Menu
RSS

რომელი ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება ლენტეხის გზების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებში?

,,ვერსიას’‘ ხელთ ჩაუვარდა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 18 005 649 ლარი იყო. არადა, რაიონისთვის, რომლის მოსახლეობა 5 000 კაცზე მეტი არ არის, 2011 წელს, მხოლოდ 2 074 839 ლარი გამოყვეს. შესაბამისად, ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რატომ გაიზარდა რაიონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 16 000 000 ლარით ზუსტად იმ წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ან რას მოხმარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 18 005 649 ლარი ლენტეხში? ზოგადად, ამა თუ იმ რაიონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება არც ისე მარტივია, მაგრამ როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტი საარჩევნო წელს რადიკალურად იზრდება, ლოგიკური კითხვის ნიშნებიც ავტომატურად ჩნდება. ,,ვერსიის’‘ ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 18 005 649 ლარიდან, 14 212 934 ლარი საგზაო დეპარტამენტისთვისაა გამოყოფილი, რაც მორიგი, ჟურნალისტური გამოძიების საფუძველი გახდა.  
16 000 000 ლარით გაზრდილი ლენტეხის ბიუჯეტი 
ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსუყე, სატრაბახო თემა ქვეყნის მასშტაბით დაგებული გზებია. სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანია ეს გზები, რაც შარშან, თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოჩნდა. იმის გამო, რომ სანიაღვრე კოლექტორები გამართული არ იყო, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ცენტრი, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია საგრძნობლად დააზიანა. ასეა, თუ ისე, ნაციონალურმა მოძრაობამ გზები მართლაც დააგო, რაც ძირითადად, მსოფლიო ბანკის, გერმანიის ბანკის KFჭ-ს, მილენიუმის, გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განახორციელა.  ლენტეხის მაგალითზე, ეს ასე არ არის, 2012 წელს, რაიონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 212 934 ლარი საგზაო დეპარტამენტის ანგარიშზე გადარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ლენტეხის გზების რეაბილიტაციისთვის, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარება არ გამოუყვია. გზების რეაბილიტაციაზე მთლიანად, საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა. წინა მოწვევის პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი, მილიონერი ბიზნესმენი, გოგი ლიპარტელიანი იყო, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ისევ ყოფილი მმართველი გუნდის სახელით მონაწილეობდა. სხვათა შორის, გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ,,ვერსიის’‘ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ლენტეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მილიონერი ბიზნესმენი იქნებოდა, თუ ჯიბეგაღლეტილი უსახური ჩინოვნიკი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყბადაღებული მოასფალტებული გზების დასაფინანსებლად, ყოფილ ბიზნესმენს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ლენტეხში ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან და ლოგიკურია, უფრო კონკრეტულად ვნახოთ, რაში გახარჯა საგზაო დეპარტამენტმა 14 212 934 ლარი ლენტეხის რაიონში. 
ოფიციალურად გამოცხადებული ტენდერები 
,,ვერსიის’‘ ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ბიუჯეტიდან 2012 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 14 212 934 ლარი იმ ტენდერებში გაიხარჯა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა კონკრეტულად, გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლახდილის საავტომობილო გზის 92 კილომეტრზე, მეწყერული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებზე ტენდერი 2012 წელს გამოცხადდა და ბიუჯეტიდან 419 400 ლარი გამოყვეს. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული არ არის ელექტრონული ტენდერის კოდი და არც ისაა აღნიშნული, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ გზის ამ მონაკვეთის კონტრაქტორია შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘, სამუშაოები კი 2012 წელს დასრულდა.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ლენტეხი-ლახდილის საავტომობილო გზის 145-ე კილომეტრში დაზიანებული სახიდე გადასასვლელის აღდგენაზე ტენდერი 2012 წლის 12 იანვარს გამოცხადდა. სამუშაოს შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘ ასრულებს და ამ კომპანიისთვის, ბიუჯეტიდან 689 840 ლარი გამოყვეს. შოთა მურღულიამ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, რომ გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლახდილის საავტ/გზის 136-ე კილომეტრში, მიწის ვაკისის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო ღონისძიებაზე ტენდერი 2012 წლის 12 იანვარს გამოცხადდა. სამუშაოს შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘ ასრულებს. ბიუჯეტიდან კი 357 041 ლარი გამოყვეს. შოთა მურღულიას განმარტებით, სამუშაოები 2012 წელს დასრულდა.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლახდილის საავტ/გზის 139-ე კილომეტრში მიწის ვაკისის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ტენდერი 2012 წლის 12 იანვარს გამოცხადდა. ამჯერად, სამუშაოებს შპს ,,ლენტეხის საგზაო 2000’‘ ასრულებს და ბიუჯეტიდან 533 700 ლარი გამოიყო. შოთა მურღულიამ აგვიხსნა, რომ გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები 2012 წელს დასრულდა. საავტომობილო გზების ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლახდილი კმ69-კმ157; ლენტეხი-ბავარი კმ1-კმ24; ცანა-ზესხო კმ1-კმ7 მიმდინარე შეკეთების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე ტენდერი 2012 წლის 27 ივნისს გამოცხადდა. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული არ არის, რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს, სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან 526 033 ლარი გამოყვეს. შოთა მურღულიას თქმით, გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები 2013 წელს დასრულდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლახდილის საავტომობილო გზის კმ88+235-კმ99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2012 წლის 25 ივნისს გამოცხადდა. დოკუმენტში მითითებული არ არის, რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს, მაგრამ ბიუჯეტიდან 11 686 920 ლარია გამოყოფილი. როგორც მინისტრის მოადგილემ აგვიხსნა, გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. 
