სამართალი - ვერსია - ვერსია http://versia.ge Thu, 25 Apr 2019 08:44:47 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb ბიზნესდავის სკანდალური დეტალები _ არჩილ კბილაშვილს არაეთიკურ ქმედებებში ადანაშაულებენ http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6121-ბიზნესდავის-სკანდალური-დეტალები-_-არჩილ-კბილაშვილს-არაეთიკურ-ქმედებებში-ადანაშაულებენ.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6121-ბიზნესდავის-სკანდალური-დეტალები-_-არჩილ-კბილაშვილს-არაეთიკურ-ქმედებებში-ადანაშაულებენ.html

არჩილ თაბაგარი: „სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესს და კერძო საკუთრებას საფრთხის ქვეშ აყენებს!“

 

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობის _ ღვინის ქარხანა #1, სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერებისა და ბიზნესისადმი დამოკიდებულების საზომ ტესტად იქცა. 

საქმე იმდენად ნათელი და ამავდროულად ,,ჩახუჭუჭებულია'', რომ მის სამართლებლივ დასრულებას არა მხოლოდ სასამართლო დავაში ჩართული მხარეები, არამედ ქართული ბიზნესი და ინვესტორებიც ყურადღებით აკვირდებიან. უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილმა პრეცენდენტმა, შესაძლოა, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს კეთილსინდისიერი მყიდველის მცნება და მრავალჭირნახული და კატაკლიზმებგამოვლილი ქართული ბიზნესი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენოს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ არჩილ თაბაგართან.

_ რატომ არის ეს საქმე ასე რეზონანსული, რატომ უქმნის საფრთხეს ქართულ ბიზნესს და სამართლებლივ სისტემას? 

_ საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში 2014 წლის დეკემბრიდანაა ანუ თითქმის ხუთი წელია, საქმეს სასამართლო განიხილავს და ქონებას ადევს ყადაღა, ეს არის დამანგრეველი ბიზნესისთვის. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა ახლა 2019 წლის 19 ივნისისთვის გადადო, როდესაც გასული წლის სექტემბრიდან, ყოველ დღე ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლო უკვე მეორედ განიხილავს ამ საქმეს და მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა ლამის დეტალებში იცის საქმის ყოველი ნიუანსი. 

_ თუ ასეა, აბა, რა არის საქმის გაჭიანურების მიზეზი, ან რა იყო იმის მიზეზი, რომ პირველ ინსტანციაში გამოტანილი ვერდიქტი და მეორე ინტანციის ვერდიქტი აბსოლუტურად გაუგონარი მოტივაციით არ გაითვალისწინა უზენაესმა სასამართლომ და საქმე კვლავ სააპელაციოს დაუბრუნა? 

საქმე ზეწოლა-გავლენასთან გვაქვს? 

_ დიახ, მაქვს ამის ვარაუდის საფუძვლიანი ეჭვი. შეიძლება, ბიზნესი ხუთი წელი დავის პროცესში ამყოფო, დაუყადაღო ქონება, პარალელურად, აღიარებდე, რომ საქმე გაქვს კეთილსინდისიერ მფლობელთან და აჭიანურებდე სასამართლოს ერთადერთი მოტოვით _ დაათმობინონ ბიზნესი მეპატრონეს? 

_ ასეთი მოთხოვნა ვისგან იყო? 

_ არც დაუფარავთ საუბრებში, რომ ამ ობიექტში წილობრივი მონაწილეობა უნდათ. ვუთხარი მათ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს, რომ ამაზე საუბარი დაუშვებელი იყო და ეს თემა მოკვდა. 

_ და? 

_ მხარე, რომელსაც მე წარმოვადგენ, კატეგორიულად წინააღმდეგია რაიმე სახის გარიგებაზე წასვლის. ეს პირები სასამართლოს მეშვეობით, 2015 წლის იანვრიდან, ყადაღის ქვეშ ამყოფებენ ქარხანას. ამ ხნის განმავლობაში ყადაღის ქვეშ კომპანიის ყოფნა, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი განახლება, რეაბილიტაცია, რადგანაც ეს ობიექტი არის საკმაოდ ძველი და სჭირდება დიდი კაპიტალდანახარჯი, ფაქტობრივად, გაუსაძლისია. Aმის შესახებ საქმის კურსშია ყველა _ ბიზნესომბუდსმენიდან დაწყებული, სხვა ყველა ინსტანციით დამთავრებული და ამის მიუხედავად, არანაირი საშველი არ ჩანს. 

_ ანუ შექმნილ ვითარებაზე საქმის კურშსია ხელისუფლება? 

_ დიახ, ვერავინ იტყვის, რომ ქარხანის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ არაფერი იცოდა. 

_ და მაინც, რა არის დავის საგანი? 

_ ახლანდელი მფლობელების მიერ აღნიშნული ობიექტის შეძენა მოხდა 2013 წლის მარტში. 2013 წელს, შპს ,,არტღვინომ'' ფიზიკური პირი, ვლადიმერ კვარაცხელიასაგან 4 000 000 აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100% წილი კომპანია შპს ,,კატრიკაპიტალში'' (ს/კ: 404401544). ვლადიმერ კვარაცხელია, მისი კუთვნიილ კომპანია შპს ,,კატრიკაპიტალის'' მეშვეობით, საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი ქონება ჩადებული ჰქონდა თიბისი ბანკში. ვლადიმერ კვარაცხელია ამ დროისთვის ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება კი, პრაქტიკულად, გადასული იყო თიბისი ბანკის სრულ განკარგვაში. ამავე წელს, შპს ,,არტღვინომ'' ,,საქართველოს ბანკისაგან'', ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საფინასო ორგანიზაციისგან 5 550000.00 ლარად გამოისყიდა ქონების მეორე ნახევარიც. 2014 წლის დეკემბერში, ღვინის ქარხნის შემძენის _ შპს ,,არტღვინოს'' მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე გახლდათ სააქციოსაზოგადოება ,,სავანე ღვინის #1 ქარხანა''. მის წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. 

_ რამდენადაც მახსოვს, კბილაშვილს ამ ღვინის ქარხანასთან, უფრო სწორად, მის ყოფილ მფლობელებთან ადრეც ჰქონდა პროფესიული კავშირი, თუ ვცდები? 

_ არა, არ ცდებით. როგორც ირკვევა და ეს ჩვენთვის სასამართლო დავის დროს გახდა ცნობილი, 2004 წელს, ქარხანა გაიყიდა. გაყიდმა მისმა დირექტორმა, ვინმე გიორგი მგალობლოშვილმა. შემდეგ მას აქციონერებმა უჩივლეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონია ქარხანის გაყიდვის უფლება. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეში მგალობლიშვილის ადვოკატი გახლდათ ბატონი არჩილ კბილაშვილი. კბილაშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილს კანონი არ დაურღვევია და მის მიერ დადებული გარიგება იყო კანონის ფარგლებში. ამ საქმეზე, რამდენადაც ვიცი, დააკავეს ათამდე ადამიანი. მგალობლიშვილი არ დაუკავებიათ, მან მაშინ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის მიმართ საქმე არ შეწყვეტილა და მიმდინარეობდა სამართლებლივი დევნა. 

_ ეს დევნა ახლაც გრძელდება? 

_ არა. 2013 წელს, როდესაც ბატონი არჩილ კბილაშვილი გახლდათ მთავარი პროკურორი, მგალობლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. 

_ საიტერესოა. ამაზე რას ამბობს ბატონი კბილაშვილი? 

_ ის აცხადებს, რომ პროკურატურაში უამრავი საქმე იყო და მგალობლიშვილის მიმართ რატომ შეწყდა დევნა, მისთვის უცნობია. 

_ ანუ გამარკვიეთ კარგად: კბილაშვილი ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილი დამნაშავე არ იყო და ქონების გასხვისება მოხდა კანონის ფარგლებში, შემდეგ მგალობლიშვილის მიმართ შეწყდა დევნა და ახლა კბილაშვილი აცხადებს, რომ მგალობლიშვილის დროს ჩადენილი იქნა უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამის გამო, 2004 წლიდან, ლამის 30-ჯერ გაყიდული ქონებაზე დავობს? 

_ დიახ, რეალურად ამის დამტკიცებას ცდილობს ბატონი კბილაშვილი. 

კბილაშვილის ქმედებები, არაეთიკურთან ერთად, ამორალურ ქმედებადაც მეჩვენება, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით. 

კბილაშვილს არანაირი პრეტენზია არ აქვს 2004-2006 წლებში, სს ,,სავანე – ღვინის #1 ქარხნის'' დირექტორებთან და აქციონერთა ერთ ნაწილთან, რომელთა ქმედებებს, როცა ამის სურვილი აქვს, დანაშაულებრივსაც უწოდებს და თანაბრად აღიარებს ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებას. რამდენადაც ვხვდები და ვვარაუდობ, ბატონ კბილაშვილს აქვს კონკრეტული ამოცანა _ პროცესი გაწელოს იმ ზომამდე, რომ კეთილსინდისიერ მფლობელებს მოსარჩელემ ან წილი გამოსტყუოს, ან დაქანცოს სამართლებლივი დავით და უარი ათქმევინოს ქონებაზე. მის მორალურ და ეთიკურ მომენტებს მე არ შევეხები _ ეს სხვებმა განსაჯონ. 

_ თვალახვეული გასაგებია, მაგრამ თემიდა ყრუა ანუ რა გამოდის, რომ სასამართლო კბილაშვილის დუდუკზე ცეკვავს და მის ნებაზე დადის? 

_ ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აქ ხდება რაღაც სახის მანიპულაცია. მიზანი _ ობიექტი ამყოფონ მუდმივად სასამართლო დავის რეჟიმში. ასეთ პრობებში ხომ რაიმე სახის ინვესტიციაზეც კი საუბარი ზედმეტია? ამჟამიდელი ინვესტორებიც გაოგნებულნი არიან. წლებია, ფული დაბანდებული აქვთ და არანაირი შედეგი, სარგებელზეც საუბარი ხომ ზედმეტია. მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოხდა გარკვეული სახის ჩარევა იმისათვის, რომ საქმეზე არ დამდგარიყო შედეგი და დავის სტატუსი შენარჩუნებულიყო. საქმე მთავრდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო ანუ ჩვენ გავმართლდებოდით, როგორც აქამდე გავმართლდით ყველა სხვა ინსტანციაში. ეს არ აწყობდათ, ჩემი აზრით. დააკვირდით, პირველ ინსტანციაში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მოსარჩელე სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა''-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, თუმცა სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა“-მ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა. ერთი წლისშემდეგ _ 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც (შემადგენლობით _ ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე) სს ,,სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა“-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

_ და რა ხდება უზენაეს სასამართლოში? 

