Menu
RSS

სკანდალური ისტორია _ როგორ ააშენებინეს ნაციონალებმა ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს პრეზიდენტის მესტიის რეზიდენცია 400 000 ლარად

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, დედის, გიული ალასანიას სახლში გადავიდა და ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩააბარა, რომლის შენახვაც, სააკაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს ძვირი უჯდება, ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რა ხდება სინამდვილეში პრეზიდენტის რეზიდენციებთან დაკავშირებით. ზუგდიდისა და ბობოყვათის რეზიდენციები, ასევე, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ფინანსდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტის საკუთრებაში იქნება თუ მთავრობის _ რეზიდენციები მაინც სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსზეა! რაც შეეხება მესტიის სამთავრობო აპარტამენტებს, ამ კომპლექსის მშენებლობას სკანდალური ფაქტები უკავშირდება.      
სამთავრობო რეზიდენციების ოფიციალური ხარჯები  
,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველთვიურად პრეზიდენტის ავლაბრის, ბობოყვათისა და ზუგდიდის რეზიდენციების, ასევე, მესტიის აპარტამენტების შესანახად (კომუნალური გადასახადები, შენობების დაცვა, მომსახურე პერსონალი). ამასთან, საინტერესოა, რა თანხა დაიხარჯა პრეზიდენტის რეზიდენციებისა და აპარტამენტების მოწყობა- რემონტზე. ამის გასარკვევად, ,,ვერსიამ’‘ ოფიციალური წერილი მოამზადა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს კანცელარიაში ჩააბარა. კანონით დადგენილ ვადებში, სააგენტოს დირექტორმა, მამუკა გოგატიშვილმა ოფიციალური წერილითვე გვიპასუხა: ,,ბობოყვათისა და ზუგდიდის რეზიდენციები სარგებლობს სამთავრობო რეზიდენციების სტატუსით, ხოლო პრეზიდენტის რეზიდენციად იწოდება მხოლოდ ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის პირველი ბლოკი, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადმოსცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მას შემდეგ აღნიშნულ შენობა- ნაგებობებზე სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა. რაც შეეხება ,,მესტიის აპარტამენტებს’‘, როგორც ეს თქვენს წერილშია მოხსენებული, ამგვარი უძრავი ქონება სააგენტოს ბალანსზე არასდროს ირიცხებოდა და, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გაგვაჩნია. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული რეზიდენციების მომსახურე პერსონალის ხელფასი, ჯამში, თვეში 147 180 ლარს შეადგენს, მათ შორის, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის (სრულად და არა მხოლოდ პრეზიდენტის ნაწილის) პერსონალის ხელფასია 122 980 ლარი, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის თანამშრომელთა სახელფასო საზღაურია 18 400 ლარი, ხოლო ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის თანამშრომლების _ 5 800 ლარი. ამ შენობა- ნაგებობების კომუნალური ხარჯები თვეში, საშუალოდ, ზუგდიდის რეზიდენციისთვის 850 ლარს, ბობოყვათის რეზიდენციისთვის 17 650 ლარს, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსისთვის კი 74 900 ლარს შეადგენს. ამასთან გაცნობებთ, რომ სამთავრობო რეზიდენციებისა და ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის შენობების დაცვას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს’‘. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რა ბედი ეწია მესტიის სამთავრობო აპარტამენტებს, ან სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ოფიციალურად რატომ არ აღიარებს, რომ ზემო სვანეთში სააკაშვილი, მართლაც იშენებდა მორიგ რეზიდენციას. ჟურნალისტური გამოძიებისას საინტერესო და სკანდალური ფაქტები გამოიკვეთა, თუმცა ვიდრე ამ ფაქტებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ 2009 წელს პრეზიდენტმა სამთავრობო რეზიდენციები გასაყიდად გაიტანა. საპრივატიზაციო ნუსხაში ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები მოხვდნენ, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. როგორც გავარკვიეთ, რეზიდენციების გაყიდვის მოტივი კეთილშობილური იყო _ შენობების შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა. 2009 წელს, აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, იმხანად ყბადაღებული, სააკაშვილისეული ,,ქამრების შემოჭერა’‘, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის რეზიდენციებსაც უნდა შეხებოდა. შენობების გაყიდვიდან შემოსული თანხები კი ,,იაფი კრედიტის’‘, ჯანდაცვის პროგრამებსა და მოსახლეობის დასაქმებას მოხმარდებოდა. მიუხედავად ამისა, ოთხი წლის წინ გასაყიდად გატანილი ზუგდიდის რეზიდენცია კვლავ პრეზიდენტის განკარგულებაშია.                   
ბობოყვათისა და ზუგდიდის რეზიდენციები
2013 წლის მაისის ბოლოს, ბათუმში სტუმრობისას, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სააკაშვილმა მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართა: ,,ჩავაბარე ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, რადგან ძალიან ბევრს წუწუნებდნენ, რომ ძვირი უჯდებოდა მთავრობას და გადმოვედი დედაჩემის ჩვეულებრივ ბინაში. ვინც რა უნდა ილაპარაკოს თბილისში, როგორც არ უნდა ეწყინოს ეს საქართველოს მთავრობას, მე საქართველოში ყველგან წავალ. თუ სადმე ბინა აქვს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, იქ გავჩერდები, თუ არადა, სხვაგან გავჩერდები, ვინც მიმიღებს. ხალხს შევხვდები, პოლიტიკურ საქმიანობას გავაგრძელებ, ამაში ხელს ვერ შემიშლიან ორგანიზებული აქციებით’‘. ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’‘ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის მოსამსახურე პერსონალის წლიური სახელფასო ფონდი 220 800 ლარია, ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციისა კი _ 69 600 ლარი. ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას შვიდი მებაღე, რვა დამლაგებელი, ორი მძღოლი, ოთხი მზარეული, ორი ინჟინერი, ორი მთავარი ინჟინერი, ერთი უფროსი და ერთიც უფროსის მოადგილე ემსახურება. მებაღისა და დამლაგებლის ყოველთვიური ხელფასი 600- 600 ლარია, მძღოლის _ 900, მზარეულის _ 650, ინჟინრის _ 650, მთავარი ინჟინრის _ 750, რეზიდენციის უფროსის _ 1 300, მისი მოადგილის კი _ 900 ლარი. რაც შეეხება ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციას, აქ თითქმის იგივე სამსახურებზე თითქმის იგივე სახელფასო ფონდია. მომსახურე პერსონალის შრომითი ანაზღაურება, საერთო ჯამში, თვეში 5 800 ლარს უტოლდება, წლიურად კი _ 69 600 ლარს.
მესტიის რეზიდენცია
მართალია, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან ,,ვერსიას’‘ აცნობეს, რომ ,,მესტიის აპარტამენტები’‘ სააგენტოს ბალანსზე არ ირიცხება, მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, საუკეთესო ადგილზე პრეზიდენტის რეზიდენცია შენდებოდა. შენობის ერთი ხედი მესტიის დასახლება და ისტორიული კოშკები, მეორე კი, ჰაწვალი უნდა ყოფილიყო, სადაც ახალი სათხილამურო ტრასის მშენებლობაც მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენცია კი არა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის სასტუმრო სახლი შენდებოდა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ ზუსტად იცოდა, რომ სააკაშვილი მორიგ რეზიდენციას აშენებდა. მესტიაში რომ ნამდვილად პრეზიდენტის რეზიდენცია შენდებოდა, ,,არ დი აის’‘ დირექტორმა, გურამ კვირიკაშვილმაც დაადასტურა, რომელიც იძულებული გახდა, რეზიდენციის აშენების შემდეგ საქართველო დაეტოვებინა. კომპანია ,,არ დი აი’‘ მესტიაში, პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში 2011 წელს ჩაერთო. გურამ კვირიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიბარეს. შეხვედრას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა. მოკლედ, ,,არ დი აის’‘ დირექტორს მესტიის რეზიდენციის აშენება დაავალეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, პროექტი სამ თვეში დაესრულებინა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გურამ კვირიკაშვილს მოსთხოვეს, მშენებლობის თანხა ბიზნესმენის კუთვნილ კომპანიას გადაეხადა, მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც უთხრეს, ყველაფერი ზურაბ ადეიშვილმა კარგად იცის და თქვენს კუთვნილ თანხასაც მალე დაგიბრუნებთო. კომპანია ,,არ დი აიმ’‘ მშენებლობაში 400 000 ლარი იმ პირობით გადაიხადა, რომ თანხას დაიბრუნებდა, მაგრამ გურამ კვირიკაშვილს მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადეს. ბიზნესმენმა სიტყვა შეასრულა და მესტიის რეზიდენცია 2011 წლის ოქტომბერში დაასრულა, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა (ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა), რეზიდენციისთვის აღარავის ეცალა და შესაბამისად, პრეზიდენტს ოფიციალურად ვეღარ ჩააბარეს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,არ დი აის’‘ დირექტორს, გურამ კვირიკაშვილს ფინანსური პოლიციაც ავიწროებდა, რის გამოც კომპანიას სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგა _ ფინანსური პოლიცია ,,არ დი აის’‘ დოკუმენტაციას ხუთი თვე სწავლობდა და, მართალია, დარღვევა ვერ იპოვა, მაგრამ კომპანიის სამი თანამშრომელი მაინც დააკავეს. გურამ კვირიკაშვილი კი ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ, ზაზა ქაჩიბაიამ იუსტიციის სამინისტროში დაიბარა და, თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 3 000 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. გურამ კვირიკაშვილმა ამ რაოდენობის თანხის გადახდა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ყვარელში, სპორტის სასახლის მშენებლობაზე დასთანხმდა. ამ პროექტს პირადად ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებდა და მშენებლები ყველა დეტალს სწორედ ადეიშვილთან ათანხმებდნენ. ასეთი დაძაბულობის ფონზე, ბიზნესმენმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა... 
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში