძველზე, სკოლას მიენიჭა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სახელი, რომელიც წარმოადგენს გენერალური შტაბის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ სასწავლო დაწესებულებას.
თავად სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა და 1991 წლიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა: 2001 წლამდე _ საჩხერის ბატალიონში, 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, 2004-2006 წლებში _ ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.
2008-2012 წლებში, სამსონ ქუთათელაძე საქართველოს პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილი გახლდათ. კულუარული ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძე იმ პერიოდში სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით გახდა პარლამენტის წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაიღო გარკვეული ფინანსური დახმარება ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლის დასაარსებლად. შესაბამისად, პოლიტიკურ კულუარებში ქუთათელაძეების ოჯახისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა საკმაოდ გახმაურებული ფაქტი გახლდათ.
გენერალი ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. იგი ერაყში, სამშვიდობო ოპერაციებშიც მონაწილეობდა. იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება. გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
რა ქონებას ფლობდა სოსო ქუთათელაძე
2012 წლის 16 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ სამსონ ქუთათელაძის საკუთრებაში იყო 78 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, დოდაშვილის 20ა-ში. ამ ბინაში 50%-იან წილს გენერალი ქუთათელაძე, ხოლო მეორე 50%-იან წილს მისი მეუღლე, მეგი სირბილაძე ფლობდნენ.
 
მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მეორე ბინა თბილისში, ნავთლუღის ქ 11-13-ში, რომლის ფართობი 63.89 კვ.მ-ია. შვილის, ბესიკ ქუთათელაძის სახელზეა რეგისტრირებული 100 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი საჩხერეში, თამარ მეფის ქუჩაზე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილი TOYOTA 2010-ის მფლობელიც შვილი, ბესიკ ქუთათელაძეა. 2012 წლის 16 მაისის მდგომარეობით, სამსონ ქუთათელაძის, როგორც დეპუტატის, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წლიური შემოსავალი 50 566 ლარი იყო.
შპს ,,ერთობისა'' და შესაბამისა, ,,სტამბოლის ბაზრის'' მფლობელებს შორის, სამსონ ქუთათელაძის სახელი 2016 წლიდან გვხვდება. სამეწარმეო რეესტრის 2017 წლის ჩანაწერების მიხედვით, შპს ,,ერთობის'' დირექტორია მამუკა ცხოვრებაძე, ხოლო პარტნიორებს შორის წილები ასეა გადანაწილებული: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი _ 15%, სამსონ ქუთათელაძე _ 29%, უზიელ ნონი (ისრაელის მოქალაქე) _ 28%, დავით შატო შათაშვილი (ისრაელის მოქალაქე) _ 28%.
გენერლის მკვლელობის ვერსიები
სოსოს ქუთათელაძე 15 იანვარს, რუსთავში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში, მოკლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ,,სტამბოლის ბაზრობის'' დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს:
 
„ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გამოკვეთილია ამ ეტაპზე“.
შსს-ს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ვინაიდან ბაზრის მოვაჭრეებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, რასაც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან კომენტარებში აცხადებენ, სავარაუდოდ, მკვლელობა მაყუჩიანი პისტოლეტით ჩაიდინეს...
არაოფიციალური ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. კერძოდ, მკვლელობის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ,,სტამბოლის ბაზრის'' საკუთარი წილის გაყიდვას აპირებდა. მართალია, ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არავინ ადასტურებს, მაგრამ სავარაუდოდ, გამოძიება მკვლელობის მოტივად და ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ბიზნესინტერესებს განიხილავს.
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, შესაძლოა, გენერალი ქუთათელაძე კანონიერ ქურდებს ემსხვერპლა, რომლებსაც ,,სტამბოლის ბაზარში'' საკუთარი ინტერესები ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჰქონდათ. ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციას 2015 წლის თებერვალში, გაზეთ ,,რეზონანსში'' გამოქვეყნებული ის სტატიაც ადასტურებს, რომელშიც ,,სტამბოლის ბაზრის'' ყოფილი მეწილეები, ქვემო ქართლის ექს-გუბერნატორ დავით კირკიტაძეს, წილების იძულებით წართმევასა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
,,რეზონანსის'' ინფორმაციით, ყოფილმა გუბერნატორმა მისი ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და რუსთავის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, კახა გურგენიძის საშუალებით, მათ წილები დაათმობინეს, დანარჩენ მეწილეებს, რომლებმაც წილები საკუთარი ნებით არ დათმეს, პროკურატურის საშუალებით, სისხლის სამართლის საქმეები ,,შეუთითხნეს'' და ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით, კვლავ წილების დათმობის ხარჯზე, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.
