პოლიტიკა - ვერსია - ვერსია http://versia.ge Thu, 25 Apr 2019 07:47:44 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb ვინ და რატომ ცდილობდა და ცდილობს პანკისისგან კრიმინალური სტიგმის შექმნას http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6123-ვინ-და-რატომ-ცდილობდა-და-ცდილობს-პანკისისგან-კრიმინალური-სტიგმის-შექმნას.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6123-ვინ-და-რატომ-ცდილობდა-და-ცდილობს-პანკისისგან-კრიმინალური-სტიგმის-შექმნას.html

ქართველებისა და ქისტების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისა და ხეობის ვაინახური საიდუმლო

21 აპრილს, მთელი საქართველოს ყურადღება პანკისისკენ იყო მიპყრობილი _ ჩვენ, ყველანი, პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა ხეობაში. საჭირო იყო თუ არა გაძლიერებული საპოლიციო ძალების შეყვანა და საერთოდ, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი პანკისში? _ ეს სხვა საუბრის თემაა. დღეს „ვერსია“ თვალს უახლეს ისტორიას გადაავლებს ანუ პანკისის ერთგვარ X-ფაილს შექმნის.

ეს ხეობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში ანუ მას შემდეგ მოექცა, რაც ოკუპანტმა რუსეთმა ჩეჩნეთი და მისი დედაქალაქი გროზნო მიწასთან არაერთხელ გაასწორა. შესაძლოა, ახალმა თაობამ იკითხოს, გროზნოს ომებთან პანკისს რა კავშირი ჰქონდაო? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია _ ხეობაში მცხოვრები ქისტები, იგივე ვეინახები ანუ ჩეჩნები არიან. ზოგადად, ქართველებისა და ვეინახების ურთერთობა სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იღებს. ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, ვეინახური ტომები საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ _ ისინი თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ქისტები ერთ ყვავილსაც „თამარს“ ეძახიან. 

„საქართველოში ვაინახების, იგივე ვეინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ, მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა. ქისტების ნაწილი საქართველოში ჩამოსახლების პერიოდში ქრისტიანი იყო, ნაწილი _ მუსლიმი, ძირითადი ნაწილი ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს მისდევდა, თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ, პანკისელ ქისტებში სრულად ისლამი გავრცელდა. 

საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში, ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებული ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლები _ დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, დუმასტური, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, წინუბანი, ძიბახევი, ასევე ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთსა და ყვარელწყალში. 

2002 წლის მოსახლეობის აღწერით, საქართველოში 7110 ქისტი ცხოვრობდა'', _ იუწყება ქართული „ვიკიპედია“. 

ერთი სიტყვით, რუსი ოკუპანტებისგან შევიწროვებული ჩეჩენი დევნილების ნაწილმა თავი საქართველოს, კერძოდ, პანკისის ხეობას შეაფარა. ისე, კავკასიის საკითხების ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ რუსებმა ჩეჩენ დევნილებს საქართველოსკენ გზა მიზანიმართულად გაუხსნეს, რადგან ამით მეორე კურდღელი დაეჭირათ ანუ კრემლს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გროზნოსთან ერთად, ოფიციალური თბილისიც დაესაჯა. ეს ჩანაფიქრი, პრინციპში, რეალობად იქცა _ მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა დევნილების ნაწილმა თავი პანკისს, ესე იგი, საკუთარი თანამოძმეების სახლ-კარს შეაფარეს, ხეობის დემონიზაცია დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ცუდი, რაც 90-იან წლებში საქართველოში ხდებოდა, პანკისთან ასოცირდებოდა. ზოგი იმ ხაზის გატარებასაც ცდილობდა, რომ პანკისი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან იყო გასული და იქ კრიმინალები დათარეშობდნენ. განსაკუთრებით აქტიურად ხდებოდა იმ აზრის პედალირება, რომ ხეობაში ნარკოტიკების მინიქარხანები, თუ ქარხანა ფუნქციონირებდა. 

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ასეთი ხმების გავრცელება ორკესტრირებულად ხდებოდა, მით უმეტეს, არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ თუ ხეობაში ნარკოტიკი მოძრაობდა, ამას მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები „კრიშავდნენ“. 

საზოგადფოებაში ის აზრიც მუსირებდა, რომ პანკისზე კონტროლი მთლიანად ჰქონდათ აღებული ძალოვანი უწყბების წარმომადგენლებს და ამით სოლიდურ ფულს შოულობდნენ. 

სხვათა შორის, როცა ხეობის მცხოვრებლები მაშინდელ ამბებს იხსენებენ, პირად საუბარში არ გამორიცხავენ და უშვებენ ალბათობას, რომ მათ გვერდით, ცალკეული კრიმინალი მართლაც ცხოვრობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მთელი დასახლება კრიმინალების ბუდე იყო. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ამ სტიგმის შექმნას ხელს ვიღაც უწყობდა. 

ვინ იყო ეს „ვიღაც“? _ კრემლთან ერთად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გამორიცხვაც არ შეიძლება. 

ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, 90-იან წლებში, პანკისის შესახებ, ლამის მთელმა მსოფლიომ გაიგო, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მაშინ უცხოელ ბიზნესმენებსა, თუ დიპლომატებსაც იტაცებდნენ და, როგორც იმდროინდელი ძალოვანები გვარწმუნებდნენ, კვალი პანკისამდე მიდიოდა. 

ამ ნათქვამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, მოვიყვანოთ „რადიო თავისუფლების“ წერილი, რომელიც 2002 წლის 10 იანვრით თარიღდება (სხვათა შორის, მაშინდელ მედიაში მსგავსი და უფრო მძაფრი შინაარსის წერილები, როგორც იტყვიან, ჩვეულებრივი მოვლენა იყო): 

„პანკისის ხეობაში სიტუაციის პერმანენტული დაძაბულობა სამწუხარო რეალობად იქცა. ვითარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ინერტულობის გამო, უწესრიგობით აღშფოთებული რიგითი მოქალაქეები, პერიოდულად თავად ცდილობენ წესრიგის დამყარებას. 

ბოლო რამდენიმე წელია, რაც პანკისის ხეობა დენთით სავსე კასრს წააგავს, რომლის აფეთქებისთვისაც მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება. პანკისის ხეობა დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი იმ დამნაშავეების თავშესაფრად იქცა, რომლებიც ადამიანთა გატაცებას წარმატებით უთავსებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის სარფიან ბიზნესს. ვითარების სპეციფიკის მომიზეზებით – როგორც იცით, პანკისის ხეობას ჩეჩნეთიდან დევნილები აფარებენ თავს – ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერიოს ხეობის ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ, ხეობაში ხელისუფლების არაფორმალური ლიდერების, საეჭვო კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებების ხელში გადასვლით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინათ, ხეობის მისასვლელებთან, შინაგანი ჯარების საგუშაგოების ჩაყენებამ კრიმინალური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. 

შესაბამისად, უცნაურად არ აღიქმება პერიოდულად პანკისის ხეობის მეზობლად მცხოვრები ადამიანების მხრიდან, ხეობაში წესრიგის დამყარების სტიქიურად დემონსტრირებული სურვილი. გემახსოვრებათ, შარშან ივლისში, სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის გატაცებით აღშფოთებული კახელების მიერ, ჯერ პანკისისკენ მიმავალი გზების გადაკეტვა, შემდეგ კი რამდენიმე ქისტის მძევლად აყვანის ფაქტი. მაშინ პარლამენტშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ,,სახალხო მოლაშქრეებისთვის'' იარაღის დარიგებისა და მათგან სპეციალური შეიარაღებული ნაწილის შექმნის იდეით გამოდიოდნენ. შარშან ზაფხულში, ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. 

იმ მოვლენებიდან 6 თვის თავზე, უკვე ქართველი ,,ავღანელები'' იმუქრებიან პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებით, თუ არ გაათავისუფლებენ რამდენიმე თვის წინათ გატაცებულ მამა ბასილს და ახმედ ხალილოვს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას და შინაგანი ჯარების საგუშაგოების ხეობის სიღრმეში გადატანას. ცნობისთვის, ბასილ მაჩიტაძის გასათავისუფლებლად, გამტაცებლები მილიონ დოლარს, ხალილოვისა კი – 500 ათას დოლარს ითხოვენ. 

„ავღანელები“ პანკისის ხეობის შესასვლელთან აქციას ორშაბათიდან აწყობენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ავღანელები“ საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში, სავსებით შესაძლებელია, აქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.

როგორც ჩანს, სიტუაციაში გასარკვევად, უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ ყველაზე კარგი ხერხი გამოიყენა _ 10 იანვარს, იგი იყო ახმეტაში, სადაც შეხვდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მისი განცხადებით, სიტუაცია იმაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა''. 

იმ დროს, როცა პანკისის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლა მოსთხოვა, საქართველოს შს მინისტრი, დღევანდელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო 2002 წლის სექტემბერში, ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია. მოგვიანებით ანუ ნოემბრის დასაწყისში, შსს-მ საზოგადოებას ამცნო, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია დასკვნით ეტაპს უახლოვდებოდა და უშიშროების ძალები პანკისის კრიმინალური ელემენტებისგან გაწმენდას ამთავრებდნენ. 

სხვათა შირის, სწორედ მაშინ, როცა იმდროინდელი შსს ამ განცხადებებს აკეთებდა, ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი ბრიტანელი ბანკირი, პიტერ შოუ, რომლის გატაცებაშიც, თავიდანვე ე.წ. ჩეჩნურ კვალს ეძებდნენ. 

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პიტერ შოუს საქმე გახდა ის კატალიზატორი, რომელმაც პანკისის, როგორც კრიმინალური ანკლავის განეიტრალება დააჩქარა. ყველაფერი 2002 წლის ივნისში დაიწყო. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, თბილისის ცენტრიდან ბრიტანელი ბანკირი, პიტერ შოუ გაიტაცეს, რომელიც მეორე დღეს, ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავდა. 

„გატაცებისთანავე, ყველაზე დამაჯერებლად ორი ვერსია ჟღერდა –პიტერ შოუ გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცეს, ან მისი გატაცება შურისძიებით არის განპირობებული, რადგან დიდი წვლილი მიუძღვის რამდენიმე ქართული ბანკის გაკოტრებაში'', _ იუწყებოდნენ მაშინ ქართველი ჟურნალისტები, თუმცა რა მიზნით მოხდა შოუს გატაცება, ეს მისი გათავისუფლების შემდეგაც არ გამხდარა ცნობილი. ასევე, უცნაურად ჩანდა, თუ რატომ ეძებდნენ მაშინდელი ძალოვანები ამ კრიმინალურ ფაქტში ჩეჩნურ კვალს. ითქვა ისიც, რომ მის გატაცებასთან კავშირი, თითქოს ახმადოვების ცნობილ დაჯგუფებას ჰქონდა. 

შოუს საქმეში არსებობდა კიდევ ერთი დეტალი ანუ ითქვა, რომ ბრიტანელი ბანკირის გამო, შს და უშიშროების სამინისტროები ერთმანეთს დაერივნენ. მაშინ უშიშროების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ალასანია გახლდათ, რომლის სახელსაც საზოგადოების ნაწილი პანკისის განეიტრალებას უკავშირებს. უფრო მეტიც, პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ ალასანიამ ნარჩემაშვილს შოუს გათავისუფლების სპეცოპერაცია „აახია“. 

პიტერ შოუ არ იყო ერთადერთი, რომელიც გაიტაცეს და რომლის საქმის კვალიც პანკისამდე მივიდა. ასევე, გაიტაცეს დეპუტატი, პეტრე ცისკარიშვილიც, რომელიც პანკისში იპოვეს. იმავე პერიოდში მოკლეს ჟურნალისტი, გიორგი სანაიაც და მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ სანაიას ჰქონდა ვიდეოკასეტა, რომელიც პანკისში მისცეს და რომელზეც ჩაწერილი იყო მაღალჩინოსნების ნარკობიზნესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. კასეტის ვერსია, თავდაპირველად, პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ გაახმოვანა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებიდან 15 წელზე მეტია გასული, დანამდვილებით არავინ იცის, მართლა ჰქონდა თუ არა სანაიას კასეტა, რომელიც მას პანკისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კრიმინალმა გადასცა. 

ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით და გახსენებით, შესაძლოა, ითქვას, რომ პანკისის ხეობით, რუსეთი საქართველოს მართვას ცდილობდა და ეს მცდელობა უცხო, შესაძლოა, ახლაც არ არის. ამ თემაზე საინტერესო სტატიაა გამოქვეყნებულ ინტერნეტპორტალ მილიტარიუმ.ორგ-ზე, რომელშიც ვკითხულობთ: 

„პანკისის ხეობაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ჩრდილო კავკასიის ფაქტორის მოქმედების ერთ-ერთი, ყველაზე დრამატული ეპიზოდია. რაც მთავარია, დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები პანკისის თემის გარშემო დღესაც აქტუალურია. დროდადრო, საქართველოს კვლავ ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ხელს უწყობს „ტერორისტი ბოევიკების“ გადამზადებას საკუთარ ტერიტორიაზე და, უფრო მეტიც, აფინანსებს მათ. 

1994 წლის დეკემბერში დაწყებულმა ჩეჩნური სეპარატიზმის სამხედრო გზით დაძლევის მცდელობამ, შედეგი არ მოუტანა რუსეთის ხელისუფლებას. ორწლიანი სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის არმია იძულებული იყო, დაეტოვებინა ჩეჩნეთი. 

1997 წელს, ასლან მასხადოვი, ჩეჩნეთის მიერ არჩეული და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ აღიარებული პრეზიდენტი, ჩავიდა მოსკოვში და პრეზიდენტ ელცინთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, ყველა სადავო საკითხი რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთს შორის მშვიდობიანი გზებით გადაეწყვიტათ. მიუხედევად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებას ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის გაფორმებული დოკუმენტის ფორმა ჰქონდა, რეალურად, როგორც ისტორიკოსი ჯიბრაილ გაკაევი აღნიშნავს: ,,სახელმწიფო იჩკერია არ შედგა არც საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარების (დე-იურე) და არც საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტების მშენებლობისა და ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით''. 

საქართველომ, რომელსაც სამოქალაქო ომი ახლადგამოვლილი ჰქონდა და ცდილობდა მოეპოვებინა შიდა სტაბილურობა, მოახერხა არ ყოფილიყო ჩათრეული რუსეთ-ჩეჩნეთის დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურად არ უღიარებია ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა, როგორც პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, ასევე ასლან მასხადოვი, შეეცადნენ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის ახლებური ურთიერთობების დამყარებას. 

1997 წლის აგვისტოში, ასლან მასხადოვი თბილისს ეწვია და შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან. იმავე წელს, თბილისში ჩამოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის დელეგაცია. გაგრძელდა მოლაპარაკებები ორი კავკასიელი ხალხის საქმიან კავშირებზე, მათი შემდგომი დაახლოების მიზნით. მოლაპარაკებებში დასმულ იქნა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც. მასხადოვმა გამოთქვა სინანული ჩეჩნების აფხაზეთის ომში მონაწილეობის გამო. 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის მმართველობის ძირითადი პრობლემა გახდა ის, რომ ვერ მოხერხდა ჩეჩნეთის დეკრიმინალიზაცია. ქვეყანა ამ პერიოდში, სამართალდამრღვევთა სათარეშო ადგილად იქცა. 

1999 წლის 7 აგვისტოს მოხდა ჩეჩენ მებრძოლთა მასირებული შეჭრა დაღესტანში, შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო სექტემბერში, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, საცხოვრებელი სახლების აფეთქება მოხდა, რაც ასევე ჩეჩენ ბოევიკებს მიაწერეს. 

პრეზიდენტი ა. მასხადოვი, მაშინვე გაემიჯნა ამ ტერორისტულ აქტებს. თუმცა ის ღიად არ გაემიჯნა შამილ ბასაევს და არ გადასცა ტერორიზმში ეჭვმიტანილები რუსეთის მართლმსაჯულებას. მისმა სპეციალურმა წარმომდგენელმა მოსკოვში, მ. ვაჩაგაევმა ეს იმით ახსნა, რომ ა. მასხადოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის მაგალითით, რომელმაც არც ერთხელ არ აიღო პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების მოქმედებებზე, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევდნენ სეპარატისტულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

1999 წლის ოქტომბერში, რუსეთმა ჩეჩნეთში კვლავ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც ტერორიზმის განადგურების ოპერაცია უწოდა. ეს ოპერაცია ცნობილია ჩეჩნეთის მეორე ომის სახელით. 

ჩეჩნეთის II ომის დროს, რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ამა თუ იმ ფორმით, ამ ომში ჩაეთრია საქართველო. თავდაპირველად, ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა პრეზიდენტ ე. შევარდნაძეს სთხოვა, ნება მიეცა რუსეთის სამხედრო ბაზები ჩეჩნეთზე შეტევისათვის გამოეყენებინათ. ამ დროს, რუსეთის პრემიერი უკვე ვლადიმერ პუტინი იყო და ამ ომში წარმატება, მისი გაპრეზიდენტების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამიტომ ვ. პუტინმა, საკუთარი დიპლომატიური, თუ სხვა არხებით სცადა საქართველოს დაყოლიება, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, საქართველოს მხრიდან, რუსეთის სასაზღვრო ჯარები განეთავსებინა. 

როგორც იმ დროს სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე იხსენებს, პუტინი სანაცვლოდ თანახმა იყო, მდინარე ფსოუზე ქართველი მესაზღვრეები დაეყენებინა. საქართველომ ამ წინადადებაზე უარი თქვა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ იყო ნდობა რუსეთის მიმართ. გარდა ამისა ესმოდათ, რომ საზღვართან რუსეთის ჯარის ჩაყენების გამო, შეიძლებოდა მთელი კავკასია დაპირისპირებოდა საქართველოს და კონფლიქტი საქართველოში გადმოსულიყო. 

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოსაკენ დაიძრა ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაკადი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი საქართველოს ტერიტორიაზე გამოდევნა მიზანმიმართულად ხდებოდა. ამ ნაკადში იყვნენ ის ქისტები, რომელებსაც ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ სწავლობდნენ, ან მუშაობდნენ ჩეჩნეთში, იყვნენ ქისტები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და იყვნენ ჩეჩნები, რომელთაც საქართველოსთან არ ჰქონდათ კავშირი. უკვე ნოემბერში, ქვეყანაში 5000 ადამიანი ჩამოვიდა. 

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მონაცემებით, საქართველომ სულ 8000 ლტოლვილი მიიღო. ამათგან დევნილის ოფიციალური სტატუსი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭა. საქართველოს გადაწყვეტილებამ, გზა არ მიეცათ რუსეთის ჯარისათვის, ძალიან დაძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუმცა ამ ურთიერთობის დინამიკა იმ დროისათვის ისედაც გართულებისაკენ მიდიოდა. საქმე ის იყო, რომ ამ დროისათვის, საქართველომ დაიწყო საკუთარი, რუსეთისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. საქართველომ შეძლო ქვეყნის შიგნით სტაბილურობისთვის მიეღწია და რადიკალური რეფორმების გზას დადგომოდა. საქართველომ განაცხადა სურვილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, მიაღწია შეთანხმებას საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯარებისა და სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ქვეყანამ შეიძინა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია კასპიისა და შუა აზიის ნავთობისა და გაზის ევროპისათვის მიწოდებისათვის. რუსეთის მმართველი ელიტის შეფასებით, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს მიერ აღებული კურსი უნდა დამუხრუჭებულიყო. პანკისის ხეობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების წამყვანი მიზეზი, სწორედ ეს გარემოება გახდა. 

რუსეთში დაიწყო მასირებული და მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. მისი ლაიტმოტივი იყო – საქართველო ეხმარება ჩეჩენ სეპარატისტებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ,,პანკისი რუსეთისათვის ზურგში დანაა'', ,,შევარდნაძესა და მის ოკეანისგაღმელ ბოსებს უნდათ, კავკასია ერთ დიდ, სისხლიან ჭრილობად აქციონ'', ,,პანკისის ხეობა – ბანდიტთა თავშესაფარი'' – ასეთი განწყობა ინერგებოდა რუსეთის მასმედიით. ათასობით ჩეჩნეთიდან დევნილთან ერთად, პანკისის ხეობაში მოხვდნენ ე.წ. ბოევიკები, ის ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, რუსეთის ჯარები განზრახ უხსნიდნენ დერეფანს ჩეჩენთა საბრძოლო შენაერთებს, რათა ისინი საქართველოში გადმოსულიყვნენ. მათი რაოდენობა ზუსტად ცნობილი არ იყო. 

პანკისის ხეობა, სადაც კრიმინოგენური სიტუაცია ომის დაწყებამდეც მძიმე იყო, პრაქტიკულად, გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან. მაგალითად, ხეობაში მართლაც დაიდო ბინა რუსლან გელაევის შეიარაღებულმა რაზმმა, იყვნენ აგრეთვე სხვა მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსული პირებიც. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ, გარდა პროპაგანდისტული ძალისხმევისა, კონკრეტულ და მეტად მძიმე მოქმედებაზე გადავიდა. სისტემატურად ირღვეოდა საქართველოს საჰაერო სივრცე, იბომბებოდა ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები. იყო ადამიანის მსხვერპლიც. 

რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით გაეხსნა ხელი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. ჩეჩენ მეამბოხეებს საერთაშორისო ტერორისტების იარლიყი მიაკრეს. მსოფლიოს კი ესმოდა, რომ ,,რუსეთის მცდელობა, წარმოაჩინოს საკუთარი კამპანია ჩეჩნეთში, როგორც ნაწილი ინტერნაციონალური ბრძოლისა ტერორიზმის წინააღმდეგ, მიზანმიმართულად ამარტივებს სიტუაციას''. მაგრამ რუსეთმა მაინც მიაღწია მიზანს – მსოფლიო საზოგადოება დათანხმდა, ეს ადამიანები განეხილა, როგორც ტერორისტები. მით უმეტეს, რომ რუსეთისა და დასავლეთის პრესაში იწერებოდა, რომ ალ-ქაიდას ავღანეთიდან გამოქცეული წევრები, თავს პანკისის ხეობას აფარებდნენ. გაჩნდა ვერსია უსამა ბინ ლადენის პანკისში ყოფნის შესახებ. 

მსოფლიოში ზოგადი განწყობის ამ ფონზე, 2002 წლის 11 სექტემბერს, ამერიკაში მომხდარი ტრაგედიის წლისთავზე, ვლადიმერ პუტინმა მუქარით აღსავსე განცხადება გააკეთა საქართველოს მისამართით. მან საქართველო დაასახელა ტერორისტულ ანკლავად, დაადანაშაულა საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში, თქვა, რომ საქართველო საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას და ღიად განაცხადა, რომ რუსეთს აქვს სრული უფლება, დაიწყოს სამხედრო ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე. მდგომარეობა უნდა განმუხტულიყო. 

საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც თვითონაც ჰქონდა არაერთი მცდელობა თავისი კონტროლის ქვეშ დაებრუნებინა პანკისი, დახმარების ხელი გაუწოდა დასავლეთმა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ინიციატივით, შეიქმნა ანტიტერორისტული კოალიცია, გადაწყდა დახმარებოდნენ საქართველოს, რომ პანკისის ხეობა არ გამხდარიყო ახალი დაძაბულობის კერა. 2002 წელს, ამერიკამ გამოყო 64 მილიონი დოლარი და საქართველოში დაიწყო ,,წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამა. ამ პროგრამის მიზანი იყო საქართველოს ანტიტერორისტული სამხედრო ძალის შექმნა, ძირითადი სამიზნე პანკისის ხეობა იყო. 

2002-2003 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ დაიბრუნა კონტროლი პანკისის ხეობაზე. აი, რას წერდა ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია: „ახლა იქ შევიდნენ ქართული შინაგანი ჯარების შენაერთები და არა მარტო შევიდნენ, არამედ ანტიტერორისტული ოპერაციაც ჩაატარეს (ის მართლაც ჩატარდა) და არა მარტო ჩაატარეს, არამედ ,,დაცვის'' დროს მოახერხეს, არ გაეფუჭებინათ ურთიერთობა მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვინც არ იყო ჩართული კრიმინალში. ეს ის თვისებაა, რომელიც დიდი ხანია, დაკარგეს რუსეთის ფედერალებმა ჩეჩნეთში''. 

გაჩნდა იმედი, რომ მოიხსნებოდა რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის ერთ-ერთი კერა. მაგრამ მიუხედავად ომის დასაწყისში გაკეთებული განცხადებებისა, რომ ჩეჩნეთის ომი დამთავრდა სრული გამარჯვებით, ათი წლის მერეც ჩანს, რომ ეს ომი არ დამთავრებულა. ის გრძელდება ამბოხებულთა წინააღმდეგობით. თავისი მარცხის გასამართლებლად, რუსეთი მუდმივად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს სდებს ბრალს, რომ აქ ჩეჩენ ბოევიკებს აქვთ ბაზები. 

ამრიგად, ამ შემთხვევაში, ჩრდილო კავკასიის ფაქტორი რუსეთის მხრიდან საქართველოს დისკრედიტაციისა და მასზე ზეწოლისთვის გამოიყენება''. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პანკისის, როგორც კრიმინალური ანკლავის სტიგმა მეტ-ნაკლებად გაქრა. ყოველ შემთხვევაში, ხეობაში ჩასვლის აღარავის ეშინოდა და საზოგადოებაც ისე აღარ ფიქრობდა, როგორც 90-იან წლებში, აი, პანკისი კრიმინალების ბუდეაო, თუმცა სირიის ამბების დაწყების შემდეგ, ხეობა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. კერძოდ, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისიდან სირიაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ, საბრძოლველად ადგილობრივები წავიდნენ. ასევე, ისიც ცნობილია, რომ სირიაში არაერთი პანკისელი დაიღუპა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი მეთაური, ხეობის მკვიდრი იყო. 

ბოლო დროს, სირიაში წამსვლელთა რიცხვმა იკლო, თუმცა რატომ მიდიოდნენ ადგილობრივები „ისლამურ სახელმწიფოში“, ეს კვლევის საგანია და ამ თემას, სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენც არ გავშლით. 

ასეა თუ ისე, პანკისის ხეობა, რომლის მკვიდრი ქისტებიც თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ და, სხვათა შორის, ქართულად ბევრ ქართველზე უკეთესადაც მეტყველებენ, კრემლისთვის მუდამ არის მანიპულაციის საგანი. შესაბამისად, ყველას _ ერსაც და ბერსაც გონიერება მართებს, როცა პანკისზე ან განცხადებებს აკეთებს, ან ხეობაში რაიმე სახის აქტივობას გეგმავს. ეს აქტივობა მით უფრო სახიფათოა, თუ მის ავანგარდში ძალოვანი უწყებები დგანან. ამ ფონზე, იგივე ჰესიც, რომელსაც ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რა თქმა უნდა, იმად არ ღირს, რომ ამ კუთხეში პრობლემები ხელახლა გაჩნდეს და სიტუაცია 90-იანი წლების სტატუს-კვოს დაუბრუნდეს!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 24 Apr 2019 12:03:23 +0400
ზელენსკის საპრეზიდენტო შოუ http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6120-ზელენსკის-საპრეზიდენტო-შოუ.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6120-ზელენსკის-საპრეზიდენტო-შოუ.html

რატომ გაუხარდა კრემლს კომიკოსის გაპრეზიდენტება და ისევ აღზევდება თუ არა მიშა უკრაინაში

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმ კანდიდატმა გაიმარჯვა, რომლის წამოყენებაც ისეთივე კომიკური ჩანდა, როგორიც თავად ვლადიმერ ზელენსკის პროფესია. არჩევნების საბოლოო შედეგი ოფიციალურად უცნობია, მაგრამ უპირატესობა ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის იმდენად თვალსაჩინოა, რომ გამორიცხულია, რამე შეიცვალოს.

და მაინც, ვინ არის ვლადიმერ ზელენსკი, 41 წლის კაცი, რომელსაც აქამდე მთელი უკრაინა მხოლოდ კომიკოსად იცნობდა და იუმორისტულ სერიალში... პრეზიდენტის როლს ასრულებდა? 

ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: ზელენსკი არ არის პოროშენკოსავით მდიდარი, მაგრამ აშკარად არც ღარიბი ეთქმის. მის საკუთრებაშია ხუთი ბინა კიევის ცენტრში, ერთი სახლი დედაქალაქის პრესტიჟულ გარეუბანში, სახლი ლონდონში, რომელშიც თავის დროზე 2 მილიონი დოლარი გადაიხადა და მილიონ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშზე უდევს. 

როგორც თავად ამბობს, ყველაფერი ეს იმ შოუებით იშოვა, რომელსაც 41 წლის ზელენსკი, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამზადებდა, თუმცა მთავარი შოუ სწორედ ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგა და მოიგო კიდეც. 

„ზელენსკის გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ოჯახმა და იმან შეასრულა, რომ ის მუდმივად ხალხში ტრიალებდა. მისი სიყვარულის ისტორია ძალიან რომანტიკულია _ მეუღლეზე 8-წლიანი სიყვარულის შემდეგ დაქორწინდა და ახლა ორ შვილს _ ალექსანდრას და კირილს ზრდის ანუ ზელენსკი სამაგალითო მეოჯახეა, ხალხთან ურთიერთობამ კი ყველა პრობლემა თვალნათლივ დაანახა და სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობდა მასთან შეხვედრისას ანუ ეუბნებოდა იმას, რისი მოსმენაც ამომრჩეველს სურდა“, _ აცხადებენ უკრაინელი ექსპერტები. 

რას შეიძლება ელოდოს უკრაინელი ხალხი ახალი პრეზიდენტისგან? 

პირველ რიგში იმას, რომ ზელენსკი არ იქნება ტიპური ჩინოვნიკი _ ის ძალიან კარგი მსახიობია და აუცილებლად მოახერხებს ამომრჩევლის გულის მოგებას ანუ მას შეუძლია, შექმნას სანახაობა, თუმცა პური... 

პეტრო პოროშენკოს მთავარ დანაშაულად ამომრჩეველმა კორუფციასთან ბრძოლის სისუსტე დაასახელა. მოსახლეობა ხედავდა, რომ ყველგან კორუფცია მძვინვარებდა, უმუშევრობა გაიზარდა, ჩინოვნიკები უფრო გამდიდრდნენ, ქვეყანა ომში ჩაება და ტერიტორიები დაკარგა... და ყველაფერმა ამან მოსახლეობაზე ძალიან, ძალიან იმოქმედა. უფრო კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ მოსახლეობამ ზელენსკი კი არ აირჩია, არამედ პოროშენკოს უთხრა უარი. 

საინტერესოა, რომ ზელენსკის გაპრეზიდენტებას დადებითად შეხვდა რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი. ის პუტინის თანხმობის გარეშე რომ არ იტყოდა, ზელენსკის არჩევით უკრაინასთან საუბრის შესაძლებლობა გაჩნდაო, ცხადია ანუ რუსეთი მზად არის, ახალ პრეზიდენტს სუფთა ფურცლიდან ესაუბროს, წინასაარჩევნოდ ზელენსკიმაც დაანონსა, ომის დასრულების დრო მოვიდაო, მაგრამ ეს რამდენად მოხერხდება, ძნელი სათქმელია. ომი, რეალურად, არც მიმდინარეობს, რადგან რუსეთმა ხელში ჩაიგდო ის ტერიტორიები, რომლებიც სურდა და ძალიან, ძალიან საეჭვოა, ახლა დათმოს ანუ ზელენსკის შეგუება მოუწევს ოკუპაციასთან, ყველაფერი, დიდი ალბათობით, საერთაშორისო მოპალარაკებების ჭრილში გადავა და გამოჩნდება „უკრაინელი ზურაბ აბაშიძე“, რომელიც კარასინთან შეხვედრებს გამართავს და... არაფერი შეიცვლება. ამის მოილოდინი არსებობს, თუმცა... 

„თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ოლიგარქების დრო წავიდა, რომ არ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი იყოს ოლიგარქი და ზრუნავდეს თავის ბიზნესზე, არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტს მოსახლეობა ,,შოკოლადის მეფეს'' ეძახდეს“, _ ყველაფერი ეს ზელენსკიმ პოროშენკოს „ოლიმპიისკიზე“ გამართული დებატების დროს უთხრა. 

თუმცა, თქმა ერთია, შესრულება _ მეორე. ყველამ იცის, რომ ზელენსკის უკან ცნობილი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი დგას, კაცი, რომელიც ქვეყნიდან 2013 წელს გაიქცა და ახლა სამშობლოში დაბრუნებას ტრიუმფით აპირებს. ბევრს მიაჩნია, რომ ზელენსკი სწორედ კოლომოისკის მარიონეტი იქნება, თუმცა არსებობს მაგალითი, რომ ოლიგარქების მოყვანილი პრეზიდენტი, შემდეგ იმავე ოლიგარქებს მისდგა და ქვეყნიდან გააქცია. საუბარი ბორის ბერეზოვსკისა და ვლადიმირ პუტინზე გვაქვს: 

ბერეზოვსკი ახლადგაპრეზიდენტებულ პუტინს ვოვას ეძახდა და, პრაქტიკულად, ხელის ბიჭად ჰყავდა, მაგრამ ძალიან მალე პუტინი იქცა ერთპიროვნულ მმართველად, ბერეზოვსკიმ ქვეყანა დატოვა, თავშესაფარი ინგლისში ჰპოვა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. 

მართალია, პუტინის უკან მთელი „კაგებე“ იდგა, მაგრამ თუ ზელენსკი ბრჭყალებს გამოაჩენს, არ არის გამორიცხული, კოლომოისკის სამომავლო გეგმები რადიკალურად აირიოს და შეიცვალოს. 

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაში დაბრუნებას აპირებს საქართველს ექსპრეზიდენტი და უკრაინის მოქმედი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი. 

„როგორც უკრაინის მოქალაქე, დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლოა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო. მე უკვე მივმართე უკრაინის უშიშროების სამსახურს, რათა მომიხსნას ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, რამეთუ ეს აკრძალვა უკანონოა“, _ განაცხადა ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ, სააკაშვილმა. 

ის, რომ უკრაინაში მიშას დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, კანდიდატმა ზელენსკიმ წინასაარჩევნო პროცესის დროს დაადასტურა, თუმცა რამდენად მოინდომებს უკვე პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის ხილვას, ეს სხვა საკთხია. მით უმეტეს, რომ სწორედ კოლომოისკისა და სააკაშვილს შორის გაირბინა თავის დროზე შავმა კატამ და რამდენად მოახერხებენ მხარეები შერიგებას, ძნელი სათქმელია. 

სამომავლოდ რა იქნება, არავინ იცის, მაგრამ საწყის ეტაპზე მაინც, კოლომოისკის საკადრო პოლიტიკასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში ერთ-ერთი მთავარი როლი რომ ექნება, ცხადია. 

„მე ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, მაგრამ პოლიტიკიდან არ მივდივარ. მე ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისთვის ვიბრძოლებ“, _ ეს განცხადება აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა და მისი განცხადება ლოგიკასთან ახლოსაა. 

დავიწყოთ იმით, რომ ზელენსკი დამოუკიდებელი კანდიდატი გახლდათ ანუ მას არ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, არ აქვს პარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის რადას არჩევნებში საკუთარი პარტიით ვერ იბრძოლებს. თუ რომელიმე პარტიას დაუჭერს მხარს, ეს მის რეიტინგზე ცუდად იმოქმედებს, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ უშუალოდ ზელენსკის შემდეგ, ყველაზე მაღალრეიტინგული პოროშენკოს პარტია 25%-იან ნიშნულზე ტრიალებს ანუ რადაში უმრავლესობის მოპოვებაზე ფიქრიც კი სასაცილოა. პარტიის შექმნას, გაძლიერებასა და მერე, ამ პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების მოგება, უზარმაზარ დროს, რესურსს და რაც მთავარია, იმ გამოცდილებას მოითხოვს, რომელიც ზელენსკის, უბრალოდ, არ აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედად რჩება პოროშენკო პოლიტიკაში, თუმცა კორუფციასთან მისი სახელი იმდენად იგივდება, რომ მისი რეიტინგის აწევა სამომავლოდ ძალიან რთული იქნება. 

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში ყველა სახელმწიფო უწყებამ ხელშეკრულება გააფორმა „როშენის“ საკონდიტრო ქარხანასთან და ტკბილეულს სწორედ ამ ფირმისგან ყიდულობდნენ. „როშენი“ კი პოროშენკოს საკუთრებაა ანუ პრეზიდენტი სახელმწიფოს ხარჯზე, საკუთარ კომპანიას მილიონობით შეკვეთას და შესაბამისად, მილიონობით მოგებას აძლევდა. 

უკრაინის არჩევნების შედეგებს აქტიურად განიხილავენ საქართველოში. ოპოზიციონერები ღიად ალაპარაკდნენ, რომ საქართველოშიც იგივე სცენარი უნდა განვითარდეს. აქცენტი არ კეთდება აუცილებლად კომიკისსა და მსახიობზე, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობამ მმართველ გუნდს უარი ნებისმიერ ფასად უნდა უთხრას. 

შანსი იმისა, რომ გაბრაზებული ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს და, მართლაც, კომიკური პიროვნების სასარგებლოდ მისცეს ხმა, შესაძლოა, ახლა არ არის, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, სწორედ ზელენსკი გახდებოდა. 

ახლა კი, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო ელოდება, რას და როგორ მოახერხებს ზელენსკი და რა იქნება მისი პირველი ნაბიჯი. უკრაინელები, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულები ამბობენ, რომ ადამიანს, რომელსაც ყოველ საღამოს ხან ნახევრად შიშველს, ხან შეღებილს და ხანაც ნასვამ მდგომარეობაში ტელესერიალში ხედავდნენ, ახლა, როგორც პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის სახეს, როგორც პირველ პირს, ისე უნდა შეხედონ. 

ცოტა არ იყოს, უცნაური იქნება ზელენსკის საუბრის სერიოზულად აღქმა, მაგრამ ფაქტი ერთია _ ეს არის უკრაინელების არჩევანი და ვლადიმერ ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტია!

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 24 Apr 2019 12:03:06 +0400
„დაიცავი საქართველოს“ გაურკვეველი წარსული და მომავალი http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6114-„დაიცავი-საქართველოს“-გაურკვეველი-წარსული-და-მომავალი.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6114-„დაიცავი-საქართველოს“-გაურკვეველი-წარსული-და-მომავალი.html

დაარღვევს თუ არა „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მყუდროებას „დაიცავი საქართველო“ _ რატომ არ მივიდა ფილარმონიაში ლევან გაჩეჩილაძე და რატომ დატოვა ორგანიზაცია კახა მიქაიამ

შინაური თუ გარეშე მტრისგან საქართველოს დაცვა რომ სჭირდება, ამაში ახალი არაფერია. ახალი არც ის გახლავთ, რომ პოლიტიკური ვერტიკალი ქვეყნის დაცვის რიტორიკას, როგორც წესი, პირადი მიზნებისთვის იყენებს ხოლმე, თუმცა ამის მიუხედავად, პატრიოტული მოწოდებები მშიერ ხალხზე მაინც დადებითად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მუშაობდა. აი, ახლა კი, როცა „დაიცავი საქართველო“ გაცოცხლდა და მის სათავეში ისეთი ფიგურები გამოჩნდნენ, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს, ძნელი სათქმელია, ეს პატრიოტული რიტორიკა მიზანში ისევ გაარტყამს თუ არა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. დღეს „ვერსია“, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, „დაიცავი საქართველოს“ შექმნის ისტორიას გაიხსენებს და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის, თუ სახალხო მოძრაობის ერთგვარ X-ფაილს შექმნის.

მაშ, ასე: თვალი გადავავლოთ უახლოეს წარსულს და გავიხსენოთ, როდის, რა ვითარებაში და ვისი ინიციატივით შეიქმნა „დაიცავი საქართველო“. აქვე, ის კითხვაც დავსვათ, რატომ არ აქტიურობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, აღნიშნული ორგანიზაცია _ რა, ქვეყანა დაცული იყო და საფრთხე მხოლოდ ახლა დაემუქრა? 

სხვათა შორის, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, „დაიცავი საქართველო“ კახა მიქაიას მხრებზე იდგა, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით ანუ, პრაქტიკულად, მიქაია იყო ის ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით, სხვადასხვა უსამართლობას აპროტესტებდა. ისინი კი, რომლებიც დღეს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერშიფში არიან წარმოდგენილები, დუმილის უფლებას იყნებდნენ. აი, მაგალითად, ეკა ბესელია, რომელიც დღეს საქართველოს დაცვის ლოზუნგით გამოდის, ბოლო დრომდე გვიმტკიცებდა, რომ საქართველო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მწვერვალებს იპყრობდა. დიახ, ქალბატონი ეკა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ საქართველო დასაცავია და მიხვდა იმიტომ, რომ „ოცნებაში“, როგორც ამბობენ, პრობლემები შეექმნა, თორემ ყველაფერი უწინდებურად რომ ყოფილიყო, დაცვა და, მით უმტეს, საქართველო, ალბათ, არც გაახსენდებოდა. 

იგივე შეიძლება ითქვას პოეტ დავით მაღრაძეზეც, რომელიც მკვდრეთით აღმდგარი „დაიცავი საქართველოს“ ლიდერად მოგვევლინა და რომელიც გვიმტკიცებს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას თუ არ ჩამოშორდა, ქვეყანა დაიღუპება. 

ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არსდროსო, მაგრამ სამშობლოს შერჩევითი, უფრო სწორად, პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით დაცვა, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. 

ამ ფონზე ისიც საინტერესოა, კახა მიქაიამ, რომელმაც „დაიცავი საქართველო“, წეღანდელი თქმისა არ იყოს, აქამდე შემოინახა, აღნიშნული ორგანიზაცია რატომ დატოვა. 

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“. 

ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, 

საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად! 

რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში'', _ ეს განცხადება კახა მიქაიამ სოციალურ ქსელში 16 აპრილს გამოაქვეყნა. ამ დროს, მკვდრეთით აღმდგარი „დაიცავი საქართველოს“ ყრილობა სამი დღის ჩატარებული გახლდათ _ მოგეხსენებათ, 13 მაისს გაიმართა შეხვედრა, თუ ყრილობა. 

მიქაიას განცხადება, შესაძლოა, საკამათო არ არის, მაგრამ ის ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებზე, რომელთა ახალი ენერგიაც სჭირდება ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს, მაგრამ ვინ არის ახალგაზრდა _ დავით მაღრაძე? ეგებ, მიქაიამ ასპარეზი ვატო შაქარაშვილს, ან ჯაბა ჯიშკარიანს დაუთმო? _ ცხადია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ შაქარაშვილიცა და ჯიშკარიანიც ბოლო წუთამდე „ოცნების“ წევრები იყვნენ და ყველაფერი ის, რასაც პარტია აკეთებდა, უპირობოდ მოსწონდათ! 

მოკლედ, ამ კუთხით კითხვის ნიშანი საკმარისზე მეტია, თუმცა მოდით, რამდენიმე წლით უკან დავბრუნდეთ და „დაიცავი საქართველოს“ შექმნის ისტორიას გადავავლოთ თვალი. 

ყველაფერი 2009 წლის მაისში დაიწყო. მაშინ, მოგეხსენებათ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციას საკნები ჰქონდა გაშლილი. „საკნების პროტესტი“ თითქმის სამი თვე გრძელდებოდა და მისი მთავარი სლოგანი „დაიცავი საქართველო“ იყო. ამ ფრაზის ავტორი კი კლასიკოსი, ცხონებული, ჭაბუა ამირეჯიბი გახლდათ, რომლის ხელით დაწერილ ამ ორ სიტყვასაც მაშინდელი ოპოზიციონერები აფრიალებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს დაცვა მიხეილ სააკაშვილისგან და, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობისგან სჭირდებოდა. 

„საპროტესტო აქციების დაწყებიდან სამი თვის თავზე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“. მოძრაობის დამფუძნებელი შეკრება 10 ივლისს გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასში გაწევრიანებას საზოგადოებისთვის ნაცნობი არაერთი პიროვნება აპირებს. 

რა მიზნით იქმნება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა? 

ლევან გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე, პირველად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით ილაპარაკა, მოგვიანებით კი, იგივე რუსთაველის გამზირზე, საინფორმაციო მიტინგის მსვლელობისას განაცხადა: 

„გულწრფელად მინდა ვიყო ერთ-ერთი ინიციატორი ძალიან დიდი და სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობისა იმიტომ, რომ აუცილებელია კონსოლიდაცია იმ საზოგადოებისა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, პოლიტიკური მოძრაობის ირგვლივ იდგა. აუცილებელია მძლავრი მოძრაობის შექმნა, რათა სისტემას, სისტემა დაუპირისპირდეს''. 

ცნობილია, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „დაიცავი საქართველო“ იქნება. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის ეს მოწოდება, მოძრაობაში გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაშია დარწმუნებული და საქართველოს დაცვაში გულისხმობს ტერიტორიულ მთლიანობას, სწორი ეკონომიკური გარემოს ლობირებას, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას... ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იმედოვნებს, რომ ახალ მოძრაობაში საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი, არაერთი პიროვნება გაწევრიანდება. 

„რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დაცვას აპირებს მომღერალი ზურაბ მანჯავიძეც: 

„ხალხში არის ეს სურვილი, რომ მოხდეს გაერთიანება და უფრო ორგანიზებული გახდეს პროტესტი... თუ პოლიტიკოსებიც მოგვბაძავენ და მონახავენ საერთო ენას, გაერთიანდებიან დროებით მაინც, ვიდრე მივაღწევთ საერთო მიზანს, ცუდი არ იქნება''. 

საერთო მიზანში ზურაბ მანჯავიძე ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით, ლევან გაჩეჩილაძე საპროტესტო მუხტის გაძლიერებასა და გაფართოებას ცდილობს. მისი თქმით, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა“, როგორც არაპოლიტიკოსმა, კარდინალური ცვლილება შეიტანა პოლიტიკური პროცესის დინამიკაში. 

„ამ გამოცდილების საფუძველზე, ლევან გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ საზოგადოებისათვის ნაცნობი ადამიანების გაერთიანებით, ეგრეთ წოდებული „უცნობის“ ეფექტის“ განმეორებასა და გამრავლებას შეძლებს'', _ ამბობს რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, _ ,,მგონი, ამის რეალიზაცია უნდა ლევან გაჩეჩილაძეს, რომ საზოგადოების ფართო წრეები გახადოს იმ მოწოდებებისა და ინტერესების დამცველი, რომელიც დღეს ოპოზიციას მიეწერება მხოლოდ''. 

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, დეპუტატი მურთაზ ზოდელავა დარწმუნებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძე საფუძველს უყრის არა საზოგადოებრივ მოძრაობას, არამედ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მიზანი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დაბრუნებაა: 

„მიმაჩნია, რომ ეს პარტია მოემსახურება მხოლოდ კახა თარგამაძის ინტერესების გატარებას და ვისთან არის დაკავშირებული ბატონი კახა, ესეც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ესაა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საეჭვო ფინანსებით იქმნება და რომელიც მოემსახურება საეჭვო მიზნებს“, _ ციტირებდა „რადიო თავისუფლება“ მურთაზ ზოდელავას სიტყვებს, 2009 წლის 9 ივლისს. 

მოგვიანებით, „რადიო თავისუფლებამ“, ,,დაიცავი საქართველოს“ კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„მოწოდება _ „დაიცავი საქართველო“, საზოგადოებრივი მოძრაობის სახელად გადაიქცა. 10 ივლისს, ათონელის თეატრში, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვება ხელმოწერების შეგროვება, ხოლო როდესაც ხელმომწერთა რიცხვი, დაახლოებით, 100 ათასს მიაღწევს, მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობაც, სწორედ ამის შემდეგ გაიმართება, სავარაუდოდ, ეროვნულ სტადიონზე. 

რა გეგმები აქვს საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“? 

საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელიც ერთი ვრცელი წინადადებით შემოიფარგლება, 10 ივლისს, ათონელის თეატრში, პოეტმა დავით მაღრაძემ წაიკითხა: 

„არჩევნებში და შემდეგ უკვე ომში დამარცხებული ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მოსახლეობაზე აღვირახსნილი ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების მეტი კონსოლიდაციისთვის, ახალი, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად, გამოვდივართ ინიციატივით _ შეიქმნას საერთო საყოველთაო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“. 

მიმართვას, რომელმაც დამსწრეთა ტაში დაიმსახურა, თავად დავით მაღრაძის გარდა, საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს. მათ შორისაა, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი, ბიძინა კვერნაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, რობერტ სტურუა, ქეთი დოლიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნიკოლოზ დერიუგინი, ჟანრი ლოლაშვილი, ნატო მეტონიძე, ზაზა პაპუაშვილი და ძმები _ გია და ლევან გაჩეჩილაძეები. 

მთავარი მიზანი, რომლისკენაც მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ მიისწრაფვის, ლევან გაჩეჩილაძის განმარტებით, არის საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი.

„ვთვლი, რომ 26 მაისი, ეს იყო საზოგადოების უდიდესი კონსოლიდაციის დღე და 26 მაისი, ახლა უნდა გადავაქციოთ იმ დიდ სისტემად, რომელიც ამ ჩვენს მოძრაობას თავისუფალი, მშვიდობიანი ქართველისთვის, თუ არაქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ბოლომდე მიიყვანს“, _ ამბობს ლევან გაჩეჩილაძე. 

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დახმარება წარმოუდგენია საინიციატივო ჯგუფის წევრს, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილს, რადგანაც, მისი თქმით, „ამ ხელისუფლების ატანა, უფრო და უფრო მძიმე ხდება''. 

თუმცა ამგვარ მიდგომაში, მცირედი შესწორება შეაქვს ასევე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ძალებს, დახმარების გარდა, ახალმა მოძრაობამ ოპონირებაც უნდა გაუწიოს, რათა „მათაც არ დაუშვან შეცდომა''. 

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებებს, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანამოაზრეები საფუძველს უყრიდნენ არა საზოგადოებრივ მოძრაობას, არამედ პარტიას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დაბრუნებას ისახავს მიზნად, ლევან გაჩეჩილაძეს ასეთი ბრალდებების მიმართ, მოკლე და კონკრეტული დამოკიდებულება აქვს: „სისულელეებს არ ვპასუხობ''. 

 

ვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება, საინიციატივო ჯგუფის წევრები ვერაფერს ამბობენ სტრუქტურულ ვერტიკალსა და ჰორიზონტალზე. ჯერჯერობით, მოძრაობას მხოლოდ საპატიო თავმჯდომარე ჰყავს და ის 9 აპრილის საპროტესტო აქციების ლაიტმოტივად ქცეული მიმართვის _ „დაიცავი საქართველო“ ავტორი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გახლავთ. 

10 ივლისს, ათონელის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას, მწერალმა საგანგებო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ყურადღებას, ძირითადად, რუსეთის ურყევ იმპერიულ ზრახვებზე ამახვილებს. ჭაბუა ამირეჯიბი გამოთქვამს იმედს, რომ ,,ეს საზოგადოება თავის მოღვაწეობაში გაითვალისწინებს იმ გარდაუვალ ჭეშმარიტებას, რომ ვერავითარი ობამა და ნატო ვერ შეაკავებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს _ უარყოს თავისი გენითა და ჯიშით ნაკარნახევ-განპირობებული მიზანი ახალი იმპერიის შექმნისა და იქ იმ ჩექმის გამოყენებისა, რომლის დემონსტრირება საქვეყნოდ განახორციელა რუსულ სამოვარში ნაკვერჩხლის გაჩაღებისას''. 

აქვე ნათქვამია, რომ „რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის დამყარებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ნებისმიერი რუსი პოლიტიკოსის ყველაზე მშვიდობისმოყვარე განცხადებაც კი იმპერიულ მიზნებს ემსახურება''. 

ამ „გასაჭირიდან“ თავის დაღწევის გზად, ჭაბუა ამირეჯიბი „გონივრულ პოლიტიკას“ ასახელებს. 

ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში _ „დაიცავი საქართველო“ გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათიდან. დამფუძნებელი ყრილობა კი გაიმართება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 100 ათას მიაღწევს. ლევან გაჩეჩილაძე პირობას დებს, რომ ეს სულ მალე მოხდება''. 

ერთი სიტყვით, დავით მაღრაძესა და მის სხვა თანამზრახველებს, ათი წლის წინათ, დიადი მიზნები ჰქონდათ, მაგრამ „დაიცავი საქართველო“ გავლენიანი პოლიტიკური ძალა ვერ გახდა. ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ „დაიცავი საქართველო“, შესაძლოა, გაჩეჩილაძეების ფაქტორმა ჩაძირა ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილის მთავარი კონკურენტი იყო და მას ემუქრებოდა კიდეც, მიშა, მოვდივარო, მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა ერთნაირად დადებითი მაინც არ ყოფილა. ამას გარდა, „დაიცავი საქართველო“ აერთიანებდა ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სფეროებში პატივისცემით სარგებლობდნენ, მაგალითად, იყვნენ კარგი მსახიობები, პოეტები, რეჟისორები და ასე შემდეგ. თუმცა ხალხმა, როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიიჩნია, რომ მათთვის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საჭე მიენდო. შესაბამისად, „დაიცავი საქართველომ“ ნაციონალური მოძრაობა წელში ვერ გადატეხა. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ეს ორგანიზაცია რადარებიდან, პრაქტიკულად, გაქრა _ წერილის დასაწყისშიც აღვნიშნეთ, რომ საქართველოს დაცვას მხოლოდ კახა მიქაია ცდილობდა. 

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ განახლებული „დაიცავი საქართველოს“ თავყრილობას ლევან გაჩეჩილაძე არ დასწრებია. 

რატომ? _ ითქვა, რომ ის შეუძლოდ იყო, თუმცა იმის შესახებ მინიშნება, ან განცხადება, „დაიცავი საქართველოს“ მომავალში შეუერთდება, თუ არა, არ გაკეთებულა. 

მომღერალმა „უცნობმა“ კი „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მისვლა ასე ახსნა: 

„მურუსიძესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია... ვინმეს ეგონა, რომ საზოგადოება ამას გაატარებდა, რომ სასამართლო იგივე ადამიანების ხელში გადავიდეს? გირგვლიანი, მკვდარი კაცი დაამყარებს ამ ქვეყანაში წესრიგს“. 

ისე, ჯერ კიდევ 2009 წელს ითქვა, რომ „დაიცავი საქართველო“ მალე დაიშლებოდა. ამის შესახებ მასალები ინტერნეტშიც მოიპოვება. ასე, მაგალითად, 2009 წლის შემოდგომაზე, ინტერნეტგამოცემა „დრონი.გე“-მ სტატია _ „დაიცავი საქართველო“ იშლება?“ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„მართალია, აღნიშნული მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არისო, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობის თავმჯდომარეობა ყველაფერს ნათელს ხდის. 

უფროსი „გრეჩიხა“ კატეგორიულად ამტკიცებდა, სექტემბერში ყრილობა გვექნებაო, მაგრამ არც ყრილობა ჩატარებულა და მოძრაობის წევრებიც პანტა-პუნტით ტოვებენ გაჩეჩილაძეების დასაცავ ორგანიზაციას. 

მოძრაობის გეგმებზე არც ორგანიზაციაში დარჩენილები საუბრობენ, ან მეორე ვერსიაა, ვერ საუბრობენ, რადგან დაგეგმილი არაფერია. 

„დრონი.გე“ შეეცადა, მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან, ქეთი დოლიძესგან 

გაერკვია, თუ რას აპირებენ. 

„ჩატარდება პრესკონფერნცია და ნახავთ ყველაფერს“, _ განგვიცხადა ცოტა ხნის წინ გაოპოზიციონერებულმა რეჟისორმა. 

„დრონი.გე“: _ თუ იკრიბებოდით მოძრაობის წევრები დაფუძნების შემდეგ? 

ქეთი დოლიძე: _ ხშირად არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა რაზე ვსაუბრობდით, ამას ვერ მოგახსენებთ“. 

„დაიცავი საქართველო“ ხმაურით რამდენიმე საზოგადო მოღვაწემაც დატოვა. დიმა ჯაიანმა ჩათვალა, რომ მოძრაობაში ყოფნა, რომელიც მხოლოდ სახელია და მეტი არაფერი, მოსაწყენია. 

საზოგადოებრივი მოძრაობის პასიურობით უკმაყოფილოა რეჟისორი რეზო ესაძეც: 

„დაფუძნების შემდეგ, ერთხელ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ შევიკრიბებოდით კვლავ და დავსახავდით ჩვენს გეგმებს. ვისაუბრებდით პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენს ხელთაა. თუმცა, ამის შემდეგ არ მომხდარა შეკრება“. 

„დრონი.გე“: _ ბატონო რეზო, თქვენი აზრით, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს საზოგადოებრივი აზრის შექმნას? 

რეზო ესაძე: _ დამანახეთ საქართველოში რაიმე ორგანიზაცია, ვინც საზოგადოებრივი აზრი შექმნა. არავინ არაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერს ანგრევს და ამაში ყველანი ვართ დამნაშავე. 

არ მეგულება ადამიანი, რომ ეთქმოდეს, ეს ჩემი ბრალი არააო. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ჩვენს ხალხს, რომელიც მართლა არაფერ შუაშია და ყველაზე მეტად ამ ნგრევის დროს, ის დაზარალდა“. 

და კიდევ: მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძისა და კახა თარგამაძის შეხვედრის კადრები ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ლევან გაჩეჩილაძე, სწორედ კახა თარგამაძის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა საქართველოში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაჩეჩილაძის მიერ აღნიშნული მოძრაობის დაფუძნებაც. 

„დაიცავი საქართველოს“ წევრთა უმრავლესობას არანაირი საერთო კახა თარგამაძესთან არ აქვს, თუმცა სკეპტიციზმით, თავად მოძრაობის წევრები უყურებენ „დაიცავი საქართველოს“. 

მსახიობი ნანა შონია ამბობს, რომ თუნდაც ჭორისა და ეჭვის დონეზე, „დაიცავი საქართველოს“ გაიგივება კახა თარგამაძესთან და მის პოლიტიკურ ინტერესებთან, დამღლელია. 

„ჩემთვის აქ რაღაცები მიუღებელია. მაგალითად, მე მაწუხებდა შეკითხვა თარგამაძისა და ლევანის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჭორი და ეჭვი დღესაც არსებობს. რომ დააჯერო საზოგადოება, კახა თარგამაძე და „დაიცავი საქართველო“ სხვადასხვა ცნებააო, ამას დრო და საქმით დამტკიცება სჭირდება“, _ აცხადებს მსახიობი. 

კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ არაპოლიტიკურ მოძრაობაში, გოგა ხაინდრავაა. ხაინდრავას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ ხელოვანები მოძრაობას, მაგრამ კონკრეტული ადამიანების წასვლას მაინც ამართლებს. 

„არ იშლება „დაიცავი საქართველო“. ვინმეს ასე ღიად და ოფიციალურად განეცხადებინა მოძრაობის დატოვებაზე, მე არ გამიგია“. 

„დრონი.გე“: _ თუნდაც კოკა გუნცაძეზე რას იტყვით? მან თქვენს მოძრაობას ალასანიასთან ალიანსი ამჯობინა! 

გოგა ხაინდრავა: _ დიახ, კოკა გუნცაძე წავიდა მოძრაობიდან, მაგრამ კოკა ჩვენი მეგობარია. ის უნდა წასულიყო კიდეც პოლიტიკაში. მისი ალასანიასთან წასვლა, ჩვენი თხოვნაც კი იყო“ (თუმცა ხაინგრავას ეს განცხადება რას ნიშნავდა, მან აღარ განგვიმარტა)''. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, რამდენჯერმე გაკვრით ითქვა, რომ „დაიცავი საქართველო“, შესაძლოა, აღმდგარიყო, თუმცა მის სათავეში ძმები გაჩეჩილაძეები, ან პოეტი მაღრაძე კი არა, არამედ გია ხუხაშვილი იქნებოდა. ამის შესახებ 2013 წლის შემოდგომაზე, მინიშნება მაშინდელი „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ამირეჯიბმა გააკეთა და ისიც დასძინა, რომ „დაიცავი საქართველოს“ „გაცოცხლების“ ავტორი, გია ხუხაშვილი იყო, რომელიც მაშინ პრემიერ ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა. 

„ახლა ლევან გაჩეჩილაძეს უნდა „დაიცავი საქართველოს“ წამოტივტივება და წამოწევა. თავის დროზე, ეს მოძრაობა შევქმნით მე, „გრეჩიხამ“, კორკოტამ, კოკა გუნცაძემ და სხვებმა. საპატიო თავმჯდომარე იყო მამაჩემი, ჭაბუა ამირეჯიბი. იქ მაშინ ნონა გაფრინდაშვილი იყო, რეზო ესაძეც. არ დაგავიწყდეთ, „დაიცავი საქართველო“ ჭაბუას სლოგანია, მაგრამ რა მოხდა? _ ამ მოძრაობამ დაიძინა და საქართველოც ვერავინ ვერ დაიცვა... მე არ გამოვრიცხავ, რომ „დაიცავი საქარველოს“ აღორძინების იდეა გია ხუხაშვილს ეკუთვნოდეს. ჩვენ გვქონდა ამაზე ლაპარაკი, ხომ არ უმზადებს ხუხაშვილი ბატონ ბიძინას არასამთავრობო სექტორს? დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლებელია, „დაიცავი საქართველო“ ივანიშვილმა რაღაცაში გამოიყენოს, ეს მოძრაობა მას დასჭირდება აუცილებლად... ვიმეორებ, „დაიცავი საქართველოს“ გაცოცხლება დიდი „ხუხას“ იდეა მგონია'', _ აცხადებდა მედიასთან ამირეჯიბი. 

2013-ში არა, მაგრამ „დაიცავი საქართველო“ 2019 წელს „გაცოცხლდა“, თუმცა „გაცოცხლებულ“ ორგანიზაციას, სათოფეზე არ გაჰკარებია გია ხუხაშვილი. სამაგიეროდ, „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე ვიხილეთ დავით უსუფაშვილი და, ასევე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე. ორივე მათგანი, როგორც თქვეს, ფილარმონიაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. მოგვიანებით, ხათუნა ლაგაზიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„მოკლედ, შთაბეჭდილება „დაიცავი საქართველოს“ შეკრებიდან: 

1. თბილისის საზოგადოების აქტიური ნაწილი ახალი პოლიტიკური ლიდერების/პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინშია; 

2. „დაიცავი საქართველოს“ მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, ის გახდება „ოცნებიდან“ უკვე წამოსულთა ახალი პოლიტიკური პარტია, თუ შეძლებს შემკრები, ქოლგა პოლიტიკური ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებას ანუ რამდენად მიმზიდველი იქნება ის იმ ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ასევე, გეგმავენ ასპარეზზე გამოსვლას 2020-ისთვის, იგივე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა; ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებსაც საკუთარი კანდიდატი ჰყავთ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, გრიგოლ გეგელიას სახით; დათო ჭიჭინაძე, თავისი დაანონსებული ახალი პოლიტიკური პარტიით; ანა დოლიძე, რომლის მიმართაც მოლოდინი დიდია, „ოცნების“ ის დეპუტატები, რომელთა წამოსვლა „ოცნებიდან“ დროის საკითხია და მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს და თანამოაზრეებს ეძებენ და ა.შ. 

აგრეთვე, რამდენად გახდება ის შეკრების ცენტრი იმ ძველი პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებიც თავს არც „ოცნებასთან“ და არც ნაციონალებთან არ განიხილავენ. 

3. თუ გაერთიანება ვერ მოხერხდა, რისთვისაც მზაობასაც ჯერ არც ერთი ზემოთხსენებული ჯგუფი არ ამჟღავნებს, საპროტესტო ელექტორატიც დაიქსაქსება, 3%-იანი ბარიერით შექმნილი ილუზია ბევრ პარტიას წაატეხინებს ცხვირს და „ოცნებისა“ და „ნაცების“ მყუდროებასაც ვერავინ დაარღვევს. 

ამჯერად, სულ ეს იყო''. 

დაარღვევს, თუ ვერა „ოცნების“, ან იგივე გაერთიანებული ოპოზიციის მყუდროებას „დაიცავი საქართველო“, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, ამ ორი პოლიტიკური მონსტრის მყუდროებას საფრთხე არ ემუქრება ანუ „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ მდინარეში მეორედ შემოცურდა, თუმცა პირველი „შემოცურვის“ გამოცდილება გვკარნახობს, ვივარაუდოთ, რომ წარმატებული არც მისი მეორე „ნაოსნობა“ იქნება.

ნინო დოლიძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 17 Apr 2019 13:48:24 +0400
რა მოხდება 19 მაისს http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6111-რა-მოხდება-19-მაისს.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6111-რა-მოხდება-19-მაისს.html

გარდაუვალია თუ არა პოლიტიკური აპოკალიფსი _ ზუგდიდისა და მარნეულის შუალედური არჩევნების ანატომია

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პოლიტიკურმა ძალებმა თითქმის მთელი თავიანთი ენერგია და ფინანსები დახარჯეს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ შემდეგი არჩევნები მშვიდი იქნებოდა, არსებობდა, მაგრამ ამასობაში შუალედური არჩევნები, როგორც იტყვიან, „გამოტყვრა“. ცნობილია, რომ შუალედური არჩევნები სულ 12 საარჩევნო ოლქში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ თორმეტიდან ყველაზე დაძაბული საარჩევნო რინგი, როგორც მოსალოდნელია, ზუგდიდსა და მარნეულში გაიმართება. ზოგი ამბობს, რომ სიმშვიდე არც მთაწმინდაზე იქნება, თუმცა ზუგდიდისა და მარნეულის ფონზე, მთაწმინდას „ღირსების დატვირთვა“ არ აქვს, მაგრამ ეს თემა ქვემოთ განვავრცოთ.

ახლა კი ზუგდიდსა და მარნეულს მივხედოთ. დავიწყოთ ზუგდიდიდან, სადაც პოლიტიკური ტემპერატურა უკვე აწეულია _ რამდენიმე დღის წინ, იქ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დააკავეს. ისინი ხულიგნობაში იყვნენ მხილებულნი, მაგრამ ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ, ყველა მათგანი გაათავისუფლეს და ვითარებაც მეტ-ნაკლებად განიმუხტა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნები დაფნა-ზურნით ჩაივლის. რა თქმა უნდა, არა! 19 მაისს, დადიანების სამოსახლოში, „პოლიტიკურ მეორედ მოსვლას“ პროგნოზირებენ და ეს გასაკვირიც არ არის, თუნდაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით _ მოგეხსენებათ, მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის, როგორც ახლა ზუგდიდის მერობისთვის, მიხეილ სააკაშილის მეორე ნახევარი იბრძოდა. მაშინ 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერც სანდრა რულოვსმა შეძლო და ვერც _ „ოცნების“ კანდიდატმა. შესაბამისად, როგორც სხვა ბევრ რაიონში, ზუგდიდშიც მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქალბატონმა რულოვსმა მეორე ტურზე უარი თქვა და ბრძოლის ველიდან იმ მოტივით გავიდა, რომ მას არჩევნები გაუყალბეს, თორემ სინამდვილეში, პირველ ტურშივე გაიმარჯვა. 

სხვათა შორის, სანდრა რულოვსი მაშინ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაშიც იყო, მაგრამ პარლამენტში შესვლაზე უარი პროპორციული სიითაც თქვა და ეს იმით ახსნა, რომ მას თანამდებობა კი არა, არამედ ხალხის დახმარება სურდა და დეპუტატის სტატუსიც ამისთვის უნდოდა. 

რეალურად, გულწრფელი იყო, თუ არა სააკაშვილის მეუღლე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ვიცით, რომ 2016-ში, სამეგრელოში მუშტი-კრივი მოეწყო და ამას მოწმობს ჯიხაშკარის ინციდენტიც _ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ზე უბნებზე, 10-მდე ადამიანი შეიჭრა და დაარბია. როგორც თვითმხილველი, 79-ე უბნის კომისიის წევრი, გულნარა ბენდელიანი ამბობდა, თავდამსხმელებმა უბნის კარი ფეხით შეანგრიეს და იქაურობა დაარბიეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კი საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მოგვიანებით, მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აუწყა, რომ 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის მონაწილე და ორგანიზატორი იდენტიფიცირებული და დაკავებული იყო. რაც შეეხება სხვა მონაწილე პირებს, მათ პოლიცია ეძებს. 

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო, ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო: „სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება''. 

ნაციონალური მოძრაობა იმთავითვე ამტკიცებდა, რომ ჯიხაშკარის ინციდენტი არჩევნების რეალური შედეგების გაბათილებას ემსახურებოდა. ზოგადად, ქართული არჩევნების ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, უბნების დარბევა, ან უბნებიდან საარჩევნო ყუთების მოტაცება შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, ძველი და აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირი იყენებდა. მოქკავშირის დროს, ისეთი ფაქტებიც მოხმდარა, როცა ამ პარტიის წევრ ქალბატონებს საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინები, მოგვიტევეთ და, საცვლებით მოუპარავთ. ყველაფერი ეს როცა ხდებოდა, მაშინ მოქკავშირის სათავეში ისინი იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით, ნაციონალებად ტრანსფორმირდნენ ანუ შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო მუშტი-კრივი „ოცნების“ ნოუ-ჰაუ არ არის, თუმცა ამას მოცემულ ვითარებაში მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის გახლავთ, რომ საარჩევნო აკრძალულ ილეთებს ყველა პარტია იყენებს და მნიშნელობა არ აქვს, ეს პარტია ოპოზიციაშია, თუ ხელისუფლებაში. 

ერთი სიტყვით, 2016-ის გაკვეთილების გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ, რომ ზუგდიდის შუალედური არჩევნები მშვიდად არ ჩაივლის. ისე, „ოცნებას“ ეს თავის ტკივილი, შესაძლოა, არც უნდოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა _ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზუგდიდის არჩეული მერი, ლაშა გოგია მექრთამეობისთვის დააკავეს. 

ზოგმა შეიძლება თქვას, თუ „ოცნებას“ ზედმეტი თავის ტკივილი არ უნოდა, მაშინ გოგია რატომ დაიჭირაო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა უმთავრესია და რა მნიშვნელობა აქვს, კორუფციაში მმართველი გუნდის წარმომადგენელია გარეული, თუ ვინმე სხვა? 

ასეა თუ ისე, გოგიამ მმართველ პარტიას პრობლემები არათუ თავისი მერკანტილური მისწრაფებებით შეუქმნა, არამედ პოლიტიკურადაც _ ერთი შეხედვით, შეიძლება, დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ვინ მოიგებს ზუგდიდის მერის არჩევნებს, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ნერვების ომი და ღირსების არჩევნებია ანუ თუ ოპოზიცია დამარცხდება, რამდენიც უნდა ამტკიცოს, აი, გაყალბდაო, ის მორალურად გატყდება. ხოლო თუ წაგების სასწორი „ოცნების“ მხარეს გადაინაცვლებს, მორალური უპირატესობა ნაციონალებს დარჩებათ, მით უმეტეს, ზუგდიდი არ არის რიგითი ქალაქი: ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული პოლიტიკის საყრდენი და მამოძრავებელი სამეგრელოა და ამას, სხვა თუ არაფერი, „ვარდების რევოლუციაც“ მოწმობს _ მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანები თბილისისკენ, სწორედ სამეგრელოდან, კერძოდ, წალენჯიხიდან დაიძრნენ და ისიც გვახსოვს, წალენჯიხიდან წამოსულ რევოლუციურ ავტობუსში მიხეილ სააკაშვილი რომ იყო გამოჭიმული! 

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 19 მაისს, ქართულ პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყება ანუ „ოცნება“ ამ სიმყარეს შეინარჩუნებს, ან ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამოდის, საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულ სტარტს აიღებს. 

იგივე შეიძლება ითქვას მარნეულზეც. ზოგადად, ქვემო ქართლი, რომელიც ეთნიკური არაქართველებით არის დასახლებული, არჩევნების დროს, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება ხოლმე ანუ ამ მხარეშიც არაერთხელ მომხდარა შეტაკება და დაპირისპირება. ამიტომ, 19 მაისი მარნეულშიც მძიმე იქნება. 

რაც შეეხება მთაწმინდას, აქ „ოცნების“ ფალავანი ლადო კახაძეა. გაერთიანებულ ოპოზიციას ანუ იგივე ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი არ ჰყავს. სამაგიეროდ, მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის სხვები იბრძვიან. ვინ მივა ფინიშთან, შესაძლოა, არც იყოს მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთგვარი პრესტიჟია, რომ ადამიანის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩაიწეროს _ მთაწმინდის მაჟორიტარი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად იქნა არჩეულიო. ამ კუთხით იქნება მთაწმინდა საინტერესო, თუმცა ლადო კახაძეს, რომელიც „ოცნების“ კანდიდატია, სერიოზული კონკურენცია, შესაძლოა, ვერც ახალგაზრდა მემარცხეენეების წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ გაუწიოს და ვერც _ სოფიო ხორგუანმა. 

ასეა თუ ისე, 19 მაისს, ზუგდიდისა და მარნეულის მსგავსად, პოლიტიკურ აპოკალიფსს არ უნდა ველოდოთ. 

რაც შეეხება სხვა საარჩევნო ოლქებს, სადაც უმეტესად მერებს ირჩევენ, საინტერესო იქნება, ალბათ, ზესტაფონი, სადაც მერობისთვის გოგი წულაია იბრძოლებს. გოგი წულაია, კახა კუკავას პარტიის თანათავმჯდომარეა და მას მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძეც. 

სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას დააფუძნებს. დავით ჭიჭინაძე ის პერსონაა, რომლის „ოცნებიდან“ წამოსვლითაც, პრაქტიკულად, დაიწყო მმართველი პარტიის რღვევა. შესაბამისად, ზესტაფონის მერის არჩევნებში, გოგი წულაიას მხარდაჭერით ჭიჭინაძე, როგორც ჩანს, ალბათ, ძალებს მოსინჯავს და წულაიამ რომც ვერ გაიმარჯვოს, იმის კონტურები მაინც გამოიკვეთება, ჭიჭინაძის სახალხო მოძრაობა საზოგადოებისთვის რამდენად იქნება მისაღები. 

სხვათა შორის, დავით ჭიჭინაძე „დაიცავი საქართველოს“ არ შეუერთდა, რაც მისი მხრიდან, შესაძლოა, პრაგმატულ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს, რადგან „დაიცავი საქართველოს“ ისეთი ფიგურები, ასე ვთქვათ, დაუმეგობრდნენ, რომლებიც საზოგადოებაში არცთუ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. 

ზოგადად, ბოლო დროს, ბევრი პოლიტიკური ძალა იქმნება და გამოდის ასპარეზზე. ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ ამდენი პარტია საჭირო არ არის და, შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ ახალ-ახალი პარტიებისა, თუ საზოგადოებრივი მოძრაობების შექმნა, ერთგვარი დუღილის პროცესია, რაც მოსახლეობას უკეთესი არჩევანის საშუალებას მისცემს. 

ამას გარდა, ეს ერთგვარი სელექციაც არის ანუ ძველი სახეები, ჯერჯერობით, ისევ რჩებიან ავანსცენაზე, მაგრამ პოლიტიკაში, თანდათან ახალგაზრდებიც ერთვებიან. ეს ახალგაზრდები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელი თაობაც საბჭოთა კავშირსა და ცხოვრების საბჭოურ წესს არ მოსწრებიან. დღეს ჩვენს ქვეყანაზე, ყველაზე უარყოფითად საბჭოური მენტალობა მოქმედებს, რომელიც, გვინდა თუ არა, საზოგადოების ნაწილში მაინც არის ფესვგამდგარი. ამიტომ, ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლით, პოლიტიკური კლასის მენტალობა გაახალგაზრდავდება და იგივე კორუფცია, სახელმწიფო სამსახურის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება და სხვა მანკიერებანი, სირცხვილი გახდება. პარალელურად, ეკონომიკის კუთხითაც შეიცვლება ლიბერალური მიდგომები და იქნებ, მართლაც რამე გვეშველოს, თუმცა ახლა, მთავარი მაინც 19 მაისია _ დღე, რომელიც ქართული პოლიტიკის ისტორიაში, შესაძლოა, აპოკალიფსის სახელით შევიდეს!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 17 Apr 2019 13:48:08 +0400
„მიშა ვერ დამიჯდება, თორემ მინდა, მაგის მშიშარა სახე დავინახო!“ http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6102-„მიშა-ვერ-დამიჯდება,-თორემ-მინდა,-მაგის-მშიშარა-სახე-დავინახო-“.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6102-„მიშა-ვერ-დამიჯდება,-თორემ-მინდა,-მაგის-მშიშარა-სახე-დავინახო-“.html

ვალერი გელაშვილი ნაციონალებთან ურთიერთობისა და თავდასხმის უცნობ დეტალებს პირველად ჰყვება

ეს ამბავი საქართველოში ბავშვმაც კი იცის და ისიც ცნობილია, რომ ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას შორის უთანხმოება ავლაბრის აწ უკვე ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის გამო დაიწყო, თუმცა კონფლიქტის დეტალებზე და ასევე, კონფლიქტის პრეისტორიაზე დაზარალებულს საჯაროდ აქამდე არასოდეს უსაუბრია. ასე რომ, დღევანდელი ინტერვიუდან პირველად გაიგებთ, რას სთავაზობდა „ვარდების რევოლუციამდე“ მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილს. 

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში ჩაწერილი ინტერვიუ გავიდა, ბატონი ვალერი „ვერსიას“ თავად დაუკავშირდა. 

მაშ, ასე: „ვერსია“ ხაშურის ყოფილი მაჟორიტარის, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ინტერვიუს შელამაზების გარეშე წარმოგიდგენთ.

 

_ ბატონო ვალერი, ის, რაც თქვენ შეგემთხვათ, ნაციონალების მმართველობის ერთგვარი სახე და იმ ყბადაღებული 9 წლის ყველაზე გახმაურებული ამბავია. დღეს კიდევ ხომ არავინ გდევნით? 

_ არა, ახლა არ მდევნიან და ჩვეულებრივ ვმუშაობ _ 2014 წელს, 10 მილიონ კრედიტს ვემსახურებოდი და, როგორც იქნა, დავამთავრე. 

_ კრედიტი რომელი ბანკიდან გქონდათ? 

_ „ქართუდან“, როგორც გითხარით, საკრედიტო ხაზი მაქვს, მენდობიან და თვითონ ბატონმა ბიძინამ უთხრა, როცა ვალერის დასჭირდეს, პრობლემა არ შეექმნასო, მაგრამ არიან ყოფილი ნაცები და რაღაც-რაღაცებში „შპილკები“ მხვდება ხოლმე. 

_ ყოფილი ნაცები სად არიან და „შპილკები“ სად გხვდებათ _ ძალოვან უწყებებში, თუ სხვა სამსახურებში? 

_ ძალოვანშიც, ქალაქშიც... მოკლედ, ყველგან მხვდება. 

_ თქვენი აზრით, „ოცნებამ“ ნაცები რატომ გადაიბარა? 

_ პრინციპში, იცით, რა არის? _ ნაცებში დამნაშავე 100, ჰა-ჰა, ორასი კაცი იყო. დანარჩენს, ასე თუ ისე, სამსახური ჰქონდა და სახელმწიფოს ემსახურებოდა. არ შეიძლება, რომ სამსახურებიდან ვიღაცები მასიურად გაყარო და შეცვალო. ადამიანმა ეს საქმე შეისწავლა და მისი გაშვება და ახლის მოყვანა ცუდი ქვეყნისთვისაა. 

_ გეთანხმებით, მაგრამ „ოცნებაში“ გადაპორტირებულ ნაცებს დავალება აქვთ, რომ „შპილკები“ დაგიდონ? 

_ ალბათ, დავალება აქვთ. 

_ ვისგან? 

_ მთავარი სააკაშვილია. 

_ ექსპრეზიდენტი რატომ გადაგეკიდათ? ამის საბაბად ზოგი თქვენს ინტერვიუს ასახელებს, მაგრამ მგონია, რომ თქვენსა და მიშას შორის შავმა კატამ, რეალურად, სხვა რამის გამო გაირბინა. 

_ 2003 წელს, სააკაშვილმა მითხრა, საპარლამენტო არჩევნების სიაში ჩაგსვამ და კიდევ სამ კაცს აუცილებლად ჩაგისვამო, მაგრამ ამ კაცთან არ მივიდოდი. 

_ რატომ? 

_ იმიტომ, რომ ვიცოდი, ფსიქიურად დაავადებული იყო და უარი ვუთხარი. 

_ სიაში ჩასმა სააკაშვილმა თავად შემოგთავაზათ, თუ შუამავლის პირით? 

_ შუამავლის საშუალებით. 

_ შუამავალი ვინ იყო? 

_ რესპუბლიკელებიც იყვნენ. ბაჩო ქიტიაშვილი თუ იცით, ისიც _ ბაჩო მაგის ძმასთან მეგობრობდა. 

_ ამბობთ, ვიცოდი, რომ სააკაშვილი ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყოო, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მასთან ბიზნესურთერთობა მაინც დაამყარეთ. რატომ? 

_ იძლებული ვიყავი. 

_ იძულებული რის გამო გახდით? 

_ ჩემთან, სახლში შემოიჭრა _ ავლაბარში სახლს ვამზადებდი, ოჯახის ვილნიუსიდან გადმოყვანა მინდოდა. რევოლუცია რომ მოხდა, საახალწლოდ, ვიულნიუსში წავედი და დამირეკეს, სახლში სააკაშვილის მეუღლე, მამიდები, დეიდები, ბიძები შემოიჭრნენ, მარნის კარი გახსნეს და ქვევრს თავი მოხადესო. როგორ შეიძლება, კერძო საკუთრებაში ასე „ნაგლად“ შეხვიდე და არ მკითხო! 

_ ანუ, თქვენს სახლში სანდრა შეიჭრა? 

_ დიახ, თავისი ნათესაობით. 

_ სანდრა თქვენს სახლში შესვლის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლდ ვერ მიიღებდა. 

_ მიშა აიყვანეს და ანახეს, ეს ვალერის სახლიაო და მანაც ჩათვალა, რომ უკვე თავისი იყო. მერე კეზერაშვილმა დამირეკა და მას ვუთხარი, ეგ ჩემი სახლია და ფრთხილად იყავით-მეთქი. 

_ კეზერაშვილმა რომ დაგირეკათ, რა გითხრათ? 

_ ეს სახლი გვინდაო. მივუგე, რას ჰქვია, გინდათ, მოხვედით და უკვე ყველაფერი თქვენია-მეთქი? 

_ კეზერაშვილმა 2004 წელს დაგირეკათ? 

_ არა, 2003-ის ბოლოს. 

_ ანუ, სააკაშვილი ჯერ პრეზიდენტი არ არის, არა? 

_ დიახ, არ არის. მოკლედ, ვუთხარი, საარჩევნოდ ჩამოვალ, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, ჩემი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები არიან და პრობლემებს შეიქმნით-მეთქი. 

_ ეს სახლი ვისზე იყო გაფორმებული? 

_ ჩემს მეუღლეზე. 

_ როცა დაგირეკათ, კეზერაშვილს რამე თანამდებობა უკვე ეკავა? 

_ არა, ჯერ არავინ არაფერი იყო... რომ ჩამოვედი, შევხვდი _ თვითონ მოვიდნენ. 

_ კონკრეტულად, ვის შეხვდით? 

_ კეზერაშვილს და მიშას პირად დაცვას. 

_ კეზერაშვილს თემურ ჯანაშია ახლდა, თუ გოგი თათუხაშვილი? 

_ მაღალი, სუსტი ბიჭი იყო... გარდაიცვალა. 

_ კეზერაშვილს მანამდეც იცნობდით? 

_ არა. 

_ გამორიცხავთ, რომ მან საკუთარი ინიციატივით დაგირეკათ? 

_ დიახ, გამოვრიცხავ, ეს მიშას ინიციატივა იყო. 

_ მოკლედ, საქართველოში რომ დაბრუნდით, კეზერაშვილს და მიშას პირად დაცვას შეხვდით. მერე რა მოხდა? 

_ ჩემთან, სახლში მოვიდნენ. ჩემთან გია აბულაძე იყო... ვისხედით, ვსაუბრობდით და კეზერაშვილმა იკითხა, კლ¬დეს ტროტილით დატვირთული კამაზი რომ შეეჯახოს, რა მოხდებაო? ვუპასუხე, ჯერ ერთი, რა ქვეყანას აშენებთ, რომ ქალაქში ტროტილით დატვირთულმა კამაზებმა იარონ. მეორეც, რა მოხდება და მთელი ქალაქი აიწევა-მეთქი. კეზერაშვილმა, მაშინ ვიფიქრებთო. 

_ ერთი სიტყვით, თუ სახლის მიცემაზე უარს იტყოდით, კეზერაშვილი დაგემუქრათ, რომ ე.წ. ავლაბრის კლდეს ტროტილით სავსე კამაზი დაეჯახებოდა და, სხვა ყველაფერთან ერთად, თქვენი სახლიც განადგურდებოდა? 

_ არა, ეს მუქარა არ იყო. 

_ აბა, რა იყო? 

_ აინტერესებდა, მიშამ რომ იცხოვროს და კლდეს ტროტილით დატვირთული კამაზი შეეჯახოს, სახლს რა მოუვაო? 

გავიდა რამდენიმე დღე და კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსმა, ირაკლი ჩუბინიშვილმა დამირეკა, ჩვენი ბიჭები შენზე ნაწყენები არიანო. გამიკვირდა, რაზე არიან ნაწყენები, ვინმე წესიერად დამელაპარაკა და რამე ამიხსენით, თუ რა? მოხვედით, ჩვენ გვინდაო, მაგრამ რას ნიშნავს, გინდათ? ამდენი წელი ვილნიუსში ვცხოვრობ, ოჯახის ჩამოყვანა მინდა და შევხვდეთ, დავილაპარაკოთ-მეთქი. 

_ ჩუბინაშვილმა იმ „ბიჭების“ ვინაობა დააკონკრეტა, რომლებიც ნაწყენები იყვნენ? 

_ არა, ზოგადად თქვა, ჩვენი გუნდიო. 

სხვათა შორის, მაშინ ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადასცა... ჰოდა, ვუთხარი, რეზიდენციის გარეთ ნაკვეთი გრჩებათ-მეთქი. 

_ ანუ ამ დროს უკვე იმაზე მიდიოდა საუბარი, რომ თქვენი სახლის ადგილას რეზიდენცია უნდა აშენებულიყო? 

_ ლაპარაკი იმაზე იყო, რომ პოლიციის ადგილას რეზიდენცია ყოფილიყო. ვუთხარი, იმის იქით ნაკვეთი რჩება და ის მომეცით ანუ ნაკვეთი ნაკვეთში გავცვალოთ, სახლში კი ფული გადამიხადეთ, მაგრამ ახლა ბიუჯეტი არ გაქვთ, გენერალური ხელშეკრულება მომეცით, რაღაცებს გავყიდი და დაფინანსებას მე თვითონ დავიწყებ-მეთქი. 

_ ეს ჩუბინიშვილს უთხარით? 

_ კი. 

_ ამ შეხვედრას სხვა ვინმეც ესწრებოდა? 

_ არა... ამ დროს ქონების წართმევაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა... მოვილაპარაკეთ, რომ სახლში მილიონ 400 ათას დოლარს გადაიხდიდნენ, მიწას კი მიცვლიდნენ, რომ ჩემთვის სახლი ამეშენებინა. 

_ ბატონო ვალერი, ასეთ გარიგებაზე რატომ დათანხმდით? 

_ იმიტომ დავთანხმდი, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის აშენება უნდოდათ. 

_ ანუ საქმეს სახელმწიფოებრივად მიუდექით? 

_ დიახ. ჩემთვის გვერდზე სახლს ავიშენებდი, რომელიც ერთი წელი გაიწელებოდა, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავდი. 

_ უკვე აშენებული სახლი ვისი უნდა გამხდარიყო? 

_ სახელმწიფოსი. 

_ ეს სახლი სახელმწიფოს რისთვის, ან ვისთვის სჭირდებოდა? 

_ მიშას უნდა ეცხოვრა. აი, იმ აგურის სახლზეა ლაპარაკი, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციასთან რომ არის. 

ჟვანიამ ოფიციალური სახელმწიფო ბრძანება გამოსცა, დაევალოს დეპუტატ ვალერი გელაშვილს, რომ რეზიდენციის მშენებლობისთვის თანხები მოიძიოს და შემდეგ მასთან ქონებრივი, ან ფინანსური ანგარიშსწორება მოხდესო. 

_ ესე იგი, ყველაფერ ამაში ჟვანიაც ჩარეული იყო? 

_ პრემიერი რომ გახდა, მას დაავალეს... იქ ოთახი მოაწყვეს, მინისტრები მოდიოდნენ და მშენებლობას ვიხილავდით ხოლმე. 

_ სპეცოთახი თქვენს სახლში მოაწყვეს? 

_ დიახ, ჯერ ისევ ჩემი საკუთრება იყო.

_ ამ პერიოდში სააკაშვილთან კომუნიკაცია გქონდათ? 

_ მიშა მოდიოდა ხოლმე... კანცელარიაშიც ავედი... მიშას უნდოდა, რომ ერთ წელიწადში დამემთავრებინა. ყველა პირდებოდა, ასე იქნებაო, მაგრამ ავედი და ვუთხარი, ტყუილია, ვერ ააშენებენ. თუ გინდათ, ლიტვიდან პროფესიონალ მშენებლებს ჩამოვიყვან და 11 თვეში ჩაგაბარებენ-მეთქი, მაგრამ ეს არ მოეწონათ. 

_ რატომ? 

_ ალბათ, ვიღაცას ფულის შოვნა უნდოდა. 

_ ვინ ვიღაცას? 

_ ყველა იქ იყო. 

_ მაინც? 

_ არ ვიცი... უარი თქვეს და ეჭვი მაქვს, უარი რატომ თქვეს? მოკლედ, კი ბატონო, არ გინდათ-მეთქი. 2004 წლის ბოლო რომ მოვიდა, ჩუბინიშვილი გამომიგზავნა, ბინიდან გადიო. უკვე 4 მილიონი ლარი მქონდა დახარჯული. გადასცეს იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ხარჯთაღრიცხვა განეხილა. 

_ ანუ მშენებლობაზე საკუთარ ფულს ხარჯავდით? 

_ დიახ. როგორც გითხარით, წლის დასაწყისში, ბიუჯეტში ეს მშენებლობა გათვალისწინებული არ იყო. ამიტომ გამოიცა სახელმწიფო დადგენილება, რომ დამეფინანსებინა და მერე, როცა ბიუჯეტი შედგებოდა, ჩემსა და კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდებოდა. 

_ მოკლედ, სახელმწიფოს ენდეთ. 

_ დიახ, ბრძანებულება არსებობდა. 

_ ეს მესმის, მაგრამ როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, იცოდით, რომ სააკაშვილი უმართავი იყო და ყველაფერზე წასვლა შეეძლო, თუ ვერ უშვებდით, რომ სახელმწიფოს გადაახტებოდა და ისე მოიქცეოდა, როგორც მოუნდებოდა? 

_ მიშას იმიტომ არ ვენდობოდი, მასთან ერთად გუნდში რომ ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა მოეყენებინა, არ ვაპატიებდი. ამ სიტუაციას კი ვერსად გავექცეოდი, ამიტომ დავთანხმდი და წავყევი, მაგრამ საბუთები გაფორმებული მქონდა, სახლიც ჩემს სახელზე იყო და სად წავიდოდნენ? 

_ საბოლოო ჯამში, ამ სახლის გადაფორმებას გთხოვდნენ? 

_ დიახ. ჩუბინიშვილი გაუშვეს და 2005 წლის დასაწყისში, ადმინისტრაციის უფროსად უგულავა მოვიდა, დამირეკა, ჩემთან ამოდიო. მივედი და, სახლი გადმოწერე, თორემო... თორემ, რას მიზამ-მეთქი და წამოვდექი, ჯერ კომპანიის ფული _ 4 მილიონი ლარი გადაიხადეთ და სახლი მერე გადავწეროთ-მეთქი. 

ამ დროს პრემიერი უკვე ნოღაიდელი იყო და მასთან ჩამიყვანა, მანაც ასე დაიწყო ლაპარაკი. 

_ ნოღაიდელიც დაგემუქრათ? 

_ იცით, რა იყო? _ გადმოწერე, თორემო... თორემ, რას მიზამთ-მეთქი და მასაც წამოვუდექი. გაიცინა-გამოიცინა და წამოვედი... პარლამენტში მივედი, ველაპარაკები, ბოლო-ბოლო, რა უნდათ-მეთქი. მითხრეს, უთხარი, იქნებ, ნახევარი მოგცენო. მივუგე, ნახევარი როგორ უნდა მომცენ, როცა ბიუჯეტში მილიონი ლარი მაქვს გადასახდელი, პლუს დღგ, საშემოსავლო. ნახევარი ჩემოდნით მომცენ, შავი ფული და იქიდან მეტი კი არ მრჩება-მეთქი. 

_ პარლამენტში ამაზე ვის ესაუბრებოდით? 

_ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. 

_ ესე იგი, შუამავლებს ეძებდით? 

_ ვლაპარაკობდი, ზაფხული მოდის, 6 თვე ველოდები, არავინ მელაპარაკება, მიშას კი შესვლა და ცხოვრება უნდა-მეთქი. 

ამის მერე სახლი დავლუქე _ სახელმწიფო დაცვას ვუთხარი, სახლი ჩემია, გვერდზე გაიწიე-მეთქი. 

_ სახლს უკვე სახელმწიფო დაცვა იცავდა? 

_ დიახ. სახლს ლუქი დავადე და დაცვას ვუთხარი, შიგნით შესული არ დაგინახოთ, სანამ ჩემთან ანგარიშსწორება არ მოხდება, თორემ ერთ ამბავს ავტეხ-მეთქი. 

_ თქვენთან ანგარიშსწორება მოხდა, ოღონდ სხვანაირად _ უსასტიკესად გცემეს. 

_ „რეზონანსის“ ჟურნალისტმა დამირეკა, ნასვამი ვიყავი და ვთქვი, იმ კაცის დედა ვატირე, ვინც ცოლს ვერ აკონტროლებს-მეთქი. სხვათა შორის, ჟურნალისტს ვთხოვე, გაღიზიანებული ვარ და სტატია ცოტა დააკორექტირე-მეთქი. 

_ ბატონო ვალერი, ფრაზაში _ „კაცი ცოლს ვერ აკონტროლებს“, რას გულისხმობდით? 

_ ბინიდან წივილ-კივილი ისმოდა ხოლმე. რუსთაველზე ვცხოვრობდი და ეს მთელმა უბანმა იცოდა. 

_ ეს ინტერვიუ თქვენზე თავდასხმის საბაბი გახდა, თორემ მიზეზი, რეალურად, სხვა რამე იყო? 

_ დიახ. პირველი მე ვიყავი, ვისზეც, როგორც ბიზნესმენსა და პოლიტიკოსზე დარტყმა მოახდინეს. 

_ ცემა საჭირო რატომ გახდა? რა, ქონებას ამის გარეშე ვერ წაგართმევდნენ? 

_ სახლს ვერ წამართმევდნენ. 

_ რატომ ვერ წაგართმევდნენ? 

_ იმიტომ, რომ პირადი საკუთრება იყო, თან ჩემი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები იყვნენ. სახლი ჩემი კოზირი იყო! ბევრმა მითხრა, სანამ ფულს არ გადაიხდიან, სახლი არ გადაუწეროო. 

_ ნაციონალები ითხოვდნენ, რომ სახლი სახელმწიფოსთვის გეჩუქებინათ? 

_ არა, სახლში ფულს გადაიხდიდნენ, მაგრამ კომპანიის ფულს აღარ მომცემდნენ და აი, იქ დამატერორებდნენ. 

_ ესე იგი, კომუნიკაცია სააკაშვილთან გქონდათ, უგულავასა და ნოღაიდელთან ანუ თქვენს საქმეში ეს სამი ადამიანი იყო ჩარეული? 

_ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის პროცესის გაგრძელება ოქრუაშვილს დაავალა. 

_ ბატონო ვალერი, ცხადია, გეცოდინებათ, თქვენზე ანგარიშსწორების იდეა ვისგან წამოვიდა? 

_ გარემოცვამ იმას ქნა, ბიზნესმენია, პოლიტიკოსიაო. 

_ გარემოცვა ფართო მცნებაა. კონკრეტულად? ისე, ძალისმიერი მეთოდების ავტორად იმხანად ოქრუაშვილი ითვლებოდა. 

_ ვიცი, რომ ოქრუაშვილმა ანგარიშსწორებაზე უარი თქვა, ჯობია, შუამავალი ვნახოთ და მოვილაპარაკოთო. 

_ აბა, თქვენს დასჯას უგულავა ითხოვდა? 

_ უფრო უგულავა, მერაბიშვილი... ძირითადი ვინც იყვნენ _ ათი კაცი იყო. სხვათა შორის, ჩემზე თავდასხმის შემდეგ, კირკიტაძე პარლამენტში დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, თუ წყნარად არ იქნები, უფრო უარესი დაგემართება, ვიდრე გელაშვილს დაემართაო. 

_ თქვენი ცემით ნაციონალებმა რას მიაღწიეს? 

_ იმას მიაღწიეს, რომ სხვები დააშინეს! მე პოლიტიკაში ვიყავი, ბიზნესშიც ვიყავი და თავდასხმა სამაგალითოდ, ელიავას ბაზრობის წინ მოაწყვეს, რათა ყველას დაენახა. 

_ თქვენი მოკვლა უნდოდათ? 

_ ტრავმიდან გამომდინარე, წვალებაში უნდა მოვმკვდარიყავი. მე არ უნდა მეცოცხლა! თუ გადავრჩებოდი, ჩემი ტრავმიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ინვალიდი უნდა ვყოფილიყავი! 

_ სახლი, როგორც ამბობთ, თქვენი მეუღლის სახელზე იყო. თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, მოვლენები როგორ განვითარდებოდა _ მეუღლეს სახლს წაართმევდნენ? 

_ ვერ წაართმევდნენ! 

_ ანუ იმას, რაც უნდოდათ, მაინც ვერ მიიღებდნენ. 

_ დიახ, ვერ მიიღებდნენ. 

_ ჰოდა, თქვენს ცემას რა აზრი ჰქონდა? ბოლოს და ბოლოს, სხვებს სხვა ფორმით დააშინებდნენ. 

_ ჩემი ოჯახი აქ არ ჩამოვიდოდა, ვიღაცას გამოუშვებდნენ და სახლს გაყიდდა. თავდასხმის შემდეგ, ჩემები აღარ ჩამომიყვანია... 

_ თავდასხმის მერე, თქვენს სხვა ქონებას რა ბედია ეწია, წაგართვეს? 

_ გემთმშენებელი წართმეული არ არის? _ გამიკოტრეს. 

სხვათა შორის, თავდასხმის დღეს, დილით, პირველი თანხა _ 600 ათასი ჩარიცხეს, შუადღის მერე კი თავდასხმა მოხდა. 

_ ეს თანხა სახლის იყო? 

_ არა, კომპანიის. 

_ 600 ათასი იმიტომ ჩარიცხეს, რომ ეჭვი ხელისუფლებაზე არ მიგეტანათ? 

_ დიახ, ვითომ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მაგათ ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს თითქოს ხულიგნური თავდასხმა იყო _ ეს ვერსია ჰქონდათ, მაგრამ მე ხომ არ გავითიშე, ვაზროვნებდი და ჟურნალისტებს მაშინვე ვუთხარი, მიშას ორგანიზებულია-მეთქი. 

_ თავდამსხმელებიდან ვინმე იცანით? 

_ ვერა, მაგრამ სპეცრაზმი იყო. რომ გავთიშულიყავი, სხვა ვერსია წავიდოდა _ ერთი მოწმე იქნებოდა, ორი მოწმე იქნებოდა და თავიანთი ჟურნალისტებით, რაღაცას ააგებდნენ. 

_ ბატონო ვალერი, ვერ გრძნობდით, ან წინათგრძნობა არ გქონდათ, რომ შესაძლოა, თავდასხმა მომხდარიყო?

_ ვიცოდი, რომ დამდევდნენ, მაგრამ იარაღითაც დავდიოდი, დაჯავშნული მანქანაც მქონდა. კი, შეიძლება, ვეცემე, მაგრამ სასიკვდილოდ ცემა? 

_ იმხანად რესპუბლიკური პარტიის წევრი და დეპუტატი იყავით. შესაბამისად, ხელი ბევრ რამეზე მიგიწვდებოდათ და თქვენს გარშემო შექმნილ ვითარებაზე, იგივე დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაციას არ აწვდიდით? 

_ კი, როგორ არა, ყველამ იცოდა. 2007 წელს, მე, დათო უსუფაშვილი და სხვები აშშ-ში წავედით, მეთიუ ბრაიზას შევხვდით და დათომ ჩემზე უთხრა, აი, ეს ის არისო. ბრაიზამ, ვწუხვარო. გამიკვირდა, რატომ წუხხართ, რომ არ მომკლა-მეთქი? 

_ დასავლეთი ყველაფერ ამაზე თვალს, თქვენი აზრით, რატომ ხუჭავდა? 

_ მიშა ის მარიონეტი იყო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ერთ ამბავში იყო და ეს აწყობდათ. მიშას ფული ეშოვა და ყველაფერზე წამსვლელი იყო. საქართველოში რა დახმარებაც შემოვიდა, ყველაფერი აქ დარჩა? 2008 წელს, ომის დროს, ამბობდნენ, 4 მილიარდნახევარი დოლარამდე დახმარება შემოვიდაო, მაგრამ სად არის, ხალხს მოხმარდა? 

_ მოკლედ, ბატონო ვალერი, გადარჩით... 

_ წესით, არ უნდა გადავრჩენილიყავი. მანქანაში ბიძაშვილი გოგონა მეჯდა, იატაკზე დააწვინეს. 

_ მასაც სცემეს? 

_ არა. თვალი რომ გავახილე, ამ დროს მეუღლემ დამირეკა, ბიძაშვილმა ტელეფონი მომაწოდა და მეუღლეს ვუთხარი, ცოცხალი ვარ, მაგრამ სასწრაფოდ თვითმფრინავი აიყვანეთ და აქედან გამიყვანეთ, თორემ მომკლავენ-მეთქი. 

_ შეიძლება, საავადმყოფოში მოეკალით? 

_ კი... ჩემი მეგობარი, გია ყურაშვილი მაშინვე მოვიდა და მას ვუთხარი, მდგომარეობა შემინარჩუნეთ და თუ გავითიშე, ოპერაცია არ გააკეთებინოთ, თორემ მომკლავენ-მეთქი... ღუდუშაურში მიმიყვანეს. იქიდან „მიხაილოვში“ რატომ წამიყვანეს, ვერ გავიგე... ექიმები ჩემებისგან ნებართვას იღებდნენ, გავჭრითო. 

_ ანუ ეჭვობთ, რომ ექიმებს თქვენი მდგომარეობის დამძიმება ჰქონდათ დავალებული? 

_ კი, კი... 

_ თავდასხმის დეტალები, თქვენი ინფორმაციით, სააკაშვილს მოახსენეს? 

_ სპეცოპერაციიდან 20 მეტრში, კოდუა იჯდა და ყველაფერს აკონტროლებდა, თან წამოღებული ჰქონდა „ვიტარეზი“, რომელიც სასტიკი იარაღია. 

_ რისთვის უნდოდა? 

_ მე „ჰეკლერ კოხით“ დავდიოდი... 

_ შანსი რომ გქონოდათ, იარაღს გამოიყენებდით? 

_ იცით, რა არის? _ მარტო ვიზრდებოდი და პატარა გამოცილდება მაქვს. 21 წლის ვიყავი, ვილნიუსში რომ ჩავედი და ყველასთან მომიწია დაპირისპირება. სიტუაციას ყოველთვის „ვხარშავდი“. როცა ალყაში ხარ, იქ იარაღის გამოყენებას აზრი არ აქვს. რომ მცოდნოდა, რომ ამას გამიკეთებდნენ, გამოვიყენებდი... 

_ „ოცნებამ“, როგორც ვიცი, ეს თავდასხმა გამოძია და გარკვეულ პირებზე განაჩენიც დადგა, მაგრამ ქონების ნაწილი ჰაერშია გამოკიდებული. რატომ? 

_ ჯერ ველოდებოდი, რომ სისხლის სამართლის საქმე დამთავრებულიყო... პროკურატურაში 300-გვერდიანი საქმე შევიტანე, რომელიც თაროზეა შემოდებული. 

_ ჰოდა, ამას გეკითხებით: საქმე, რომელიც ქონებას ეხება, „ოცნების“ პროკურატურას თაროზე რატომ უდევს? 

_ არ ვიცი. 

_ 2012 წელს, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყავით და ცხადია, ივანიშვილთან კომუნიკაცია გექნებოდათ. 

_ კი, როგორ არა. 

_ ამ თემაზე მასთან გისაუბრიათ და რა პასუხი მიგიღიათ? 

_ სახელმწიფომ უნდა გადაგიხადოსო. 

_ სახელმწიფო იმიტომ ვერ გადაგიხდით, რომ გაჭირვებულიაო? 

_ დაახლოებით, ეს პასუხი იყო. 

_ არადა, „ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოვიდა. ბატონო ვალერი, თქვენს შემთხვევაში, სამართლიანობა აღდგა? 

_ ნაწილობრივ. 

_ თქვენი საქმის ფიგურანტებიდან, ვინმე დაისაჯა? 

_ მერაბიშვილი. 

_ და მთავარი მერაბიშვილი იყო? 

_ სხვათა შორის, მერაბიშვილი იყო, რომელიც მიშას იმას შვრებოდა. 

_ ანუ „პადჟიგატელობდა“? 

_ დიახ, მერაბიშვილი „პადჟიგატელი“ იყო. უგულავა მერაბიშვილთან უფრო ახლოს იდგა და ეგეც „პადჟიგატელი“ იყო. ერთადერთი, ოქრუაშვილმა თქვა, ასეთი რაღაცები არ გინდათო. 

_ ბატონო ვალერი, ისე, თქვენ, როგორც დეპუტატს, კანონით უფლება არ გქონდათ, რომ ბიზნესი გეწარმოებინათ. 

_ ბიზნესი კი მქონდა, მაგრამ მართვაში ჩემი შვილისთვის მქონდა გადაცემული და მე ხელს არაფერს ვაწერდი. 

_ ანუ ნაციონალებს რომ მოენდომებინათ, ეკონომიკური სახის დარღვევებს ვერ გიპოვიდნენ? 

_ დიახ. 

_ ამ ამბების შემდეგ, სააკაშვილს, შემთხვევით მაინც, არ შეხვედრიხართ? 

_ არა, ერთადერთი, პარლამენტში რომ მოვიდა, დათო უსუფაშვილს ვუთხარი, შემიძლია, პარლამენტში არ შემოვუშვა-მეთქი. 

_ სააკაშვილის პარლამენტში 2013 წელს მოსვლას გულისხმობთ? 

_ დიახ. 

_ როგორ არ შეუშვებდით? 

_ კარში დავდგებოდი და არ შემოვუშვებდი. 

_ და რატომ არ დადექით? 

_ ნუ, ახლა, გუნდის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. 

_ როგორც დეპუტატმა, სააკაშვილს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, კითხვა მაინც რატომ არ დაუსვით? 

_ რაზე დამესვა, რატომ მცემე-მეთქი? 

_ სააკაშვილი უცხოეთში ხშირად დადიოდა, ახლაც იქ არის. ხომ შეგეძლოთ და შეგიძლიათ, თქვენი კავშირები გამოიყენოთ და... 

_ (სიტყვას მაწყვეტინებს) ვილნიუსში ვიყავით პარლამენტის დელეგაცია წასული. ამ დროს, მიშა ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და დავით უსუფაშვილმა იქაურებს პირში უთხრა, მიშას რომ იცავთ, აი, ვალერი გელაშვილი, ჩემი მეგობარია და პასუხი გაეცითო... მიშას ღიად იცავდნენ... 

_ სხვათა შორის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, სააკაშვილმა ყველაფერი სხვას დააბრალა. 

_ თავი ისე გამოიყვანა, რომ თითქოს ანგელოზია, მაგრამ შემხვდეს და დამელაპარაკოს, როგორი ანგელოზია. 

_ მიშა შეხვედრაზე რომ დაგთანხმდეთ, რას ეტყვით? 

_ არ ვიცი, რას ვეტყვი. 

_ შურისძიების მომენტი გაქვთ? 

_ მიშასი? 

_ დიახ. 

_ მიშა ვერ დამიჯდება და ძუკნა ძაღლივით გავარდება, თორემ მინდა, მაგის მშიშარა სახე დავინახო! 

2005 წლის ნოემბერში, ადამკუსი იყო ჩამოსული. მიღება პარლამენტის ეზოში იყო. დეპუტატებთან ერთად ვიდექი, შავი სათვალე მეკეთა. მიშამ ადამკუსი დეპუტატებთან შესახვედრად წამოიყვანა, მაგრამ ხუთ მეტრში რომ მოვიდა და დამინახა, ადამკუსს ხელი მოჰკიდა, შეატრიალა და უკან წაიყვანა! 

_ ბატონო ვალერი, ნაციონალებმა საქართველოში დაბრუნების საშუალება რატომ მოგცეს? 

_ აქედან რომ წავედი, მაშინვე ვთქვი, სექტემბერში დავბრუნდები-მეთქი. მე შიში არ ვიცი. 

_ ეს გასაგებია, მაგრამ საზღვარზე, უბრალოდ, არ შემოგიშვებდნენ. 

_ რა უფლებით არ შემომიშვებდნენ? _ პარლამენტის წევრი ვიყავი... 

_ რომ დაბრუნდით, თქვენი, ასე ვთქვათ, დატერორების მცდელობა აღარ ჰქონდათ? 

_ სამშენებლო კომპანიას ვამუშავებდი. 2007 წლის ბოლოს, საფინანსო პოლიცია შემოვარდა, რვა თვე კომპანიაში იჯდა. ვუთხარი, თუ შეგიძლიათ, დამიჭირეთ-მეთქი. 

_ ამ დროს დეპუტატი აღარ იყავით. 

_ დიახ, აღარ ვიყავი. სხვათა შორის, დეპუტატობიდან რომ გამაგდეს, წინასწარ ვიცოდი, რომ პროვოკაციას მოაწყობდნენ _ ჟურნალისტებმა შემომითვალეს. ბურჯანაძეს ვუთხარი, ნინო, იცოდე, პროვოკაცია მზადდება და საქმის კურსში იყავით-მეთქი... 

შაბათი დღე იყო, 18 მარტი, დედაჩემის დაბადების დღე. ხაშურიდან მოვდიოდი _ სამთავრობო დაცვით დავდიოდი. 

_ ამას რატომ იხსენებთ? 

_ ეს ის დღეა, ავლაბარში სკოლა რომ დაწვეს. სამთავრობო დაცვის ბიჭებთან ახლოს ვიყავი _ ერთად ვსადილობდით, ერთად დავდიოდით. შინ მიმიყვანდნენ ხოლმე, სხვაგან არსად დავდიოდი... ჰოდა, ხაშურიდან მოვდიოდი და გელაშვილმა სკოლა დაწვაო. ეს დაცვის ბიჭებიც გაგიჟდნენ, ესენი ვინ ყოფილან, ეს ნაძირლებიო. 

_ საბოლოო ჯამში, ნაციონალებმა ვერ გაგანადგურეს, არა? 

_ ჩემი განადგურება შევარდნაძის პერიოდშიც უნდოდათ _ ბიძაჩემის გატაცება, ქუთათელაძესთან დაპირისპირება... 

_ შევარდნაძის დროს, საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულა. 

_ როგორ არ მისულა? _ მე ვერ გამიტაცეს და ბიძაჩემი გაიტაცეს, ოსეთში ჰყავდათ. 

_ ანუ შევარდნაძის დროსაც, ხელისუფლება გებრძოდათ? 

_ კი, კი. ქუთათელაძეს ერთი-ერთზე შევხვდი და ფულზე დამიწყო ლაპარაკი, 1999 წლის 21 თებერვალია, ფული გადაიხადეო. 

_ ფული რისთვის უნდა გადაგეხადათ? 

_ მე ხომ ტრანზიტულ ტვირთებს ვეზიდებოდი. ჰოდა, ფული გადაიხადეო. 

_ ფული ბიუჯეტში უნდა გადაგეხადათ? 

_ ბიუჯეტშიც ვიხდიდი, მაგრამ მაგათთვის უნდა მიმეტანა. 

_ „ქეში“? 

_ კი, კი... მილიონნახევარი მოიტანეო, მერე 300 ათასამდე ჩამოვიდნენ... ქუთათელაძემ, რა არის, მინისტრმა ორჯერ შემოგითვალე და ფეხზე დამიკიდე, ჩემი სიტყვა წინ არ დამხვდეს, მაგრამ ეს ფული ბიუჯეტში შესატანიაო. ვერ გავიგე, სად ბიუჯეტი და სად _ უშიშროების მინისტრი... 

ბიძაჩემი ამის მერე გაიტაცეს, ოთხი თვე ცხინვალში ჰყავდათ... მთელი ოჯახი დატერორებული ვიყავით. 

_ პოლიტიკაში მოსვლა ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ სახელმწიფო ტერორისგან თავი დაგეცვათ? 

_ აბა, სხვა გასაქანი არ მქონდა. 

_ 2012 წელს, პოლიტიკაში რატომღა შემობრუნდით? 

_ ისეთი პროცესები იყო, მე რომ არ მიმეღო მონაწილეობა, აბა, ვის უნდა მიეღო? _ 2012 წელს, რაც ხაშურში მოხდა, ყველამ იცის. მაშინაც ჩემი მოკვლა უნდოდათ. 

_ ვის, მიშას? 

_ არა. 

_ აბა, ვის? 

_ რუსებს. 

_ ანუ რუსებს უნდოდათ, რომ თქვენ მოეკალით და ეს ნაციონალებს დაბრალებოდათ? 

_ კი... მიშა ლიტვის პრეზიდენტს გაფრთხილებული ჰყავდა, არ შეეხო, შეეხები და არ გაპატიებო. 

_ ბატონო ვალერი, ბევრი რამ იცით. ამიტომაც, პოლიტიკური ვერტიკალისთვის საშიში ხართ, მით უმეტეს, რომ ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვთ... 

_ როგორც პაპაჩემი ვალიკო ვერ დაბრუნდება სასაფლაოდან, ისე მიშა და ნაცმოძრაობა ვერ დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში! 

_ მიშა, შეიძლება, ვერ დაბრუნდეს, მაგრამ ხელისუფლებაში, როგორც ამბობენ, კოალიციური მთავრობა მოვა... წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: სააკაშვილისთვის საშიში ხართ? 

_ ყველამ იცის, მიშა ვინ არის! მიშა არის ნაგავი! გაჭირვებული ხალხი სხვანაირად უყურებს და აყოლილი ჰყავს, თორემ თუ ადამიანი მის ლაპარაკს ცოტა დაუკვირდება, მიხვდება, რომ ფსიქიურად დაავადებულია. 

_ კიდევ რისი თქმა გინდათ, ბატონო ვალერი? 

_ კახა კოჟორიძე მყავს ადვოკატი და იმედი მაქვს, რომ ჩემი ქონებიდან, რაღაცას მაინც დამიბრუნებენ, თორემ არ გავჩერდები. 

_ რას იზამთ, ევროსასამართლოში წახვალთ? 

_ ბევრი რაღაც ვიცი. 

_ ვისზე იცით _ მოქმედებზე, თუ ყოფილებზე? 

_ ყველაზე ერთად. 

_ ეს მესიჯია? 

_ ეს მესიჯია, რომ მე არ გავჩერდები! ჩემი გაჩერება, ჩემი სიკვდილის ტოლფასია! რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩემსას მაინც დავიბრუნებ და არავის ვაპატიებ! 

_ ხელისუფლებამ რომ გითხრათ, წარსულს თავი გაანებეო, რას იზამთ? 

_ რატომ უნდა გავანებო? 

_ იმიტომ, რომ ბიზნესში ხელი არ შეგეშალოთ. 

_ ბიზნესს ჩემი შრომით და გონებით ვქმნი. ისეთ რაღაცებს გადავალაგებ ხოლმე, რომ ბანკში უკვირთ. 

_ საქართველოდან საერთოდ წასვლაზე არ გიფიქრიათ? 

_ ჩემი სახლ-კარი მიყვარს და რატომ უნდა წავიდე, თორემ ვენესუელაშიც თავს კარგად ვგრძნობ. სახლი ვილნიუსშიც მაქვს. 

_ პოლიტიკაში ისევ ხომ არ გიხილავთ? 

_ რატომაც არა! სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ წევრი ვარ. 

_ ანუ „ოცნების“ ოპოზიციაში არ წახვალთ. 

_ დღეს ოპოზიცია ნაცმოძრაობაა და ღმერთმა დამიფაროს, იქ ვიყო! 2012-ში, ბიძინა რომ არ მოსულიყო, ყველანაირად განადგურებული ვიქნებოდი...

საბა საბაური

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 10 Apr 2019 12:46:52 +0400
კიევში გატაცებული ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა თავისუფალია! http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6090-კიევში-გატაცებული-ქართველი-ბიზნესმენი-ირაკლი-საბულუა-თავისუფალია.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6090-კიევში-გატაცებული-ქართველი-ბიზნესმენი-ირაკლი-საბულუა-თავისუფალია.html

 რა მოხდა უკრაინაში და რა კავშირი აქვს    ექს-პარლამენტარს იარაღით   ვაჭრობასთან?!


 „ვერსიის“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, კიევში, რამდენიმე დღის წინ გატაცებული ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა თავისუფალია და ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.  ირაკლი საბულუა 2012 წლის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პოლიტიკაშიც ბიზნესიდან მოვიდა და სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა.

ინფორმაცია უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის ირაკლი საბულუას გაუჩინარების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა. კერძოდ, გამოცემის წყაროს ცნობით, „ბიზნესმენი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიის მეწილეა, გატაცებულია.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ფაქტის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქართველი ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ საქართველოს საკონსულოში შეტყობინება არ შესულა და არც ოჯახს მიუმართავს განცხადებით.

ირაკლი საბულუა წარმოშობით აბაშის რაიონიდან გახლავთ. მის საცხოვრებელ სახლში ამჟამად არავინ იმყოფება. მეზობლები კი ამბობენ, რომ საბულუა ოჯახთან ერთად უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ ბიზნეს საქმიანობას ეწევა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი საბულუა გახლავთ კომპანია „ჯეოკონსტრაქშენის" დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი, ასევე შპს-ბის - „გემო ჯგუფის" და „გემო ჯგუფი+" მფლობელი. საბულუა ფლობს 50 პროცენტიან წილს შპს „კვათანაშიც".“

„ვერსია“ შეეცადა, ქართველი ბიზნესმენის გაუჩინარების დეტალები გაერკვია და საქართველოში, საბულუას ახლობლებს დაუკავშირდა. მოძიებული ინფორმაციით ასეთი სურათი იკვეთება - ირაკლი საბულუა, რამდენიმე დღის წინ, დილის საათებში, კიევის ცენტრში, მისივე საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერიდან უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. როგორც გავარკვიეთ, საბულუა რამდენიმე დღე, ხელ-ფეხშებორკილი ჰყავდათ გამოკეტილი სარდაფში. ნიღბიანი გამტაცებლები მას პერიოდულად ეკონტაქტებოდნენ და რაღაც კითხვებს უსვამდნენ ბიზნესსა და ოჯახზე, თუმცა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არავინ გასულა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ირაკლი საბულუა გამტაცებლებმა თვალახვეული წამოიყვანეს და ტყეში დატოვეს. ბიზნესმენმა როგორღაც მოახერხა თავის გათავისუფლება და შინ დაბრუნდა.

კონფიდენციალური წყარო ვარაუდობს, რომ რადგან საქმეში უკრაინის სამართალდამცავები აქტიურად ჩაერთნენ, ალბათ ვითარების გამწვავების შეეშინდათ.

„ვერსიის“ ინფორმაციით, ორიოდე დღის წინ, ირაკლი საბულუა თბილისში, ოჯახთან ერთად დაბრუნდა. თუმცა, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მას ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ბიზნესმენს ამ ამბისკენ მიბრუნებაც კი არ სურს და შემსრულებლების მიმართ სიბრალულის გრძნობაც კი აქვს.

ვინ არის ირაკლი საბულუა და რატომ უნდა გამხდარიყო გატაცების მსხვერპლი?

ირაკლი საბულუა, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს, ირაკლი ალასანიას პარტიასთან ერთად შეუერთდა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა. საბულუა 1982 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში დიდ ბრიტანეთში კომპანია Boyed Farm მენეჯერის თანაშემწე იყო. 2003-2005 წლებში - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტის მენეჯერი. 2005 წელს ირაკლი საბულუა აფუძნებს სამშენებლო კომპანია „გეოკონსტრაქშენს“, რომელსაც ხელმძღვანელობს 2009 წლამდე. ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო ჰოლდინგის პარტნიორი და მმართველი. სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი საქართველოსა და უკრაინაში ბიზნესსაქმინობას 
დაუბრუნდა.

რა უნდა გამხდარიყო ქართველი ბიზნესმენის გატაცების მიზეზი, ახლობლებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვთ, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ საქმე უნდა ეხებოდეს იარაღით, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის თემებს. არც იმას გამორიცხავენ, რომ გამტაცებლებს „საქმის დამკვეთმა“ ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ანდა „ობიექტი“ შეეშალათ. იქნებ სწორედ ამიტომაც ვერ შეძლეს საქმის ბოლომდე მიყვანა. ასეა თუ ისე, ამ უცნაური საქმის დეტალებს ალბათ მანამდე ვერ შევიტყობთ, სანამ თავად ბიზნესმენი არ ისურვებს საუბარს. 

„ვერსია“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება გატაცების ვერსიები სხვა წყაროებთანაც გადაამოწმოს.

 ავტორი: მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Mon, 08 Apr 2019 16:54:20 +0400
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება _ საარჩევნო პიარსვლა თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6089-ზვიად-გამსახურდიას-გარდაცვალების-გამოძიება-_-საარჩევნო-პიარსვლა-თუ-ხელისუფლების-პოლიტიკური-ნება.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6089-ზვიად-გამსახურდიას-გარდაცვალების-გამოძიება-_-საარჩევნო-პიარსვლა-თუ-ხელისუფლების-პოლიტიკური-ნება.html

ხიბულას ტრაგედიის 26-წლიანი საიდუმლოს ლაბირინთები

ორ ათეულ წელზე მეტია, ეს თემა ძალიან სენსიტიურია. ორ ათეულ წელზე მეტია, ყველა ყაიდისა და მსოფლმხედველობის პოლიტიკოსი პირდაპირ, თუ ირიბად აღიარებს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ის ყველაზე რეიტინგულ და ქარიზმატულ ლიდერად რჩება. შესაბამისად, ზოგი მის ჩრდილს იმ მოტივით ეფარება, რომ საკუთარი რეიტინგი გაზარდოს, ზოგი კი პირიქით _ ცდილობს, მისი ღვაწლი და ხალხის სიყვარული „გააპუსტიაკოს“ და ამით კონკურენტი ჩამოიცილოს. თუმცა არც ერთი ტაქტიკა ამართლებს და არც _ მეორე, რადგან საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ბრძოლა, უბრალოდ, სიგიჟეა და მეტი არაფერი!

ზვიად გამსახურდია შეიძლება მოგწონდეს, ან არა, მაგრამ ფაქტია: რომ არა ზვიად გამსახურდია და მისი სულიერი ძმა, მერაბ კოსტავა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ვერ აზვირთდებოდა. ასევე, საქართველოში არც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდებოდა და არც _ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებლებმაც, ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს. 

ამ რეფერენდუმის საფუძველზე კი, 1991 წლის 9 აპრილს ანუ სისხლიანი 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. 

 

მკვლევარები, რომლებიც ამ თემას ზედმიწევნით კარგად იცნობენ, აცხადებენ, რომ ზვიად გამსახურდიას თავიდან მოცილების „ძაღლის თავიც“, სწორედ რეფერენდუმსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაშია დამარხული. 

მკვლევარები ამავე კონტექსტში განიხილავენ 1989 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიას _ მოგეხსენებათ, ამ დღეს, სოფელ ბორითთან ავარია მოხდა, რა დროსაც მერაბ კოსტავა დაიღუპა. 

მართალია, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ავარია სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი და მერაბი თავიდან მოიცილეს, მაგრამ 30 წელია, ამ ეჭვის გაქარწყლება ოფიციალურ სტრუქტურებს არ უცდიათ. 

სხვათა შორის, ბორითის ტრაგედიის გამოძიება არც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსულ „მრგვალ მაგიდას“ დაუწყია და ამ თემაზე, როგორც იტყვიან, სტატუს-ქვო შეინარჩუნა ანუ ძალაში დატოვა საბჭოთა სამართალდამცავი უწყებების ვერსია, რომ მერაბ კოსტავა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 

ამ კუთხით, მერაბ კოსტავას გარდაცვალებასა და ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ აღსასრულს შორის პარალელის გავლება შეიძლება ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს, შევარდნაძის ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა და მთავრობაში მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის მიმართაც სიმპატია არაერთ ე.წ. ზვიადისტს ჰქონდა, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას ნათელი მაინც არ მოჰფინა. არადა, 2004 წელს, კერძოდ, 21 თებერვალს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია იქმნება, მაგრამ აღნიშნული კომისია მუაშობას ისე ამთავრებს, რომ ხიბულას ტრაგედიას ნათელი მაინც არ ეფინება. 

ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, სააკაშვილმა აღნიშნული კომისია 21 თებერვალს შექმნა. მოგეხსენებათ, სააკაშვილს სიმბოლოები უყვარს. ჰოდა, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ კომისიის შექმნა 21 თებერვალს მიზანმიმართულად და სიმბოლურად დაამთხვია _ 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. 

ზოგადად, თებერვალი ჩვენთვის საკრალურია _ რუსეთის იმპერიამ საქართველოს ოკუპაცია, სწორედ თებერვალში განახორციელა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი, ასევე თებერვალში (1998 წლის 9 თებერვალს), საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს ააფეთქებენ. გამოძიება ტერაქტის ორგანიზატორებად და შემსრულებლებად ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მიმდევრებს გამოაცხადებს და ამ საქმის გამო, არაერთ ცნობილ „ზვიადისტს“ დაიჭერს, მათ შორის, გურამ აბსანძესაც, რომელსაც გამსახურდიას მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. 

აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ათი წლის განმავლობაში ანუ 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“, ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებისგან მტრის ხატს ქმნიდა. ეს კამპანია თავიდან უფრო ძლიერი იყო _ ისტორიას ახსოვს, როცა „ზვიადისტების“ მიტინგებს არბევდნენ, პირველი პრეზიდენტის მიმდევრებს იჭერდნენ და მათ სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ ანუ ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებდა და მიანიშნებს, რომ ჯაბა იოსელიანი, ორი თენგიზი (კიტოვანი და სიგუა) და რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძე, გამსახურდიაში საფრთხეს ხედავდნენ. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ე.წ. ზვიადიზმი აელაგმათ, მაგრამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. 

ასევე, უშედეგო აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლების მომხრეების „სექტად“ წარმოჩენაც. შესაბამისად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიუხედავად, მის მხარდამჭერებზე ნადირობდა და ამას მოწმობს, თუნდაც აკაკი ელიავას საქმე, ასევე გოჩა ესებუას ე.წ. ამბოხება და ასე შემდეგ. 

რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას, შევარდნაძის ხელისუფლება თავიდანვე იმ აზრს ანვითარებდა, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. 

უფრო კონკრეტულად, ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, „1993 წლის ოქტომბრის დამლევს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში. 

ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. 

რუსული მედიის განცხადებით, მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა „სტეჩკინის“ პისტოლეტით. მოგვიანებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა, მისი თქმით, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი: 

„ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად, რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი''. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედრო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან შელაპარაკების გამო. 

 

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი 1994 წლის 15 თებერვლამდე ანუ მისი ცხედრის პოვნამდე, ამას არ იჯერებდა. 

ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვალს, გროზნოში დაასაფლავეს. 

2007 წლის 3 მარტს, ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, რომელიც გროზნოში ომების დროს დაიკარგა, იპოვეს ქალაქის ცენტრში. 

გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს, საქართველოში ჩამოასვენეს. 

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში, სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად, სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა კი განცხადა: 

„ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება''. 

2013 წელს 26 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა''.

ისე, სააკაშვილს შეეძლო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის გმირის წოდება თავისი პრეზიდენტობის მიწურულს კი არა, მანამდეც მიენიჭებინა, მით უმეტეს, მისი გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისია ორჯერ შეიქმნა: ერთი, როგორც აღვნიშნეთ, 2004 წელს, მეორე კი _ 2009 წელს. ამ უკანასკნელ კომისიას საგამოძიებო მისია არ ჰქონდა. პრეზიდენტის ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედი ეს კომისია, პარლამენტში ფუნქციონირებდა და მასთან, იგივე მოწმეებს თანამშრომლობა ნებაყოფლობით შეეძლოთ, თუმცა როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამ კომისიამ უზარმაზარი საქმე გასწია და თუ მაშინდელ, ან მის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას სურვილი ექნებოდა, შეეძლო, პრეზიდენტის გარდაცვალებაზე გამოძიება აქამდეც დაეწყო, მაგრამ ასე არ მოხდა. 

აი, სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ გამსახურდიას გარდაცვალებით პოლიტიკური ვერტიკალი ადრეც ვაჭრობდა და ახლაც ვაჭრობს ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს თემა ძალიან კარგად იყიდება და შესაბამისად, პოლიტიკურ ძალებს მასებზე ზემოქმედებაც შეუძლიათ. თუ ასე არ არის, მაშინ, უბრალოდ, ჩნდება კითხვა: ჯერ კიდევ სამი თვის წინ, 2018 წლის მიწურულს, ზვიად გამსახურდიას ვაჟებს _ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, ლამის ორკვირიანი შიმშილობა რატომ დასჭირდათ, რომ პროკურატურას გამსახურდიას გარდაცვალების საქმისთვის ე.წ. ხანდაზმულობის ვადა გაეგრძელებინა? 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებისა, თუ მკვლელობის საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაშიც ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდია აღესრულა. 

 

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, ამ ტრაგიკულ სახლს, რომელიც ადრე კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

როგორც მაშინ მედია იუწყებოდა, ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. 

ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლის შემდეგ კი მედიამ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: 

,,სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი ,,ქართუ'' საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია''. 

„ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. 

ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. 

როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. 

არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს. 

ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს – 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“ _ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა მიმდინარე წლის 29 მარტს გაავრცელა. 

ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება და ასევე, მისი ხიბულაში ჩასვლა „ანტიოცნებელებმა“ პიარსვლად მონათლეს. შესაძლოა, ყველაფერ ამაში პიარის ელემენტები მართლაც არის, მით უმეტეს, რომ ზუგდიდის არჩევნები კარსაა მომდგარი _ 19 მაისს, ზუგდიდელებმა ქალაქის მერი უნდა აირჩიონ. ამ პოზიციისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი იბრძოლებს, „ქართული ოცნებიდან“ კი _ გიორგი შენგელია. 

დასამალი არავისთვისაა, რომ ზუგდიდი და, ზოგადად, სამეგრელო ქართული პოლიტიკის ღერძია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ნათელი მაგალითია 2003 წელი _ „ვარდების რევოლუცია“, სწორედ ამ მხარიდან დაიწყო ანუ შევარდნაძეზე განაწყენებულ ხალხს, წალენჯიხიდან მიხეილ სააკაშვილი მოუძღვოდა. 

უფრო ადრე კი, ესე იგი, 90-იანი წლების პირველ დეკადაში, სამეგრელო იყო ის რეგიონი, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსულ ცენტრალურ ხელისუფლებას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ამის გამო, როგორც ამბობენ, „მხედრიონმა“ სამეგრელო არაერთხელ დალაშქრა. 

პრინციპში, გასაკვირიც არ არის, რომ ზვიად გამსახურდიას ყველაზე მეტი მომხრე სამეგრელოში ჰყავდა და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლაც ასეა. შესაბამისად, ზუგდიდელ ამომრჩეველზე კარტოფილით, ხახვით, ან დაშინებით ზემოქმედება არცთუ რეალურია. აი, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება კი ყველა იმ ადამიანზე, ვინც არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ემოციურად იმოქმედებს. 

ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორიც: სხვადასხვა მონაცემებით, სამეგრელოში სანდრა რულოვსი მისაღები ფიგურაა. როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად რულოვსი დაასახელა და არა _ ნიკა მელია, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი. მართალია, მელიას მეგრული ფესვები აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, სანდრასთან შედარებით, მისი რეიტინგი არცთუ თვალისმომჭრელად გამოიყურება. 

ის, რომ ყოფილი პირველი ლედი ამ მხარეში პოპულარულია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც დამტკიცდა _ მაშინ სააკაშვილის მეუღლე მეორე ტურში გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში, მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამას ნაციონალები იმით ხსნიან, რომ რულოვსს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოპარა და ამას ჯიხაშკარის არგუმენტით ამყარებენ _ ამ სოფელში, საარჩევნო პროცესი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სამეგრელო ქართული პოლიტიკის ჭიპია. ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება კი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვისაც ღირსების საქმეა, თან ისიც გასათვალისიწნებელია, რომ 19 მაისის კენჭისყრა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იქნება ანუ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას დარჩება, რომელიც 19 მაისს, ფინიშის ხაზს გადალახავს. ფინიშის ხაზი კი, ამ შემთხვევაში, მთაწმინდაზე ან სხვა რომელიმე იმ რაიონზე კი არ გადის, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, არამედ ბავშვიც კი ხვდება, რომ ეს ზუგდიდია, რადგან ყველაზე მნიშნელოვანი მისი მოგებაა. 

ამ თვალსაზრისით, მმართველი ძალისგან გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საუბრის დაწყება და, პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ხიბულაში ჩასვლა, მართლაც კარგი პიარსვლაა. თუმცა მოდით, ობიექტურები ვიყოთ და ისიც ვთქვათ, რომ პიარის მიღმა, უფრო დიდი საქმეა გასაკეთებელი. 

კერძოდ, თუ მოქმედი ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას რეალურად გამოძიებს, ეს საუკუნის გამოძიება იქნება, რადგან როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ზვიად გამსახურდიაზე სახელოვანი ეროვნული მოღვაწე, მერაბ კოსტავასთან ერთად, თანამედროვე საქართველოს არ ჰყავს! 

ამიტომ, არამარტო ხალხისთვის, არამედ ისტორიისთვისაც მნიშნელობა არ ექნება, ხიბულას ტრაგედიას „ოცნება“ პიარის გამო მიიყვანს ბოლომდე, თუ მართლა დამნაშავეების დასასჯელად. მთავარი ის იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, როგორ გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი _ მოკლეს, თუ თავი მოიკლა? 

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, მაშინ პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდება და აი, რატომ: 

ყველამ ვიცით, რომ ზვიად გამსახურდიაზე, მას შემდეგ, რაც ის გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა, დევნა ხორციელდებოდა. კულუარებში იმ ცალკეული ადამიანების ვინაობაც სახელდება, რომლებიც პრეზიდენტის დევნის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. აქედან ზოგი ცოცხალი აღარ არის. ზვიადის მიმდევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს დევნა შევარდნაძის უშუალო მითითებითა და ბრძანებით დაიწყო. გამოძიებამ ყველაფერი ეს რომ დაადგინოს, შევარდნაძეს ვერ დასჯის _ საქართველოს მეორე პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ სამაგიეროდ, ერს ეცოდინება, რა და როგორ მოხდა. 

რაც შეეხება მეორე სცენარს ანუ იმას, თუ გამოძიება დაადგენს, რომ გამსახურდია კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა. ეს ეროვნული მოძრაობის აურაცხელი გულშემატკივრისთვის ძალიან დიდი სულიერი ტრავმა იქნება, თან უმეტესობა არც დაიჯერებს, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. შესაბამისად, კითხვები ისევ იარსებებს და, საბოლოო ჯამში, დარტყმები ისვე გამოძიებისკენ წავა, აი, დამნაშავეებს ხელი დააფარაო. 

ასე რომ, საგამოძიებო უწყება დილემის წინაშეა _ ან პრეზიდენტის რეალური მკვლელები უნდა დაასახელოს, ან გამოძიება იქამდე გაწელოს, რომ ეს საქმე ხალხს დაავიწყდეს და ამასობაში, არჩევნებიც გადაგორდება. 

მთელ ამ ამბავში კი ყველაზე უცნაური და კურიოზული ის გახლავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას მომხრეები არასოდეს ყოფილან, ახლა, მოულოდნელად, „ზვიადისტები“ გახდნენ და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების დადგენას გულმხურვალედ ითხოვენ. არადა, ზოგიერთი მათგანი, თუ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, შესაძლოა, მკვლელობის თანამონაწილედ თუ არა, ხელშემწყობად მაინც გამოცხადდეს, მაგრამ რას ვიზამთ _ პოლიტიკური კონიუნქტურა ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 03 Apr 2019 13:47:24 +0400
რა კავშირი აქვს სააკაშვილს მტერ პოროშენკოსთან გიორგი ვაშაძეს http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6086-რა-კავშირი-აქვს-სააკაშვილს-მტერ-პოროშენკოსთან-გიორგი-ვაშაძეს.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6086-რა-კავშირი-აქვს-სააკაშვილს-მტერ-პოროშენკოსთან-გიორგი-ვაშაძეს.html

გაერთიანებული ოპოზიციის კულუარები _ რა ელის ექსპრეზიდენტს

ამ დღეებში, მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ორი მეზობლისკენ იყო მიპყრობილი _ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, თურქეთში კი _ ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაძლოა, უბრალოდ, დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ ორივეგან მოვლენები თითქმის ერთნაირი სცენარით განვითარდა ანუ მმართველმა ძალამ არჩევნები წაააგო. უფრო კონკრეტულად, თურქეთში ოპოზიციამ მეორე ტურის გარეშე მოიგო, უკრაინაში კი ახალი პრეზიდენტის ვინაობა, საბოლოოდ, თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში უკრაინის პრეზიდენტობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი პირველი პირი, პეტრო პოროშენკო და უკრაინული და, ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკისთვის სრულიად ახალი სახე, ვლადიმირ ზელენსკი იბრძოლებენ.

ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, უკრაინას რას გადავეკიდეთ, სჯობს, ჩვენი მკვდარი ვიტიროთო. კეთილი, მაგრამ ჩვენი „მკვდრის ტირილი“ უკრაინის გარეშე შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ეს სახელმწიფო ჩვენი მოკავშირეა, მეორეც, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი პოლიტიკოსები უშუალოდ არიან ჩართულები. აი, მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელიც პოროშენკოს შტაბშიც ნახეს ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიორგი ვაშაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახლდათ და ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, მომხრეა, რომ უკრაინის პრეზიდენტად პოროშენკო დარჩეს. 

ქართული ანდაზაა, კაცია და გუნებაო. ჰოდა, უმცროს ვაშაძესაც აქვს უფლება, ის მოსწონდეს და მხარს იმას უჭერდეს, ვისაც უნდა, მაგრამ აქ არსებობს ერთი „მაგრამ“. 

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციისთვის „პოლიტიკურ პარაოზად“ ითვლება, პოროშენკოს დაუძინებელი მტერია ანუ მიშას უკრაინის მოქალაქეობა, სწორედ პოროშენკომ ჩამოართვა და საქართველოს ექსპრეზიდენტი იძულებული გახდა, ეს ქვეყანა დაეტოვებინა. ამის გამო, სააკაშვილი ზელენსკის მხარდამჭერია. ყოველ შემთხვევაში, მას უნდა, რომ პოროშენკო პრეზიდენტი ვეღარ გახდეს. 

საქართველოს ყოფილი პირველი პირის მიმართ გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები ზელენსკისაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს და იმის ალბათობაც დაუშვა, უფრო სწორად, მინიშნება გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება, მიშამ შესაძლოა, უკრაინის პრემიერის პოსტი დაიკავოს. 

„ვფიქრობ, მთავარი როლი, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თამაშობს, არის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის დაცვა. 

მე ვთვლი, რომ ის ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს. ასეთ ადამიანს სააკაშვილის დახმარება ნამდვილად დასჭირდება. 

ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ'', _ განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა კითხვა სააკაშვილზე დაუსვეს. 

ამასთან, ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ საქართველო უყვარს და იქვე იხუმრა, საქართველოდან სამშობლოში რომ ვბრუნდები, რამდენიმე კილოგრამი მომატებული მაქვსო: 

„მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები. ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია“. 

სხვათა შორის, 31 მარტამდე ანუ სანამ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა, სააკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ პირველ აპრილს, ესე იგი, არჩევნების მეორე დღეს, ბილეთს აიღებდა და კიევში ჩავიდოდა ანუ მიშას, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ პოროშენკო პირველსავე ტურში დამარცხდებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ღმერთებმა სხვა ვერდიქტი გამოიტანეს. ამიტომაც, სააკაშვილმა „ჩვენება შეცვალა“ და კიევში ჩასვლა გადაიფიქრა. 

„მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩამოვალ. თუ პოროშენკო დარჩება, მისი ბრძანება შესრულდება“, _ განაცხადა სააკაშვილმა. 

ერთი სიტყვით, მიშას უკრაინული გასეირნება გადაიდო. როდემდე? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია ანუ ყველაფერი მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული: თუ პოროშენკო პრეზიდენტის სავარძელს დაკარგავს, მაშინ სააკაშვილი კიევში შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ, მაგრამ თუ ზელენსკი აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში, მაშინ სააკაშვილი არათუ უკრაინაში ჩავა, არამედ მან საქმე შესაძლოა, გიორგი ვაშაძესაც გაურჩიოს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, პოროშენკოს შტაბთან არის დაახლოებული. 

ზოგადად, „ვერსიას“ პოლიტიკურ კულუარებში ეუბნებიან, რომ ვაშაძე-უმცროსსა და სააკაშვილს მაინცდამაინც თბილი ურთერთობა არ აქვთ ანუ ვაშაძის ,,ახალი საქართველოს'', 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო ბლოკის შექმნაზე უარი უთქვამს. არადა, ამის სურვილი თავად ექსპრეზიდენტს ჰქონია. 

