Menu
RSS

სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთში კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებში განცხადებების შეტანას აპირებს

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებისა და სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, ,,ვერსიის'' გამოძიება გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ყელში ძვალივით გაეჩხირა; მიუხედავად იმისა, რომ პირველივე სტატიის შემდეგ, მაქებარ-გულშემატკივართა პარალელურად, ბევრი მლანძღავ-მაგინებელიც გავიჩინეთ. ჟურნალისტური გამოძიება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სტატიების ციკლის დაბეჭდვის პერიოდში, არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო ეპითეტითაც შეგვამკეს და მკვდარ-ცოცხალიც გვიტრიალეს ყველა ბრუნვაში. ქვეყნის დამაქცევრებიც გვეძახეს, სამეგრელოს მტრებიც, შურიან-ბოღმებიც, რომლებსაც თურმე ხალხის დასაქმება არ აწყობთ. ბიზნესისა და ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების მოწინააღმდეგეებადაც მოგვიხსენიეს, რასისტებადაც, ჩინელთმოძულეებადაც და მოსყიდულებადაც...
კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ნათქვამია. რა სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, კარგ გამგონეთა დეფიციტი იმაზე მეტად დგას, ვიდრე წარმომედგინა. საინტერესოა, სად, რომელ სტატიაში ამოიკითხეს ,,ვერსიის'' მლანძღველებმა ის, რომ ჩვენ ქარხნის აშენებას, ხალხის დასაქმებას, სენაკის მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას ვეწინააღმდეგებით? ან საიდან გააკეთეს დასკვნა, რომ ერთი მხრივ, კონკრეტულად ცეზარ ჩოჩელისა და მეორე მხრივ, ზოგადად ჩინელების ზიზღი გვამოძრავებს? იქნებ რამდენჯერმე გადაგეკითხათ ყველა სტატია და მიხვდებოდეთ, რომ ,,ვერსიის'' მთავარი მოთხოვნა იმის გარკვევაა, რატომ გაიცა ლიცენზია კირქვის იმ საბადოზე, რომელიც წლების განმავლობაში დალუქული იყო? არავინ ეწინააღმდეგება საქართველოში კირქვის მოპოვებას, მაგრამ საქმე ეხება მთას, რომელიც სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლებითაა მდიდარი და მასზე ზემოქმედებამ შესაძლოა ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. ამ ფონზე, ,,ვერსიის'' მთავარი მოთხოვნა ისაა, სენაკში ეს პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დადებამდე არ დაიწყოს, ეს დოკუმენტიც, მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის, ქვეყნის, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ობიექტურად დაიდოს და არა ერთი, კონკრეტული ბიზნესმენის ან ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით.
დამატებით ახსნა-განმარტებებს, ალბათ აზრი არ აქვს მაშინ, როცა ადამიანები სტატიებში, მხოლოდ იმას კითხულობენ და ,,გებულობენ'', რაც თავად აწყობთ ან სურთ. ასე, თვალსმიღმა გაატარა ალბათ ბევრმა, სტატიების ის პასაჟი, სადაც ადგილობრივები ამბობენ, თავზე შეიძლება დაგვექცეს სენაკის მუნიციპალიტეტიო. ის პასაჟიც ვერ ამოიკითხეს, რომ კონკრეტულად ეს კარიერი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაილუქა, ზუსტად იმ საფრთხის გამო, რომლის წინაშეც ხვალ და ზეგ შეიძლება დავდგეთ. ეს პროექტი ამ ხელისუფლების პირობებშიც, ერთხელ უკვე რომ ჩავარდა, ესეც ვერ გაიგო ბევრმა. სამაგიეროდ, მათმა ფანტაზიამ ფრთები შეისხა და იმის მაგივრად, კითხვები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ან ძეგლთა დაცვის სამინისტროების მიმართ გასჩენოდათ, ,,ვერსიის'' მიმართ გაუჩნდათ _ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ დაინტერესდა გაზეთი მსგავსი საკითხით? რატომ დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება? პასუხი მარტივია _ იმიტომ, რომ ჟურნალისტები ვართ, იმიტომ, რატომაც თავის დროზე კასპის ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ვწერდით და სხვათაშორის, მაშინ, სწორედ ჟურნალისტების მიერ ატეხილი განგაშის დამსახურებით დაუმონტაჟეს ფილტრები ქარხანას. კოტიანეთში კირქვის საბადოთი სწორედ იმიტომ დავინტერესდით, რატომაც თავის დროზე სუფსის ტერმინალზე ვწერდით ან კერძო კომპანიისა და ჩინელი ინვესტორების დამსახურებით, გაჩანაგების პირას მდგარი ,,ზვარეს'' მინერალური წყლის საბადოზე. სხვა განმარტებების გაკეთებას არ ვაპირებთ. საკითხთან დაკავშირებით კი, კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი და ,,ვერსიის'' მომდევნო ნომრებში აუცილებლად ვიტყვით.
ვიტყვით იმას, რომ არჩევანი მოსახლეობის ჯანმრთელობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ისეთ დაპირებებს შორის არ უნდა გაკეთდეს, რომლის ასრულების გარანტიასაც არავინ იძლევა. ასეთი 500-500 ,,დასაქმებული'' კი, უფრო სწორად, ,,გადაგდებული'' ბევრი ვნახეთ. ბევრი გაჩეხილი ტყეც ვნახეთ, დაბინძურებული მდინარეც, გაპარტახებული სოფლებიც და აღარ გვინდა, იგივე განმეორდეს. და სანამ სენაკის მუნიციპალიტეტში, ერთი ადამიანი მაინც ეწინააღმდეგება კირქვის კარიერის გახსნას, სანამ ერთი ექსპერტი მაინც ამბობს, რომ შეიძლება სენაკი საფრთხის წინაშე დადგეს, სანამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და სანამ არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ,,ვერსია'' ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ესეც ნათქვამია. ,,ვერსიის'' ჟურნალისტური გამოძიების მთავარი მიზანი სწორედ ისაა, გზა ისე გამოჩნდეს, გადაუბრუნებელი ურემიც შეგვრჩეს.
ეს დღეები სულ ვფიქრობდი, რა ფორმით გამეცა პასუხი არაერთ ბრალდებასა თუ ცილისწამებაზე, ან გამეცა თუ არა, საერთოდ. მგონი, საუკეთესო ფორმას მივაგენი. მაშ ასე, პასუხი მათ, ვინც ეს დღეები მოსყიდულებს, უვიცებს, მიკერძოებულებს გვიწოდებს; პასუხი მათ, ვინც ქვეყნის მოღალატედ გვრაცხავს; პასუხი მათ, ვინც მკვდარ დედას (სხვათაშორის გარემოსდამცველს) მიგინებს:
რაო, რაო? ,,ვერსიამ'' რეპორტაჟში ზღაპრები დაწერა, არც ერთი რესპოდენტის ვინაობა არ დაასახელა იმიტომ, რომ სინამდვილეში, ეს რესპოდენტები თავად გამოიგონაო? ,,ვერსია'' არაობიექტურია, მიკერძოებულია, მხოლოდ ერთი მხარე ჰყ¬ავს ჩაწერილი და მეორე მხარეს პასუხის გაცემის საშუალება არ მისცაო? მაინც მიწევს ამ აზრის გამავრცელებლებისთვის პატარა განმარტების გაკეთება _ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გაგრძელებებით, რამდენიმე ნომერში იბეჭდება, გულისხმობს იმას, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სტატიაში არ იქნება და სტატიების ციკლში, ეტაპობრივად, მიეცემა საშუალება ყველა მხარეს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. რაც შეეხება რესპოდენტებს, მათი ვინაობა, ისევ მათი თხოვნით, მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ დავასახელეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარ აზრს საჯაროდ არ დააფიქსირებს. ასეთი ბევრია სოფელ კოტიანეთშიც, ეკშიც, შხეფშიც, ნოქალაქევშიც... სხვათა შორის, ისინი უახლოეს მომავალში, ძეგლთა დაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში განცხადებების შეტანასაც აპირებენ მოთხოვნით _ ხელახალი ექსპერტიზისა და საჯარო განხილვების მოწყობამდე, კოტიანეთსა და ნოსირში ყველანაირი სამუშაოები შეჩერდეს.
ასეთი პოზიცია არაერთ ადამიანს აქვს. ცხადია, ყველა მათგანის დაბეჭდვას ვერ მოვახერხებთ. მათგან რამდენიმე შევარჩიეთ, რომლებიც ინტელიგენციას წარმოადგენენ და რომელთა აზრიც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია.
ბეჟან ჯავახია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნოქალაქევის მკვიდრი: ,,აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ სანამ დაიწყება კირქვის მოპოვება და ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას, ობიექტურად უნდა გამოიკვლიონ, რა ზიანი მიადგება გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სანამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ დაიდება, ყველანაირი სამუშაოები უნდა შეჩერდეს. ზოგადად, ქარხნის მშენებლობას, მით უმეტეს, თუ ხალხი დასაქმდება, არავინ ეწინააღმდეგება. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადგილობრივების ჯანმრთელობის გაუარესებისა და გარემოს დაბინძურების ხარჯზე''.
გიორგი სახოკია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სენაკის (შხეფის) მკვიდრი: ,,ის მთა, სადაც კარიერი უნდა იყოს, დაქსელილია მიწისშქვეშა მღვიმეებითა და წყლებით და ემიჯნება კოლხეთის დაბლობს, სადაც მოსახლეობაა, ადამიანები ცხოვრობენ... აბა, საკირე კარიერი იქ, იმ მთაზე, მახსოვს 3 თუ 4 ადგილზე იყო _ ერთი მენჯში, მეორე შხეფში, კოტიანეთში (სადაც ახლა აგრძელებენ თუ იწყებენ..) და ა.შ., მაგრამ ჯერ კიდევ, კომუნისტების მმართველობისას შეწყვიტეს... ამავე დროს, ამ მთის გასწვრივ განლაგებულია ანტიკური პერიოდის, ისტორიული კოლხეთის რამდენიმე (მათ შორის ძველი კოლხეთის დედაქალაქი-ნოქალაქევ-არქეოპოლისი, იქვეა, 3-4 კმ-ში) ძეგლი და ა.შ''.
ასე ფიქრობს ფილოლოგი, წარმოშობით სენაკელი მერაბ გაბუჩიაც, რომელიც ,,ვერსიას'' თავად დაუკავშირდა და მადლობაც გადაგვიხადა იმის გამო, რომ საკითხით დავინტერესდით. ბატონი მერაბის პოზიციას ვერსია ვრცლად, უკომენტაროდ გთავაზობთ, დასკვნების გაკეთება კი თქვენთვის მოგვინდია:
_ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ,,ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ'' ვალდებულება აიღო, აწარმოოს პოტლანდ ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები სოფელ კოტიანეთში არსებული კარიერებიდან, მოიპოვოს ინერტული მასალა ოცწლიანი ვადით. და ეს ყველაფერი გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის არარსებობის ფონზე ხორციელდება. ასე არ იქცევა არც ერთი კომპანია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წარსულს სცემს პატივს, რომ არაფერი ვთქვათ, ამ სფეროში ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებზე. მართლაც, უკიდურესად საგანგაშოა ის მდგომარეობა, თუ რა საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები _ კოტიანეთის კარიერზე მასშტაბური ჩარევების და ჭარბი რესურსების მოპოვების გამო მომავალი ოცი წლის განმავლობაში. გეოლოგიური კვლევებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ მიდამოებში არაერთი სხვადასხვა მასშტაბის კარსტრული მღვიმეა. ქართველი სპელოლოგების მტკიცებით, ამ მიდამოებში გადის მთისა და ბარის გადაერთების ხაზი (ნაოჭი). კერძოდ: ეკის მთის მასივის გაყოლებით არსებული სიღრმისეული რღვევა თანმდევი წყვეტილები და ნაპრალები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მისი ბირთვის დაკასტვრისათვის. კასტრული ფორმები უხვად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ღრმულებით, ძაბრებით, ჭებით, შახტებით. ერთერთ ასეთ ძაბრში ტბაა წარმოდგენილი. მღვიმეები, რომელთა სიღრმე რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს განვითარებულია რამდენიმე ადგილას და ხშირად ისინი ორ ან სამ სართულიანია და წყალვარდნილებით ხასიათდება.