,,რეზონანსის'' იმავე სტატიაში, დავით კირკიტაძემ ბრალდება კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, რუსთავში, შპს ,,ერთობის'', რომლის საკუთრებაშიც იყო ,,სტამბოლის ბაზარი'' ერთ-ერთი, ყველაზე მსხვილი მეწილე (კირკიტაძემ მისი ვინაობა არ გაამხილა) მასთან კონკრეტული წინანადებით მივიდა და შეთანხმება შესთავაზა. გთავაზობთ დავით კირკიტაძის კომენტარის მცირე ამონარიდს, რომელიც 2015 წლის თებერვალში, ,,რეზონანსში'' გამოქვეყნდა:
,,ამ ადამიანს, რომელიც შპს ,,ერთობის'' წარმომადგენელი და ყველაზე დიდი წილის მფლობელი იყო, ერთი, კონკრეტული პიროვნების თხოვნით შევხვდი.
მან მითხრა, რომ 2003 წლამდე, მხარს უჭერდა და აფინანსებდა რუსთავში, ,,ნაციონალური მოძრაობის'' ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნდა. მისი სურვილი იყო, ადგილობრივ ბიზნესმენებს ის მძიმე ტვირთი ჩამოსცლოდათ, რასაც კანონიერი ქურდებისთვის გადახდილი ხარკი ერქვა. მითხრა, რომ ყველაფერი ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ უწევდა ბაზრობის თანხებიდან კანონიერი ქურდებისთვის ფულის გადახდა. მას უნდოდა, რომ საქმეს სისხლის სამართლის მსვლელობა მისცემოდა და ამ მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულიყო.
ეს ხანში შესული ადამიანი გახლდათ, ამიტომ თავიდან მისი საუბარი საკმაოდ რეალისტური მეჩვენა. მაშინ ვუთხარი, რომ მე, როგორც გუბერნატორს, მხოლოდ ერთი ქმედითუნარიანი ნაბიჯის გადადგმა შემეძლო და ეს იყო სამართალდამცველი ორგანოების საქმეში ჩართვა. მითხრა, რომ ამ წინადადებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვთანხმდებოდა, თუ რუსთავის მერია, რომელიც აღნიშნულ შპს-ში 40%-იან წილს ფლობდა, მას ამ წილს უსასყიდლოდ გადასცემდა.
ამის შემდეგ, ვალდებული ვიყავი, საქმის კურსში მთავარი პროკურატურა და ზურაბ ადეიშვილი ჩამეყენებინა. ადეიშვილმა მითხრა, რომ ყველაფერს ბოლომდე გამოიკვლევდა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბუნებრივია, ეს პასუხი ჩემთვის მისაღები იყო. შემდგომ მოვლენები ჩემგან დამოუკიდებლად განვითარდა _ მოგვიანებით, ზურაბ ადეიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ქონების ნაწილი სახელმწიფო ბალანსზე იყო. ეს ნიშნავდა, რომ დროებითი მმართველი უნდა შეგვერჩია, რომელსაც სურვილი ექნებოდა, რათა სახელმწიფოსგან ეს ქონება შეეძინა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ქონება აუქციონზე გავიტანეთ, ხოლო ბაზრობის წილი ებრაელმა ინვესტორმა შეიძინა. ამის შემდეგ რა მოხდა ან ვინ, როდის დაიკითხა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა''.
განსხვავებული ვერსია აქვს ყოფილი მოწილეს ლიანა აბაიაძეს, რომელიც ,,რეზონანსთან'' საუბარში ყვება, რომ მოწილეებზე წნეხი 2009 წლიდან დაიწყო და მათი დაპატიმრება ეტაპობრივად დაიწყო _ ქონების დათმობის სანაცვლოდ კი ისინი სასჯელისგან რამდენიმე თვის შემდგომ გაათავისუფლეს. აბაიაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ წნეხი უშუალოდ მასზე განხორციელდა, მაგრამ მან არ დათმო წილი და, შვილთან ერთად, ქვეყანა დატოვა: ,,იქიდან გამომდინარე, რომ მე წილი ვერ წამართვეს, დაუსწრებლად 14 წელი მომისაჯეს, ხოლო ჩემს შვილს, დავით ბლუაშვილს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს კი 10 წელი. ამის გამო ჩემი შვილი უკან ვეღარ დაბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსთავის მაშინდელი თავმჯდომარის, კახა გურგენიძის მხრიდან შუამავლის მეშვეობით იყო შემოთავაზება სასჯელების გაუქმება წილის დათმობის სანაცვლოდ, რაზეც, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი'', _ ამბობს ,,რეზონანსთან'' საუბრისას აბაიაძე და აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთავის მერიამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მისი საკუთრება ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით გამოწმება, რა ეტაპზეა ,,სტამბოლის ბაზრის'' მეწილეების საქმე, რომელზე გამოძიებაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პროკურატურაში მიმდინარეობდა, თუმცა ,,ვერსიამ'' ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადაამოწმა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტები და გაირკვა, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს ,,ერთობა'', რომელიც ე.წ. ,,სტამბოლის ბაზრის'' მფლობელია, ოფიციალურად, 1995 წლის 28 სექტემბერს დარეგისტრირდა. 2010 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ერთობის'' დირექტორია ლიანა აბაიაძე. პარტნიორებს შორის კი წილები ასეა გადანაწილებული: ლიანა აბაიაძე _ 15%, დურმიშხან ფარცხალაძე _ 15%, თენგიზ ჯიქია _ 15%, ზურაბ ჭანტურია _ 7.5%, გიორგი ქიქოძე _ 7.5%, ქ. რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდი _ 40%.
რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდი, რომელიც ამ შპს-ში ყველაზე დიდ, 40%-იან წილს ფლობდა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე ლიკვიდირებულია. თუმცა მივაგენით წესდებას, რომლითაც ირკვევა, რომ ფონდი 2000 წლის 20 აპრილს დაფუძნდა. მართალია, წესდებაში დამფუძნებლებიც არიან მითითებულნი, მაგრამ თუ მათ ვინაობას გავეცნობით, საკმაოდ ძნელია იმის წარმოდგენა, რომელი მათგანი დაუკავშირდა დავით კირკიტაძეს თხოვნით, რათა კანონიერი ქურდებისგან დაეცვათ ,,სტამბოლის ბაზარი''. ქ. რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებლები არიან: მერაბ ტყეშელაშვილი, ლაშა მინდელი (რუსთავის მერია), გიორგი გოგოლაძე (ს/ს ,,აზოტი''), სერგო კალანდაძე (ს/ს ,,ყაზბეგი''), ომარ კაციტაძე (,,პროგრესი''), პაატა გოგოლაძე (შპს ,,ე.ბ.ა.ს''), გიორგი სალაყაია (,,რუსთავცემენტი'') და თამაზ გველუკაშვილი (შპს ,,ვეჯინი'').
2012 წლის მდგომარეობით, შპს ,,ერთობის'' დირექტორია მამუკა ცხოვრებაძე, ხოლო პარტნიორებს შორის წილები ასეა გადანაწილებული: ლიანა აბაიაძე _ 15%, უზიელ ნონი (ისრაელის მოქალაქე) _ 20%, პინჰასი ბაიტერი (ისრაელის მოქალაქე) _ 65%.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს ,,ერთობასა'' და შესაბამისად, ,,სტამბოლის ბაზრის'' მფლობელებს შორის, სამსონ ქუთათელაძის სახელი 2016 წლიდან გვხვდება. სამეწარმეო რეესტრის 2017 წლის ჩანაწერების მიხედვით, შპს ,,ერთობის'' დირექტორია მამუკა ცხოვრებაძე, ხოლო პარტნიორებს შორის წილები ასეა გადანაწილებული: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი _ 15%, სამსონ ქუთათელაძე _ 29%, უზიელ ნონი (ისრაელის მოქალაქე) _ 28%, დავით შატო შათაშვილი (ისრაელის მოქალაქე) _ 28%.
როგორც ჩანს, გამოძიებას მოუწევს კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ,,სტამბოლის ბაზრის'' მეწილეების საქმის დეტალები და ისიც გაარკვიოს, რა მოხდა 2009 წელს. ვინ არის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის მიერ დასახელებული მეწილე და ის ,,კანონიერი ქურდები'' ვისზეც კირკიტაძე საუბრობს?
რამდენად შესაძლებელია, სოსო ქუთათელაძის მიერ წილის გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ,,ვიღაცას'' გასჩენოდა სურვილი, თავისი წილი ,,სამართლიანობა აღედგინა'' ის ,,შავი წილი'' დაებრუნებინა წლების წინ რომ ,,დაკარგა'' თუ ნაციონალებმა ,,შეაწერეს''?!
ფაქტი ის გახლავთ, რომ სოსო ქუთათელაძეს მეგობრებიცა და თანამებრძოლებიც საკმაოდ დადებითად ახასიათებენ და ნაკლებსავარაუდოა, რომ ასეთი მაყუჩიანი იარაღით ჩადენილი ამ სასტიკი მკვლელობის მოტივი ყოფითი დავა იყოს!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში