Menu

ქსელური მარკეტინგი _ გამდიდრების სწრაფი საშუალება, თუ ბიზნესხაფანგი?!

რედაქციაში დაზარალებული მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ. ისინი ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის ხაფანგში გაებნენ და დახმარება გვთხოვეს. გვიამბეს, რომ კომპანიაში მუშაობის დაწყების მიზნით, კომერციული ბანკებიდან დიდი ოდენობით კრედიტები აიღეს, რათა გარკვეული პროდუქცია შეეძინათ. ამ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, სოლიდური საკომისიო უნდა მიეღოთ, თუმცა უშედეგოდ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ QNET-ში ისინი მოატყუეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კომპანია ფინანსური პირამიდის პრინციპზეა აგებული, რის გამოც დიდი ოდენობით თანხა დაკარგეს.
მოტყუებული მოქალაქეები
დაზარალებული მოქალაქეების ნაამბობის შემდეგ, ,,ვერსია'' ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის საქმიანობით დაინტერესდა. თბილისის ფორუმზე დაახლოებით, 200-გვერდიან მასალას გადავაწყდით, რომელიც ამ კომპანიის მუშაობის პრინციპს აღწერს. დაზარალებულების ნაამბობისა და ფორუმელების რეალური ისტორიების მიხედვით, ვითარება ასეთია:
ერთი შეხედვით, QNET მართლაც მიმზიდველი სისტემაა, რომლის წარმომადგენლები საკმაოდ სოლიდური და ძვირადღირებული ბრენდებით იწონებენ თავს. მეტიც, კომპანიაში დასაქმების მსურველებს აჯერებენ, რომ მოკლე დროში, დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ. ამ კომპანიაში მოხვედრა არც ისე ადვილია. ფორუმელების ისტორიებიდან ირკვევა, რომ ამისთვის სავალდებულოა სისტემაში უკვე ჩართული ადამიანის რეკომენდაცია. ახლადმისულ ადამიანს იბარებენ ოფისში, უწყობენ მინი-პრეზენტაციას, უსახავენ ბიზნესსტრატეგიას და არწმუნებენ, რომ სულ მალე, საკუთარი შემოსავლით ძვირადღირებულ ავტომობილსაც შეიძენს და მსოფლიოს ნებისმიერ კურორტზეც დაისვენებს.
ფორუმელების ისტორიებიდან ირკვევა, რომ ამ კომპანიაში რეგისტრაცია საიტის საშუალებითაც შეიძლება, ოღონდ აუცილებელი პირობა კონკრეტული ნივთის შეძენაა. სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ნივთების შეძენა ოფისში მისული პირებისთვისაც სავალდებულოა. ამ ნივთების ღირებულება კი 500 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. პროდუქციის არჩევანი არც ისე დიდია, შეგიძლიათ საათები, სამკაულები, კომპიუტერული ტექნიკა, კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებები, ასევე საგზურები შეიძინოთ. ამის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი ხდებით და ვალდებული ხართ, თქვენს მიერ შეძენილი ნივთები გაყიდოთ, თუმცა უმთავრესი პირობაა, კომპანიაში რამდენიმე ახალი წევრიც მიიყვანოთ. რაც შეეხება შემოსავალს, ესაა თქვენს მიერ გაყიდული ნივთიდან მიღებული საკომისიო, რომელსაც თქვენივე მიყვანილი პირის ან პირების მიერ გაყიდული ნივთების საკომისიოც ემატება. თუ სწრაფად გამდიდრება გსურთ, იძულებული ხართ, ამ კომპანიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწევრიანოთ...
ერთი შეხედვით, ამ სქემაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია. QNET, როგორც ქსელური მარკეტინგის სხვა კომპანიები, ისეთ პრინციპზეა აგებული, რაც ამა თუ იმ ადამიანისგან მარკეტინგული უნარ-ჩვევების სწორად და კარგად ცოდნას ითხოვს. შესაძლოა, სწორედ ეს ქმნის იმ მიმზიდველობას, რის გამოც ამ კომპანიით პროფესიონალი ეკონომისტები, იურისტები და ბუღალტრებიც კი იხიბლებიან. ძვირადღირებული პროდუქციის შესაძენად, ბანკიდან კრედიტის აღებასაც კი არ ერიდებიან, თუმცა საბოლოოდ, ხელში გასაყიდად გამზადებული ნივთები და ბანკის ვალები რჩებათ. სამწუხაროდ, არც ახალი ადამიანების მიყვანაა ისე ადვილი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, თავდაპირველად, მეგობრებსა და ახლო ნათესავებს სთხოვენ გაწევრიანებას, მაგრამ ბევრი არ თანხმდება, ხოლო ის, ვისაც დაითანხმებენ, მათსავით ვალებში იხრჩობა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვიამბეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა, რასაც ფორუმელთა ისტორიებიც ადასტურებს.
რას წარმოადგენს კომპანია QNET
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია'' QNET-საქართველოს წარმომადგენლებს Fაცებოოკ-ის საშუალებით დაუკავშირდა. აგვიხსნეს, რომ კომპანიას საქართველოს წარმომადგენლობა ჰყავს და გვირჩიეს, მათ დავკავშირებოდით. კომუნიკაცია შედგა და ,,ვერსიას'' QNET-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ნინო ქოჩიაშვილი ესაუბრა:
_ კონკრეტულად, რა მიზნით ფუნქციონირებს საქართველოში კომპანია QNET და რამდენი წელია, ამ ბაზარზე ხართ?
_ რამდენი ხანია კომპანია ფუნქციონირებს, მე ვერ მოგახსენებთ. თუმცა რამდენადაც ცნობილია, კომპანიის დამოუკიდებელი, ქართველი წარმომადგენლები, უკვე წლებია, შესაძლოა, 10 წელზე მეტიც, მის პროდუქციას ყიდიან. ესაა მრავალდონიანი მარკეტინგული კომპანია, ისეთივე, როგორებიცაა ,,ამვეი'', ,,მერი ქეი'' და სხვა. კომერციული მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებელი ქართველი წარმომადგენლები ამ კომპანიის პროდუქციას ყიდულობენ და ყიდიან.
_ რედაქციაში მოქალაქეებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ეს კომპანია ფინანსური პირამიდის პრინციპზეა აგებული, ისინი მოტყუვდნენ, რადგან ბანკიდან ვალები აიღეს, თანხა კი დაკარგეს, რის გამოც მათი ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ ძალიან რთულია კონკრეტული მსჯელობა, როდესაც არ ვიცით, ვისზეა საუბარი. ამ მოქალაქეების სახელები და გვარები რომ ვიცოდეთ, კომპანიას მივწერდით, გადავამოწმებდით ინფორმაციას, ვინაიდან მსგავს განცხადებებს კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. რაც შეეხება ფინანსურ პირამიდას, ეს შინაარსს მოკლებული ბრალდებაა, რადგან თავისი არსით, ფინანსური პირამიდა, შესაძლოა, არსებობდეს მაშინ, როდესაც ზემაღალი მოგების მიზნით, ინვესტორი ფულს აბანდებს ფინანსურ ინსტრუმენტში. QNET-ის შემთხვევაში კი განსხვავებულ ბიზნესთან გვაქვს საქმე, დამოუკიდებელი წარმომადგენელი ყიდულობს კონკრეტულ პროდუქციას და შემდგომში იზიდავს სხვა, ანალოგიური პროდუქციის მყიდველებს, რაშიც საკომისიოს იღებს. საკომისიოს მიღების მიზნით, კონკრეტულად ხდება რეალური პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. კომპანიის ვებ-გვერდზე, კომპანიის ბლოგზე, ეს ყველაფერი შავით თეთრზე, საკმაოდ მარტივად და მკაფიოდ წერია. თუ ვინმეს ატყუებენ, ბუნებრივია, ეს სხვა შემთხვევაა და როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანია ამას დიდი ყურადღებით ეპყრობა.
_ იმისთვის, რომ ადამიანი თქვენს კომპანიაში გაწევრიანდეს, საკმაოდ სოლიდური თანხის ბიჟუტერია უნდა შეიძინოს. რეალურად, როგორ და რა პრინციპით წევრიანდება ესა თუ ის ადამიანი თქვენთან?
_ როგორც ვატყობ, ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც მცდარია. კომპანია ბევრ სხვადასხვა პროდუქტს ყიდის და ფასები გამჭვირვალეა. შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე: წწწ.ქნეტ.ნეტ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად არ არის რაიმე არარეალურ თანხებზე საუბარი. შეგიძლიათ, ამავე ვებ-გვერდზე იხილოთ კომპანიაში გაწევრიანების სქემაც: მყიდველი დამოუკიდებლად ირჩევს პროდუქტს, რომლის შეძენის სურვილიც აქვს.
_ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციების მიხედვით, კომპანიის სქემა ასეთია: პიროვნება იძენს მინიმუმ 500- 3000 აშშ დოლარის ოდენობის ნივთებს, შემდეგ მოჰყავს რამდენიმე მეგობარი ან ახლობელი და მის მიერ მოყვანილი პირების გადახდილი თანხიდან ერიცხება პროცენტი. რაც მეტ ადამიანს მოიყვანს, მით მეტი შემოსავალი ექნება. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ეს ფინანსური პირამიდაა, თან საქართველოში სულ 3 მილიონ 500 000 მოქალაქეა და რეალურად, ერთი ადამიანი ბევრის მოყვანას ვერ შეძლებს... გთხოვთ, განგვიმარტოთ, სინამდვილეში, რას წარმოადგენს ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET?