ეკის მთის მორფოლოგიურ-მორფომეტრიული მაჩვენებლები და მის ფერდობზე დიდი დებეტის წყაროები სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ აქ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი წყალცვლა ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან.
_ და ამ ფონზე, კონკრეტულად რა საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას?
_ ოცწლიანი ეპოპეის შემთხვევაში დიდი ალბათობით ჩვენ აქ მივიღებთ ჭარბ წყალმოვარდნებს და ეკოლოგიურ კატასტროფას. ამას დაუმატეთ, გარემოს დაბინძურების საშიშროება, რადიაციის მომატებული დონე, ონკოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ დაავადებათა გავრცელების საფრთხე და სურათი ნათელი გახდება.
პარალელურად, ამ მიდამოების შორიახლო კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს: შხეფის ციხე, მეექვსე საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ნანგრევები და ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი, რომელსაც დღემდე გაოცებაში მოყავს მნახველი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ ამ ადგილებში არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდება, უამრავ საინტერესო არტეფაქტებს აღმოაჩენენ კიდევ. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ტურისტული თვალსაზრისით. თუ მუნიციპალიტეტზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ამ მიმართულებით ჩადონ ინვესტიცია. მითუმეტეს, რომ მხოლოდ ნოქალაქევი არაა სენაკის სიამაყე. ცემენტი კი არა, პირობითად, მე რომ სენაკის გამგებელი ვიყო, სენაკის რკინიზის სადგურთან ორ დიდ ბანერს დავკიდებდი. მარჯვნივ მენჯის საექსკურსიო მომსახურების ბიუროს გავხსნიდი, მარცხნივ კი, ნოქალაქევის. სამწუხაროა, რომ ამ ორი უნიკალური კურორტის არსებობა, საქართველოში ბევრს მიავიწყდა. მენჯი საერთოდ გაპარტახებულია. სხვათაშორის, მანდაც იგეგმებოდა ჩინელების შემოყვანა. ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციაზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა. დღეს მენჯში საგანგაშო ვითარებაა. ბერიას დროს აშენებული სანატორიუმები, ნანგრევებადაა ქცეული, ბალნეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური წყალი კი, მინდორში იღვრება. ნოქალაქევში, ზაფხულობით კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერისტეტების დოქტორანტები და პროფესორები ჩამოდიან დისერტაციების დასასრულებლად. ისინი ეძებენ ახალ მასალებს და ამბობენ, რომ ასეთი ღირებული ძეგლი, არც საქართველოშია და არც კავკასიაში არ არის. ნოქალაქევი იუნესკოს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის საფუძველია, რომ მისი ეგიდით იყოს დაცული და აქ გატარდეს ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონსიძიება, რათა ძეგლი წარმოჩენილი იყოს მსოფლიო დონეზე. ნოქალაქევი ხომ ეგრისის დედაქალაქი, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. არადა, ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. აიეტის დროინდელი აბანოები გაპარტახებულია, ცხელი წყალი იღვრება. რა გახდა მისი შუშაში ჩასმა, წარწერის გაკეთება და მოვლა, არ მესმის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მანდ ერთადერთი გზა გაკეთდა, რომელიც ნოქალაქევის ხეობას ჩაუყვება და ისეთი სოფლებისკენ გადის, როგორიცაა მაგალითად ბეთლემი, სადაც შალვა დადიანმა ბავშვობა გაატარა.
_ ნოქალაქევთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, პროექტი უკვე არსებობს.
_ დიახ, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ნოქალაქევში რაღაც სიახლეებს აპირებენ. ძეგლთა დაცვის სააგენტომ გამოიჩინა კეთილი ნება, აფინანსებს ძეგლს და იქ რაღაც ცვლილებები იგეგმება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ერთი ხელით მისი მოვლა და მეორე ხელით განადგურება როგორ წარმოუდგენიათ, არ მესმის. თანაც, ეს ის ადგილებია, რომელსაც უკავშირდება უძველესი მითები და მისტერიები. ეს არის აიეტისა და გუბაზ მეფის, მედეასა და ოქროს საწნისის ,,ქვეყანა''. სავარაუდოდ, ამ მიდამოებში მდებარეობდა ჰეკატეს ბაღები, რომელიც სახელგანთქმული იყო სამკურნალო მცენარეებით. ძველ დროში ოქროს საწმისის ძიებამ და სულიერმა ინიციაციებმა მოიყვანა აქ ძველი ბერძნები და ხომალდი ,,არგო''…და აი, ახლა ამ ,,სამოთხეს'' მოსდგომია ცეზარ ჩოჩელი და ,,ჰუალინგ ჯგუფი'' _ ,,ჩვენი დროის არგონავტები'' პორტლანდცემენტის, წიდის, სუპერსულფატინის და ჰიდრავლიკური ცემენტისათვის ინერტული მასალების მოსაპოვებლად!
რატომ უნდა გამოვუთხაროთ ძირი ჩვენს ბრწყინვალე წარსულს, რატომ უნდა ამოვავლოთ ცემენტის მტვერში ჩვენი ისტორიული ძეგლები, რატომ ვანადგურებთ ჩვენს ძვირფასს ისტორიას?! (რა სამწუხაროა, რომ ცოცხალი აღარ გვყავს დიდი გეოგრაფი და კლიმაქტოლოგი, აკადემიკოსი, თეოფანე დავითაია, რომელიც სენაკის რაიონშია დაბადებული). განა არ კმარა, რა სავალალო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების კუთხით (ბოლო მონაცემებით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებით).
_ ბატონო მერაბ, თქვენი ინფორმაციით, სენაკში მოსახლეობასაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ?
_ უმრავლესობას კი. ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც საქმეში ჩახედულია, ვისაც ინფორმაცია აქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტში ისეთი ადამიანიც ბევრია, ვისაც ამ საკითხზე ახსნა-განმარტებები არ აქვს მიღებული. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ეს უწყინარი პროექტია, ჩვეულებრივი ქარხანა აშენდება, რომელიც დაასაქმებს ხალხს. ეს არც იქნება გასაკვირი, თუკი მათ არაფერი იციან იმ მასშტაბების შესახებ, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია.
_ წინააღმდეგობის გაწევას როგორ აპირებთ და თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის?
_ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე უნდა შეჩერდეს ყოველგვარი საქმიანობა სოფელ კოტიანეთის კარიერზე! უნდა მოეწყოს საჯარო განხილვები, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს თავის სიმართლეში.
საქართველოს არცერთი კუთხე არ ემსგავსება ერთმანეთს ისე, როგორც სამეგრელო და აფხაზეთი. აფხაზეთში დაბრუნების გზა სამეგრელოზე გადის, ამ სიტყვების საუკეთესო მნიშვნელობით. სამეგრელოს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის გამთლიანების პროცესში.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, სოფელ ნოსირში დამზადებული ,,შავი ზღვის ცემენტით'' ქვეყნის მთლიანობას ჩვენ ვერ აღვადგენთ. ჩვენი ერთიანობის და გადარჩენის გზა ერის სულიერი ენერგიის გაძლიერებაშია...
ნინო ლურსმანაშვილი

დაბრუნება დასაწყისში