რუსეთისა და დასავლეთის დიდი ომი ე.წ. აფხაზურ ეკლესიაში გავლენების მოსაპოვებლად - ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

მამუკა არეშიძე: „ეს ჭიდაობა, დიდი ხანია, უშედეგოდ მიმდინარეობს!“

 

თათია გოჩაძე

 

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ეკლესიამ, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართა. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებულმა ეპარქიის საეკლესიო საბჭომ (АПЦ) საქართველოს საპატრიარქოსგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც  მღვდელმსახურ ბესარიონ აპლიას საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი პრობლემური საკითხების თბილისში განხილვას სთავაზობს.

ე.წ. აფხაზური ეკლესიის ხელმძღვანელმა, ბესარიონ აპლიამ საქართველოს საპატრიარქოს ამ შეთავაზებას „მზაკვრობა“ უწოდა და განაცხადა: „სადაც გკლავენ, განადგურებენ, იქ წასვლა და საუბარი არ ღირს, ეს არის ჩემი განმარტება“.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ბესარიონ აპლიამ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სტატუსის განსაზღვრამდე მსახურება შეაჩერა, თუმცა მალევე განაახლა და თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთში, ავტონომიური ეკლესიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. თებერვალში ამ საკითხზე „ვერსიამ“ ვრცელი სტატია  - ახალი რუსული ბომბი - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყდა!გამოაქვეყნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, - ასე თვლის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქო.

რატომ აქტიურდება „აფხაზეთის ეკლესიის“ დამოუკიდებლობის საკითხი სწორედ მაშინ, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტ-ნაკლებად არამდგრადია და ხომ არ დგას ყველაფერ ამის უკან რუსული ინტერესი? - ამ თემაზე „ვერსია“ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 - რუსეთი ყოველთვის ცდილობს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გამოიყენოს, მაგრამ ამ თემას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ, რადგან რუსეთს მხოლოდ ეს საკითხი არ წამოუწევია. ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკების საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის კულუარული კურატორობის ქვეშ. ასევე, საგულისხმოა, მაგალითად, „3+3“-ის ფორმატი, რომელსაც ერდოღანს ახმოვანებინებს და ა.შ. მოკლედ, ეს კომპლექსური მიდგომაა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების გაძლიერება ჰქვია. ყარაბაღის მოვლენებიდან გამომდინარე, ყველაფერი ეს ინტენსიურად იმიტომ აქტიურდება, რომ რუსეთმა, მართალია, ბევრი რამ დაიბრუნა, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში დაკარგა და ასევე, დაბრუნდა აზერბაიჯანში სამხედრო პოლიტიკური წარმომადგენლობის თვალსაზრისით - სამხედრო ნაწილები განალაგა ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქ, 100-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთიც დაბრუნდა. საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში თურქეთი დღეს ძალიან ინტენსიურად მუშაობს, განსაკუთრებით კი - აზერბაიჯანში, რათა მაქსიმალურად განიმტკიცოს საკუთარი მდგომარეობა. სხვათა შორის, აზერბაიჯანული არმიის მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა, პრაქტიკულად, თურქეთის ხელშია და იმ ფონზე, როცა დასავლეთი ამოვარდნილია სამხრეთ კავკასიური ინტენსიური პოლიტიკიდან, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს უკან დაბრუნების საშუალება არ მისცეს. დასავლეთის ინტერესების გამტარებელი კი რეგიონში საქართველოა, ამიტომ კრემლს უნდა, საქართველოში ისეთი ვითარება შექმნას, მუდმივად პოლიტიკური დისკომფორტი და დასავლეთის მიმართ გარკვეული გაუცხოება იყოს. რუსეთისთვის მთავარი ძალის დემონსტრირება და ტანკებით სირბილია. მას დასავლური პოლიტიკის ნარატივები რომ გადაეღო, მაშინ შეძლებდა მღვრიე წყალში უფრო მეტი თევზის დაჭერას, მაგრამ რაც არ იცის, არ იცის.  

- აფხაზეთში ავტოკეფალიის წამოწევის საკითხს გალში ქართულ ენაზე სწავლების სრულად აკრძალვა, ასევე, ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების ხალხისთვის დარიგება ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის „რბილი ძალის“ გაძლიერება უძღვოდა. ყველაფერ ამის შესაჩერებლად ქართულმა მხარემ რა უნდა გააკეთოს?

- რაც შეეხება ეკლესიის თემას, ეს „ჭიდაობა“, დიდი ხანია, აბსოლუტურად უშედეგოდ მიმდინარეობს, რადგან რუსეთის ეკლესია შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს და ამის აღიარება არ სჭირდება იმიტომ, რომ მისი გავლენა აფხაზეთში მაინც უზარმაზარია. ამასთან, ბესარიონ აპლიას აფხაზეთში ოპოზიცია ჰყავს - დოროთეიდ ბარის გუნდის სახით, რაც ბერძნული ეკლესიის ერთ-ერთ განშტოებას ექვემდებარება. აპლია, როცა გვარად ჯერ კიდევ ფილია გახლდათ, დიაკვნად ჩვენმა პატრიარქმა აკურთხა. დოროთეიდ ბარის მარჯვენა ხელი, სარსანიაც მღვდლად, ასევე, პატრიარქის მიერაა ხელდასხმული. მოკლედ, იქ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მათი „ჭიდაობა“, პრინციპში, უშედეგოა, რადგან ბარი დარბოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში, რომ აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ, აპლია კი - მოსკოვში...

