Menu

„ჩემი სიმდიდრე, ჩემი ხალხის სიყვარულია“

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ
,,მდიდარი კაცი ვარ. ჩემი სიმდიდრე ჩემი ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძობ'', _ ამ სიტყვების ავტორი, ,,მდიდარი კაცი'' გივი ბერიკაშვილი, 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილი, ,,კლინიკა ,,მედი ქლაბში'' რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. მისი მეგობრის, მსახიობ კახი კავსაძის ინფორმაციით, იგი „გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ანთება გაურთულდა, საავადმყოფოში კი მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა''. ,,მედი ქლაბში'' ბერიკაშვილი ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული. მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო'', _ ამგვარად მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება. მომხდარის გამო, მწუხარება, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკოსებმა, ცნობილმა თუ რიგითმა ადამიანებმა გამოხატეს.
გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 12 მაისს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. დაუვიწყარია მის მიერ სცენაზე განსახიერებული მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი, ტიგრან გულოიანი, ბულიკა, ლალე, ჯენარო, ბონდო ლანჩავა, ლუარსაბ თათქარიძე, ფოლსტაფი, მილერი, ლელთ ღუნია, ვასილ ახმეტელი, სენიორ ბალბოა და მრავალი სხვა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“...
თბილისის საპატიო მოქალაქე გივი ბერიკაშვილი არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი (,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი'').
2008 წელს, მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისთვის ვარსკვლავის გახსნა, ამგვარად უპასუხა: ,,ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც. დიდი პატივია. ყველა იმ ადამიანს ვენაცვალე, ვინც ამ ვარსკვლავთან ჩაივლის და ფეხს არ დააბიჯებს...''
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. #.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ და საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
,,ვერსია'' მწუხარებას გამოხატავს ყველასთვის საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს! უფალმა დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი!

 

Read more...
Subscribe to this RSS feed