არის თუ არა საქართველოში წიწიბურას დეფიციტი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაძვირდება თუ არა იმპორტირებული ხორბალი - ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

რუსეთის მთავრობამ წიწიბურას ექსპორტი აკრძალა. მიზეზი ისაა, რომ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატეს და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალეს. მთავრობის განკარგულების თანახმად, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან აიკრძალება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. ამავე განკარგულებით, გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებენ, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია. 2021 წლის იანვარ-მარტში, 2020 წელთან შედარებით, რუსეთში წიწიბურა 39%-ით გაძვირდა, რის გამოც 1 ტონა 571.2 დოლარი ღირს. მართალია, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 5 ივნისიდან უნდა აიკრძალოს, მაგრამ საქართველოში ეს პროდუქტი მყისიერად უკვე გაძვირდა. არადა, წიწიბურა სასურსათო კალათის ის ძირითადი პროდუქტია ხორბალთან, შაქართან, ზეთთან, მაკარონთან... ერთად, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეტიც, შარშან, პანდემიის პირველ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასურსათო კალათის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის პროდუქტები დაასუბსიდირა, რომლებიც იმპორტის სახით შემოგვაქვს.

საინტერესოა, გეგმავს თუ არა სახელმწიფო წიწიბურას სუბსიდირებასაც, მით უფრო ახლა, როდესაც მზესუმზირის რაფინირებული ზეთი კატასტროფულად გაძვირდა. სწორედ ამ საკითხების გასარკვევად, „ვერსია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილს დაუკავშირდა.

 

- ბატონო გელა, რუსეთი წიწიბურას ექსპორტს კრძალავს, რის გამოც ეს პროდუქტი საქართველოში უკვე გაძვირდა. პანდემიის გათვალისწინებით, აპირებს თუ არა სახელმწიფო, რომ შარშანდელის მსგავსად, დროებით მაინც, წიწიბურა დაასუბსიდიროს?

- საქართველო მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, სადაც პანდემიური სიტუაციაა და ეს ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ცვლილებას, ვარდნას, მატებას, კლებას იწვევს. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი ვართ და ცხადია, ჩვენს ქვეყანაზეც ახდენს გავლენას. ის, რაც გასულ წელს, პანდემიის დროს განვახორციელეთ, ძირითადი კონტროლი გახლდათ სახელმწიფოს მხრიდან, რომ აჟიოტაჟის გამო, ბაზარზე ამა თუ პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილიყო. როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ ამას წარმატებით გაართვა თავი. 

წიწიბურასთან დაკავშირებით, პირველივე ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ორ საკითხს გავუსვით ხაზი და ვთქვით: პირველი - იმპორტიორებმა და საქართველოს მთავრობამ ვიცოდით, რომ სხვადასხვა სახის მსჯელობები იმართებოდა რუსეთში, წიწიბურას ექსპორტის აკრძალვაზე და ეს ინფორმაცია დაფარული არ ყოფილა, ამიტომ იმპორტიორებმა შესაბამისი მარაგები შემოიტანეს. ამასთან, რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებაზეც მუშაობდნენ და ეს მუდმივი პროცესია. შარშანაც მოხდა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც რუსული წიწიბურა, იმპორტიორებმა ჩინურით ჩაანაცვლეს; მეორე - ესაა ემოციური ფაქტორი. პირველივე დღეს გამოვედი და ვუთხარი საქართველოს მოსახლეობას, რომ წიწიბურას მარაგები არის, იმპორტი გადაეწყობა ახალ ბაზრებზე და შედეგად, ახალი საფასო პოლიტიკა გვექნება, რასაც განსაზღვრავენ იმპორტიორები და სავაჭრო ქსელი. კარგად იცით, რომ ფასებს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს და არა - სახელმწიფო.

ამდენად, კარგად მესმის, რომ თუ ზედმეტი აჟიოტაჟი შეიქმნება, შესაძლოა, ამას ფასების გარკვეული კორექტირება მოჰყვეს. წიწიბურასთან დაკავშირებით, იმპორტიორებმაც განაცხადეს, რომ მარაგები არის. ამასთან, დაადასტურეს, რომ  მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებთან და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ის არის, რომ ბაზარი რეალურად თავისუფალია. ძალიან ბევრი იმპორტიორია, რომლებსაც ხელეწიფებათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის, წიწიბურა.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ წიწიბურას ექსპორტი რუსეთს გუშინ და დღეს არ აუკრძალავს, ოფიციალური განაცხადის მიხედვით, ამ პროდუქტის ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან უნდა აიკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ აკრძალვამდე, რუსეთიდანაც თავისუფალ რეჟიმში იყიდება წიწიბურა და შესაბამისად, იმპორტიორებს საშუალება აქვთ, მარაგები წამოიღონ. ამასთან, წიწიბურას ახალ მოსავლამდე, რამდენიმე თვე დარჩა - ახალი მოსავალი კი, ახალ საფასო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს. ამდენად, ამ ეტაპზე, მარაგებთან დაკავშირებით, შიში არ გვაქვს, ეს პროდუქტი ბაზარზე იქნება და საფასო პოლიტიკაც იმის მიხედვით ჩამოყალიბდება, მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან შემოიტანენ იმპორტიორები წიწიბურას, როგორი იქნება მისი სასტარტო ფასი და ლოგისტიკური ხარჯები.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ პროდუქციას და მათ შორის ზეთს, პანდემიამ მძიმე დაღი დაასვა - ეს პროდუქტები გაძვირდა, მაგრამ არსებობს ცალკეული სახის პროდუქცია, რომელიც ბევრად იაფია. მაგალითად, ქართველი ფერმერები წუხილით აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ბაზარზე ძალიან იაფია, ამ შემთხვევაში, კარტოფილს, კომბოსტოსა და ზოგადად, ბოსტნეულს ვგულისხმობ. გასულ წელთან შედარებით, ეს პროდუქტები მკვეთრად გაიაფებულია, რაც გარკვეულწილად, მომხმარებელს დაეხმარება, რომ ზოგადად, თავის კალათში, გაძვირებული იმპორტირებული პროდუქცია, გაიაფებული ადგულობრივი პროდუქციით დააბალანსოს.