- გამოდის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიაშიაც გავლენების მოსაპოვებლად რუსეთი და დასავლეთი იბრძვიან?

- პრაქტიკულად, ასეა. უფრო პრევენციაა, რომ დასავლეთი არ ჩაერიოს და აფხაზი მღვდელმთავრების პოზიციის შეცვლა საბერძნეთის ან სხვა დასავლური ეკლესიის მეშვეობით არ მოხდეს.

რაც შეეხება იმას, საქართველოს მხარემ რა უნდა გააკეთოსო, არ ვიცი, როგორ უნდა გიპასუხოთ. ეს თემები იმდენად დავიწყებულია, რომ თქვენს კითხვაზე პასუხიც არ მაქვს, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ „რბილი ძალის“ წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რბილი კი არა, საკმაოდ უხეში ძალაა ეს და, პრაქტიკულად, გვაქვს სამინისტრო (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სამინისტრო), რომლის ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ ვიცი, რას აკეთებს, რადგან იმ გეგმიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს შემუშავდა, აქტიურად მხოლოდ ერთი, სამედიცინო სეგმენტი მუშაობს, მაგრამ ამას ფრაგმენტულად მოაქვს შედეგი და როგორც რესურსს, სახელმწიფო არ იყენებს. დანარჩენი სეგმენტები, რაც ამ გეგმაში იყო გათვალისწინებული, პრაქტიკულად, არ მუშაობს და, ძირითადად, ერთმანეთთან „პოლიტიკანობით“ ვართ დაკავებულნი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კი ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ სუსტია.

ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თემა და ესაა ერთადერთი ქმედითი საკითხი. სამი წლის განმავლობაში, აფხაზეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებით, ძალიან ინტენსიუსი შეხვედრები გვქონდა აფხაზ კოლეგებთან და, სხვათა შორის, მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს მთელმა აფხაზეთმა იცის, რა მდგომარეობაშია აფხაზეთის ენერგოსისტემა, რომელიც კოლაფსის წინაშე დგას. ისიც იციან, რომ თუ არ შეიცვალა მდგომარეობა და ის შეთანხმება, რომლითაც ქართული მხარე ენგურის პოტენციალის 60%-ს, ხოლო აფხაზური მხარე - 40%-ს იყენებდა, არ ამოქმედდა, რადგან სინამდვილეში, ისინი 80%-ს იყენებენ... ახლა დგება მომენტი, რომ ასე ვეღარ მოიქცევიან!

ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზური საზოგადოების ინფორმირება, თუ რა მდგომარეობაშია იქაური ენერგოსისტემა. ე.წ. მაინინგის, მოძველებული აპარატურისა და სადენების გამო, დენის 30%-ს კარგავენ. ამ დანაკარგის გამოა, რომ გალიდან მოყოლებული, ვიდრე გაგრამდე, ძაბვის ისეთი ცვალებადობაა, რომ ტელეფონს სადენში ვერ ჩართავ. აფხაზური საზოგადოების ბნელი ნაწილისთვის ეს იყო ქართული დივერსიის შედეგი, თუმცა როგორც იქნა, იქაურ პრესასა და საზოგადოებასთან მუშაობით მივაღწიეთ და აფხაზური საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რა მდგომარეობაა რეალურად.

აფხაზეთის საზოგადოება აგრესიულად არ არის განწყობილი ქართული მხარის მიმართ, ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან იციან, რომ ეს მათი ბრალია. დღეს რომ „მაინერებზე“ წერენ გაუთავებლად, ესეც ჩვენი დამსახურებაა. აფხაზური მხარე ხვდება, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ენგურის საკითხი, რომ ძველი შეთანხმება, რაც 60/40-ს გულისხმობდა, ამოქმედდეს. ეს იყო შვეიცარიელების მიერ დაფინანსებული პროგრამა და ჩართული გვყავდა რუსი ენერგეტიკოსები, რომლებიც მარტივად უხსნიდნენ აფხაზებს, როგორ იღუპებიან ამ ენერგოთავხედობის გამო და გადაუხდელობის გამო, რამ ოდენობის ვალი ედებათ რუსეთის მიმართ.

ყველაფერ ამით, იმის თქმა მინდა, რომ ეს საკითხიც რესურსი იყო და ვფიქრობ, უამრავი რესურსი არსებობს, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით, რომელზეც შეიძლება, ხელისუფლებამ შესაბამისი პოლიტიკა ააგოს და თუ მკითხავთ, რა ხდებაო, გიპასუხებთ, რომ არაფერი.