_ 2018 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შემადგენლობით _ ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, ორი ინსტანციის მიერ საფუძვლიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, ,,ახლიდან შესწავლის'' მოტივით, განსახილველად უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

_ რომელიც, როგორც ვხდები, წელავს განაჩენის გამოტანის პროცესს. 

_ ასე გამოდის. ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი _ პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე. 2018 წლის სექტემბრიდან, ყოველთვე ტარდებოდა სხდომა. 22 მარტს, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინათ, წინა დღეს დამირეკა თანაშემწემ და მითხრა, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა. მერე ავაწრიალე ყველა და საბოლოოდ, დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა გადადიო 19 ივნისისთვის. 

_ და მაინც, უაღრესად საინტერესოა, რა იყო უზენაესი სასამართლოს მოტივი? 

_ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთი საქმე უზენაეს სასამართლოში, როგორც წესი, განსახილველად არ შედის და კასაცია დასაშვები არ არის. ამის მიუხედავად, რატომღაც უზენაესი სასამართლო არსებითად იწყებს საქმის განხილვას. საბოლოოდ, მიღებულია გადაწყვეტილება საქმის უკან დაბრუნების შესახებ, რისი არანაირი არგუმენტაცია არ არსებობდა. საქმე იმდენად იყო შესწავლილი პირველ და მეორე ინსტანციაში, რომ მასში ახლადაღმოჩენილი, ან სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა. საქმის უკან დაბრუნება, თან ამ მოცემულობაში _ ბიზნესდავებში არის წარმოუდგენელი უსამართლობა. თუ რამე არასწორად იყო შეფასებული, უზენაეს სასამართლოს შეეძლო, მიესადაგებინა კანონის ნორმა, რომელსაც მართებულად თვლიდა და დავა დაესრულებინა, მაგრამ ამას ვერ იზამდა. ამიტომ, სავარაუდოდ, რადგან უზენაეს სასამართლოს მოუწევდა ძალაში დაეტოვებინა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რაც არ შედიოდა ბატონი კბილაშვილის და მოსარჩელე მხარეის ინტერესებში, მათ საქმის გაწელვის და ბიზენსისთვის დამატებითი ზიანის მიყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბატონ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოსთვის საკუთრების კეთილსიდისიერი შეძენა და ფლობა არაფერს ნიშნავს, როცა მათი ინტერესებზე, თუ გავლენის ქვეშ მოქცევაზეა საუბარი. 

ვიმეორებ _ შეუძლებელი იყო, უზენაესი სასამართლოდან დაბრუნებულიყო ეს საქმე, რომ არ მომხდარიყო სერიოზული ჩარევა. 

_ რამდენადაც ვხდები, უზენაესი სასამართლო, სამართლებლივად სამკაოდ უხეში პრეცენდენტის ავტორი ხდება? 

_ მარტო დააბრუნდა საქმე და ამის გამო, ეს არის საკმაოდ მსუბუქი შეფასება. უზენაესმა სასამართლომ ბიზნესს მიუტევებელი დარტყმა მიაყენა. 2004 წლიდან დღემდე, ამ ობიექტზე 30-მდე ტრანზაქცია მოხდა უძრავი ქონების გასხვისების. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, მოცემულობა, რომ ყიდულობთ უძრავ ქონებას, მერე მოდის ათი წლის წინანდელი მესაკუთრე და გეუბნებათ _ მართალია, თქვენთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ათი წლის წინ, ვიღაცამ დამაზარალა და ამის გამო ქონება უნდა დამიბრუნოთ, თან იმ გარიგებაზე არის ხელმოწერა. ყველაფერი ეს მოხდა ხელშეკრულებებით და ყოველმა შემდგომმა მესაკუთრემ სათანადოდ იხეირა. აქ არ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ვიღაცამ უარი თქვა საკუთრებაზე, არამედ ყველა გაყიდვა მოხდა ნებაყოფილობით. ახლა ვიღაცას ის ფასი არ მოსწონს, რადაც გაყიდა და მას უნდა დაუბრუნდეს ქონება? მხოლოდ ჩვენ კონკრეტულ ტრანზაქციაში _ შეძენაში, ბიუჯეტში 1 მილიონი გვაქვს გადახდილი. 

_ ანუ რა გამოდის, ბიუჯეტის ჩათვლით ყველამ სარგებელი ნახა და თურმე, ახლანდელმა მესაკუთრემ ქონება უნდა დაუბრუნოს იმას, ვისგანაც ეს ქონება არ შეუძენია და არანაირი შემხებლობა არ ჰქონია? გამოდის, რომ უზენაესმა სასამართლომ ბიზნესი საფრთხის ქვეშ დააყენა? 

_ დიახ და თქვა, რომ ბიზნესს არ დაიცავს არანაირად საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი. 

_ საქმეში ჩართული გყავთ ,,საქართველოს ბანკი''? 

_ დიახ და ისიც გაოგნებულა, ისიც თავის მხრივ კეთილსინდისიერი მყიდველი იყო, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მიმართ ბიზნესის მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მან არ გადაწყვიტა ბიზნესდავა. არ შეიძლება, სასამართლომ ამდენი ხანი ამყოფოს ბიზნესი დავაში, რადგან დრო ბიზნესის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სასამართლო დავის არსებობა და ბიზნესის განვითარება ერთად არ ხდება _ არსად მსოფლიოში. სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ბიზნესდავები მალე დაასრულოს და თუ მტყუანია, გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, თუ მართალია _ გაამართლოს. 

ამავე დროს, სასამართლომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი ქაღალდზე დაწერილ ცნებად აქცია. 

და ბოლოს, წარმოუდგენელი რამ: უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ როდესაც შედიხარ კომპანიაში, არა მხოლოდ უნდა შეისწავლო ქონების სამართლებლივი სტატუსი, არამედ დირექტორების კეთილსინდისიერებაც. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? 

_ უკაცრავად, ვერ მივხდი... 

_ ანუ თქვენ თუ რომელიმე წარმატებულ კომპანიაში შეიძენთ აქციებს და მერე აღმოჩნდება, რომ ამ კომპანიის რომელიმე დირექტორი, თურმე, არაკეთილსინდისიერი ყოფილა, თქვენ ხელში შეგრჩებათ შპს-ს წესდების ქაღალდი ქონების გარეშე. წარმოგიდგენიათ, რა პრეცენდენტი დაუშვა? ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ იურიდიული პირი ფიქციაა. ამ დროს იმიტომ ვყიდულობ კომპანიის აქციებს, რომ იმ ქონების ინტერესი მაქვს და არა _ შპს-ს წესდების. 

_ წარმოუდგენლად მეჩვენება გარედან ინტერესის გარეშე, უზენაეს სასამართლოს და საქმის გაჭიანურებით სააპელაციოს, ასეთი დატრყმა მიეყენებინათ სასამართლოს რეპუტაციისთვის... 

_ დიახ, ასეა, მაგრამ ვიმეორებ, სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესს და კერძო საკუთრებას საფრთხის ქცეშ აყენებს.

გოჩა მირცხულავა

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 24 Apr 2019 12:03:12 +0400
შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6113-შერბილდება-თუ-არა-საბანკო-რეგულაციები.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6113-შერბილდება-თუ-არა-საბანკო-რეგულაციები.html

რატომ შემცირდა ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები, ბანკებში კი _ სამომხმარებლო სესხები _ ჭარბვალიანობასთან ბრძოლის უარყოფითი ექო

,,ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც მაცივრის შესაძენად აიღებენ სესხს და შემდეგ შავ სიაში მოხვდებიან'', _ ეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას სიტყვებია, რასაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა. მართალია, ჭარბვალიანობასთან ბძროლა და საფინანსო სექტორის ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ გადახდისუნარიანი მოქალაქეები ისე შეზღუდო, განვადებით ვერც ტელევიზორი იყიდონ, ვეღარც _ მაცივარი და გაზქურა ან, სულაც, ახალი თაობის ,,აიფონი''. მოკლედ, ყველა ვთანხმდებით, რომ საბანკო რეგულაციები, რაც უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლიან დაკრედიტებას გულისხმობს, აუცილებელი ნაბიჯი იყო, თუმცა ფაქტია, ეს რეგულაციები მეტისმეტად მკაცრი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა და ამ ეტაპზე, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, არასასიამოვნო კონტურები უკვე გამოიკვეთა. კერძოდ, ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები შემცირდა, საბანკო განვადება ისე მარტივი აღარაა, როგორც აქამდე იყო, აღარაფერს ვამბობთ იპოთეკურ და სხვა სახის სესხებზე. 

ერთი სიტყვით, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, რაც სხვათა შორის, პროგნოზირებადი იყო _ რეგულაციების მიღებამდე ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამას საცალო დაკრედიტების შენელება, სექტორში ხარჯების ზრდა და მომგებიანობის შემცირება მოჰყვებოდა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია მოსაზრება, რომ გარკვეულწილად, ეს რეგულაციები შერბილდეს. 

სხვათა შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გამორიცხული არაა, ხელისუფლებამ საბანკო რეგულაციებს გადახედოს და სავარაუდოდ, შეარბილოს კიდეც. 

,,ვერსიას'' ამ თემაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების'' გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ესაუბრება.

_ გიორგი, მართალია, საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ როგორ აფასებთ დღეს არსებულ სიტუაციას, რა შედეგი მოჰყვა რეგულაციებს? 

_ ზოგადად, ამა თუ იმ ეკონომიკური რეფორმის შესაფასებლად გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო. ჯერ მხოლოდ ერთი კვარტალი გავიდა და შესაბამისად, სარწმუნო წყაროსგან დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, ამიტომ ამ რეფორმის დადებით, ან უარყოფით შედეგებზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა პარლამენტის დეპუტატებიც კი აღიარებენ, რომ საბანკო რეგულაციები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ამავდროულად, ეროვნული ბანკის პოზიციაც კარგად მესმის. ცხადია, ეროვნულ ბანკს იმის აღიარება უჭირს, რაზეც ჩვენ ძალიან დიდხანს, ჯერ კიდევ გასული წლის მაისიდან ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ პირველ რიგში, გაუჭირდებოდა იმ ბიზნესს, რომელიც საბანკო გაყიდვებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რაზეც სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას საბანკო სექტორის საშუალებით ყიდიან, ახლა ხმამაღლა საუბრობენ, რომ გაყიდვები შემცირდა. სწორედ მათი და ცალკეული დეპუტატების განცხადებები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სავარაუდოდ, საბანკო რეგულაციები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო სექტორის დანაკარგებზე, ან ვერმიღებულ მოგებაზე, საუბარია იმაზე, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი სექტორია და რაზეც მიბმულია ავეჯისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები, შემცირდა. თვითონ ეროვნულ ბანკშიც ამბობენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, რეგულაციებს უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ ამ მოკლევადიან პერიოდში იმდენად დიდი დარტყმა არ უნდა მიიღოს ეკონომიკამ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ამ რეგულაციებს ფინანსური სტაბილურობა უნდა მოჰყვეს, აღარც კი გვიღირდეს. 

დარწმუნებული ვარ, მარეგულირებელშიც ისევე აკვირდებიან ამ პროცესს, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ვფიქრობ, იმაზეც მსჯელობენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ეკონომიკას და ვეჭვობ, ამ რეგულაციების შესარბილებლად გარკვეულ ზომებსაც მიიღებენ, მით უმეტეს, სამშენებლო კუთხით. ზოგადად, საბანკო სესხებს შორის, იპოთეკური სესხები ნაკლებად პრობლემატურია. 

სამწუხაროდ, იმ ტენდენციას არ მივყვებით, როდესაც ახლადშექმნილ ოჯახს ცალკე გასვლა და საკუთარი შემოსავლებით, თუნდაც პატარა ბინის შეძენა სურს, რადგან სხვადასხვა დათვლებით, ბინის შესაძენად ოჯახის ორ წევრს საკმაოდ მაღალი ხელფასი სჭირდება. ეს უძრავი ქონების შემცირებას იწვევს, რაც თავის მხრივ, ავტომატურად ამცირებს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვებსაც. 

_ სწორედ სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირებას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, როდესაც განაცხადა, რომ შესაძლოა, მთავრობამ საბანკო რეგულაციებს გადახედოს და შეარბილოს კიდეც. 

_ თუ ვინმეს დღეს პარლამენტში ლობისტი ჰყავს, ალბათ, ყველაზე მეტად, სწორედ სამშენებლო ბიზნესს. თუ ვინმეს შეეძლო პოლიტიკოსებამდე მშენებლების ხმა მიეტანა, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე მსხვილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და ამავდროულად, დეპუტატები არიან. ალბათ, ისინიც არ ელოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ რეგულაციებს, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ ვერ, ან არ გათვალეს ამგვარი შედეგი. შესაძლოა, იმდენად დიდი იყო პოლიტიკური ზეწოლა ,,ქართულ ოცნებაში'', რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ვგულისხმობ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რაც ამ რეგულაციების კანონპროექტს ახლდა, პარლამენტსაც მოუწია. ყველაფერ ამას სათავე კი ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ დაუდო გასულ წელს, როდესაც თქვა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა. როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების'' პოლიტიკოსებზე ახლაც ამგვარი მორალური წნეხი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შინაგანად ამ რეგულაციებს მხარს არ უჭერდნენ, აქტიურ ნაბიჯებს მაინც ვერ დგამენ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, ვიდრე რეალურად, ეს შედეგები კონკრეტულ ციფრებში არ აისახება. სხვადასხვა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები კი უკვე ღიად საუბრობენ გაყიდვების შემცირებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ტექნიკის მაღაზიებიც კი იხურება. სამწუხაროდ, რეგიონებში ვითარება საკმაოდ გართულდა, ჩვენ ვესაუბრებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა რეგიონებშია, რადგან თვითდასაქმებული ადამიანი იქ ყველაზე მეტია... 

_ ამ ადამიანებს საკუთარი შემოსავლების დამტკიცება უჭირთ და სამომხმარებლო სესხებს ვეღარ იღებენ, არა? 

_ დიახ, რადგან მათ ხომ მიწის დიდი ნაკვეთების შეძენა არ სურთ. რეალურად, ეს ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად აპირებენ სესხების აღებას, ზოგს _ ბინის, ზოგს _ ავეჯის, ზოგს კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა სურს. მაგალითად, ვიღაცას ახალი ,,აიფონის'' ყიდვა უნდა, რისთვისაც სესხი სჭირდება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშალოთ. ამას საბჭოთა კავშირში უშლიდნენ, სადაც 10 წელი რიგში უნდა მდგარიყავი, რომ ბინა, ან ავტომობილი გეყიდა. ვფიქრობ, საბანკო რეგულაციების შედეგები საკმაოდ მძიმე იქნება და მთავრობას მისი გადახედვა მოუწევს. 

_ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა. მართალია, მაცივრისა და ტელევიზორის შეძენა ბინის დაკარგვის ფასად არ უნდა დაგვიჯდეს, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტიპის სესხები ანუ განვადებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არ მეთანხმებით? 

_ რეალურად, საბანკო რეგულაციები ჭარბვალიანობის შესამცირებლად მიიღეს, მაგრამ ჭარბვალიანობა კომერციულ ბანკებს არ უკავშირდება. მათ რისკების შეფასების საკუთარი სისტემა აქვთ, რასაც მუდმივად აკონტროლებდა ეროვნული ბანკი. მახსოვს, 2014 წელს, ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელები დაიბარა და მოსთხოვა, რომ სამომხმარებლო პორტფელი ნელ-ნელა შეემცირებინათ, ვინაიდან მეორე მხრივ, ონლაინსესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი იზრდებოდა. ონლაინსესხების კომპანიებმა, რომლებიც აბსოლუტურად დაურეგულირებელ ბაზარზე გასცემდნენ სესხებს, 2-3 წელიწადში იმდენი მოახერხეს, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, მინიმუმ, ერთი 300-ლარიანი სწრაფი სესხი ჰქონოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ონლაინსესხებს ის ადამიანები მიაწყდნენ, რომლებსაც ბანკი სესხებს არ აძლევდა. ვფიქრობ, როდესაც ბანკი სესხს არ გაძლევს, უნდა მიხვდე, რომ სჯობს, სესხი საერთოდ არ აიღო. ბანკის მთავარი ინტერესი ისაა, რომ სესხი გასცეს და თუ არ გასცემს, ესე იგი, სერიოზულ პრობლემას ხედავს და, რა თქმა უნდა, არ უნდა აიღო. თუმცა რას ვიზამთ, ქვეყანაში სიღარიბეა, ხალხს ელემენტარული თანხა სჭირდებოდა არსებობისთვის, ძალიან ბევრი გამოსაკვებად და წამლის შესაძენად იღებდა სწრაფ სესხებს. მეტიც, ისეთი შემთხვევებიც კი იყო, როდესაც საბანკო სესხის პროცენტის შესატანადაც კი ონლაინსესხს იღებდნენ. 

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს რომ ჩამოიშლებოდა და ხალხს პრობლემა შეექმნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა გაჭირვებულმა მაცივარი იყიდა, მაგრამ დღეს ამასაც უკრძალავენ. მესმის, რომ სოციალურად დაუცველ პირს სესხი არ უნდა მისცე, რადგან დიდი ალბათობით, ამ სესხს ვერ დააბრუნებს და შემდეგ, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როგორც თავად ეს ადამიანი, ასევე ფინანსური ინსტიტუტი. საბოლოოდ, არცერთი ბანკის ინტერესი არაა, ვიღაცის ოროთახიან ბინას დაეპატრონოს, რადგან უძრავი ქონება მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის კომპონენტია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებით, ერთ ქვაბში მოვხარშეთ ყველა ადამიანი _ სოციალურად დაუცველებიც და შემოსავლის მქონეებიც. მისი ეს პოზიცია ნიშნავს, რომ საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე ჩვეულებრივ იღებდნენ სესხებს, ახლა უარს ეუბნებიან განვადებაზეც კი. ამ საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან ის დასაქმებულები, რომლებიც თვიდან თვემდე იღებენ ხელფასს, აქვთ გარკვეული შემოსავალი და სესხის საშუალებით, საკუთარი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება სურთ, სხვათა შორის, ისინი ამ სესხების მომსახურებასაც ახერხებენ. მართალია, სახელმწიფომ სესხის გაცემა გარკვეულწილად უნდა შეზღუდოს იმ მიზნით, რომ ამან უსისტემო ხასიათი არ მიიღოს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ზედმეტი რეგულაციებითა და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვით, ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. 

_ განვადებები შემცირდა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ რეგულაციები იმ დასაქმებულებისთვისაც შემცირდეს, რომლებსაც განვადებით რაიმე ტექნიკის შეძენა სურთ, მაგრამ ახლა ამას ვერ ახერხებენ? 

_ ვფიქრობ, ძალიან მძიმე ტვირთია ქვეყნის ეკონომიკისთვის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბვალიანია. თვიდან თვემდე ოჯახებს გარკვეული გადასახადები უგროვდებათ და თავი ძლივს გააქვთ, რაც მათთვის მძიმე ტვირთია. 90-იანი წლებიდან მემკვიდრეობად გვერგო, რომ ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ზოგს მევახშის ვალი აქვს, ზოგს _ ბანკის, ზოგს ონლაინსესხი აქვს აღებული და ვეღარ ფარავს. ასეთი მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლებისთვისაც და ეს პრობლემა ერთ, ან ორ წელიწადში ვერ მოგვარდება. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რა გზით მივდივართ წინ _ ჭარბვალიანობას ვებრძვით, თუ სიღარიბეს, რაც სწორედ ჭარბვალიანობას იწვევს? 

ჩვენ სიღარიბეს უნდა ვებრძოლოთ, ამისთვის კი აუცილებელია, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, მოქალაქეები მეტ ფულს უნდა შოულობდნენ, რათა საკუთარი სურვილისამებრ მეტი დახარჯონ და ამ მხრივ არ უნდა შევზღუდოთ. 

თუ რეგულაციებით საბანკო ბიზნესსა და მასზე მიბმულ სხვა ბიზნესებს, მათ შორის, ტექნიკის გაყიდვებს ვზღუდავთ, ცხადია, ამით სასურველ შედეგს, რასაც ჭარბვალიანობის დაძლევა ჰქვია, ვერ მივაღწევთ. 

გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს ამომრჩევლების დაკვეთის შესაბამისად იღებენ. შესაძლოა, საბანკო რეგულაციებს ამომრჩეველთა გულისწყრომა მოჰყვეს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით პოლიტიკოსები იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ამომრჩევლის დაკვეთა, ან საზოგადოების აქტიურობა. შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის, რომლის არჩევა პოლიტიკურ ციკლებს არ ემთხვევა, ამომრჩევლის დაკვეთა საინტერესო არ იყოს, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოება იაქტიურებს, შესაძლოა, საბანკო რეგულაციები შერბილდეს.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 17 Apr 2019 13:48:18 +0400
ნაციხარი ქალის აღსარება http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6112-ნაციხარი-ქალის-აღსარება.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6112-ნაციხარი-ქალის-აღსარება.html

როგორ ცხოვრობენ ტუსაღი დიაცები და ქალთა კოლონიაშიც არიან თუ არა მაყურებლები

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე ციხის მშენებლობა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ისევ გააპროტესტეს. მათი მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ სახლიდან გამოსული ბავშვი, პირველ რიგში, ციხის კედელს არ უნდა ხედავდეს, კორპუსის მაღალი სართულებიდან კი არ უნდა ჩანდეს, როგორ სეირნობენ მსჯავრდებულები ციხის ეზოში და მერე რა, თუ ციხე ქალების იქნება, პატიმარი პატიმარია.

მეორე მხრივ, აბა, ახლა პატიმრებს ჰკითხეთ, როგორია საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ცხოვრება, როცა თავისუფლება სულ რაღაც 20 მეტრშია, როცა ეზოდან ბავშვების ხმა ისმის და მსჯავრდებულთა უმრავლესობას შინ ბავშვი ელოდება? 

ისიც გავიხსენოთ, რომ ორთაჭალის ციხეც, პრაქტიკულად, შუა ქალაქში იდგა. პატიმრები საკნებიდან ხედავდნენ „სვაბოდას“, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ზუსტად ანალოგიური იქნება, ალბათ, რუსთავშიც და მოსახლეობაზე არანაკლებ, სწორედ ციხეში მყოფი პატიმრები დაიტანჯებიან. 

ჩვენ ქალთა ციხეზე, იქაურ ყოფაზე არასდროს არაფერი დაგვიწერია. გასაგებ მიზეზთა გამო, ქალთა კოლონიაში კაცი სასჯელს ვერ მოიხდის, თუმცა... 

 

„ციხეში თუ მოვხვდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ჩვეულებრივად გავთხოვდი და ჩვეულებრივად მომიხდა ავარია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი 60 წლის კაცი იყო, ოჯახმა იჩივლა, მე მოძრაობის წესების დარღვევაში დამადანაშაულეს და ასე გავხდი ორი შვილის დედა პატიმარი“, _ გვიყვება თეონა მ., რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრული 6 წელი გაატარა, მოესწრო წინა ხელისუფლების რეჟიმსაც და ახალსაც, თუმცა დიდ განსხვავებას ვერ ხედავს, რადგან რეალურად, ქალთა მიმართ ციხეში ძალადობა ნაკლები იყო მაშინაც, ახლაც და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. 

„ვიცოდი, რომ კაცების ,,ზონაში'' არსებობდა ,,მაყურებელი'', ქურდი... ანუ დაახლოებით ისე, როგორც ყველამ იცის, არაფერი განსაკუთრებული. ჩემთვის ციხე სხვა სამყარო იყო. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ციხეში შევედი და გავიგე, რომ ქალთა კოლონიაშიც იყო ,,მაყურებელი'', რომელსაც ყველა ემორჩილებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი პატიმარი, რომელსაც მდიდარი კრიმინალური წარსული, ძლიერი მკლავი და უტეხი ხასიათი ჰქონდა. ჰო, როცა საჭირო იყო, ის პატიმრებზე იწევდა და წაუთაქებდა ხოლმე. ძირითადად, ჩხუბი ერთმანეთში კრიმინალური წარსულის მქონე ქალებს მოსდიოდათ, თორემ ისეთები, ვინც ჩემსავით შემთხვევით მოხვდნენ იქ, რაზე იჩხუბებდნენ?!“ _ გვიყვება თეონა. 

მისივე თქმით, ისიც გაუკვირდა, რომ ქალთა ,,ზონის მაყურებელს“ მუდმივად ორი „ცოლი“ დაჰყვებოდა. რას ნიშნავს ქალთა კოლონიაში ცოლი, ამას თეონა საინტერესოდ განმარტავს: 

„ეს არის ქალი, რომელიც თავისი სურვილით გივლის, გეხმარება, გეფერება... სახლობანას თამაშობ, რა. პრივილეგია ,,მაყურებლის'' ცოლს ის აქვს, რომ შეუძლია, სხვებზე მეტი დარეკოს, სხვებზე მეტი დრო გაატაროს ჰაერზე, ბევრი არაფერი, უბრალოდ, ერთობა, რა. მოფერების სურვილი შეიძლება სხვებსაც გაუჩნდეთ და ირჩევენ ხოლმე ერთმანეთს. ძირითადად ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, თორემ ჩვენს თაობას რა სურვილი, ერთი სული გვაქვს, როდის გავა დრო, რომ გარეთ გავიდეთ...“ 

სხვათა შორის, როგორც კაცების ციხეში, ისე ქალთა კოლონიაშიც არსებული სიტუაცია ჩვენს რესპოდენტს არ მოსწონს. ის ღიად ამბობს, რომ უამრავი ენერგია ჰაერში მიდის მაშინ, როცა თავისუფლად შეიძლება, როგორც ქალებმა, ისე კაცებმა, რაიმე ღირებული შექმნან. 

„ქალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის ქარგვა, ქსოვა, რა ვიცი, ნებისმიერი საოჯახო საქმის კეთება. მართალია, ციხეში გაკეთებული ნივთები იყიდება, გამოფენებიც ეწყობა ხოლმე, მაგრამ მასშტაბებია ძალიან პატარა. თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, მცირე ზომის სათბური გაკეთდეს და იქ მოყვანილი პროდუქტი ხარისხიანიც იქნება, ძვირიც და რაც მთავარია, ციხიდან შეძლებენ ქალები საკუთარი თავის შენახვასაც და ოჯახისთვისაც რაღაცას გააგზავნიან. 

როგორც მითხრეს, ნორვეგიაში ციხეში აუზია, სადაც თევზებს აშენებენ და წლიური ბრუნვა 2-3 მილიონი აქვს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ძვრა არ არის“, _ გვითხრა თეონამ. 

მას იმ ქალბატონებზეც ვკითხეთ, ვინც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის: 

„იშვიათია, ქალი ძალადობრივ დანაშაულზე იჯდეს. ყაჩაღობა, მკვლელობა... თითებზე ჩამოსათვლელია. ძირითადად, ქურდობა და ნარკოტიკების გასაღება. ახალგაზრდა გოგონები, უმრავლეს შემთხვევაში, ამ დანაშაულზე არიან, ხოლო თუ დაჭრაა, მაშინ საქმე ძირითადად სიყვარულთან გვაქვს. 

ნარკოტიკების გამყიდველებს ჩვენთან მთლად ისე არ ექცევიან, როგორც კაცების ,,ზონაზე'', მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ქვედა რგოლად ითვლებიან პატიმრებში. 

სიყვარულის ისტორიებს რაც შეეხება, ზიხარ და უსმენ მთელი საღამოები ამ ამბებს და გარეთ შენებთან ხარ, შენს საყვარელ ადამიანთან“, _ დაასრულა თეონამ.

პატიმარი #0578

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 17 Apr 2019 13:48:13 +0400
რას აპირებს ტარიელ ონიანი http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6107-რას-აპირებს-ტარიელ-ონიანი.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6107-რას-აპირებს-ტარიელ-ონიანი.html

„კანონიერი ქურდების“ „სხადნიაკი“ თურქეთში _ რას ჰყვება „ტაროს“ გარემოცვის წევრი

9 აპრილს, რუსული ციხიდან ტარიელ ონიანი გათავისუფლდა. მის გათავისუფლებას კრიმინალური სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კოლონიის კარებთანვე დააკავეს და ციხეში შეაბრუნეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ონიანი ამჟამად საექსტრადაციო ციხეში იმყოფება და 19 მაისს მისი დეპორტაცია მოხდება.

ისე, ცოტა უცნაური კი არის _ ონიანი გაათავისუფლეს 9 აპრილს, როცა საქართველოში გლოვისა და ზეიმის დღე იყო და მისთვის რეალურად არავის ეცალა, ათავისუფლებენ 19 მაისს ანუ მაშინ, როცა საქართველოში შუალედური არჩევნებია და შესაბამისად, მისთვის ისევ ვერავინ მოიცლის ანუ „ტარო“ მთავარი თემა ნამდვილად არ იქნება. 

ახლა, ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი ექსტრადიცია. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა საქართველო არ იქნება _ იმის მიუხედავად, რომ ონიანი ქართულ საარჩევნო სიაშიც კი იძებნება, მას 2006 წელს, ოფიციალურად აქვს უარი ნათქვამი მოქალაქეობაზე და ჩვენი ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს არქივში იძებნება. 

ონიანს ოფიციალურად ეძებს ესპანეთი და უკრაინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ამ ქვეყნებში ისურვებს გამგზავრებას. 

რა შუაშია მისი სურვილი?! _ რუსული კანონმდებლობის თანახმად, პირს, რომელიც არ არის არცერთი ქვეყნის მოქალაქე, უფლება აქვს, თავად აირჩიოს ქვეყანა, სადაც გამგზავრებას ისურვებს. 

თავიდან ასეთ ქვეყნად თურქეთი სახელდებოდა, ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა, რადგან ბოლო დროს, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების თავშესაფრად სწორედ ის იქცა, მაგრამ ახლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ონიანი საექსტრადიციოდ უზბეკეთს აირჩევს. ამის მიზეზს, მისი გარემოცვის წევრი, ჩვენთან საუბარში განმარტავს. 

„სამი წლის წინ, თავისუფლებაზე მყოფმა ზახარ კალაშოვმა, ,,კანონიერ ქურდებს'' „ოჯახში“ ახალი წევრების მიღება აუკრძალა ანუ ქურდების „მონათვლას“ აკრძალვა დაადო, აქაოდა, ჯერ იმაში გავერკვეთ, ვინ ვინ არის რეალურადო. 

ეს აკრძალვა რამდენიმე თვის წინ, ვაჟა ბიგანიშვილმა დაარღვია და კრიმინალური ავტორიტეტი „მონათლა“. მას არავინ არაფერი უთხრა, რადგან კალაშოვი დაჭერილია, ბიგანიშვილი კი საკმაოზე მეტად გავლენიანი ქურდია. 

ახლა თურქეთში გაიმართა „სხადნიაკი“, სადაც ქურდად უზბეკი კრიმინალი, მეტსახელად აკტანი „აკურთხეს.“ „სხადნიაკს“ ათამდე ქურდი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის მთავარი, თემურ ნემსიწვერიძე და დავით ჩხიკვიშვილი იყვნენ. აკტანის ქურდად „მონათვლა“ ონიანს აწყობდა, რადგან სწორედ უზბეკეთში სურს წასვლა, რათა ციხის შემდეგ აზრზე მოსვლა მოახერხოს. 

რაც მთავარია, მაისის ბოლომდე, ტარო აუცილებლად გამართავს „სხადნიაკს“, სადაც ძალიან ბევრს პასუხს მოსთხოვს 2009 წელს ჩადენილი თავხედობის გამო“, _ გვეუბნება ონიანის გარემოცვის წევრი. 

ჯერ ის ვთქვათ, ვინ არის აკტანი? _ უზბეკი კრიმინალი 48 წლის გახლავთ, რაც ქურდად მონათვლისთვის ძალიან დიდად ითვლება. როგორც ამბობენ, მას მხარს კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გაფურ რახიმოვი უჭერს. რახიმოვმა აკტანის ქურდად „კურთხევა“ კალაშოვს სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, აქაოდა, ძალიან ასაკოვანია, არ შეიძლებაო. შემდეგ რახიმოვი ონიანის გარემოცვას მიადგა და თანხმობაც მიიღო. ჰოდა, ძალიან დიდი ალბათობით, ტარო გათავისუფლების შემდეგ, უზბეკეთში, სწორედ მათი სტუმარი იქნება. 

რაც შეეხება წერილს, რომელიც 2009 წელს გავრცელდა. მაშინ ,,ზონაზე'' გაგზავნილ წერილში დაიწერა, რომ ონიანს ქურდულ სტატუსს ართმევდნენ და ის ქურდი აღარ იყო და ეს, იმის მიუხედავად, რომ „შავ დელფინში“, სადაც ონიანმა 10 წელი მოიხადა, ის ქურდის სტატუსით იყო და ადმინისტრაციას მედგარ წინააღმდეგობასაც უწევდა, რაც მისთვის გამოცხადებულ 253(!!!) საყვედურსა და ამდენივე ადმინისტრაციულ სასჯელში აისახა. 

ადმინისტრაციულ სასჯელში კი ,,კარცერი'' იგულისხმება, თანაც მინიმუმ, 3-დღიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანს სასჯელის, დაახლოებით, მესამედი სწორედ ,,კარცერში'', ე.წ. ,,ადინოჩკაში'' აქვს გატარებული. 

ჰოდა, ახლა იმ წერლიზე ხელისმომწერებს ონიანი შეკრებას და ამ საქციელის ახსნას სთხოვს. 

სხვათა შორის, ანალოგიური რამ, თავის დროზე, ასლან უსოიანის შემთხვევაშიც მოხდა. მაშინ „დედ ჰასანმა“ 42 ქურდი (ამდენმა მოაწერა ხელი წერილს, სადაც უსოიანი არაქურდად იყო გამოცხადებული) შეკრიბა, ბოდიში მოახდევინა და მობოდიშების შემდეგ, თავის კლანში გააერთიანა. 

„ონიანს ყველაზე დიდად მერაბ ჯანგველაძის ეიმედება. „მერაბ სუხუმსკი“ იტალიაში ცხოვრობს, ქვეყნიდან, პრაქტიკულად, არ გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანთან მისი შეხვედრა გაჭირდება. სადაც უნდა წავიდეს ტარო, თუ იტალიაში არ ჩავა, საეჭვოა, ჯანგველაძემ აპენინების დატოვება მოითხოვოს. მას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იტალიელ მაფიოზებთან სიტუაცია დალაგებული აქვს, ოღონდ იმ პირობით, რომ სხვაგან არ წავა და რამეს არ მოიმოქმედებს ანუ კრიმინალურ ამბებში არ ჩაერევა. თავადაც იცის მერაბმა, რომ მის სახლს კარაბინერები უთვალთვალებენ და ამიტომ, ონიანს იტალიაში ეპატიჟება, თუმცა იტალია და ესპანეთი კრიმინალის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და, ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, იტალიაში ჩასულ ონიანს დააკავებენ და ესპანელებს გადასცემენ. ეს კი რამდენიმე წლის ციხეში გატარებას ნიშნავს, რაც ტარიელის გეგმებში აშკარად არ შედის“, _ გვეუბნება მისი გარემოცვის წევრი. 

საინტერესოა, რომ მთელი იმ 10 წლის განმავლობაში, რომელიც ონიანმა რუსეთის ციხეში გაატარა, ესპანელები მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდნენ. როგორც პირენეელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, მათ საერთო ჯამში, 800 საბანკო ანგარიშს მიაგნეს, სადაც კრიმინალით ნაშოვნი ფული ირიცხებოდა და რომელიც ონიანის გარემოცვის წევრებს ეკუთვნოდა. 

საუბარია თითო ანგარიშზე განთავსებულ რამდენიმე მილიონზე ანუ თუ ესპანელებს ვენდობით, მათ ონიანს პრაქტიკულად, მილიარდზე მეტი არალეგალური თანხა უპოვეს და თუ ხელში ამ ანგარიშების მფლობელიც ჩაუვარდებათ, ციხეში პრაქტიკულად, სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტავენ. 

მიმდინარე პროცესებს დუბაიდან აკვირდება კრიმინალური სამყაროს უგვირგვინო მეფედ აღიარებული, ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“. სალიფოვის გადაცემას ჯიუტად ითხოვს რუსეთი, თუმცა ჯერჯერობით „გულუ“ ახერხებს და ვლადიმირ პუტინს გაურბის. 

როგორც დაიწერა, სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სთხოვა თურქ კოლეგას თავის დროზე სალიფოვის გადაცემა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანელი ქურდი დუბაიში აღმოჩნდა. 

„გულუმ“ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და განაცხადა, რომ დუბაიდან გასვლას არ აპირებს და თუ ქურდებს სურთ, რომ „სხადნიაკში“ მანაც მიიღოს მონაწილეობა, მაშინ დუბაიში ჩასვლა მოუწევთ. ამით მან მიანიშნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და რაც მთავარია, არ აპირებს, სადმე, ვიღაცის დაძახებულზე იაროს, პირიქით, თავად უხმობს „ქურდული ოჯახის“ წევრებს და აფიქსირებს, რომ მეორე პოზიციაზე ყოფნას არ აპირებს. 

ასეა თუ ისე, 19 მაისამდე ბევრი არაფერი გაირკვევა. აი, მაშინ, როცა საქართველოში შუალედურ არჩევნებში პირველი უბნის კარი გაიღება, რუსეთში ონიანს ციხის კარს გაუღებენ და თვითმფრინავში ჩასვამენ. სად გაფრინდება ნომერ პირველი ქურდობის პრეტენზიის მქონე ტარიელ ონიანი, სავარაუდოდ, მაშინ გაირკვევა, როცა საქართველოში შუალედური არჩევნების კულმინაცია იქნება.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 17 Apr 2019 13:47:51 +0400
„სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ჩემსა და თანამედროვე ცხოვრებას შორის, რა მელის წინ, ბატონებო?!“ http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6106-„სულ-უფრო-ღრმავდება-უფსკრული-ჩემსა-და-თანამედროვე-ცხოვრებას-შორის,-რა-მელის-წინ,-ბატონებო-“.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6106-„სულ-უფრო-ღრმავდება-უფსკრული-ჩემსა-და-თანამედროვე-ცხოვრებას-შორის,-რა-მელის-წინ,-ბატონებო-“.html

ვოვა აურუთინიანის წერილი ციხიდან _ რას ითხოვს ბუშის ტერაქტისთვის მსჯავრდებული

ამ ადამიანის სახელი, თავის დროზე, ყველას პირზე ეკერა და ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან მას ბრალი 2005 წლის 10 მაისს, თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ედებოდა. ვოვა არუთინიანი 2005 წლის 20 ივლისს დააკავეს, დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც მაშინ ითქვა, ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ზურაბ ქვლივიძე დაიღუპა. 

სასამართლომ არუთინიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს თბილისის #7 დაწესებულებაში იხდის. ,,ვერსიამ'' არუთინიანისგან წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, სწორედ აღნიშნული ციხიდან მიიღო.

,,გაზეთ ,,ვერსიის'' მთავარ რედაქტორს, 

ქალბატონ მაია ფურცელაძეს 

მოგესალმებით, პატივცემულებო. 

ამ წერილს თქვენ სახელზე წერს პატიმარი ი. არუთინიანი, ქ. თბილისის #7 დაწესებულებიდან, დიდი თხოვნით: 

ბატონებო, თქვენ საინტერესო გაზეთს ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ. განსაკუთრებით ,,სამართალის'' ნაწილს. იქნებ, დაგვეხმაროთ აი, რა საკითხში, ბატონებო: 

უკვე რამდენიმე წელია, რაც მივმართავ სხვადასხვა ინსტანციებს, რომ ჩვენთან, #7 ციხეში, სწავლა-განათლების, შრომის... კუთხით რაიმე პროგრამა ამუშავდეს, მაგრამ ჯერ წინსვლა ამ მხრივ არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება. თუ ამ საკითხით არ დაინტერესდება ჩვენი მასმედია, არ მიმართავენ გადაწყვეტილების მიმღებ ჩინოვნიკებს შეკითხვებით, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო, რომ ამ პროგრამაში მოხვდე და როდის ამუშავდება ეს პროგრამა ჩვენთან, ციხეში. 

მე აქ ციხეში უკვე 13 წელზე მეტია, რაც ვიმყოფები, მარტო საკანში და ამის მიუხედავად, ყოველღიურად, დღეში სამჯერ ვვარჯიშობ (ბოქსი, სირბილი, სიმძიმეებით ვარჯიში), ყოველდღიურად ცივი წყლით ვბანაობ მთელი წლის განმავლობაში, ვუსმენ ახალ ამბებს ქართულ და უცხოურ არხებზე, რათა მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების საქმის კურსში ვიყო. 

ვცდილობ, დამოუკიდებლად შევისწავლო ინგლისური და არაბული ენები, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს ჩემს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით... 

სწორად გამიგეთ, ბატონები, ბოლო წლებში, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა და ამის არდანახვა ჩემი მხრიდან დიდი უნამუსობა იქნებოდა. მადლობა, რომ ხელს არ მიშლიან ვარჯიშის დროს, ნაკეთობების დამზადებისას... მაგრამ მასწავლებლის გარეშე ძალიან ძნელია რაიმე ენა შეისწავლო, ძნელია, აკეთო ის, რაც არასდროს გაინტერესებდა და გიზიდავდა (ხელოვნებას ვგულისხმობ). 

მე ამ ყველაფერს აქ ვაკეთებ, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვიყო, რომ ინტელექტი შევინარჩუნო. არ არის ეს ადვილი, ბატონებო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 

იქნებ, ბოლო-ბოლო, ჩვენთანაც რაიმე პროგრამა ამუშავდეს _ ენისა და შრომის შემსწავლელი კურსების სახით (რამის კეთება, რაც რეალურად საჭიროა და გარკვეულ შემოსავალსაც მოგცემს, რომ ოჯახის წევრებს დაეხმარო). 

განსაკუთრებით მინდა, რომ კომპიუტერი შეგვასწავლონ, ბატონებო. ყოველდღიურად, სულ უფრო ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ მხრივ მე ისევ 2005 წელში ვარ ჩარჩენილი და რაც მახსოვდა, ნელ-ნელა მავიწყდება. 

ჩვენ დროს, ბატონებო, ინტერნეტით სარგებლობა თუ არ იცი, ადამიანად არ ითვლები. ყველაფერი გადადის ელექტრონულ ფორმატში და ყოველდღიურად, სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ჩემსა და თანამედროვე ცხოვრებას შორის, ადამიანი აბსოლუტური მარგინალი ხდება... 

რა მელის წინ, ბატონებო?! 

ახლო მომავალში, თუ რამე არ შეიცვლება და განათლებას ვერ მივიღებ, შრომის, ან კომპიუტერის შემსწავლელი კურსები არ ამოქმედდება, არ ვიცი, თავისუფლებაზე გასვლისას როგორ ვიცხოვრებ, როდესაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიქნები ამისთვის? 

ძალიან გთხოვთ, თქვენს გაზეთსა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, როგორმე იაქტიუროთ, რომ რეაგირება მოხდეს და იმ პატიმრებს, რომლებსაც სწავლა, შრომა და კომპიუტერის შესწავლა სურთ, ამაში დაეხმაროთ იმის მიუხედავად, თუ რომელ ციხეში იმყოფებიან ისინი, ან რა სიმძიმის სასჯელი დააკისრეს, თუნდაც ის უვადო იყოს. 

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს. 

პატივისცემით, ი. არუთინიანი 

 

22.03.2019 წელი''

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 17 Apr 2019 13:47:47 +0400
ესპანეთში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის უცნობი დეტალები http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6100-ესპანეთში-ჩატარებული-ხმაურიანი-სპეცოპერაციის-უცნობი-დეტალები.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6100-ესპანეთში-ჩატარებული-ხმაურიანი-სპეცოპერაციის-უცნობი-დეტალები.html

რეალურად, რამდენ ხანს მზადდებოდა ქართველების აყვანა და რას ჰყვებიან ბარსელონაში დაკავებულები

4 აპრილს, ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანელმა სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის, 66 ქართველია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე, აღნიშნული სპეცოპერაცია ვერ ჩატარდებოდა. აკი, დაადასტურეს კიდეც ქართველმა ძალოვნებმა, ამ სპეცოპერაციაზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდითო, თუმცა ნურას უკაცრავად...

დავიწყოთ იმით, რომ ზუსტად ორი კვირის წინ, ჩვენ დავაანონსეთ აღნიშნული სპეცოპერაცია და ვთქვით, რომ ქართველი სამართალდამცავები, ესპანელებთან ერთად, მასშტაბურ დაკავებას გეგმავდნენ. 

რაც შეეხება ერთწლიან მზადებას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რამეთუ სპეცოპერაცია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაიგეგმა, მომზადდა და განხორციელდა. უფრო მეტიც, ბარსელონაში, იმ კონკრეტულ შენობაში მყოფი ქართველები ამ სპეცოპერაციას ელოდენენ. ალბათ, იკითხავთ, თუ ელოდნენ, რატომ არ გაიქცნენო, თუმცა ამასაც თავისი მიზეზები აქვს და ახლავე მოგიყვებით, რეალურად რაც მოხდა. 

აღნიშნული სკოლის ტერიტორია ალბანელებმა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიკავეს. ალბანელი დევნილები იქ არალეგალურად შესახლდნენ, თუმცა მათი რიცხვი ოცს არ აჭარბებდა. ერთ თვეში, სკოლას უკვე ქართველებმა მიაშურეს და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში მრავლად არიან, შენობა, პრაქტიკულად, ორ კვირაში გაივსო. ქართველებმა აამუშავეს კომუნიკაციები და ამ კომუნიკაციების საფასურს იხდიდნენ კიდეც, თუმცა არ იხდიდნენ ქირას. გაგეცინებათ და, რამდენიმე ქართველმა 3-4 ოთახიც დაიკავა და მათ დღიურად აქირავებდა (დღეში 5 ევროდ). 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ბარსელონაში კარგად იცოდნენ და იმის მიუხედავად, რომ იქ არალეგალები იმყოფებოდნენ, სამართალდამცავები თვალს ხუჭავდნენ. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რეალურად, ეს ადამიანები შენობას პატრონობდნენ, ის არ იძარცვებოდა და როგორც თავად ფიქრობდნენ, იქ მყოფთა უმრავლესობა მუშაობდა, არ იპარავდა და საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდა. 

მიშვებული სიტუაციის გამო, შენობაში ნელ-ნელა ის ადამიანებიც გამოჩდნენ, ვინც ესპანეთში ქურდობით ირჩენდა თავს. ოჯახებმა ეს გააპროტესტეს, მაგრამ საბოლოოდ, ემიგრანტული სოლიდარობისა და სხვა რაღაცების გამო, თავშესაფარი ქურდებმაც მიიღეს. შედეგად, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა. სკოლის შენობა ნელ-ნელა დაემსგავსა აუღებელ ციხე-სიმაგრეს და ბარსელონას ადგილობრივი ხელისუფლება ამას ადრე თუ გვიან რომ აღკვეთდა, ადვილი მისახვედრი იყო. 

შედეგად, სკოლის შენობაში განთავსებულ მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და საქმეში ქართული მხარეც ჩაერთო. საქართველოდან ესპანელებს დაუდასტურეს, რომ შენობაში ქართული კანონმდებლობით რამდენჯერმე ნასამართლევი პირები და არალეგალებიც იმყოფებოდნენ. დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც... ჩავარდა! 

4 აპრილამდე ორი კვირით ადრე, დაახლოებით, 30 პოლიციელი შენობას მიადგა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იქ მაცხოვრებლებს მარტივად დაიმორჩილებდნენ და სპეციალურად მათთვის მიყვანილ ავტობუსებში მშვიდად აიყვანდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა _ თითოეული ოთახის კარის გაღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ფანჯრებიდან შესვლა გამოირიცხა, რადგან ფანჯრებთან ბავშვები დააყენეს და შუშის ჩამტვრევის შემთხვევაში, მათი დაზიანების რისკი ძალიან დიდი იყო. ორსაათიანი ამაო მოლაპარაკების შემდეგ, ესპანელი პოლიციელები განყოფილებაში დაბრუნდნენ. 

ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ამ წარუმატებელი ვოიაჟის შესახებ, არც ქართულ და არც ესპანურ მხარეს არაფერი უთქვამს. სწორედ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ დავაანონსეთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდებოდა. სხვაგვარად გამორიცხულიც იყო _ პოლიციელები არც ამ გაბითურებას შეირჩენდნენ და არც იმ შენობას დატოვებდნენ უყურადღებოდ. 

სპეცოპერაცია ახლიდან დაიგეგმა და საქართვლოდან მასში 40-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა. ისინი სართულებზე განალაგეს და ისმენდნენ ყველაფერს, რასაც ემიგრანტები საუბრობდნენ. სწორედ ემიგრანტების გადაძახილის შემდეგ მიაგნეს ორ სამალავს პოლიციელებმა და იქიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. 

,,რა თქმა უნდა, მორიგ სპეცოპერაციას ველოდით, მაგრამ როგორც ადგილობრივი პოლიციელები გვეუბნებოდნენ, იქაურობის დასატოვებლად, მინიმუმ, ორთვიანი პერიოდი გვქონდა, რადგან ასე მალე ახალ სპეცოპერაციას ვერ დაგეგმავდნენ. როგორც ჩანს, მათ ვერ გათვალეს და ასე მოვხვდით სამართალდამცავთა ხელში. ყველაზე ცუდ დღეში ის პატიოსანი მოქალაქეები არიან, რომლებიც დილიდან საღამომდე მუშაობენ, ისინიც, ვისაც ახლა დეპორტაცია ემუქრება. რომ ატეხეს ამბავი, 66 ქართველი დააკავესო, აქედან 25-ს ედავებიან ქურდობას, დანარჩენები კი იმაზე გადაამოწმეს, რამდენად ლეგალურად არიან ესპანეთში. სასამართლომ ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანი გაუშვა და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მინიმუმ, 35 მათგანის დეპორტაცია განხორციელდება. 

ქურდობაში ეჭვმიტანილებს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აქვე გაასამართლებენ და საქართველოში წამოსვლას არავინ მოინდომებს'', _ გვითხრა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში... მობილურით სარგებლობის უფლება აქვს. 

შენობას დღემდე სამართალდამცავები აკონტროლებენ და ის ადამიანები, რომლებიც ესპანეთში ლეგალურად არიან და იმ შენობაში ცხოვრობენ, პრაქტიკულად, სამართალდამცავებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. 

,,არის რამდენიმე პიროვნება, რომელის დაკავებაც სურდათ, მაგრამ სპეცოპერაციის დროს შენობაში არ აღმოჩდნენ. შედეგად, სამართალდამცავები შენობაში იმ იმედით არიან, რომ ეს პიროვნებები დაბრუნდებიან, რაც აბსურდია. რომელი ქართველი დაბრუნდება შენობაში, სადაც ზუსტად იცის, რომ სამართალდამცავები ელოდებიან და დააკავებენ? ამას ვუხსნით კიდეც, მაგრამ არ სჯერათ, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ რომელიმე მაინც გარისკავს და იქ დატოვებული ნივთების წასაღებად მივა. 

სხვათა შორის, სავარაუდოდ, ამის გამო, შენობიდან რაიმე ნივთის გატანა გვეკრძალება. გავდივართ იმით, რაც გვაცვია, გასვლისას ჩხრეკენ ჩანთებს, შემოსვლისას ისევ ხრეკენ და ამას, თურმე, იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ვინმემ იარაღი არ შემოიტანოს და სამართალდამცავებს სროლა არ აუტეხონ. ამათი ამბავი გასაგებია, მაგრამ ის არ გვესმის, ქართველი სამართალდამცავები რატომ არ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ შენობაში პატრულირება უკვე უაზრობაა და სანამ აქ იქნებიან პოლიციელები, არცერთი ძებნილი შენობას ასი მეტრითაც კი არ მიუახლოვდება. 

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ რამდენიმე ათეული მოქალაქე საქართველოში დეპორტით დაბრუნდება და ევროპას სამი წელი ვერ გაეკარება, რაც უფულობას და შიმშილს ნიშნავს. უმრავლესობა ხომ სწორედ ლუკმა-პურის საშოვნელად არის აქ ჩამოსული და ამ შენობაშიც იმიტომ ვცხოვრობდით არაადამიანურ პირობებში, რომ ბინის ქირის ფული დაგვეზოგა'', _ გვითხრა ადგილზე მყოფმა ქალბატონმა, რომელიც ესპანეთში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნა შეტანილი აქვს. 

დაკავებულ არალეგალთა ექსტრადაცია, წესით, მაქსიმუმ ორ თვეში უნდა განხორციელდეს, მაგრამ დაკავებულებმა უკვე ადვოკატები აიყვანეს და თავშესაფარს ოფიციალურად ითხოვენ. რამდენად გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას ესპანეთის ხელისუფლება, ძნელი სათქმელია.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 10 Apr 2019 12:46:45 +0400
„ზუსტად ვიცით, ვინ იპარავს!“ _ საქართველოში არასრულწლოვანთა კრიმინალი მძვინვარებს http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6099-„ზუსტად-ვიცით,-ვინ-იპარავს-“-_-საქართველოში-არასრულწლოვანთა-კრიმინალი-მძვინვარებს.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6099-„ზუსტად-ვიცით,-ვინ-იპარავს-“-_-საქართველოში-არასრულწლოვანთა-კრიმინალი-მძვინვარებს.html

„ქურდები გვაწვებიან, ეს თემა დაალაგეთო, მაგრამ როგორ დავალაგოთ, როცა მთელი შსს უძლურია“

 

დაპირების მიუხედავად, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მიერ (14-წლამდე) ჩადენილი დანაშაული კვლავ დაუსჯელი რჩება. არასრულწლოვნებს აკლებული აქვთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ლამის მთელი საქართველო და განსაკუთრებით _ დედაქალაქი. იქურდება და იძარცვება ყველაფერი, სადაც კი არასრულწლოვანები შეღწევას ახერხებენ და რაც მთავარია, ძალოვნები, შესაბამისი კანონის არარსებობის გამო, მათ ვერაფერს უპირისპირებენ. ისინი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ლამის ას პროცენტს ცხელ კვალზე ხსნიან, მაგრამ შედეგი ნულია _ ვერავის აკავებენ და უმრავლეს შემთხვევაში, მოპარული ნივთები გაყიდულია. ჩვენ სამართალდამცავებს და ასევე, თბილისის უბნებში იმ ადამიანებს შევხვდით, რომლებსაც ,,კაი ბიჭობაზე'' აქვთ პრეტენზია და წესით, დანაშაულებს საკუთარ უბანში მაინც უნდა აკონტროლებდნენ, თუმცა...

,,სქემა მარტივი და პრიმიტიულია _ არასრულწლოვნები მიდიან, ძირითადად, ტექნიკის მაღაზიებთან, იღებენ ქვას, ამტვრევენ ვიტრინას, შედიან და, დაახლოებით, 30 წამში რასაც მოიხელთებენ, მიაქვთ. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ტექნიკის მაღაზიიდან ძვირადღირებული ტელეფონები და ,,ნოუთბუქები'' წაიღონ ანუ მინიმუმ, 10 ათასი ლარის საქონელი. ამის შემდეგ, ისინი მიდიან ვაგზალზე და ტექნიკის პატარა მაღაზიებში, პრაქტიკულად, მეათედ ფასად აბარებენ ამ ნივთებს, ან ტელეფონისა და ,,ნოუთბუქის'' ხელოსნებს აბარებენ, ან უბრალოდ, შეყვარებულებს ჩუქნიან და დადიან 12-13 წლის გოგო-ბიჭები ორი ათას ლარიანი მობილურებით. დავაკავებთ, ნაქურდალზე ხმას არ იღებენ, დაკითხვაზე მშობლები და პედაგოგები არიან და ხმასაც ვერ ვუწევთ. არადა, ერთი რომ უღრიალო, მაშინვე დაფქვავენ ყველაფერს, ვის და სად ჩააბარეს, მაგრამ ვინ განებებს?! კანონი სასწრაფოდ მისაღებია, თორემ ასე უკონტროლოდ აღარ შეიძლება, ეს კატასტროფაა'', _ გვითხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა. 

იმას, რომ სამართალდამცავებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, რიგითი თანამშრომლებიც აღიარებენ. დღევანდელმა ბავშვებმა კარგად იციან მათი უფლებები, ამიტომ მაქსიმალურად იყენებენ ამ სიტუაციას. არსებობს მოსაზრება, რომ არასრულწლოვნებს სრულწლოვანი კრიმინალები აკონტროლებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ უკონტროლო ძარცვა-გლეჯვა მათთვის ცალკე თავის ტკივილი და მათ ავტორიტეტზე სერიოზული დარტყმაა. 

,,ჩვენი ნება რომ იყოს, ამ ,,შპანას'' საერთოდ ავუკრძალავდით ქურდობას, მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ. დაახლოებით კი არა, ზუსტად ვიცით, ვინ იპარავს, უბრალოდ, არ ვიცით, როდის რას აპირებენ იმიტომ, რომ არ გვეუბნებიან. თავში რომ წამოვარტყათ, კი დაფქვავენ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ პოლიციაში წავლენ, იტყვიან, რომ უბანში დიდი ბიჭები ჩაგრავენ და პოლიცია ჩვენ დაგვიჭერს, მათზე გამწარებული, ჩვენ მოგვისჯის მაქსიმუმს, მიზეზი კი მარტივი ექნება _ 223-ე მუხლი ანუ ქურდული სამყაროს წევრობა. 

ჯიბის ქურდობაც გახშირდა, ბავშვები ,,მარშუტკებსა'' და ავტობუსებში მობილურებს პარავენ ნებისმიერს, დიდს თუ პატარას და მერე, 2000 ლარიან ტელეფონებს, 20 ლარად აბარებენ ხელოსნებს. ტელეფონები ისეა მოწყობილი, თუ კოდი არ იცი, ვერ გამოიყენებ, ხელოსანს კი ნაწილებისთვის სჭირდება და ნებისმიერი ასეთი ტელეფონიდან 500 ლარის ნაწილს ისე მოხსნის, როგორც არაფერი. ბავშვებმა ან იაფად უნდა ჩააბარონ, ან უნდა გადააგდონ და ამიტომ, ჩაბარება ურჩევიათ. მოდიან ჩვენთან, დაკარგული ნივთის პოვნას გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. მოიპარეს ავლაბარში, გლდანში, ვარკეთილში და ჩააბარეს ვაგზალზე, წადი და ეძებე. 

იქეთ ქურდები გვაწვებიან, დაალაგეთ ეს თემაო და როგორ დავალაგოთ, როცა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროა უძლური'', _ გვითხრა ერთ-ერთი უბნის ავტორიტეტმა. 

სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს, სამართალდამცავებს საბურავების, ტელეფონების, აკუმულატორების და მაგნიტოფონების, მანქანის სარკეების ქურდების დაჭერა რომ უჭირდათ, ადგნენ და იმ ადამიანებს მიადგნენ, ვინც ნაქურდალს იბარებდა. ამან შედეგი მალე გამოიღო და მათ ნაქურდალის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. მოპარული ნივთი თუ ვერ გაასაღე, რაში გჭირდება და წვრილ-წვრილი ქურდობაც შეწყდა. არასრულწლოვნებს მაშინაც ჰქონდათ მცდელობა ქალაქის დაწიოკება-აწიოკების, მაგრამ მაშინ ბავშვები კი არა, სრულწლოვნები ვერ პოულობდნენ სამართალს და ცემა-ტყეპაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. დაკითხვის დროს, პედაგოგის და მშობლის დასწრებას ვინ ჩივის, დაკავებულს სანათესაო რამდენიმე საათი ეძებდა და იმას არკვევდა, რომელი განყოფილების რომელ ჯურღმულში ჰყავდათ. 

ეს იყო ერთი უკიდურესობა, რომელიც იყო მიუღებელი, მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ, რომელიც ასევე, მიუღებელია. პრობლემა მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ ბავშვები პატარაობიდანვე იპარავენ, პატარაობიდანვე ეჩვევიან კრიმინალსა და ძვალ-რბილში უჯდებათ დაუსჯელობის სინდრომი. პრობლემაა ტექნიკის ასობით დაზარალებული მაღაზია და ათასობით დაზარალებული რიგითი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ვერც კი წარმოუდგენია, რომ სამარშრუტო ტაქსში ან ავტობუსში, გვერდით 12-13 წლის ბავშვი რომ უდგას, შეიძლება, ტელეფონი ან ფული მოპაროს, თან მოპაროს ისე, რომ დაჭერის არ ეშინოდეს. 

ადრეც დავწერეთ და ახლაც გავიმეორებთ, რომ კანონი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, სასწრაფო წესით არის მისაღები. ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის გაზაფხულზე, იუსტიციის მაშინდელმა და ამჟამინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' პრეზენტაცია გამართა. 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა ამგვარი სპეციალური კოდექსი, საქართველოს კანონმდებლობისთვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისთვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს. 

სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით, უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი. განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდება საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც. სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით, საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას. ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე, არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს, მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული“, _ განაცხადა მაშინ ქალბატონმა თეამ და ისიც დაამატა, რომ არ დაუშვებს, სამართალში მისაცემი არასრულწლოვნების ასაკის ზღვარმა დაიწიოს. 

ამან აშკარად არ გაამართლა და რაღაც შესაცვლელია. ეს „რაღაც“ კი აგერ, უკვე მერამდენე წელია, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქართველი ძალოვანების თავზე და აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელი.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 10 Apr 2019 12:46:42 +0400
იუსტიციის სამინისტრო რუსთავში 14 ჰექტარზე ქალთა ციხეს აშენებს _ ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6096-იუსტიციის-სამინისტრო-რუსთავში-14-ჰექტარზე-ქალთა-ციხეს-აშენებს-_-ადგილობრივები-მშენებლობას-აპროტესტებენ.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6096-იუსტიციის-სამინისტრო-რუსთავში-14-ჰექტარზე-ქალთა-ციხეს-აშენებს-_-ადგილობრივები-მშენებლობას-აპროტესტებენ.html

იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ციხე აშენდა და გარემონტდა, ნაციონალებმა ვერ, თუ არ მოახერხეს ქალთა კოლონიის აშენება. ეს საქმე რამდენჯერმე გადაიდო და ქალი მსჯავრდებულები სასჯელს მეექვსე დაწესებულებაში ანუ ,,კრიტში'', განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იხდიან. ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველა ერთ კორპუსშია განთავსებული, არა, საშიში დამნაშავეები ცალკე კორპუსში ცხოვრობენ, ქალები _ ცალკე, თუმცა ეს კორპუსები ერთმანეთს უყურებენ და ღამით ლექსების კითხვა, სასიყვარულო გადაძახილი და „კეჭნაობა“ უცხო ხილი არ არის.

„კორპუსებს შორის მანძილი, დაახლოებით, 50 მეტრია. პატიმრები გაზეთისგან „ტრუბკას“ აკეთებენ, შემდეგ შიგნით, პურის გულზე მიმაგრებულ ძაფს დებენ. ძაფი გრძელია, ძირითადად, „ნასკებს“ შლიან და მისგან აკეთებენ. ძაფს ბოლოზე კაუჭი აქვს ჟურნალების სამაგრებიდან მოხსნილი. 

მოკლედ, პირით მძლავრად გატყორცნიან ამ პურს და კაუჭს ეზოს შუისკენ, იქიდან ქალები გამოტყორცნიან, ოღონდ ისე, რომ ეზოში ძაფები ერთმანეთს გადაეჯვარედინონ. შემდეგ, თოკს ჭიმავენ და კორპუსიდან კორპუსში ამ ძაფის მეშვეობით წერილების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ასე ერთობიან პატიმრები მანამ, სანამ ციხის ადმინისტრაცია არ შეამჩნევს ამ ძაფს და არ გაწყვეტს. 

 

შემდეგ, ისევ ახლიდან იწყება ყველაფერი, პატიმრებს ბევრი დრო აქვთ და ასე ერთობიან“, _ გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელმაც „კრიტში“ 2 წელი გაატარა. 

ჰოდა, ისე ჩანს, აღნიშნულ პრობლემას მოქმედი ხელისუფლება მოაგვარებს. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ანუ იქ, სადაც ადრე რუსული ბაზა იყო, გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. თავიდან არსებობდა ვარაუდი, რომ დიდი მარკეტი შენდებოდა, შემდეგ მასშტაბებს რომ შეხედეს, მიხვდნენ, რომ 14 ჰექტარზე მარკეტს არავინ ააშენებდა, ბოლოს კი, როცა საძირკველის გაჭრაზე ძალოვნებიც გამოჩდნენ, გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ ციხეს აშენებს, ე.წ. ქალთა კოლონიას. 

იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ადასტურებენ, რომ რუსთავში, მართლაც ციხე შენდება და ის ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ციხის მშენებლობა დასახლების მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს. როგორც ირკვევა, მოსახლეობაში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ ციხის აშენება ტერიტორიის ახლოს მაცხოვრებელთათვის სახიფათო იქნება, რაც, უბრალოდ, გამორიცხულია. 

„ციხის მშენებლობა შესაბამისი რეგულაციებით წარიმართება. ამ კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვაქვს თანამშრომლობა. მე ერთ რამეს ვპირდები ჩვენს რუსთაველ მოსახლეობას _ ეს იქნება მაღალი სტანდარტის ევროპული დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მშენებლობას და აქტივობას ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი დასაქმების კუთხით“, _ ეს განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ანუ გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. 

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, ქალთა ციხემ რა საფრთხე უნდა შეუქმნას ტერიტორიის ახლოს მაცხოვრებლებს, მაგრამ იმის თქმა, რომ 14 ჰექტარზე ციხის მშენებლობა იმ მონაკვეთში ინფრასტრუქტურას განავითარებს, თამამად შეიძლება.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 10 Apr 2019 12:46:28 +0400
ვინ არის და რა გახდა ასკეროვის დაჭერის მიზეზი http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6087-ვინ-არის-და-რა-გახდა-ასკეროვის-დაჭერის-მიზეზი.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6087-ვინ-არის-და-რა-გახდა-ასკეროვის-დაჭერის-მიზეზი.html

რა ინფორმაციას მალავენ ნაციონალები და რას ჰყვებიან მარნეულელები

გასულ კვირას, მარნეულში, საკრებულოს წევრი, რაგიმ ასკეროვი დააკავეს. მას ბრალად, ქრთამის სახით, 3 ათასი ლარის აღება ედება. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ასკეროვი ერთ-ერთ მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა და სანაცვლოდ 3 ათასი ლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხის ნახევარი _ 1500 ლარი, ასკეროვმა მოქალაქისგან 7 მარტს მიიღო, მეორე ნახევარი კი _ 20 მარტს, 28 მარტს კი პოლიციამ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ასკეროვს ბრალი 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული დაკავების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ასკეროვს პროვოკაცია მოუწყვეს და მან ეს ფული მოქალაქისგან, უბრალოდ, ისესხა. 

მელიქიშვილმა ისიც თქვა, რომ მარნეულის საკრებულოში მათი წარმომადგენლის დაკავება, ადგილზე პარტიას უფრო გააძლიერებს. 

ასკეროვი საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი ზედიზედ მეორედაა. ის ნაციონალური მოძრაობის მარტო აქტიური მხარდამჭერი კი არა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავთ, რაზეც ხმა არც მელიქიშვილს დაუძრავს და არც _ დანარჩენებს.

როგორც მარნეულელები გვეუბნებიან, ფულის სესხების თემა თითიდან გამოწოვილია, რადგან ყველამ იცის, რომ რაგიმ ასკეროვი მარნეულში, ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მაცხოვრებელია და მას ამ თანხის მოძიება, თანაც ნაწილ-ნაწილ ნამდვილად არ სჭირდებოდა. უფრო მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ პროვოკაცია ,,ქართული ოცნების'' წევრის მიმართ იყო დაგეგმილი და მას სწორედ ასკეროვი ახორციელებდა. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერში თავად აიხლართა და ჩავარდა. 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზედ არჩევნების წინ სერიოზულ შარში გაეხვა და ძალიან საეჭვოა, მელიქიშვილის სიტყვები გამართლდეს და ამ ფაქტმა პარტია გააძლიეროს.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 03 Apr 2019 13:47:17 +0400
შსს-მ სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6084-შსს-მ-სახალხო-დამცველის-2018-წელს-გაცემული-რეკომენდაციების-უმეტესი-ნაწილი-შეასრულა.html http://versia.ge/2013-07-31-11-23-46/item/6084-შსს-მ-სახალხო-დამცველის-2018-წელს-გაცემული-რეკომენდაციების-უმეტესი-ნაწილი-შეასრულა.html

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, 2018-2019 წელს, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები. კერძოდ, სამედიცინო პუნქტი გაიხსნა დამატებით 10 იზოლატორში. დროებითი მოთავსების 29 მოქმედი იზოლატორიდან 17-ში, სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. დარჩენილ იზოლატორებში კი სამედიცინო პუნქტების გახსნა 2019 წელს იგეგმება. 

სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის 213 ობიექტი (დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები) ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვა. კერძოდ, უწყების მიერ დამატებით დამონტაჟდა 1188 ვიდეო-კამერა. ასევე, ვიდეოჩაწერა ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში. 2018 წელს, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა 6 იზოლატორში სრულად განახლდა. დარჩენილ იზოლატორებში სისტემის განახლება დაგეგმილია მიმდინარე წელს. 

მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები 2500-მდე თანამედროვე სამხრე კამერით აღიჭურვნენ, რომელსაც გაუმჯობესებული პარამეტრები აქვს, მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო დროსა და ჩაწერის რეჟიმს, იძლევა ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა. თითოეული დაკავებული უზრუნველყოფილია მინიმუმ 4 კვ/მ ფართით. სამინისტრომ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ჩხოროწყუს, წალკის, ახალქალაქის, მცხეთის, ფოთისა და სამტრედიის იზოლატორებში. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის იზოლატორში, სადაც ასევე მოეწყობა სამედიცინო ოთახი. 2018 წელს, ახალი იზოლატორების მშენებლობა დაიწყო თბილისსა და ბაკურიანში. რუსთავის იზოლატორში მოეწყო არასრულწლოვანზე მორგებული გარემო. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირებს მიეცათ კონფიდენციალური საჩივრით სარგებლობისა და საკუთარი სახსრებით ცენტრის სასადილოში საკვების შეძენის უფლება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი გამომძიებლებისთვის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ, რომელიც პრაქტიკაში უკვე დაინერგა და გამომძიებლების მიერ აქტიურად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი 151 პირს წარედგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 3-ჯერ აღემატება. 

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში დაინერგა ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გადამზადება 10 000-მა პოლიციელმა გაიარა. რისკის შეფასების ინსტრუმენტი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას უწყობს ხელს, ხოლო მონიტორინგის პროცესი რისკის შესაბამისი ინტენსივობით, მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაციას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამკაცრდა კანონი, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე განმეორებით ოჯახური დანაშაულისთვის და შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრა. 

ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცველების მიმართ _ ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენისთვის, პოლიციელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი/დამცავი ორდერის საფუძველზე, გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი _ სამსახურიდან დათხოვნა. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, თითქმის 5-ჯერ შემცირდა ოჯახის წევრის მიერ ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. ამათგან არც ერთი მკვლელობა არ ყოფილა ჩადენილი შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში. 2018 წელს, გაორმაგდა, როგორც გამოცემული შემაკავებელი ორდერების, ისე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა. მიმდინარე წელს დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომელიც ძალადობის პრევენციას კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაორმაგდა ბავშვთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერების გამოცემის რაოდენობა და სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვთა რეფერირების მაჩვენებელი. 2018 წელს, ბავშვთა დაცვის მიზნით, გამოიცა 325 შემაკავებელი ორდერი, ხოლო სააგენტოში 500 ბავშვის რეფერირება განხორციელდა. 

სამინისტრომ თბილისში გამომძიებელთა სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებს გამოიძიებს. ასევე, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას განახორციელებენ. 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება. კანონპროექტის მიხედვით, მოძალადეთა კონტროლის მიზნით, სამინისტროში იქმნება სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, მკაცრდება სასჯელი არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის (გაუპატიურებისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა) და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძალადეებს ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე 112-ში შემოსულ შეტყობინებებთან, გამოცემული შემაკავებელ ორდერებთან და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. ხორციელდება აღნიშნული მონაცემების ანალიზი, შეტყობინების შემოსვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, პოლიციის აკადემიაში პოლიციის ათასობით თანამშრომელი გადამზადდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სხვა საკითხებში.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) სამართალი Wed, 03 Apr 2019 13:47:09 +0400