Menu
RSS

რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ეკოციდზე

ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძარი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაჩნდაა, რასაც სურამის, ხარაგაულის, კოჯრისა და ხაიშის ტყის მასივებში მცირემასშტაბიანი რამდენიმე ხანძარი მოჰყვა. მაშინ, რუსული ბომბდამშენების წყალობით, საქართველოს 1 100 ჰა ტყის მასივი განადგურდა... მალევე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც მთავრობის წევრების გარდა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. კომისიამ ზარალი დათვალა და დაადგინა, რომ საქართველოს ეკოსისტემას 1 მილიარდ 214 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
1 მილიარდად შეფასებული ზიანი
2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკმა და გაერო-მ ,,საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი'' შეიმუშავა, რომლითაც ფინანსური დახმარების პრიორიტეტები განისაზღვრა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოს ინფრასტრუქტურასა და გარემოს დიდი ზიანი მიადგა. დოკუმენტითვე შეფასებაც გაკეთდა და დადგინდა, რომ გარემოსთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებებისათვის 2 მილიონი აშშ დოლარი იყო საჭირო, გარემოს რეაბილიტაციისთვის, ხეების დარგვისთვის, ხანძრის შედეგად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და დაცული ტერიტორიების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ასევე დამწვარი ტყეების მიმდებარე სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის კი _ 5 მილიონი აშშ დოლარი.
2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე სწორედ ეს დოკუმენტი წარადგინეს და შედეგად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობას 4.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყვეს. აქედან 5 მილიონი ევრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის იყო განსაზღვრული, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს _ KFW-ს უნდა გამოეყო.
საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გურგენიძის 2008 წლის 29 აგვისტოს #252 ბრძანებით, საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემფასებელი კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა, მისივე უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების გარდა, სხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ასევე გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებიც შევიდნენ. ამავე ბრძანებით, კომისიას დაევალა, უზრუნველეყო შესაბამისი დარგის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად და ერთი თვის ვადაში, საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
2008 წლის ნოემბრის დასაწყისში, კომისიის ზოგიერთმა წევრმა სამინისტროს კვლევის დასკვნა წარუდგინა, რომლითაც საქართველოს გარემოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 1 მილიარდ 214 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მაშინდელ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოს გზით აგრესორი ქვეყნისთვის საქართველოს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება აღარ მოუთხოვია, რადგან ამისთვის საჭირო მასალები ვერ ან არ შეგროვდა. მართალია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი აღარ გაგრძელებულა, ყოველ შემთხვევაში, ეკოციდის თემაზე იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი სარჩელი არ მომზადებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი ეკოციდად არ შეფასებულა.
სად გაქრა დონორების მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევრო
რატომ არ შეფასდა ეკოციდად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი? რა მიზნით შეიქმნა 2008 წლის 29 აგვისტოს სამთავრობო კომისია და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 5 მილიონი ევრო? _ ,,ვერსიას'' გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ექსმინისტრი ირაკლი ღვალაძე ესაუბრა:
_ ბატონო ირაკლი, მას მერე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საგანგებოდ შექმნილმა სამთავრობო კომისიამ გარემოსთვის მიყენებული ზარალი დაადგინა, საქართველოს მთავრობამ რა ნაბიჯები გადადგა?
_ კომისიამ დაასკვნა, რა ზარალი მიადგა ბუნებას, მაგრამ სულ სხვაა სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა. სამთავრობო კომისიის მიზანი ეკოციდის დადგენა არ ყოფილა _ ამაზე სხვა უწყება მუშაობდა. გარემოს დაცვის მინისტრი 2008 წლის 27 ოქტომბრამდე ვიყავი და ვიდრე უწყებას ვხელმძღვანელობდი, ინტენსიურად ვმუშაობდით, თუმცა სამთავრობო კომისიამ მუშაობა ჩემს შემდეგაც გააგრძელა და აუცილებელი პრევენციული ღონისძიებებიც გაატარა.
_ პრევენციული ღონისძიებები კი გატარდა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ეს მასშტაბური არ ყოფილა.
_ სწორედ ამაშია საქმე და სამთავრობო კომისიის მიზანიც ის იყო, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, მთელი ტერიტორია უნდა შემოღობილიყო, რადგან თვითაღდგენის პროცესში, ტყის მასივში არც მოსახლეობა შესულიყო და არც _ საქონელი. ეს პროცესი 2008 წელს დაიწყო, 2009 წელს გაგრძელდა და როგორც ვიცი, ტერიტორია ახლაც შემოღობილია. მართალია, 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ვიცი, რომ იქ, სადაც ნიადაგი გადარჩა, ნელ-ნელა აღდგენითი პროცესი უნდა დაწყებულიყო. სპეციალისტებმა თქვეს, რომ წიწვოვანი ტყის აღდგენა ცალკე თემაა და ექსპერტების მონაწილეობით, გარკვეული ღონისძიებებიც დაიგეგმა. 2008 წლის შემოდგომაზე, პირველი სანერგეც გავაკეთეთ წაღვერში, საიდანაც ხეები ბორჯომისა და ატენის ხეობებში უნდა გადარგულიყო.
_ კომისიის დასკვნას თქვენი კოლეგა მინისტრების ადეკვატური რეაგირება რატომ არ მოჰყვა ან რატომ არ მიმართა იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი ეკოციდად შეფასებულიყო?
_ ეკოციდად რომ შეფასებულიყო, ამას გამოძიება სჭირდებოდა. გამოძიებით, უტყუარი ფაქტი უნდა დამდგარიყო, როგორ, ვინ და რა ვითარებაში გადაწვა ტყის მასივი. რა მოხდა და როგორ, აღარ ვიცი, რადგან გარემოს დაცვის მინისტრი აღარ ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობდა.
_ ზუსტად იმავე პერიოდში, გაერო-მ დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 5 მილიონი ევრო გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს უნდა გამოეყო. ამ 5 მილიონ ევროს რა ბედი ეწია?
_ არა, ეს ჩემი მინისტრობის დროს არ მომხდარა. გიმეორებთ, აგვისტოს ომის შემდეგ, ამ უწყებაში ძალიან ცოტა ხანს ვიყავი, მაგრამ ჩემი მინისტრობის დროს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარება არ მიუღია. ამის შემდეგ ნამდვილად გამოყვეს გარკვეული დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი.
_ ბატონო ირაკლი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, 2008 წელს ფართომასშტაბური პრევენციული ღონისძიებები რომ გატარებულიყო, ბორჯომის ხეობაში ახლა გაჩენილი ხანძარი ასე ძნელად სამართავი აღარ იქნებოდა. ასეა?
_ არა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში, პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს გულისხმობენ. აქ შედის სახანძრო ღონისძიებები, აუცილებელი ტექნიკური უზრუნველყოფა და ვერტმფრენები. მაგალითად, 2006 წელს, აბასთუმანში პირველი ხანძარი რომ გაჩნდა, ვერტმფრენზე ჩამოსაკიდი კალათიც არ გვქონდა, რადგან ამ თემაზე არავის უფიქრია. 2008 წელს, ასე თუ ისე, ტექნიკა გვქონდა, დონორები და მეგობარი ქვეყნებიც გვეხმარებოდნენ. რამდენად საკმარისი იყო ყველაფერი ეს, ვერ გეტყვით, რადგან 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ამ სფეროში აღარ მიმუშავია.
რას ფიქრობენ სპეციალისტები
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში შექმნილი სამთავრობო კომისიის დასკვნა, როგორც გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლის, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დღესაც უნდა გამოვიყენოთ:
,,მაშინ საუბარი საკმაოდ დიდ ზიანზე იყო, რაც 1 მილიარდ 214 მილიონ ლარად შეფასდა. რეალურად, როდესაც ასეთი დოკუმენტი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის რისკები და საფრთხეები, რაც ამ მხრივ არსებობს, წინასწარაა შეფასებული, თუმცა მაშინდელი დასკვნა სხვა მიმართულებითაცა საინტერესოა, რადგან გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ, კონკრეტული სურათი გვაქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ, ხანძრის ჩქრობის შემდეგ ზიანის აღმოფხვრის თვალსაზრისით რა უნდა გაკეთდეს და რა _ არა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ არ გაკეთდა, მაგალითად, როცა ხანძრით ეკოსისტემა ნადგურდება, ყოველთვის იწყება მეორადი პროცესები, საუბარია ბუნებრივ კატასტროფებსა და სტიქიებზე, რაც გამოიხატება ფერდობების ჩამორეცხვით, ნიადაგის სრულიად მოსპობითა და ეროზიული კერების გაჩენით. ბორჯომის ხეობაში ნამდვილად წარმოიქმნა ეროზიის კერები და შეუქცევადი ეროზიული პროცესები დაიწყო, რაც იმის შესაძლებლობას აღარ მოგვცემს, რომ ამ ტერიტორიებზე ტყის მასივი აღდგეს; ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს არ მოხდეს''.
რეზო გეთიაშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ხანძრის ჩაქრობისთანავე, ტყის აღდგენის გეგმა უნდა შემუშავდეს, რასაც შესაბამისი სპეციალისტების შეფასება სჭირდება. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დაიწყოს, რათა ეს გეგმა 2018 წლიდან განხორციელდეს და ამისთვის საჭირო თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩაიდოს, თუმცა რეზო გეთიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო თანხა სასურველია, 2017 წლის ბიუჯეტშიც გამოიძებნოს. რაც მთავარია, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა სწორედ ქვეყანაში შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაში უნდა გამოიყოს, მათ შორის, ხანძრის ლიკვიდაციის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს.
მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ექსმინისტრი ნინო ჩხობაძე დეტალურად გაეცნო ყველა საჭირო მასალას, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა:
,,სპეციალური სწავლება ჩატარდა, მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია კი არა, სპეციალური კომისიაც შეიქმნა, გერმანიამ თანხა გამოყო და ამ პროცესიში ეუთო-ც ჩაერთო. ამ მასალებში ზუსტადაა გაწერილი, როგორ უნდა ჩააქრო ხანძარი, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს, მაგრამ საბოლოო დოკუმენტი მაინც 2013 წელს შეიქმნა, რომელიც სატყეო დეპარტამენტს გადაეცა. სარეკომენდაციო დოკუმენტებში წერია, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა გაძლიერდეს და სპეციალური სამსახურები შეიქმნას, რომლებიც მხოლოდ ხანძრის ჩაქრობაზე იმუშავებენ, ისიც მითითებულია, რომ პრევენციულ ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთოს, რომელსაც სათანადოდ დაატრენინგებენ. ადგილობრივი მოსახლეობის დატრენინგება კი არა, რიგითი ჩინოვნიკები, რომლებიც მაშინდელ სწავლებაში მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, დღეს ამა თუ იმ სტრუქტურებში აღარც კი მუშაობენ და უწყებებს შორის გარკვეული არაკოორდინირება შესაძლოა, ამის ბრალიც იყოს.
ჩვენი კანონმდებლობით, ტყის ხანძრის ჩაქრობაზე პასუხისმგებელია შსს, მაგრამ ზემოხსენებულ დოკუმენტში პრევენციული ღონისძიებები ფრთხილადაა გაწერილი ანუ წერია, რომ ტყეში კოცონის დანთება არ შეიძლება, მაგრამ არცერთ უწყებაზე არ არის გაწერილი პასუხიმგებლობის საკითხი''
,,ვერსია'' დაინტერესდა, რა ფუნქცია აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს და შსს-ს ნაცვლად, რატომ არაა ხანძრის ჩაქრობა ამ უწყების ფუნქცია? ნინო ჩხობაძის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია ამ დოკუმენტის მიხედვით, გაურკვეველია. არადა, გარემოს დაცვის სამინისტრომ სპეციალისტები და ექსპერტები უნდა მოიწვიოს, ექსპერტული ჯგუფიც შექმნას, რომელიც ადგილზე შეაფასებს მდგომარეობს. რაც შეეხება ხანძრის ჩაქრობის ფუნქციას, ნინო ჩხობაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ბუნებრივ კატასტროფებს კოორდინირებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უნდა უწევდეს:
,,სამწუხაროდ, ვერ გაიგებთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. სატყეო დარგში წელს ძალიან დიდი შემცირებები იყო. მაგალითად, ტყის მცველები, რომლებიც პირველი შემტყობინებლები არიან, ისე შემცირდნენ, რომ მთელი ტერიტორიის შემოწმებას ვეღარ ახერხებენ. რა პასუხი უნდა მოსთხოვოთ მეტყევეებს, როდესაც ასეთ მინიმალურ დაფინანსებაზე მყოფი სატყეო დარგი ერთ ქვეყანაშიც არ არსებობს?!''
P.s. აღნიშნულ თემაზე ,,ვერსია'' ჟურნალისტურ გამოძიე¬ბას განაგრძობს.
მაია მიშელაძე

back to top