_ ქსელური მარკეტინგის ბიზნესი, ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორია მსოფლიოში. მასში წამყვანი ადგილი ამერიკულ კომპანიებს უჭირავთ, სადაც მათი ბრუნვა ათობით მილიარდი დოლარით განისაზღვრება. მეტიც, ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად, ქსელური მარკეტინგი გაყიდვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ყალიბდება. რაც შეეხება პირველად ღირებულებას, რომელიც შესაძლოა, ახალმოსულმა შემდგომი დისტრიბუციისა და საკომისიოს მიღების მიზნით, პირველად გადაიხადოს, კომპანიას არავითარი დაწესებული შენატანი არ გააჩნია. ელექტრონულ მაღაზიაში ძალზე ბევრი, ხელმისაწვდომი ფასია, გაცილებით მცირე, ვიდრე 500 აშშ დოლარია. ამასთან, ვინ რა სახის პროდუქტს სთავაზობს მომავალ პარტნიორს, კომპანია არც წყვეტს და არც საქმის კურსშია. ამას არეგულირებს დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც ჩვეულებრივი ინდმეწარმეა და კომპანიის პროდუქციასა და პლატფორმას კომერციული მიზნებისთვის იყენებს.
_ როგორც ვიცი, QNET-ის წარმომადგენლებს ძვირადღირებული მანქანები ჰყავთ კომპანიის სახელწოდების სერიით. ეს მარკეტინგული გათვლაა თუ ჭორი?
_ წარმომადგენლებს რა მანქანები ჰყავთ და სად ცხოვრობენ, ნამდვილად არ ვიცით, რადგან კომპანია მარკეტინგს არ აწარმოებს. შესაძლოა, ამას წარმომადგენლები, უშუალოდ თავისი ბიზნესის რეკლამირებისთვის აკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ხალხი ინდივიდუალურად დარეგისტრირებული, ჩვეულებრივი ინდმეწარმეები არიან, რომლებიც საკუთარ ბიზნესს დამოუკიდებლად აწარმოებენ.
_ დაზარალებული მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ QNET ჩვეულებრივი „სექტაა“...
_ გულახდილად, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. ეს სრული აბსურდია.
ცოტა რამ QNET-ის შესახებ
კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პირდაპირი გაყიდვების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზიის ქვეყნებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებს საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქციას აწვდის. კომპანია სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, მინიმალური დანახარჯებით, საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ.
კომპანია ორმა ფილიპინელმა სტუდენტმა 1998 წელს დააფუძნა, რომლებიც მანამდე, ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. როგორც ჩანს, ფილიპინელი ახალგაზრდები ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაჰათმა განდის იდეების მიმდევრები იყვნენ. განდის ფილოსოფია _ გასწირო თავი, რათა გადაარჩინო კაცობრიობა, კომპანია QNET-ის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
QNET-ის ბიზნესის საფუძველი მარტივია, მთავარია საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასო და დაიჯერო, რომ გაცილებით მეტის მიღწევას შეძლებ. მიზნის მისაღწევად, თავდაუზოგავად უნდა იშრომო, შემდეგ ამაში შენს ირგვლივ შემოკრებილებიც უნდა დაარწმუნო და წარმატებაც გარანტირებული იქნება...
სინამდვილეში, QNET-ის ბიზნესის მთავარი საიდუმლო ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგად მიღწეული შედეგებია. ჯერ საკუთარ თავს შთააგონებთ, რომ მინიმუმ სამ-ოთხ თვეში, ,,ფერარის'' თუ არა, მასზე არანაკლებ ცნობილი ბრენდის ავტომობილს შეიძენთ და ექვს თვეში, ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრებით. ამ ოცნების განსახორციელებლად, მინიმუმ 5-6 ადამიანის ,,დარწმუნება'' მოგიწევთ. ერთი შეხედვით, ამაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. საინტერესოა, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3 500 000-ზე მეტი არ არის, რამდენ ხანს გასტანს ქსელურ მარკეტინგზე გათვლილი ბიზნესი? დავუშვათ, ადვილად მოძებნეთ 5-6 ადამიანი, ისინიც ასე ადვილად მოძებნიან და დაარწმუნებენ სხვა 5-6 ადამიანს? რა დრო დაგჭირდებათ, რომ თქვენს ჯგუფში 25-30 კაცი აღმოჩნდეს, რათა თქვენი შემოსავალი გაიზარდოს? ძალიან კარგია, როცა კომპანია ,,წარმატებული ცხოვრების ფორმულას'' გვთავაზობს, მაგრამ ამ იდეების ცხოვრებაში განსახორციელებლად, მინიმუმ, იღბალი და მაქსიმუმ, მარკეტინგული უნარ-ჩვევები აუცილებელია. ეს კი მხოლოდ გამონაკლისების ხვედრია, რომლებიც კომპანიის ანუ პირამიდის სათავეში არიან, ძვირადღირებული ბრენდებით იწონებენ თავს და არც ფეშენებელურ კურორტებს იკლებენ. ქვედა რგოლის უიღბლონი კი სიმწრით ტუჩებს იკვნეტენ და ბანკის ვალებში იხრჩობიან.
მაია მიშელაძე

back to top