- ალტერნატიული ბაზრები ახსენეთ და ბრძანეთ, რომ შარშან, იმპორტორებმა წიწიბურა ჩინეთიდან შემოიტანეს. თუ გაქვთ ინფორმაცია, ჩინეთის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობენ შემომტანები?

- ვინ რომელ ქვეყანასთან მუშაობს, ამის თქმა გაგვიჭირდება, მაგრამ ზოგადად, წიწიბურა აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის კულტურაა. შესაბამისად, ეს ქვეყნები არიან ძირითადი მწარმოებლები და ბუნებრივია, იმპორტიორები, სწორედ ამ ქვეყნებთან დაამყარებდნენ კავშირს. ამასთან, წიწიბურას მწარმოებელია უკრაინაც. თუმცა, ბიზნესი თავისუფალია, სახელმწიფო არ ერევა, რომელი ბიზნესოპერატორი, რომელი ქვეყნიდან განახორციელებს იმპორტს. სხვათა შორის, იმპორტიორებმა განაცხადეს, რომ წიწიბურას ექსპორტის აკრძალვამდე, რუსეთთან მუშაობას და იქიდან ამ პროდუქტის შემოტანას გააგრძელებენ, მაგრამ პარალელურად, სხვა, ალტერნატიულ ბაზრებზეც გადაერთვებიან. ამასთან, წიწიბურას ახალი მოსავლის პროგნოზიც საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, საფასო პოლიტიკაც შეიცვლება.

ზოგადად, ადამიანები ემოციურები ვართ და ამის გამო, ხშირად, ხელოვნური აჟიოტაჟი იქმნება. შესაბამისად, თუ წიწიბურასთან დაკავშირებით, ხელოვნური აჟიოტაჟი არ შეიქმნება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ბაზარზე გაუთვალისწინებელი რამ მოხდება. წიწიბურას მოხმარება თვეში 300 ტონის ფარგლებშია და ეს მარაგები მუდმივად ივსება - არის კონტრაქტები, შემოდის პროდუქცია ანუ მარაგი საწყობშიცაა და სავაჭრო ქსელშიც.

- ბატონო გელა, სამომხმარებლო კალათში არსებული, სხვა იმპორტირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტიც ხომ არ გაძვირდება?

- ამასთან დაკავშირებით, ერთადერთი ინფორმაცია ისევ რუსეთიდან გვაქვს, ვგულისხმობ ხორბლის იმპორტს. თქვენ იცით, რომ რუსეთმა შემოიღო საექსპორტო გადასახადი. წიწიბურაც, ხორბალიც და ბევრი სხვა კულტურაც რუსეთიდან შემოდის იმის გამო, რომ მათი ლოგისტიკა - მარტივი, ფასები კი დაბალია. თუმცა თუ რუსეთი სხვადასხვა შეზღუდვებს დააწესებს საკუთარი ექსპორტიორებისთვის, რის გამოც პროდუქცია მკვეთრად გაძვირდება, ამ შემთხვევაში, ალტერნატიულ ბაზრებზე დავიწყებთ ზრუნვას. ეს ეხება ხორბალსაც ანუ თუ რუსეთი იგივე პოლიტიკას გააგრძელებს და ამ პროდუქტის ფასი იმაზე ძვირი აღმოჩნდება, ვიდრე ალტერნატიულ ბაზრებზეა, ბუნებრივია, ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთვებიან.

- კონკრეტულად, რომელ ბაზრებს გულისხმობთ?

- ხორბლის შემთხვევაში, ალტერნატიული ბაზრებია ევროპული ქვეყნები: საფრანგეთი, რუმინეთი. გარდა ამისა, შეიძლება იყოს აშშ და კანადა. დღეს ფასთა სხვაობა, რითაც რუსული ხორბალი უფრო იაფად შემოდის საქართველოს ბაზარზე, დაკომპენსირდა საექსპორტო გადასახადით და იმაზე უფრო მეტად გააძვირა, ვიდრე დავუშვათ, კანადაში ნაყიდი ხორბალი ჩამოვა საქართველოში, ბიზნესი კანადაზე გადაერთვება. მარტივად რომ აგიხსნათ, თუ კანადაში იმაზე უფრო იაფი იქნება ხორბალი, ვიდრე რუსეთშია, ცხადია, ბიზნესი კანადურს იყიდის.

გიმეორებთ, საქართველო ღია, თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის ქვეყანაა, სადაც თავისუფალი ვაჭრობაა. ხელშემწყობი პირობებია ექსპორტიორებისთვის, მაგრამ არც იმპორტიორებს აქვთ ბარიერები, ამიტომ ქართველი იმპორტიორები თამამად ვაჭრობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, ეძებენ სწორ, ალტერნატიულ და ეფექტურ გზებს. დღემდე, სწორედ იმის გამო, რომ ბიზნესი თავისუფალია, პრობლემები არ ყოფილა და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.