Menu

შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები _ არაშენებული სასტუმრო სიღნაღში!

2014 წელს, მთავრობის #616 განკარგულებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს 1 ლარად ის ქონება დაუბრუნდა, რომელიც სააკაშვილის დროს, სასამართლოს ძალით ჩამოართვეს. ესაა სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები. ორი წლის განმავლობაში, ვანო ჩხარტიშვილს ამ ადგილზე 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, ვენახი გაეშენებინა და ღვინის საწარმოც მოეწყო. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაესაქმებინა. ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ორი წლის მანძილზე, ჩხარტიშვილს ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ერთ-ერთია, ვისთვისაც ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა _ სააკაშვილის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ,,ქართულმა ოცნებამ'' მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილს დაუბრუნა.
მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის #616 დადგენილებით, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაცემული ქონება სიღნაღში _ ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 35 000 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, შპს ,,სომგოს კომპანიას'' ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ,,სომგოს კომპანიის'' 100%-იანი წილის მფლობელი ,,სონატა ალიანს ინკია'', რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ოფიციალურად ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 35 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ვანო ჩხარტიშვილმა 2007 წელს, აუქციონის გზით, 1 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, 2010 წელს, ეს ქონება ბიზნესმენს სააკაშვილის ხელისუფლებამ სასამართლოს ძალით ჩამოართვა და ჯარიმის სახით, 153 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
2014 წლის დასაწყისში, ვანო ჩხარტიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნება მოითხოვა. როგორც ჩანს, სამინისტრომ ჩხარტიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რასაც პრემიერ-მინისტრის განკარგულებაც მოჰყვა. თუმცა ამავე განკარგულებაში შავით თეთრზე წერია, რომ ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, ,,სომგოს კომპანია'' ვალდებულია, სიღნაღის პროექტში დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
უფრო კონკრეტულად კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ,,სომგოს კომპანიას'' ტურისტულ-დასასვენებელი და საწარმოო კომპლექსი უნდა აეშენებინა. მეტიც, მფლობელს გადაცემულ უძრავ ქონებაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოც უნდა მოეწყო და არანაკლებ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე სადემონსტრაციო ვენახიც უნდა გაეშენებინა. ,,სომგოს კომპანიის'' საინვესტიციო ვალდებულებებში ისიც შედიოდა, რომ ამ ტერიტორიაზე 50-ნომრიანი (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) სასტუმროც აშენებულიყო, სადაც სულ მცირე, 30-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებდა.
2014 წელს, პრესაში ,,სომგოს კომპანიის'' წარმომადგენლების კომენტარებიც გავრცელდა. მათი განცხადებით, სასტუმროს კომპლექსის კონცეფცია და პროექტი უკვე არსებობდა. ეს უნდა ყოფილიყო 100-ნომრიანი სასტუმრო ღვინის სარდაფით, სადეგუსტაციო დარბაზით, ვენახითა და ექსკლუზიური ღვინის საწარმოთი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპლექსის ამუშავების ვადები პროექტზე იქნებოდა დამოკიდებული, რომელიც შესაბამის უწყებებს უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ეს ვადა 2 წელიწადს არ გადააჭარბებდა.
ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, ვანო ჩხარტიშვილმა წართმეული ქონება დაიბრუნა. ,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რა სამუშაოები განახორციელა ,,სომგოს კომპანიამ'' სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე და ჩხარტიშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, მამუკა ღვინიაშვილს დაუკავშირდა. ადვოკატმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და ჩხარტიშვილის ერთ-ერთი ორგანიზაციის ტელეფონის ნომერი მოგვცა. მითითებულ ნომერზე გოგონამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ,,სომგოს კომპანიის'' შესახებ, გვთხოვა, მოგვიანებით დაგვერეკა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, მითითებულ ნომერზე აღარავინ გვიპასუხა.
დიდი ხანია, ,,ვერსია'' ჩხარტიშვილი-პატარკაციშვილის სასამართლო დავას აშუქებს. სინამდვილეში, ჩხარტიშვილის წარმომადგენლების ამგვარი რეაქცია ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბიზნესმენის წარმომადგენლები ან დუმილს არჩევენ, ან კომენტარზე უარს გვეუბნებიან. თუმცა ამგვარი საქციელი ხელს არ უშლით, რომ მეორე ან მესამე დღეს, სუბიექტივიზმსა და მიკერძოებულობაში ცილი დაგვწამონ და სასამართლოში ჩივილით დაგვემუქრონ. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ,,ვერსიისთვის'' ვრცელი კომენტარი არ დაიშურა და საშუალება მოგვცა, პროცესი ობიექტურად გაგვეშუქებინა, ჩხარტიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, მამუკა ღვინიაშვილი იყო...
იმის გამო, რომ ჩხარტიშვილის წარმომადგენლებისგან ვერაფერი შევიტყვეთ, ,,ვერსია'' სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ჯანიკაშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო დავით, რა სამუშაოები განახორციელა ,,სომგოს კომპანიამ'' სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე?
_ როგორც ვიცი, მთავრობის განკარგულებით, ამ ქუჩაზე მდებარე ფართობი _ 35 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები გადაეცა ,,სომგოს კომპანიას''. ამ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ 2017 წლისთვის, აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განეხორციელებინა და ახალი, სამ-ვარსკვლავიანი სასტუმრო აეშენებინა. გარდა ამისა, 2 ჰა ვენახიც უნდა გაეშენებინა და ღვინის საწარმოც, რათა ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის წარმოების უწყვეტი ციკლი ყოფილიყო. ამ ეტაპზე, დემონტაჟის სამუშაოები შესრულებულია, მაგრამ ახალი მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
_ 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა არ დაწყებულა?
_ არა, მაგრამ სასტუმროს პროექტი ჩვენთან შეათანხმეს. როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ ძველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, ახალი სასტუმროს მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ მშენებლობა დაიწყოს და ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდეს.
***
იმის მიუხედავად, რომ ორი წლის განმავლობაში, ჩხარტიშვილის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებები არ შეუსრულებია, ამის გამო ბიზნესმენისთვის პასუხი შესაბამის უწყებებს არ მოუთხოვიათ. მეტიც, 2016 წლის 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალი განკარგულება #947 გამოსცა, რომლითაც 2014 წლის 4 აპრილის #616 განკარგულების პირობები ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ შეცვალა. კერძოდ, კვირიკაშვილის განკარგულებით, ჩხარტიშვილს 50-ადგილიანი სასტუმროს მშენებლობის, 1 ჰა-ზე ვენახის გაშენებისა და ღვინის საწარმოს მშენებლობის ვადა 60 თვით ანუ 5 წლით გაუზარდეს:
,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ,,სომგოს კომპანია'' გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან''.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ,,ქართული ოცნების'' მთავარი დაპირება _ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ, აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ათასობით დაზარალებული ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას დღესაც უშედეგოდ ელის, მათი საქმეები კი პროკურატურაში შექმნილ იმ ახალ დეპარტამენტში, ახლაც თაროებზეა შემოდებული. ამ ფონზე კი ირკვევა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ,,ოცნებამ'' სამართლიანობა აღადგინა და სააკაშვილის მიერ, უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნა, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. დიახ, სწორედ ის ჩხარტიშვილი, რომელსაც ინგლისის სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტმა გაოცებით ჰკითხა: ,,ვანო, გარდაცვლილი მეგობრის (მოსამართლე ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა, _ ავტ.) ძარცვა ქართული ტრადიციაა?'' დიახ, სამართლიანობა მხოლოდ იმ ადამიანისთვის აღდგა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში, სრულიად საქართველოს მოსახლეობის კუთვნილი საბჭოთა ანაბრები მიითვისა, ხოლო ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო. შემდეგ ბიზნესმენთა ფედერაციის კუთვნილი შენობა მიითვისა გერგეთის ქუჩაზე და ამასაც რომ არ დასჯერდა, გარდაცვლილი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ქონებასა და კომპანიებს დაესაკუთრა. სხვათა შორის, ინგლისის სამეფო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა სადაო ქონება სწორედ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი: 2014 წლის 19 აპრილს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ზე, გადაცემა ,,ბიზნესკურიერი'', სამართლიანობის აღდგენას მიეძღვნა. სიუჟეტში საუბარი იყო წართმეული ქონების დაბრუნებასა და მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის #616 განკარგულებაზე, რომლის საფუძველზეც, სამართლიანობა ვანო ჩხარტიშვილისთვის აღდგა. რა თქმა უნდა, სიუჟეტი სიღნაღში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს ეხებოდა, რომელიც ჩხარტიშვილს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუბრუნეს. ამ გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ნოდარ ჯავახიშვილი იყო, რომელიც იმ პერიოდში ქართუ ბანკს ხელმძღვანელობდა. მცირე ამონარიდი ნოდარ ჯავახიშვილის კომენტარიდან:
,,წეღან, თქვენს სიუჟეტში აჩვენეთ, რომ ვანო ჩხარტიშვილს რაღაცა დაუბრუნებია. თუ მანდედან დაიწყებ აღდგენას, მაშინ სამართლიანობიდან ძალიან შორს ხარ. იქნებ, ჯერ ვანო ჩხარტიშვილს ჰკითხონ, საიდან ჰქონდა ეს ქონება? უსამართლობა მხოლოდ ის არის, როცა ვანო ჩხარტიშვილი კარგავს? მთელ საქართველოს რომ პარავდა ფულს, ის არ იყო უსამართლობა?! რაღაცა ეტაპიდან რომ იწყებ, ზუსტად მანდ გადიხარ. როცა საქართველოს სამმილიონნახევარ მოსახლეობას ქურდავდა და აყაჩაღებდა, თურმე, ის არ ყოფილა დანაშაული და ახლა, თურმე, მილიონი დაუბრუნებია და სამართლიანობა აღდგა. ეს არ არის სამართლიანობა!''
მაია მიშელაძე

back to top