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 
ელექტრონული ტენდერის ოფიციალური კოდის _ შPA 120017970 მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ 526 033 ლარი ბიუჯეტიდან შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘-ს, ხოლო ელექტრონული ტენდერის კოდის _ შPA 120017737 მიხედვით, 11 686 920 ლარი შპს ,,სანს’‘ გამოუყვეს, რომელსაც სერიოჟა გვარამია ხელმძღვანელობს. 2012 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნუგზარ გასვიანსა და შპს ,,სანის’‘ დირექტორს, სერიოჟა გვარამიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ,,ვერსიამ’‘ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიაკვლია, მითითებულია, რომ შპს ,,სანმა’‘ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 30 სექტემბერს უნდა დაასრულოს, თუმცა ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერებულია.   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘ და შპს ,,ლენტეხის საგზაო 2000’‘, სინამდვილეში ერთი და იგივე კომპანიაა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აშკარად ჩანს, რომ კომპანიის რეორგანიზაციამდე, ერთი შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘ არსებობდა, რეორგანიზაციის შედეგად კი ახალი სუბიექტი შპს ,,ლენტეხის საგზაო 2000’‘ დარეგისტრირდა.  შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’‘ 2000 წლის 10 აპრილს დაფუძნდა. გენერალური დირექტორი ამირან ზურაბიანია, რომელიც 30%-იან წილს ფლობს, 14%-იან წილებს ფლობენ პარტნიორები გურამ მეშველიანი, როლანდ ქარდავა, ბუთული ხაბულიანი, გიული გასვიანი და გერასიმე ზურაბიანი. კულუარულად ,,ვერსიამ’‘ ისიც გაარკვია, რომ ამირან ზურაბიანი, ლენტეხის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი ლიპარტელიანთან დაახლოებული პირი და მისი თანასოფლელია.  რაც შეეხება შპს ,,ლენტეხის საგზაო 2000’‘-ს, კომპანია 2000 წლის 3 აპრილს დაფუძნდა, რომლის გენერალური დირექტორი ვანო ონიანია. პარტნიორები კი ვიტალი ბენდელიანი, მირზა გაზდელიანი, ომეხ ონიანი, გრიშა ქურასბედიანი, როლანდ ბენდელიანი, ვანო ონიანი და ნატო ონიანი არიან.  რაც შეეხება შპს ,,სანს’‘ ამ კომპანიასთან დაკავშირებულ სკანდალზე ჯერ კიდევ 2010 წელს ვწერდით, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ ჟორდანიას სახელობის კლინიკა გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ეს საავადმყოფო შპს ,,სანმა’‘ იყიდა, ოღონდ ვერც ოფიციალურად, ვერც არაოფიციალურად ამ კომპანიის შესახებ ,,ვერსიამ’‘ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ, ,,გუგლსა’‘ და ,,ყვითელ ფურცლებზეც’‘ ძებნა, სადაც 15-მდე, სხვადასხვა პროფილის ,,სანი’‘ ვიპოვეთ. ერთ-ერთი შპს ,,სანი’‘, რომელიც ზუგდიდშია რეგისტრირებული, ხშირად იმარჯვებდა გზების რეაბილიტაციის ტენდერებში, 2010 წელს, ჩვენს მიერ ნაპოვნი ინფორმაციით ისიც დავადგინეთ, რომ ზუგდიდში, ასფალტ-ბეტონის ქარხნის აშენებასაც გეგმავდა. მეტიც, ანაკლიაში სასტუმრო ,,ოქროს საწმისს’‘ და იახტკლუბს აშენებდა სახელმწიფოს თანადაფინანსებით. ძნელი სათქმელია, ეს ის შპს ,,სანია’‘, რომელმაც ჟორდანიას კლინიკა შეიძინა, თუ არა, მაგრამ კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც შპს ,,სანის’‘ უკავშირდება, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის დეკემბერში გავრცელდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ,,სანის’‘ დირექტორი, სერიოჟა გვარამია ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით, ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე დააკავა.  გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,სანის’‘ დირექტორმა სერიოჟა გვარამიამ, საზოგადოების მთავარ ბუღალტერ ეკა ჯაბუასთან და მოლარე-ბუღალტერ ეკატერინა გოგოხიასთან ერთად, ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით სალაროდან 3 618 339 ლარი გაიტანა. მართალია, მოგვიანებით სერიოჟა გვარამია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ ფაქტია, წლების მანძილზე, კომპანია სულ სხვადასხვა ტიპის სკანდალში ეხვეოდა.   
ვისი ინტერესები იკვეთება ლენტეხის გზების ტენდერში?
საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ლენტეხის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი 18 005 649 ლარიდან, 14 000 000 ლარზე მეტი საგზაო დეპარტამენტის ანგარიშზე? ან რატომ ფიგურირებს ელექტრონულ ტენდერში ერთი და იგივე კომპანია? კულუარული ინფორმაციით, ლენტეხის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი ლიპარტელიანს, საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექსმინისტრთან, რამაზ ნიკოლეიშვილთან, მის პირველ მოადგილე ჯამბულ ბაკურაძესთან და საგზაო დეპარტამენტის ადრინდელ ხელმძღვანელობასთან. ამიტომ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ გოგი ლიპარტელიანის ხელშეწყობით, ტენდერში მასთან დაახლოებულმა პირებმა გაიმარჯვეს და ბიუჯეტის თანხებიც გაინაწილეს.  იქიდან გამომდინარე, რომ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, შესრულებული სამუშაოების ხარისხში ეჭვს ვერ შევიტანთ. თუმცა ისიც აშკარაა, რომ წინასაარჩევნოდ, ნაციონალების მიერ, ამომრჩევლებისთვის დაყვედრებული მოასფალტებული გზები ისევ ჩვენი, ამომრჩევლების ჯიბეებიდან, ანუ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან დაფინანსდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რეალურად, მართლაც ამ რაოდენობის თანხაა საჭირო გზების შესაკეთებლად, თუ 2011 წლის 2 000 000-ლარიანი ლენტეხის ბიუჯეტი, 2012 წელს 18 000 000 ლარზე მეტი იმიტომ გახდა, რომ საბიუჯეტო სახსრები ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარებოდა?  კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი _ თუ 5 000-კაციანი ლენტეხის რაიონის ბიუჯეტი 18 000 000 ლარია, ეს რაიონზეც ხომ უნდა ასახულიყო? რა თქმა უნდა, გზების დაგება უმთავრესია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ თურმე, ამ გზების რეაბილიტაციისთვის საბიუჯეტო სახსრებს იყენებდნენ და გაუგებარია, რატომ ტრაბახობდნენ ნაციონალები ამდენს. რაც მთავარია, 18 000 000 ლარი მთლიანად ლენტეხს რომ მოხმარებოდა, როგორც მინიმუმ, ქვემო სვანეთი მსოფლიოს ყველაზე ფეშენებელური და ძვირადღირებული კურორტების ტოპ-ხუთეულში უნდა შედიოდეს.  რა თქმა უნდა, ამ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, მაგრამ საეჭვოა ამ კონკრეტულ ფაქტებზე სამართალდამცავებმა ოფიციალური მოკვლევა დაიწყონ, რადგან გლობალური კოჰაბიტაციის პირობებში, ლენტეხის მარადიული მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი, ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარ არის. უფრო ზუსტად, 2012 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, მაგრამ 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ლიპარტელიანმა მოულოდნელად დედა-პარტია დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად გარდაისახა.  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს: ,,ყველა ეს პროექტი იქამდე დაიწყო, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდით. საკმაოდ რთული მონაკვეთია, მაღალმთიანი რეგიონია და იქ ამ ტიპის სამუშაოების შესრულებაც ბევრ კომპანიას არ სურს. თუ კონკრეტულად იმ გზის მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც სამუშაოებს ,,სანი’‘ ასრულებს, ეს მიმდინარე პროექტია. თუ კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს ვერ შეასრულებს, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას _ 11 686 920 ლარს, აქ ღირებულება კი არა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაა მთავარი. მაგალითად, ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი 100 000 000 ლარიც კი დაჯდა. როგორც გითხარით, ლენტეხის რაიონი რთული რეგიონია, მაღალ მთაში ტექნიკის ატანა და გზის მოჭრა ძალიან ძნელია’‘.  ,,ვერსიის’‘ კითხვაზე, ნაციონალური მოძრაობის რომელი ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება ლენტეხის გზების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით, შოთა მურღულიამ გვიპასუხა: ,,ცხადია, ასეთ ინტერესს ვერ გამოვრიცხავთ. ხომ იცით, რა სიტუაცია იყო, ან როგორ იმარჯვებდა ესა თუ ის კომპანია ტენდერში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენ ტენდერები ჩავშალოთ. ნაციონალური მოძრაობისგან სწორედ იმით განვსხვავდებით, რომ ბიზნესს ასე არ მოვექცევით, ჩვენთვის ის კი არ არის მთავარი, ვისი ინტერესი იკვეთება ამა თუ იმ კომპანიაში, მთავარია, როგორ ასრულებს კომპანია ტენდერის პირობებს, რამდენად ხარისხიანია მის მიერ შესრულებული სამუშაო. გარწმუნებთ, თუ სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდება, კანონის მიხედვით, ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელი აგებს პასუხს. ამ ეტაპზე კი არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თქვენს მიერ დასახელებულ გზის ამ მონაკვეთებზე, ეჭვი შევიტანოთ’‘. 
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში