Menu

დავით ლომიტაშვილი: „სანამ მუხტები არ შეთანხმდება, კირქვის საბადოზე აფეთქებები არ უნდა დაიწყოს!“

რა შემთხვევაში შეექმნება საფრთხე სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა მოთხოვნებს აყენებს ძეგლთა დაცვის სააგენტო
,,ვერსია'' განაგრძობს გამოძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში კირქვის საბადოსთან დაკავშირებით. გამოძიების მორიგი სტატია, დაპირებისამებრ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეძღვნება. პრინციპში, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი გამოძიების ინსპირაციად შეიძლება ჩაითვალოს _ სენაკში გამგზავრება და ვითარების ადგილზე შესწავლა სწორედ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ინტერნეტსივრცეში მოძრაობა ,,სამეგრელოს'' ხელმძღვანელის, ზურაბ კვარაცხელიას მიმართვას წავაწყდით. ოფიციალური მიმართვის ადრესატი კულტურის მინისტრი იყო. ზურაბ კვარაცხელია მინისტრს საკითხის სრულყოფილად შესწავლამდე, საბადოზე სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ამტკიცებდა, რომ აქ ,,ჩოჩელ-ჩინური'' პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემა ისეთ უნიკალურ ძეგლსაც კი შეექმნას, როგორიც ნოქალაქევია. ,,ვერსიის'' დღევანდელ სტატიაში ამოიკითხავთ, რა არგუმენტები აქვს ზურაბ კვარაცხელიას, რა არტეფაქტებს პოულობენ საბადოს სიახლოვეს ადგილობრივები და რა პოზიცია აქვს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც თავის დროზე, ,,ჩოჩელის საბადოს'' სიახლოვეს ,,გადელიას საბადო'' დაალუქინა?
ზოგადად, სამეგრელო და კონკრეტულად, სენაკის მუნიციპალიტეტი ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია. იმის გასარკვევად, რომელი მათგანი ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით, საიდანაც საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალი გამოგვიგზავნეს. ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება #3/133-ის საფუძველზე, დანართში ჩამოთვლილი ობიექტები უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი და ენიჭება კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. ბრძანება, რომელსაც კულტურის მაშინდელი მინისტრი გიორგი გაბაშვილი აწერს ხელს, გამოქვეყნებისთანავე ანუ 2006 წლის 30 მარტიდანვე ამოქმედდა.
148-გვერდიან დანართში, სხვა მუნიციპალიტეტების ძეგლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის შემდეგი ძეგლებია შესული:
1. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ქალაქი სენაკი, ქუთაისის ქუჩა (XIX საუკუნე);
2. ეკლესია ,,ჯგიმარიონი'', სოფელ ბეთლემში (შუა საუკუნეები);
3. კოშკი, სოფელი ბეთლემი (შუა საუკუნეები);
4. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სოფელი გეჯეთი (შუა საუკუნეები);
5. ეკლესია, სოფელი ეკი (XII საუკუნე);
6. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, სოფელი თეკლათი (შუა საუკუნეები);
7. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სოფელი ლეძეძამე (გვიანი შუა საუკუნეები);
8. ეკლესია, სოფელი ნოსირი (შუა საუკუნეები);
9. აბანო, სოფელი ნოსირი (შუა საუკუნეები);
10. ნოქალაქევის ნოქალაქარი, სოფელი ნოქალაქები (ზედა ციხე (ძველი საუკუნეები), ქვედა ციხე (ძველი საუკუნეები), ეკლესია გუმბათიანი (V საუკუნე), სამრეკლო (გვიანი შუა საუკუნეები), ეკლესია (შუა საუკუნეები), სხვა ნაგებობანი (შუა საუკუნეები);
11. კოშკი, სოფელი საგუგუნავო (შუა საუკუნეები);
12. ეკლესია ,,ჯგიმარიონი'', სოფელი ფოცხო (XIX საუკუნე);
13. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი შუა ნოსირი (შუა საუკუნეები);
14. შხეფის ციხის კომპლექსი, სოფელი ძველი სენაკი (შუა საუკუნეები);
15. გუმბათიანი ეკლესია, სოფელი ძველი სენაკი (XIX საუკუნე);
16. ციხე-დარბაზი, სოფელი ძველი სენაკი (შუა საუკუნეები);
17. კოშკი, სოფელი ძველი სენაკი (შუა საუკუნეები);
18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ძველი სენაკი (XIX საუკუნე);
19. მაცხოვრის ეკლესია, ხორშის თემი (XII-XIV საუკუნეები);
20. მთავარანგელოზის ეკლესია, ხორშის თემი (გვიანი შუა საუკუნეები).
ამ 20 ძეგლს, მოგვიანებით, 2015 წლის 30 სექტემბერს, #21265 ბრძანებით, კიდევ ერთი ობიექტი დაემატა _ ბეთლემის აბანო, სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბეთლემი.
ეს ე.წ. სტატუსიანი ძეგლების ჩამონათვალია, მაგრამ სენაკში ბევრი ისეთი ძეგლია, რომლებსაც სტატუსი მინიჭებული არ აქვს, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ასეთია, მაგალითად, სორტის ციხე. სხვათა შორის, ეს ციხე, ,,ჩოჩელის საბადოსთან'' არასრულ 1 კილომეტრშია; საბადოსთან ასევე ყველაზე ახლოსაა კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლები, როგორიცაა შხეფის ციხე, კოტიანეთის ციხე და ნოქალაქევი. ამ ფონზე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მოძრაობა ,,სამეგრელოს'' ხელმძღვანელმა, ზურაბ კვარაცხელიამ განგაშის ზარს შემოჰკრა, საკითხის შესწავლა მოითხოვა, კულტურის მინისტრს მიმართვაც გაუგზავნა და ნოქალაქევის შესაძლო დაზიანებაზეც ისაუბრა.
ზურაბ კვარაცხელიას პოზიცია მაშინ ბევრმა ფანტაზიის ნაყოფად აღიქვა. არგუმენტი ძირითადად ასეთი იყო _ ნოქალაქევი ჩოჩელის კარიერიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებითაა და შესაბამისად, ძეგლს კარიერის გახსნა ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნისო; მაშინ ბევრმა ყურადაც არ იღო, რომ არსებობდა ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ეკის მთა, ფაქტობრივად, ტბაზე დგას და მასზე კირქვის მოპოვებითი აფეთქებების დაწყება მთელ სენაკს და ზოგადად, კოლხეთის დაბლობსაც კი შეუქმნიდა საფრთხეს. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ტაშკენტის ლაბორატორიის პროგნოზი ასრულდა, საკმაოდ საშიშ სურათს მივიღებთ _ სენაკი იტბორება და მღვიმეებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვინღა დარდობს, ,,საუკუნის პროექტს'' მოსახლეობა ეწირება. მოვლენების ამგვარ განვითარებას თანამედროვე ექსპერტები, სპელეოლოგები, მეცნიერებიც არ გამორიცხავენ, მაგრამ ვინმემ საკითხის გაზვიადებასა და ბუზის სპილოდ გადაქცევაში რომ არ დაგვდოს ბრალი, შედარებით მსუბუქ შედეგებზე მოგახსენებთ. ,,ვერსია'' ზურაბ კვარაცხელიასთან იმის გარკვევას შეეცადა, რატომ ფიქრობს ,,სამეგრელოს'' ხელმძღვანელი, რომ კონკრეტულ ძეგლებს საფრთხე ემუქრება.
_ ბატონო ზურაბ, რატომ ვარაუდობთ, რომ სენაკში კირქვის საბადოს ამოქმედება და ნოსირში ცემენტის ქარხნის აშენება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და, კონკრეტულად, ნოქალაქევს საფრთხეს შეუქმნის?
_ უწინარესად, გულწრფელად მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონ მაია ფურცელაძეს და მთელ სარედაქციო ჯგუფს. გთხოვთ, ეს აუცილებლად დაბეჭდეთ! გმირობის ტოლფასია ის, რასაც თქვენი საგამოძიებო ბიურო აკეთებს! ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ერთეული ადამიანების გარდა არავის აინტერესებს საქვეყნო პრობლემები! სამწუხაროდ, ვინც ამ პრობლემებზე ღიად საუბრობს, მათი უმეტესობაც კი მეტწილად მხოლოდ სპეკულირებს თემატიკით! რაც შეეხება კითხვას, უქმნის თუ არა საფრთხეს კირქვის კარიერი და ცემენტის ქარხანა კულტურის ძეგლებს და გარემოს, ეკოლოგიას... ცხადია, არ ვარ ამ საკითხში იმდენად კომპეტენტური, ცალსახად განვაცხადო მოსალოდნელი კატასტროფის გარდაუვალობის შესახებ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მეცნიერთა მოსაზრებებს და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ან წლებში ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნას, გამოდის, საშიშროება რეალურია!
სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით... ბოლოს და ბოლოს აქ არის ნოქალაქევის (ციხე-გოჯის, არქეოპოლისის) უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიურ-ისტორიული კომპლექსი!.. ასე რომ, კეთილი ინებონ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრომაც და გამოამზეურონ ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა! სამუშაო ადგილები კარგია, მეტიც, ის აუცილებელია, უაღრესად შეჭირვებულმა მოსახლეობამ რომ შვებით ამოისუნთქოს, მაგრამ არა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაზიანება-განადგურების ხარჯზე... აუცილებელიც არის, შესაძლებელიც არის და მოვალენიც არიან, ხელისუფლება-მთავრობამ, მეწარმეებმა, ყველამ, ვისაც ეს ეხება _ მოსახლეობის დასასაქმებლად ალტერნატიული საშუალებები მოიძიონ... ბოლოს და ბოლოს ჩოჩელის, ჩინელების და ხარბი ჩინოვნიკების ინტერესებს არ უნდა შეეწიროს ჩვენი სამშობლოს ინტერესები!..
_ რაიმე რეაგირება თუ მოჰყვა თქვენ მიმართვას და პასუხი თუ მიიღეთ კულტურის სამინისტროსგან?
_ სანამ კულტურის სამინისტროს მივმართავდი ღია წერილით, ერთობლივად მივმართე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს... შევეცადე მათთვის მეცნობებინა საფრთხის შესახებ. ვწერდი მათ, ,,ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, რომ ზემოთქმულის თაობაზე მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებრიობას და გახადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე ეს საკითხი... ვფიქრობთ, აუცილებელია, საჯაროდ იქნას ეს თემა შესწავლილი და განხილული. მანამდე კი მოგიწოდებთ, იზრუნოთ იმაზე, რათა ნოქალაქევის (არქეოპოლისის) სიახლოვეს მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულ-იქნას''... ჩემი ღია მიმართვის ტექსტი დავდე ხსენებული უწყებების საიტებზე, მაგრამ, როგორც იტყვიან ,,შეაყარე კედელს ცერცვი''... სხვათა შორის, ამჟამად მოკლებული ვარ სენაკის გამგეობისა და საკრებულოს საიტებზე წვდომის შესა
ლებლობას, როგორც ჩანს, დაბლოკილი ვყავარ... კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან კი მაცნობეს, რომ თურმე ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუმისამართეს ჩემი მიმართვა და რომ რეკომენდაციას აძლევდნენ, მას შეესწავლა მდგომარეობა... თავის მხრივ, სააგენტომ აი, რა შემატყობინა: თითქოს ადგილზე მიავლინეს ექსპერტი, რომელმაც გაარკვია, რომ არანაირი საშიშროება სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას არ ემუქრებოდა... სიმართლე გითხრათ, ამ სტრუქტურებისგან მაინცდამაინც სხვა რამეს არც ველოდი, მაგრამ, არ დაგიმალავთ და, მქონდა ადეკვატური რეაქციის დიდი მოლოდინი საზოგადოებრიობისგან... ველოდი, რომ სენაკის, რეგიონის, ზოგადად საქართველოს საზოგადოებრიობა გამოიჩენდა მეტ ყურადღებას, გააცნობიერებდა მდგომარეობის სერიოზულობას და განგაშის ზარებსაც დაარისხებდა!.. უნდა ვაღიარო _ მწარედ შევცდი!.. არ მინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ არ დამიკლია ძალისხმევა საკითხის აქტუალიზებისათვის! ადამიანებმა, როგორც ჩანს, ამჯობინეს, ზედმეტად თავი არ შეეწუხებინათ, რომ ამის გამო თვითონ არ შექმნოდათ რამე დისკომფორტი და უკაცრავად, მაგრამ ფეხზე დაიკიდეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაც და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფაც! სიმართლეა ისიც, რომ ზოგს უბრალოდ სხვისი ხელით სურს, ნარ-ეკალი მოგლიჯოს, თვითონ კი სულმდაბლურად შორიდან და ჩუმად უცქიროს სეირს... თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც თავის დროზე შემატყობინეს არსებული ვითარების შესახებ, დაბეჯითებით მთხოვეს, მათი სახელ-გვარი არ გამესაჯაროებინა და მათი ოჯახის წევრ-ნათესავებისათვის ხიფათი არ შემექმნა... ეს არის შიშის სინდრომი! ეს არის საშინელება! ეს არის ჩემი ხალხის ტრაგედია! ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, როგორ რეალობასთან გვაქვს საქმე!.. მაქვს პირადი კონტაქტები უამრავ ადამიანთან... მათი უმეტესობა თითქოს შეწუხებულია, მაგრამ რა ვუყოთ რეალობას, როცა ვხედავ, რომ პრობლემის გარშემო ამავე ადამიანების საზოგადოებრივი აქტივობა არის ნულის ან თითქმის ნულის ტოლი... ადამიანებს არ სურთ პიროვნული დისკომფორტი... ცხადია, ეს მეტწილად, ყოფითი პრობლემებითაც არის გამოწვეული.... სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა კი კომფორმიზმის სინდრომით არის დაავადებული! პირდაპირ ვიტყვი: ამ დაავადების სიმპტომებს აშკარად ვამჩნევ სახელისუფლებო რგოლებში დასაქმებულ ჩემს პირად მეგობრებსაც! ახლა, შესაძლოა, ეს ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ასეთებს ვურჩევ, წაჩხურის ცივი წყალი მიირთვან, გაგრილდნენ და იქნებ რამე ეშველოთ კიდეც!.. თუმცა, ბოლო ერთი თვეა არ ვიმყოფები რეგიონში და ჩემამდე მოდის ხმები, რომ იქ საპროტესტო განწყობა ნელა, მაგრამ მაინც ღვივდება, მოსახლეობის ნაწილი უკვე თანდათანობით აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს, სენაკისა და არამხოლოდ სენაკის მოსახლეობის წარმომადგენლები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ სამთავრობო კომისიის შექმნას, ამ კომისიაში უნდა იყვნენ კომპეტენტური და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია _ წესიერი, პატრიოტი ადამიანები, რომ მანამ, სანამ არ დაიდება ამ კომისიის შესაბამისი დასკვნა, შეჩერებულ იქნას სენაკის მუნიციპალიტეტში კირქვის კარიერის მოწყობა და ცემენტის ქარხნის მშენებლობა! ეს მაიმედებს და მიმაჩნია, რომ მოთხოვნაც სწორი და სამართლიანია! ერთი სიტყვით, გარკვეული სასიკეთო ტენდენცია, მოსახლეობის გამოფხიზლების თვალსაზრისით, უკვე შესამჩნევია.... იმედი მაქვს, საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება ის საჭირო მუხტი, რომელიც ბოლოს და ბოლოს აიძულებს სათანადო სტრუქტურებს, არ დაუშვან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და საერთოდ, გარემოს მიმართ გამანადგურებელი დამოკიდებულება! ხელისუფლება-მთავრობა ვალდებულია, ამგვარად მოიქცეს! ჩვენ არ გვაქვს ჩოჩელის, არც ჩინელების და არც უსულგულო ხელისუფალთა იავარსაყოფი მიწა-წყალი არც სენაკის მუნიციპალიტეტში, არც სამეგრელოში და არც დანარჩენ საქართველოში! ეს უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს თითოეულმა ადამიანმა, რამეთუ წარსული, აწმყო და მომავალი სწორედ ამას გვავალდებულებს ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობების დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ კოლხ-იბერს, ქართველს!..
_ თქვენი ორგანიზაცია რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი არ შეიქმნა სამთავრობო კომისია და ადგილზე სამუშაოები გაგრძელდა?
_ რასაკვირველია არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გააგრძელონ მაოხრებელი საქმიანობა სენაკის მუნიციპალიტეტში... ჩვენს სამშობლოში ჯანსაღი აზრი არცთუ იშვიათად ხომ იგნორირებულია, ამის უამრავი მაგალითი ხომ არსებობს და ამის თაობაზე თქვენს გაზეთშიც არაერთი და ორი სტატია დაიბეჭდა... ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოებრივი აქტივობის გაძლიერება... თუ როგორი და რა სახის იქნება ეს აქტივობა _ ამჟამად ამის დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმას ნამდვილად არ დავმალავ, რომ ის იქნება სიტუაციიდან გამომდინარე და სრულად ადეკვატური... ამ დღეებში კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ მივმართე სენაკელებს... იმედი მაქვს სენაკის და არამხოლოდ სენაკის ინტელიგენცია, პატრიოტულად განწყობილი საზოგადოებრიობა გამოავლენს შესაბამის ძალისხმევას, რათა იხსნას ციხე-გოჯიც და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანარჩენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც _ ჩოჩელის და ჩინელების სამარცხვინო ალყისაგან... იმედი მაქვს, რომ თხემით ტერფამდე პატრიოტი ადამიანები ანუ ისეთები, როგორიცაა მაგალითად სენაკის მკვიდრი ცნობილი მწერალი და ჩემი უფროსი მეგობარი ბორის დავითაია _ ყველაფერს იღონებენ ამისათვის!
,,სამეგრელოს'' ხელმძღვანელი მოითხოვს, დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამას კი, წესით, ყველაზე უკეთ, საქართველოს კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის განცხადებით, კულტურის ძეგლის მემკვიდრეობის დაცვაზე არსებული კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და დახვეწა სჭირდება: ,,საქართველოს კანონმდებლობით, ძეგლიდან რაიმე შეზღუდვა, ერთი კილომეტრის იქით არ არსებობს, ის ერთი კილომეტრიც არის იუნესკოს დაცვის ზონა. ,,კანონმდებლობაში წერია, რომ ძეგლის ცენტრიდან 50 ან მაქსიმუმ 100 მეტრი რადიუსში იკრძალება სამუშაოების ჩატარება. სხვა არავითარი დამცავი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი, ასეთი ქარხნის მშენებლობის დროს, ინვესტორებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კულტურის სამინისტროსა და შესაბამისი არქეოლოგიური დასკვნა, რომ იქ სხვა რაიმე არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არ არის''.
რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს, კანონით, მათ გარშემო, 500-მეტრიანი რადიუსი უნდა იყოს დაცული. ეს 500-მეტრიანი რადიუსი, ჩოჩელის საბადოდან სორტისა და კოტიანეთის ციხეებამდე დაცულია. მაგრამ ჯერჯერობით _ სანამ ინვესტორი კარიერის გაფართოების აუცილებლობის წინაშე არ დგას. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს როდია _ კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, კანონი მართლაც გადასახდელია, რადგან ისეთ ვითარებაში, როგორიც კოტიანეთშია, 500-მეტრიანმა რადიუსმა ძეგლის დაცვა შესაძლოა ვერ უზრუნველყოს _ აფეთქებითმა სამუშაოებმა შესაძლოა ისეთი ვიბრაცია გამოიწვიოს, ბიძგებმა საფრთხე 4 კილომეტრში მდებარე ნოქალაქევსაც კი შეუქმნას!
ამას კარგად აცნობიერებენ ადგილობრივები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერც იურიდიულ ლაბირინთებში ერკვევიან ზუსტად და ვერც კირქვა-ცემენტის წარმოებაში. ,,ვერსია'' კიდევ ერთხელ შეეცადა იმის გადამოწმებას, დღეს რა პოზიცია აქვთ ადგილობრივებს. როგორც ჩანს, ზურაბ კვარაცხელიას სწორი ინფორმაცია მიაწოდეს _ საპროტესტო მუხტი მართლად გაზრდილია და სენაკის მუნიციპალიტეტში, სამთავრობო კომისიის შექმნის, მანამდე კი, საბადოზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, ხელმოწერები უკვე შეგროვებულია.
ადგილობრივების მტკიცებით, ხელმომწერთა რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია. ხელმომწერთა რიცხვში კი, ადგილობრივი პაატა მაჭავარიანიცაა, რომელიც ,,ვერსიას'' დაუკავშირდა. ბატონი პაატა გამოგვიტყდა, რომ კოტიანეთში, სამივე გორაკზე, მათ შორის იმაზეც, რომელზეც ჩოჩელის საბადოა, არაერთი არტეფაქტი აქვს ნაპოვნი და მათ სახლში ინახავს. პაატა მაჭავარიანი: ,,კოტიანეთში ვცხოვრობ. ჩოჩელის საბადო რომაა, იმ გორაკიდან დაახლოებით 1 კილომეტრში. ძირითადად მეფუტკრეობას ვეწევი. ერთხელ, შეშის მოპოვებისას თიხის ნამტვრევებს წავაწყდი. ძებნა დავიწყე და ერთ მტკაველზე, საკმაოდ ბევრი მოვაგროვე. წერაქვს რომ დაარტყამ, თიხა ამოდის. კოშკის ნანგრევებსაც მივაგენი. მაშინვე შევატყობინე ნოქალაქევში მუზეუმის თანამშრომლებს. პროფესორი ლომიტაშვილი ჩამოვიდა. ქრისტესშობამდელი ციხის ნანგრევებია აქ. მითხრა ბატონმა დათომ, ის ადგილი მანახე, სადაც ეს ნატეხები იპოვეო. წავიყვანე. აღმოჩნდა, რომ თითქმის ჰომეროსის ეპოქის ციხის ნანგრევებია. კერამიკა კი სინოტურია. ბევრი ნატეხი აღმოვაჩინე. ლომიტაშვილმა მითხრა მუზეუმს გადაეციო, მაგრამ არ გავატანე _ არავის ვენდობი. არც არქეოლოგი ვარ, არც გეოლოგი, არც შეგნებულად ვაწარმოებ რაიმე გათხრებს. ამ ნატეხებს შეშის მოგროვებისას გადავაწყდი. დღეს კი, შეიძლება ითქვას, სახლში მიკრომუზეუმი მაქვს''.
პაატა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ, რადგან კოტიანეთის გორაკებზე თიხის ნატეხებს პოულობენ, თანაც სპეციალური არქეოლოგიური გათხრების გარეშე, ეს ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით შეუსწავლელია და არავინ იცის, ისტოროულ-კულტურული მნიშვნელობის რა არტეფაქტს ინახავს კოტიანეთი. ეს კი, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, ადგილობრივები სოფელში კირქვის მოპოვების დაწყებას ეწინააღმდეგებიან.
იმის გასარკვევად, რა პოზიცია აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და რა შემთხვევაში შეექმნება საფრთხე სენაკში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ,,ვერსია'' სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პროფესორ დავით ლომიტაშვილს დაუკავშირდა:
_ ზოგადად, სამეგრელო მესამეულ ცარცულის პლატფორმაზეა განაშენიანებული. პლატოზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ღირებული, მაღალი სამრეწველო პოტენციალის მქონე კირქვის საბადოებია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ გაჩნდა სურვილი, აქ კირქვა მოიპოვონ. მთავარია, ეს რაღაცის საზიანოდ არ გაკეთდეს. ნოქალაქევის კონცხიდან, პირდაპირი ხაზით, დაახლოებით 3,5-4 კილომეტრში კოტიანეთის ციხეა. აქ კომუნისტების დროს საკირე მუშაობა მიმდინარეობდა და კონცხს მთელი გვერდი ჩამოაცალეს. სამუშაოები ნოქალაქევის ექსპედიციამ გავაჩერებინეთ.
_ ეს ის კონცხია, სადაც გადელიას კარიერი იყო... კონკრეტულად რა მიზეზით დაილუქა კარიერი?
_ არა, ეს ის კარიერი არ არის. ამ კონცხს რომ გაცდებით, სანამ ძველი სენაკის გზას დაადგებით, კიდევ ერთი კონცხია. სწორედ ეს იყო ბატონი დემურ გადელიას კარიერი. ამ კონცხზე სორტის ციხეა. ნოქალაქევიდან სორტამდე, პირდაპირი ხაზით, 6,5-7 კილომეტრია. დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბატონი დემურ გადელია ამ კარიერზე სამუშაოებს იწყებდა. მაშინვე ჩავედით ადგილზე. სენაკის კულტურის სამსახურის უფროსის წავიმძღვარეთ და ავედით სორტის ციხეზე. მაშინ იქ ექსკავატორებით მუშაობდნენ.
_ ეს ციხე რომელი საუკუნისაა, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით?
_ სორტის ციხე კოტიანეთიდან 500 მეტრის რადიუსს სცდება. მას ეროვნული კატეგორია არ აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო ძეგლია _ აქ ელინისტური ხანის კერამიკა, სინოპური ამფორის ნატეხებია აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ადრეულ პერიოდში, ამ ციხის აშენებამდე 6 საუკუნით ადრე, აქ სავაჭრო გზა გადიოდა, რაც ციხის მნიშვნელობას ერთი ათად ზრდის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით, ვთქვი, რომ აქ სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი დემურ გადელია ღირსეული მოქალაქის სიმაღლეზე აღმოჩნდა _ ყველას თანდასწრებით თქვა, არც კარიერია ჩემთვის ძალიან საინტერესო, არც კირქვის ის რაოდენობაა აქ, რაც მე მჭირდებაო და კარიერიდან გავიდა.
_ გადელია გავიდა თუ, როგორც კულუარებში ამბობენ, ახლომდებარე კარიერს დაადგა თვალი, ჩოჩელთან ერთად?
_ არა, ბატონმა დემურმა მაშინვე გააჩერა სამუშაოები. კაცური სიტყვა თქვა და დღემდე ასრულებს. ჩემი აზრით, ჭორია, თითქოს ბატონ ჩოჩელთან აქვს კავშირი. ამ ხმების არ მჯერა. მოკლედ, ბატონი დემური საქმიდან გავიდა და მშვიდად ვიყავი, სანამ შარშან ისევ არ მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია, რომ იქ ისევ ეძებს ვიღაც რაღაც კარიერს.
არც ის ვიცი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და არც ის, კონკრეტულად რომელ კარიერზე იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის დღესაც სულ ერთია, ბატონ ჩოჩელს აქვს ლიცენზია თუ ჩინელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმე არ არის, რა ხდება წარმოებაში. ჩვენი საქმეა, საჭიროების შემთხვევაში, საინსპექციო ჯგუფები მივიდნენ კონკრეტულ ადგილებზე და შეისწავლონ ზიანდება თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ძეგლი.
_ ინფორმაციის მიღების შემდეგ საინსპექციო ჯგუფი ჩოჩელის კარიერზეც გაუშვით?
_ რა თქმა უნდა, შარშან შემოდგომით, ეს ამბავი გავიგე თუ არა, პირადად ჩავედი ადგილზე. კოტიანეთსა და სორტას შორის კიდევ ერთი გორაკია. ვნახე, რომ გზა უკვე გაყვანილი იყო.
_ სხვათა შორის, ამ გზის გაყვანისას, საკმაოდ დიდი მოცულობის ტყეც გაიჩეხა.
_ ეკოსისტემა, ჩემი, როგორც მოქალაქის ინტერესის სფერო კია, მაგრამ ჩემი პროფესიული თვალთახედვა ამას ვერ წვდება. სპეციალურმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, ზიანი მიადგა თუ არა გარემოს და კონკრეტულ კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისროს, ხელშეკრულებაში კი ჩაუდოს, რომ ვთქვათ, გაჩეხილი ხე-ტყის სანაცვლოდ, იქ განაშენიანება ისევ მოახდინოს. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში... როცა ადგილზე ჩავედი, გზა უკვე გაკეთებული იყო. გეოლოგები მარაგების დათვლის მიზნით, სიღრმივი ბურღებით მუშაობდნენ. მათ გამოვკითხე ინფორმაცია. მითხრეს, რომ ნოსირში ცემენტის ქარხნის აშენებას აპირებენ, რომელიც აუცილებლად ყველა ტექნოლოგიის დაცვით აშენდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მტვერი არ გაიფანტოს და იგივე შედეგი არ მივიღოთ, რაც ადრეულ წლებში, კასპში. ამის შემდეგ გავარდა ხმა, თითქოს მიკითხავს, ეს მთა დარჩება თუ არა საერთოდ-თქო. არადა, ასეთი არაფერი ყოფილა. გეოლოგებმა მითხრეს, რომ პირველადი მონაცემებით, ეს კარიერი აკმაყოფილებდა იმ რაოდენობას, რომელიც კომპანიას ჭირდებოდა ცემენტის პერსპექტიული წარმოებისთვის. მითხრეს, რომ ლიცენზია უკვე გაცემული იყო. ძეგლებიდან 500-მეტრიანი რადიუსიც _ დაცული... ანუ არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გამაჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც წამოვაყენეთ მოთხოვნა, სანამ არ დადგინდება, კირქვის მოპოვებას რა სიმძლავრის აფეთქებებით აწარმოებენ, მანამ აქ სამუშაოები არ დაიწყოს და ასეც იქნება.
_ ანუ თქვენც იგივე ინფორმაცია გაქვთ, რომ აქ აფეთქებებს ვერ ავცდებით?
_ დიახ, იქ ტრაქტორებით მუშაობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ _ სანამ არ დაგვისაბუთებენ, შეგვითანხმებენ და გარანტიას არ მომცემენ, რომ იქ იქნება სუსტი მუხტების აფეთქება, ვიბრაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზარალდება, სამუშაოებს ვერავინ დაიწყებს!
_ ანუ მთავარი აფეთქებების სიმძლავრეა, რამაც შესაძლოა, ნოქალაქევიც კი დააყენოს საფრთხის წინაშე?
_ დიახ, ისეთი აფეთქებები არ უნდა აწარმოონ, ვიბრაციამ საფრთხე შეუქმნას კოტიანეთის ან სორტის ციხეს და მით უმეტეს, ნოქალაქევს. თქვენი ინფორმაციით, ჩოჩელი არის ლიცენზიის მფლობელი. მესმის, მას ბიზნესის კეთება უნდა და სახელმწიფომ ამაში ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც მას შეეშალოს ხელი და არც ძეგლები, ეკოლოგია, მოსახლეობა დაზარალდეს. შეიძლება არაა კარგი გამოთქმა, არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, მაგრამ ამ ვითარებას და რეალობას, ზუსტად ესადაგება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მუხტები შეგვითანხმონ და დავადგინოთ, რომ ვიბრაცია ძეგლებს არ დააზარალებს. გარწმუნებთ, სანამ შესაბამისი დასკვნა არ დაიდება, იქ აფეთქებებს ვერავინ დაიწყებს.
_ მით უმეტეს, აქ უამრავი კარსტული მღვიმეა და მეცნიერების დასკვნით, აფეთქებებმა, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს.
_ დიახ, სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი მესამეული ცარცული სისტემით. იცით, მაგალითად ჩხოროწყუში ვეშაპის ჩოჩნხი არსებობს, რომლისთვისაც ჯერ ხელი არ გვიხლია. როცა დაიწყო ვულკანური ამოფრქვევები ქანებმა, ეს ვეშაპიც ხმელეთზე აღმოჩნდა და განამარხდა. ეს დაახლოებით 70-80 მილიონი წლისწინანდელი ჩონჩხია. სამეგრელოში, ზოგადად, უამრავი ქვაბული და კარსტული მღვიმეა. ბევრ მათგანში მეც ვარ ჩასული. არ ვიცი, რა საფრთხე შეიქმნება, ამაზე დასკვნა ეკოლოგებმა და გარემოს დაცვის სააგენტომ უნდა დადონ.
_ მესმის, ეს თქვენი პრეროგატივა არ არის, მაგრამ საინტერესოა, მსგავსი ლიცენზიის გაცემისას თქვენთან კოორდინირებული მუშაობა არ უნდა მოხდეს?
_ რა თქმა უნდა... აჭარის ხეობაში დაზვერვებზე რომ ვიყავი, სადაც ბრიტანელები და ნორვეგიელები ახორციელებდნენ პროექტს, იქთიოლოგიას, თევზებისა და ბაყაყების მდგომარეობასაც კი სწავლობდნენ. არადა, ეს ეკოლოგიურად ერთ-ერთი სუფთა პროექტი იყო. ყოველთვის ასე უნდა ხდებოდეს. ჩვენი სააგენტოც უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიც უნდა გადმოგვიგზავნონ და ჩვენც უნდა გადავუგზავნოთ ჩვენი კვლევა. კონტექსტური რუკა უნდა შედგეს, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობაც იქნება გათვალისწინებული, გეოლოგიაც და ეკოლოგიაც.
_ ადგილობრივი პაატა მაჭავარიანი აცხადებს, რომ სამივე გორაკზე თიხის არტეფაქტები აღმოაჩინა და სახლში მინიმუზეუმი აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტერიტორია, არქეოლოგიური თვალსაზრისით, შესასწავლია?
_ პაატა მაჭავარიანს თიხის ნატეხები ამ გორაკებიდან არ აქვს. მთელი საბჭო მუშაობს სააგენტოში, რომ პროფესიონალ არქეოლოგებს, უზუსტესი ჯიპიესკოორდინატების დაფიქსირებით, არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვა გასცეს. გათხრებს თვითნებურად არავინ უნდა ატარებდეს. მე ვნახე ეს კერამიკები. ვუთხარი, მუზეუმში ჩაებარებინა, მაგრამ უარი თქვა. არადა ეს მისი კი არა, ერის საკუთრებაა. იმედია, ძალიან მალე მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექცია მიაკითხავს. აქ ნაოჭა მთებია გაყოლებაზე. კოტიანეთი და სორტა ერთმანეთთან დაკავშირებას პირველივე ბორცვზე აგებული პატარა ციხის მეგარნიზონეებით ახერხებდა. ამისთვის აშენდა ეს კოშკი, რომლისგანაც, ფაქტობრივად, აღარაფერია შემორჩენილი. სწორედ მის ახლომახლო იპოვა მაჭავარიანმა ეს ნატეხები. ამ ციხეს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს.
_ სამაგიეროდ, ნოქალაქევს აქვს... სხვათა შორის, გადელიას კარიერის დალუქვის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ სორტის ციხე თავის დროზე შხეფის ციხესა და ნოქალაქევს უკავშირდებოდა. მათ შორისაა ჩოჩელის კარიერი. რატომ არ მოიაზრება ეს ადგილი ამ არქეოლოგიურ კომპლექსში?
_ ეგრისის სამეფოს თავდაცვის სისტემაა შხეფი, სორტა, კოტიანეთის ციხე, ნოქალაქევი, ჯოლევი და აბედათი... იმის იქით კიდევ სვანეთის ძირამდე მიდის, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. გორაკი, რომელზეც ეს ,,ახალი კარიერია'', ამ კონტექსტისთვის საინტერესო არაა. ყველა ძეგლიდან 500-500-მეტრიანი რადიუსი დაცულია.
_ ისე, თქვენი აზრით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის დასაცავად, 500-მეტრიანი რადიუსი საკმარისია თუ კანონიც გადასახედია ამ მიმართულებით?
_ ზოგადად, დაცვის თვალსაზრისით ნორმალური რადიუსია, მაგრამ ასეთი არაორდინალური შემთხვევებისთვის _ არა. გახსოვთ ეშერის ლაბორატორია, ავღანეთში მიწისძვრის გამოწვევა პატარ-პატარა ბიძგებით შეეძლოთ. ერთნაირი ინტენსივობის ბიძგებს, შეუძლია, რეზონანსში მოიყვანოს რხევები, რაც ნიშნავს, რომ მისი დამანგრეველი ძალა ერთი-ასად იზრდება. აქაც ანალოგიური ვითარებაა და ამიტომ ვამბობ, თუ მუხტებს ზომიერად არ შეარჩევენ, საფრთხე ნოქალაქებს კი არა, პირობითად, თბილისსაც შეიძლება შეექმნას. მთავარია, დადგინდეს მუხტები და მას არ გაცდნენ.
_ მუხტებზე ჯერ საუბარი არაა, სამაგიეროდ, მგონი, მასშტაბებს გასცდებიან _ ექსპერტების ვარაუდით, დაგეგმილი სიმძლავრის ქარხნის ოპერირებისთვის, ინვესტორები იძულებულნი გახდებიან, ლიცენზია გააგრძელონ და უფრო მეტი რაოდენობის კირქვის მოსაპოვებლად კარიერის მასშტაბი ისევე გაზარდონ, როგორც ეს კასპში მოხდა.
_ თუ გაზრდაზე მიდგება საქმე, როგორც წინა კარიერი შევაჩერეთ, ისე გაჩერდება კოტიანეთისკენ მათი სვლაც! შემიძლია ვთქვა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო ამის გარანტად დადგება. ხაზგასმით ვიმეორებ _ მუხტების შეთანხმების გარეშე აფეთქებებს ვერ დაიწყებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინსპექტორები მაშინვე იქ გაჩნდებიან და საქმეს პოლიციას გადავცემთ. ვერც კარიერს გაზრდიან _ იქით კოტიანეთის ციხეა, აქეთ სორტის ციხე. არ დავუშვებ, მათ საფრთხე შეექმნას. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მრეწველობის განვითარებას ვუშლი ხელს. ასეთი ჭორებიც გამივრცელეს. ეს იმდენად დიდი სისულელეა, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა.
_ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა განისაზღვროს და გარანტიები დაიდოს? მძლავრი აფეთქებები და კარიერის გაფართოება რომ დაიწყოს, მერე რა ბერკეტი გექნებათ მის შესაჩერებლად?
_ ჩვენ შევეცდებით, ვამტკიცოთ, რომ ამის გაზრდა ძეგლების მიმართულებით არ შეიძლება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. უნდა განვსაზღვროთ, რა უფრო გვიღირს. თუ ეს ერთი კარიერი და ცემენტის ქარხანაა ქვეყნის აყვავების გარანტია, თუ სწორედ ეს პროექტი, ,,კოტიანეთის ციხის ხარჯზე'' გადააქცევს საქართველოს ლუქსემბურგად ან მონაკოდ, მაშინ პირველი ვიქნები, ვინც ამ ყველაფერზე ხელს მოაწერს. რა თქმა უნდა, ამას ირონიით ვამბობ _ ვიცით, რომ ეს ერთი ქარხანა ქვეყანას ვერ ააყვავებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ძეგლები არ დაზარალდეს.
_ კარიერზე აფეთქებებს თავი დავანებოთ, კოტიანეთიდან ნოსირში რომ უნდა ზიდონ კირქვა, ეს არ შეუქმნის პრობლემას ნოქალაქევს, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით?
_ ნოქალაქევის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. წარმოუდგენლად დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. ტურისტული თვალსაზრისით, არა მგონია, პრობლემა შეექმნას. კირქვა მტვრის სახით ხომ არ უნდა გადაზიდონ. ლოდებს წაიღებენ. აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ნოსირში რამდენად იქნება წარმოება დაცული. მოპოვება-გადამუშავების დროს მტვრის გაფრქვევა როგორ ავიცილოთ თავიდან, ესეც გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. არ უნდა დავუშვათ ისეთი წარმოების დაწყება, რომელიც მხოლოდ ტურისტებს კი არა, პირველ რიგში, მოსახლეობას შეუქმნის პრობლემებს. მით უმეტეს, ძალიან კარგად გვესმის, სადაც ცემენტს აწარმოებ, იქ კანცეროგენია, რომელიც ფილტვებში ილექება და ტუბერკულოზის, სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია. ასე რომ, ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ყველა წვრილმანი წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რათა ამ პროექტის განხორციელება, მოქალაქეების ჯანმრთელობის, გარემოსა და ძეგლების დაზარალების ხარჯზე არ დავუშვათ.
დავით ლომიტაშვილთან საუბრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სენაკის მოსახლეობის მოთხოვნა _ შეიქმნას სამთავრობო კომისია, დაიდოს ალტერნატიული ექსპერტიზა და მანამდე კოტიანეთში კირქვის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერდეს, ლოგიკური და დროულია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სოციალურ გარემოში მაცხოვრებელი სენაკელებისთვის, სასწორის პინის მეორე მხარეს, ერთი შეხედვით, მაცდური პროექტი _ ნოსირში ამუშავებული ქარხანა და დასაქმების პერსპექტივა დევს. ისე, დასაქმება და მუნიციპალიტეტში ინვესტიციის გაჩენა, ტურიზმის განვითარებითა და სწორედ იმ ძეგლების საშუალებითაც შეიძლება მოხერხდეს, რომლებიც ხვალ და ზეგ, შეიძლება, საფრთხის წინაშე დადგეს. ,,ვერსია'' ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. მათი განმარტებით, დასავლეთ საქართველოს ყველა ტურში, შედის ნოქალაქევი. ლომიტაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ არქეოპოლისის განვითარება სახელმწიფო დონეზე აიყვანა და ამ უნიკალურ ძეგლს, მომავალში, უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, სოლიდური ინვესტიციაც ჩაიდება. ამ ფონზე, მომავალში, ნოქალაქევი მეტად მოიზიდავს ტურისტებს, თუმცა ვიზიტორთა რაოდენობას, დღესაც არ უჩივის _ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების მტკიცებით, უცხოელები ციხე-გოჯით აღფრთოვანებულები არიან. გზად კი აუცილებლად ინტერესდებიან, ასევე უნიკალური, მთაზე შემდგარი შხეფის ციხით, რომელიც ძველ სენაკს მედიდურად გადმოჰყურებს. ტუროპერატორები იმასაც კი ამბობენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, ზუსტად ისეთი ტურის გაკეთება, რომელიც მნახველებს ეგრისის სამეფოს თავდაცვის სისტემას მთლიანად მოატარებს, ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იქნება. სამაგიეროდ, წამგებიანი იქნება, ნოქალაქევის შორიახლოს აფეთქებების ხმა, კირქვა-ცემენტის მტვერი და დაბინძურებული გარემო.
ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს. ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ. ასე რომ, ახლა ჯერი შესაბამის უწყებებზე და იმაზეა, სახელმწიფო დონეზე სასწორის რომელ პინას ავირჩევთ
ნინო ლურსმანაშვილი

Read more...

კოტიანეთში კირქვის საბადოს ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია, ეკის მთა მთლიანად ჩამოიშალოს

რა მეთოდებით მოიპოვებენ კირქვას და რა საფრთხე ემუქრება ეკის მთაში აღმოჩენილ უნიკალურ მღვიმეებს

Read more...

მოვითხოვთ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში ყველანაირი სამუშაო შეჩერდეს!

სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთში კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებში განცხადებების შეტანას აპირებს

Read more...
Subscribe to this RSS feed