Menu
RSS

ექსკლუზიური ინტერვიუ ბალნეოლოგიურის ახალ მფლობელთან

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს ,,იალონს'' გადაეცა. გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერილი ბრძანება №2748, ,,საკანონმდებლო მაცნეში'' 2016 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლითაც თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 100%-იანი წილი სახელმწიფომ კერძო კომპანიას გადასცა. ,,ვერსიამ'' სახელმწიფო საწარმოების სკანდალური აუდიტორული დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფო ფლობს, წამგებიანია და უმჯობესია, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ მათ პრივატიზებაზე იზრუნოს. თუმცა ამავე დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესი გაუმჭვირვალეა და კონკურენციის არსებობასაც გამორიცხავს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ, რატომ და რა პირობებში გაიყიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი? რას წარმოადგენს შპს ,,იალონი'' ან რა გამოცდილება აქვს ამ კომპანიას?
მთავრობის განკარგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის #2748 განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,იალონს'' შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, შპს ,,თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-შPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, შპს ,,იალონს'' გადაეცა. სანაცვლოდ, ,,იალონმა'' სახელმწიფოს სამი მიწის ნაკვეთი უნდა გადასცეს, მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით. გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებით, კომპანია ვალდებულია, ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა _ 2 357 234 ლარი გადაიხადოს, ხოლო გადაცემული ქონების ადგილზე, არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს, რისთვისაც 8 000 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს: „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „იალონს“ საკუთრებაში გადასცეს შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი იმ პირობით, რომ შპს „იალონი“ დაფარავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 ნოემბრის №006458116 და 2016 წლის 16 ნოემბრის №006777916 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას _ 2 357 234 ლარს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში'', _ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
ამავე განკარგულებით, შპს ,,იალონი'' ვალდებულია, „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები განახორციელოს; ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მიზნით, ამავე ქონებაში ან/და მის ნაწილში, შპს ,,იალონმა'' არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, რისთვისაც კომპანიამ არანაკლებ 8 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მთავრობის განკარგულებაში ხაზგასმითაა აღნიშნულია, რომ შპს ,,იალონი'' ვალდებულია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის უწყვეტი ფუნქციონირება მისსავე შენობაში უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ ,,იალონმა'' ბალნეოლოგიური კურორტი ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე უნდა შეინარჩუნოს და რაც მთავარია, ამ ცენტრში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს. შესაბამისად, შპს ,,იალონი'' ვერც ბალნეოლოგიურ კურორტს გააუქმებს და მით უმეტეს, ვერც თანამშრომლებს დაითხოვს.
რას წარმოადგენს შპს ,,იალონი''?
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს ,,იალონის'' 50%-იან წილს ფლობს შპს ,,შარმ ტრეიდინგი'', მეორე 50%-ს _ შპს ,,მეიდან ჯგუფი'', ხოლო კომპანიის დირექტორი ნოდარ შაიშმელაშვილია. რეალურად, შპს ,,იალონი'' კომპანია ,,შარმ ტრეიდინგის'' ერთ-ერთი, მსხვილი პროექტია. ,,შარმ ტრეიდინგი'' წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ამ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და ლიდერის პოზიციას დაფუძნების დღიდან ინარჩუნებს.
მართალია, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 100%-იანი წილი შპს ,,იალონს'' დაუთმო, მაგრამ სინამდვილეში, მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ყველა პუნქტს შპს ,,მეიდან ჯგუფი'', უფრო ზუსტად, კომპანია ,,მეიდან პალასი'' შეასრულებს, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე და ზოგადად, სასტუმროების მშენებლობაში, სხვათა შორის, სამედიცინო ობიექტების რეაბილიტაციაშიც კი, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით, შპს ,,მეიდან ჯგუფი'' 2000 წლიდანაა რეგისტრირებული. 2011-2014 წლებში, ამ კომპანიაში შპს ,,დიპსერვისი'', შპს ,,გორგასალი 1'' და შპს ,,გორგასალი'' გაერთიანდა. ,,მეიდან ჯგუფის'' დირექტორია ქეთევან ხუროძე, კომპანიის 69%-იან წილს ფლობს ოფშორულ ზონაში, უფრო კონკრეტულად კი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ,,ტერმოტელ ასეტს კორპორაცია'', ხოლო 31%-იანი წილი ზაზა ნიშნიანიძეს ეკუთვნის.
,,მეიდან ჯგუფი'' უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიაა, რომლის მიზანია თბილისის ძველ უბნებში ინვესტიციებისა და ახალი პროექტების განხორციელება. ,,მეიდან ჯგუფი'' ცდილობს, თბილისის ძველი უბნების არქიტექტურა, ისტორიული იერსახე და ტრადიციული ელფერი ისე შეინარჩუნოს, რომ თანამედროვე აქტუალობაც არ დაკარგოს. ,,თეკლას სასახლე'', ,,ძველი მეიდანი'', ,,მეიდან პალასი'', ,,რაჭის უბანი'', ,,ელ ცენტრო'', ,,ტერასა 360'', რესტორანი ,,ტიფლისო'' _ ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ,,მეიდან ჯგუფმა'' თბილისის ისტორიულ უბნებში, მათ შორის, ბამბისა და რკინის რიგებში, კუს ტბასა და შარდენზე განახორციელა.
რატომ გაასხვისა სახელმწიფომ ბალნეოლოგიური?
ორიოდე წლის წინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა გადაწყვიტა. კვირიკაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ პრივატიზაცია მთავრობის გეგმის ის ნაწილი იყო, რომლითაც ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან უნდა გამოსულიყო. ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ 350 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება დაგეგმა და იმ სახელმწიფო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა გაყიდულიყო.
ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ორიოდე წლის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე ობიექტის, მათ შორის, ათონელის სამთავრობო რეზიდენციის, ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის, კურორტ ,,ახტალას'', მესტიის რეზიდენციის, წყალტუბოს სანატორიუმების, შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის'' 70%-იანი წილის, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის, წყნეთის სამთავრობო აგარაკებისა და პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის გაყიდავა გადაწყვიტა.
ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' აუხსნეს, რომ ორი წლის წინ, გასაყიდად გამოტანილი ობიექტების მცირე ნაწილი უკვე გაიყიდა (ამ სახელმწიფო ობიექტების სრულ სიას ,,ვერსია'' უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ, _ ავტ.). შესაბამისად, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის პრივატიზება მთავრობის იმ გეგმაში შედიოდა, რომლითაც ქვეყანას სავალუტო კრიზისი უნდა დაეძლია. ორი წლის მანძილზე, ამ ობიექტს მრავალი ინვესტორი გამოუჩნდა, თუმცა ობიექტის გაყიდვა ვერ გადაწყდა.
არაოფიციალურად, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ თავის დროზე, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შესყიდვა სურდათ თურქებს, რუსებს, ჩინელებსა და ინდუსებს. წყაროს ინფორმაციით, ამ ჯგუფებს თბილისის ისტორიულ უბანში, გორგასლის ქუჩაზე ბალნეოლოგიური კურორტის მოშლა და მის ნაცვლად, სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რასაც სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა.
ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ მართალია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შეძენა რამდენიმე ინვესტორს სურდა, თუმცა კონკრეტულად ვის ან რა მიზნით, სააგენტო ამ ტიპის ინფორმაციას არ გასცემს: ,,მთავარია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 100%-იან წილს ფლობს კომპანია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს სრულად დაიცავს. როგორც მთავრობის განკარგულებაშია მითითებული, კომპანია ვალდებულია, ამ კურორტის სამედიცინო პროფილი შეინარჩუნოს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კიდევ უფრო მეტად განავითაროს, მისი რეკონსტრუქცია განახორციელოს და რაც მთავარია, თანამშრომელთა 80% შეინარჩუნოს'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.
მართალია, ორი წლის წინ, გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ბალნეოლოგიური კურორტი იმიტომ მოხვდა, რომ მთავრობას ლარის კურსის დასტაბილურება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ წელს ეს ობიექტი ამ მიზნით არ გაყიდულა. სააგენტო თავიდან ბოლომდე იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ დასკვნას, რომელიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ეფექტიანობის აუდიტს ეხება. ამ დასკვნის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები წამგებიანია, მოგებისა და დივიდენდების განაწილება სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად არ ხდება, რის გამოც, მილიონობით ლარი ,,იყინება'', ხოლო ბიუჯეტი ამ თანხას კარგავს. სამაგიეროდ, სახელმწიფო საწარმოების მმართველი მენეჯმენტი წლის განმავლობაში ათეულ ათასობით ლარის პრემიას იღებს, რაც კონკრეტული მინისტრის შემოსავალზე ბევრად მეტია.
ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ უმჯობესია, სახელმწიფო საწარმოები კერძო სუბიექტების მართვაში იყოს, რადგან კერძო სექტორი გაცილებით ეფექტურად ახორციელებს ამ კომპანიებს მენეჯმენტს, ვიდრე სახელმწიფო. შესაბამისად, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაყიდოს, რომლებსაც ჯერ ისევ სახელმწიფო მართავს.
ბილისის ლეგენდა _ ბალნეოლოგიური ქალაქი
ამიერიდან მსოფლიო რუკაზე თბილისს სიყვარულის კი არა, ბალნეოლოგიურ ქალაქად მოიხსენიებენ. ყოველ შემთხვევაში, ,,მეიდან ჯგუფი'' ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის დაარსების ლეგენდა გააცოცხლოს. ბალნეოლოგიური კურორტის რეკონსტრუქციის კონცეფციაც სწორედ თბილისის დაარსების, ანუ ამ ქალაქში ოდითგანვე არსებული თბილი წყლების წინა პლანზე წამოწევას ისახავს მიზნად. შესაბამისად, კომპანია ეცდება არა თუ ბალნეოლოგიური კურორტის პროფილი და პერსონალი შეინარჩუნოს, არამედ ისე განავითაროს, რომ ამით სამედიცინო ტურიზმსაც შეუწყოს ხელი, თანაც ოთხივე სეზონზე. სწორედ ამ მიზნით აშენდება ახალი, 30-ნომრიანი სასტუმროც ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე, რისთვისაც ,,მეიდან ჯგუფი'' 8 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიაში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ამ მხრივ, საქართველოს მთავრობისა და მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
მთავრობის განკარგულებაში მითითებული პუნქტებისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების გეგმაზე ,,ვერსიას'' შპს ,,მეიდან ჯგუფის'' თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი, ლაშა ქევანიშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ლაშა, მთავრობის №2748 განკარგულების მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით, შპს „იალონი“, რომლის 50%-იან წილს თქვენი კომპანია ფლობს, ვალდებულია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა _ 2 357 234 ლარი ერთი თვის ვადაში გადაიხადოს. რა სხვაობაზეა საუბარი და სინამდვილეში, რატომ უწევს ,,მეიდან ჯგუფს'' ამ თანხის გადახდა?
_ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს უფრო დიდი და ღირებული ტერიტორია გადავეცით მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებითა და მაღალი სამშენებლო კოეფიციენტით, სახელმწიფომ ფასთა შორის სხვაობა განგვისაზღვრა 2 357 234 ლარით, რასაც ჩვენი კომპანია (შპს „მეიდან ჯგუფი“) დათანხმდა. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სახელმწიფოსათვის მისი ინტერესის სფეროში შემავალი უძრავი ქონების გადაცემისა და 2 357 234 ლარის თანხის დამატებით გადახდისა, ჩვენ, როგორც შპს ,,თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის'' 100%-იანი წილის მყიდველმა, რეალურად ვიკისრეთ ვალდებულება, რათა დღეისთვის არსებული ასეულ ათასობით კრედიტორული დავალიანება დავფაროთ, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს მიერ გადახდილ თანხას.
_ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში, „ვერსიას“ განუცხადეს, რომ ბალნეოლოგიური კურორტის 100%-იანი წილის სანაცვლოდ, შპს „იალონმა“ გარკვეული უძრავი ქონება დათმო. კონკრეტულად რა ქონება დაუთმეთ სახელმწიფოს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სანაცვლოდ?
_ როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპანიამ შპს ,,თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის'' 100%-იანი წილის სანაცვლოდ, სახელმწიფოს საკმაოდ ღირებული, 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითა და მაღალი სამშენებლო კოეფიციენტით.
 
_ მთავრობის განკარგულების მიხედვით, შპს „იალონი“ ვალდებულია, ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე 30-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს, რისთვისაც 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
_ ჩვენ, რეალურად, ვალდებულნი ვართ, რომ ბალნეოლოგიური კურორტის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებისათვის, მათ შორის, სანატორიუმის ტიპის სასტუმროს მოწყობისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში, 8 000 000 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ინვესტიცია განვახორციელოთ, რაც დაახლოებით, 10 000 000 მილიონი ლარია.
_ თქვენი კომპანია ვალდებულია, რომ ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელთა 80% და ამ დაწესებულების პროფილი შეინარჩუნოს. ესაუბრეთ თუ არა მენეჯმენტს?
_ დიახ, ჩვენი კომპანია ვალდებულია, მუდმივად სამედიცინო-ბალნეოლოგიური პროფილი და აქ დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ურთიერთობა შეინარჩუნოს. არსებულ მენეჯმენტთან გარკვეული შეხვედრები უკვე გვქონდა და ჩვენი ხედვები ბალნეოლოგიური კურორტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ერთმანეთს მაქსიმალურად ემთხვევა.
_ მზად ხართ თუ არა მთავრობის განკარგულების ეს პირობები შეასრულოთ?
_ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნაკისრი ვალდებულებებიც შევასრულოთ.
_ ცნობილია, რომ „მეიდან ჯგუფი“ სასტუმროების მშენებლობის ბიზნესში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტით რატომ დაინტერესდით?
_ შპს „მეიდან ჯგუფს“ წარმატებული გამოცდილება გააჩნია სავაჭრო-ეკონომიკური, საოფისე, ტურისტული ინფრასტუქტურის (სასტუმროები) და მსხვილი სამედიცინო დაწესებულების განვითარებაში. უკვე 16 წელია, ჩვენი კომპანია ძველ თბილისში ოპერირებს და მნიშვნელოვან ტურისტულ ინფრასტრუქტურას ქმნის მუხრანთუბანი-აბანოთუბნის მარშრუტზე. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა ისტორიული მნიშვნელობის უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელება, ამ ობიექტების ისტორიული უნიკალურობისა და ხიბლის შენარჩუნება, მიმდებარე ტერიტორიაზე სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტურიზმის განვითარება. ჩვენს ჯგუფს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლების მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნების კუთხით, რეაბილიტაციის დიდი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ბალნეოლოგიური კურორტიც ჩვენი ინტერესის სფეროში შედიოდა.
მაია მიშელაძე

back to top