თუ ვაშაძე სამი წლის წინ უარზე იყო, აბა, საინტერესოა, მიშას პარტიასთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რატომ გახდა? _ ეს კითხვა, რასაკვირველია, ლეგიტიმურია, თუმცა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად, ოპოზიციურ კულუარებში კარგად ერკვევიან, „ვერსიას“ ეუბნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გიორგი ვაშაძეს ოპოზიციასთან გაერთიანება სჭირდებოდა. 

ამას გარდა, ის ინფორმაციაც არსებობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა ხმათა უმრავლესობით კი არა, ერთი ხმის უფლებით სარგებლობს ანუ შეიძლება, ზოგისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ „ძალა ერთობაშია“, როგორც ჩვენ გვიხსნიან, სააკაშვილის ჭკუაზე არ დადის და ისეც ბევრჯერ მომხდარა, რომ ყოფილი პრეზიდენტის იდეები, თუ ინიციატივები ჩავარდნილა. 

„ამ გაერთიანების „ტვინი“, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძეა“, _ ეუბნება „ვერსიას“ ერთ-ერთი კონფიდენციალური წყარო. 

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე პოროშენკოს შტაბთან ურთიერთობით, ვაშაძე-უმცროსმა სააკაშვილს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ მისი, როგორც პოლიტიკური „ბეტეერის“ დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა სხვა სიო ქრის, სიო, რომელიც თუნდაც ერთ ბლოკში გაერთიანებულ სხვადასხვა პარტიის ლიდერებსა და წევრებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს. 

ამ ვერსიას რომ გავყვეთ, მაშინ გამოვა, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან მის გადადგომას უკავშრდება, ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მით უმეტეს, არსებობს მოარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგივე ნაციონალურ მოძრაობაში, სააკაშვილის სიტყვას ის ძალა აღარ აქვს, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა. 

ეს კი არადა, ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრები პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილის გაუთავებელი „ფეისბუქლაივებით“ დაღლილები არიან და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, მიშას სხვა პიარსტრატეგია რომ აერჩია, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება ეჭქვეშ დადგებოდა. 

მიშას თუ ნაცმოძრაობაში სიტყვა აღარ ეთქმის, აბა, როგორღა მოხდა ისე, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი დაასახელა? _ ესეც, ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა აქ ცოტა სხვა მოცემულობაა. კერძოდ, ის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შიდა კვლევებით, როგორც „ვერსიამ“ გაარკვია, ზუგდიდში ნიკა მელიაზე პოპულარული სანდრა რულოვსია ანუ ამ შემთხვევაში, სანდრას კანდიდატურის დასახელების დროს, ყურადღება იმას კი არ მიექცა, რომ ის სააკაშვილის მეუღლეა, არამედ მისი რეიტინგი იქნა გათვალისწინებული. 

ასეა თუ ისე, უკრაინის არჩევნების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, რას აპირებს სააკაშვილი. ზოგი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ გადამწყვეტ მომენტში ზელენსკიმაც, თუ ის გახდება პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილ პირველ პირსა და ყოფილ მთავარსარდალთან თანამშრომლობაზე უარი თქვას და მხოლოდ ზერელე კომუნიკაციით შემოიფარგლოს. ასეთ დროს, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დაღმასვლა დაიწყება, რადგან აღარც უკრაინაში ენდომება ვინმეს და საქართველოშიც აღარ ექნება გავლენა, რამეთუ პარტიის თავმჯდომარე აღარ არის. კი ბატონო, საპატიო თავმჯდომარის ტიტული მას შეუნარჩუნდა, მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ, ეს ჩვეულებრივი „პოლიტიკური პენსიონერობაა“. 

აქვე, ისიც საკითხავია, გიორგი ვაშაძე, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილთან რა ფორმატის ურთიერთობას აირჩევს. ახლა, იმის თქმა, რომ ეს ორი პერსონა ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდება, ალბათ, არ შეიძლება, მაგრამ კულუარებში მათ შორის კონფლიქტი, შესაძლოა, გაჩაღდეს. ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა გაერთიანებული ოპოზიციის დანარჩენ წევრებს ექნებათ. როგორც ამბობენ, ეს დანარჩენი წევრებიც მომხრენი არიან, რომ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილის დიქტატის ქვეშ არ იყოს. 

ასე რომ, საინტერესო პროცესების განვითარებას უნდა ველოდოთ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში მთავარი მეგობრობა კი არა, ინტერესებია!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 03 Apr 2019 13:47:15 +0400
კომიკოსის პოლიტიკური ვნებები http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6080-კომიკოსის-პოლიტიკური-ვნებები.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6080-კომიკოსის-პოლიტიკური-ვნებები.html

რაში სჭირდება პრეზიდენტობა და რომელი ოლიგარქი უმაგრებს ზურგს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერ ზელენსკის

31 მარტს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმის მიუხედავად, რომ წინასწარი გამოკითხვებით, პირველ ადგილზე კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი იყო, ბოლომდე მაინც არავის სჯეროდა, რომ გამოცდილ პოლიტიკოსებს კონკურენციას გაუწევდა, თუმცა ნურას უკაცრავად _ არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ზელენსკიმ არათუ კონკურენცია გაუწია ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მის მთავარ კონურენტ იულია ტიმოშენკოს, არამედ პირველ ადგილზე გავიდა და ახლა მეორე ტურისთვის ემზადება.

და მაინც, ვინ არის ვლადიმირ ზელენსკი? საიდან მოხვდა პოლიტიკაში და ზოგადად, რაში სჭირდება პრეზიდენტობა?! 

მოდით, ბოლო კითხვით დავიწყოთ: 

ზოგადად, პრეზიდენტობა ისეთი რამ არის, ყველას ძალიან უნდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში პრეზიდენტობა ნამდვილად ყველას სურს, რადგან თუ ზვიად გამსახურდიას არ ჩავთვლით, პრეზიდენტობა უზრუნველ ცხოვრებასთან, გარანტირებულ მომავალსა და სანათესაოს საშვილიშვილოდ აშენებასთან ასოცირდება. 

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, უკრაინაშიც ასე უნდა იყოს _ უკრაინის პრეზიდენტს აქვს ყველაფრის უფლება და ეს, იმის მიუხედავად, ოპოზიციაში სააკაშვილი გეყოლება, თუ ტიმოშენკო. 

ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ ზელენსკი ამ ამბავში მართლა შემთხვევით მოხვდა. მის უკან უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, იგორ კოლომოისკი დგას. 

ზოგადად, უკრაინულ არჩევნებში გვერდში ოლიგარქის დგომა ძალიან მნიშვნელოვანია და თავად მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც არ არის ღარიბი _ მისი კომპანია ,,როშენი'', მსოფლიო მასშტაბისაა და პოროშენკოსაც ფული ზომაზე მეტი აქვს. 

ისე, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ჩამოსულ სტუმრებსა, თუ ადგილობრივი დუმის წევრებს ხელისუფლება, სწორედ ,,როშენის'' პროდუქციით უმასპინძლდებოდა და პოროშენკოს ჯიბეში სახელმწიფოს ხარჯზე ოფიციალურად მილიონები მიდიოდა. ეს ისე, მაინცდამაინც მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტები რომ არ გეგონოთ ,,ისეთები''. 

მოკლედ, კოლომოისკიმ ზელინსკისგან ნამდვილი კანდიდატი შექმნა. სწორედ რომ შექმნა, რადგან აქამდე კომიკოსს სერიალებში მონაწილეობისა და სცენაზე მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი უკეთებია. 

სხვათა შორის, სერიალში, რომელიც უკრაინაში ყველაზე პოპულარულია, ზელენსკი... პრეზიდენტის როლს ასრულებს და, როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც, რადგან ამომრჩეველს სურს, მან სერიალიდან რეალობაში გადაინაცვლოს. 

მეორე მხრივ, პოლიტიკას თუ ისე მივუდგებით, როგორც სახალხოდ მანჭვა-გრეხვის ხელოვნებას, ზელენსკის წარმატება არ უნდა გაგვიკვირდეს. რაც მთავარია, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ზელენსკის ერთხელაც არ უხსენებია, როგორ ხედავს ქვეყნის საგარეო კურსს, როგორ აპირებს უკრაინის მთავარ პრობლემად აღიარებულ კორუფციასთან ბრძოლას, რა გეგმები აქვს დასაქმების მიმართულებით... 

მოკლედ, ამ კაცს არ აქვს არანაირი საარჩევნო პროგრამა, არანაირი გეგმა. მან, უბრალოდ, თქვა, რომ პრეზიდენტობა სურს, დარეგისტრირდა კანდიდატად ზუსტად ისე, როგორც კიდევ 38 ადამიანი და აგერ, პირველ ტურში პირველობა არავის დაუთმო. 

ისე, ჩვენი არ იყოს, უკრაინელებიც არ უჩივიან უმადობას, თორემ 39 საპრეზიდენტო კანდიდატი რა ამბავია? აგერ, დემოკრატიის სიმბოლოდ აღიარებული აშშ, არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებს ხოლმე და ჩვენ კიდევ... სანამ სიას ჩაიკითხავ, ნერვები გეშლება, თან საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს და შენი ხმა არაფრისმომცემ კანდიდატს შეიძლება ისე აჩუქო, ვერც ვერაფერი გადაწყვიტოს და საქმესაც დააკლდეს, თუმცა ჩვენში ეს გამოსწორებადია, რადგან სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტია. უფრო სწორედ, ზურაბივილის შემდეგაც ხალხი აირჩევს პრეზიდენტს, მაგრამ ეს ხალხი საგულდაგულოდ შერჩეული იქნება, ხმოსნები ერქმევათ და მათი რაოდენობა სამასს არ გასცდება. 

საქართველოზე სიტყვა გაგვექცა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად თუ დავაკვირდებით, ჩვენ და უკრაინა ერთ ბედს ქვეშა ვართ. აი, ხელისუფლების პირველ პირად კომიკოსი გვინდა ჩვენც. კომიკოსი იმიტომ, რომ ხანდახან ხარისხიან ანეკდოტებს მოყვება ხოლმე და გავერთობით. 

აბა, წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად ბუთქუნა და თამაზა რომ გვყავდეს დუეტში, ან ვასიკო ოდიშვილი, ან ვანო ჯავახიშვილი... წინასაარჩევნო პროგრამასაც იუმორისტული მონოლოგის რეჟიმში წაგვიკითხავენ და მერე, ანგარიშსაც იუმორის თანხლებით ჩააბარებენ პარლამენტარებს, თანაც მთავარი ის არის, რომ დაპირებების შესრულებაც არ იქნება საჭირო იმიტომ, რომ ყველაფერი ეს ხომ იუმორით იქნება ნათქვამი და... ათასი ქარხნის არ იყოს, ვის არ უხუმრია... 

უკრაინაში არჩევნების მეორე ტური უახლოეს ორ კვირაში უნდა გაიმართოს. მიხეილ სააკაშვილი მთელ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს, ზელენსკის მხარდასაჭერად გაერთიანდეს, მიშას თავისი გეგმები აქვს _ უკრაინაში ჩასვლა და იქ ფრთების გაშლა უნდა, მაგრამ პოროშენკოს პირობებში ეს გამორიცხულია. 

ხმების საკმაო მარაგის მქონე და პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული იულია ტიმოშენკო უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს... კოლომოისკისთან, რადგან ზელენსკის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მთავარი ვიოლინო, სწორედ აღნიშნული ოლიგარქი იქნება. ჰოდა, თუ მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს (და ტიმოშენკოს რაიმე საინტერესო შესთავაზეს), ზელენსკის მხარეს პარტია ,,ბატკივშინაც'' დადგება, მიშა კი... 

ძალიან საეჭვოა, კოლომოისკის სააკაშვილის დაბრუნება სურდეს, რამეთუ კარგად გვახსოვს, როგორ იმუქრებოდა მიშა, უკრაინაში ოლიგარქები უნდა ავლაგმო, ქონება ჩამოვართვა და ხალხს გადავცეო. 

მართალია, თავად ზელენსკი ღიმილიანი სახით გაიძახის, ჩამოვიდეს სააკაშვილი, მე წინააღმდეგი არ ვარ, მისი დონის მრჩეველს ყველა ინატრებდაო, მაგრამ ეს ახდენილი ნატვრა ძალიან ძვირად დაუჯდა პოროშენკოს და საეჭვოა, კოლომოისკიმაც იგივე შეცდომა გაიმეოროს. 

მოკლედ, ორ კვირაში უკრაინაში ძალიან საინტერესო ვითარება იქნება. ექსპერტები კი ამბობენ, ზელენსკი ვერ მოახერხებს უკვე მიღებულ ხმებს რამე შემატოს, პოროშენკოს კი ამის შანსიც აქვს და რესურსიცო, მაგრამ იმავე ექსპერტებს ბოლო მომენტამდე არ სჯეროდათ, რომ პირველ ტურში ზელენსკი გაიმარჯვებდა. 

იუმორი გადაგვარჩენსო, ხშირად ამბობენ ხოლმე და ვგონებთ, უკრაინა სწორედ ამ ექსპერიმენტს ატარებს.

 

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 03 Apr 2019 13:46:55 +0400
მახე, რომელიც ევროპულმა საქართველომ შალვა შავგულიძეს დაუგო http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6076-მახე,-რომელიც-ევროპულმა-საქართველომ-შალვა-შავგულიძეს-დაუგო.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6076-მახე,-რომელიც-ევროპულმა-საქართველომ-შალვა-შავგულიძეს-დაუგო.html

რატომ შეეკრა ნაციონალებთან მებრძოლი ადვოკატი ნაციონალების განაყოფს

იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კოდექსითა თუ კონსტიტუციით, 2019 წელი საარჩევნო არ გახლავთ, უკვე გასულ წელს იყო ცნობილი, რომ 2019-ში არჩევნებს ვერ ავცდებოდით. ვერ ავცდებოდით იმიტომ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მარნეულის და ზუგდიდის მერები დააკავეს, ხულოს, ზესტაფონისა და ჭიათურის მერები კი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდნენ. რეგიონებზე მერე ვთქვათ, მანამდე კი მთაწმინდას მივხედოთ, უბანს, რომელიც თბილისში ერთ-ერთი პრესტიჟული და რაც მთავარია, ერთ-ერთი, ყველაზე რთულად მოსაგებია.

დამოუკიდებელ კანდიდატთა წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა და დეპუტატობისთვის პარტიის გარეშე, ერთბაშად რვა ადამიანი _ ლევან იოსელიანი, სოფიო ხორგუანი, იოსებ კობერიძე, კობა დავითაშვილი, გრიგოლ გეგელია, ბესიკ ადამია, თამარ აფხაიძე და გიორგი ანდრიაძე იბრძოლებს. ამ უპარტიოებს აუცილებლად დაემატებათ პარტიული კანდიდატები. ,,ევროპული საქართველო'' წინასაარჩევნოდ თავისუფალ დემოკრატებთან გაერთიანდა და კანდიდატად თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძლებელი, შალვა შავგულიძე დასახელდა. ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან შავგულიძე გახლდათ ის კაცი, რომელიც თავის დროზე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო და ნაციონალურ მოძრაობას მკვლელებს ეძახდა. იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომლის ავანგარდშიც ევროპული საქართველოს დღევანდელი ლიდერები იყვნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შავგულიძისთვის, კამერების წინ გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის გვერდში დამდგარიყო და მათთან ერთად ეთქვა, ხელისუფლების დასამარცხებლად ყველაფერს ვიღონებო. 

ისე, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ უგულავასადმი პირველი სიმპათია შავგულიძემ კარგა ხნით ადრე, 2015 წელს გამოხატა, როცა პირდაპირ ეთერში განაცხადა: ,,პოლიტიკური პატიმარი არის საზოგადოების შეფასება. მე ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების'' ამ უგუნურმა, პოლიტიკურად სრულიად მცდარმა მოქმედებებმა, რომლითაც მათ ამ სამართალწარმოების პოლიტიზირება მოახდინეს, გიგი უგულავა ნამდვილად აქცია პოლიტიკურ პატიმრად და ამას ცხადყოფს საზოგადოების განწყობა...'' 

ეს ის დროა, როცა ირაკლი ალასანია და შესაბამისად, შალვა შავგულიძე კოალიციიდან წამოსულები არიან და უმწვავესად აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს. მაშინ ბატონ შალვას ივანიშვილმაც უპასუხა და განაცხადა, შავგულიძემ იკადრა და უგულავას დაცვა გადაწყვიტაო. პოლემიკაში ,,ოცნების'' თავმჯდომარეს არც ადვოკატი ჩამორჩა და ბატონ ბიძინას მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა... 

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იმ საქმის ადვოკატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ყველაზე რეზონანსული იყო, სწორედ წინა ხელისუფლების ლიდერებს შეეკვრებოდა. საინტერესოა, რას ეტყვის მოსახლეობას შეხვედრების დროს შავგულიძე, როცა კარდაკარ სიარული, სწორედ უგულავასთან ერთად მოუწევს? სხვათა შორის, სწორედ უგულავამ თქვა, შავგულიძე პირველი მერცხალი იქნება, რომელიც ამ ხელისუფლებას დაამარცხებს და გაისად უკეთეს შედეგს დავდებთო. 

ისე, როცა მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერად დანიშნეს, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათ შორის, ევროპულმა საქართველომ, ეს დანიშვნა გააპროტესტა, აქაოდა, ბახტაძეს მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და სწორედ რუსული წარსულის გამო დანიშნა ივანიშვილმა თანამდებობაზეო. არადა, შავგულიძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა მოსკოვში... ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო და წარმატებით დაასრულა კიდეც. რა გამოდის? _ თუ რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენელი სწავლობდა, ცუდია და თუ თანაგუნდელი _ პრობლემა არაა?! 

რეალურად, ლომონოსოვის უნივერსიტეტის დიპლომი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ყველაფრის მიხედავად, გირგვლიანის საქმის ადვოკატის ხილვა ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძის, კახიძის და სხვათა გვერდით თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ მხოლოდ თითქოს _ ამ კვირიდან შავგულიძე, სწორედ ამ ხალხთან ერთად ივლის მთაწმინდაზე კარდაკარ და შეეცდება ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ უგულავა პოლიტპატიმარი იყო, რომ ეს ხელისუფლება არასწორად მოიქცა, რომ გირგვლიანის საქმე... აი, აქ რა პასუხი ექნება ბატონ შალვას, ნამდვილად ვერ გეტყვით. 

რა მოხდა რეალურად? რატომ მოინდომეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა კანდიდატად შავგულიძის დასახელება (რომელმაც, სხვათა შორის, 2012 წელს, ვაკის მაჟორიტარული ოლქი მოიგო) და არა _ საკუთარი წევრის? თუნდაც იგივე უგულავასი, რომელსაც შესაძლოა, მეტი შანსიც კი ჰქონოდა, ვიდრე შავგულიძეს ექნება? კულუარებში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერებს რამდენიმედღიანი კონსულტაცია ჰქონდათ და ისინი საერთო კანდიდატების წარდგენაზე ფიქრობდნენ, როგორც მთაწმინდაზე, ისე დარჩენილ ხუთ მუნიციპალიტეტში, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ევროპულმა საქართველომ ზუგდიდი და ხულო ვერ დათმო, ნაციონალებმა _ მარნეული და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: კანდიდატი ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე ეყოლებათ. 

ამასთან, ევროპულმა საქართველომ ყველაზე კარგად იცის, რომ ჯერჯერობით თბილისი მზად არაა ოპოზიციონერის ასარჩევად. უფრო სწორედ, დედაქალაქში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი წევრის გამარჯვების პერსპექტივა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ამიტომ, ისინი მთელ რესურსს რეგიონებს მოახმარენ, აქ კი, კანდიდატის გარეშე რომ არ დარჩნენ, ეყოლებათ შავგულიძე. თუ ბატონი შალვა დამარცხდება (თუნდაც იმ პრინციპით, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს), ეს თავისუფალი დემოკრატების მარცხი უფრო იქნება, ვიდრე _ ევროპული საქართველოსი. შესაბამისად, გარედან ისე ჩანს, რომ შავგულიძე წაგებულ ომში შეაგდეს საბრძოლველად და ძალიან, ძალიან ძნელი სავარაუდოა, თავად ეს არ იცოდეს. 

მაშ, რისთვის სჭირდება ამ ომში შესვლა?! ისევ კულუარებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თავისუფალი დემოკრატები და ევროპული საქართველო გაერთიანებას საპარლამენტო არჩევნებისთვისაც გეგმავენ. მოგეხსენებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი სამ პროცენტამდე იქნება დაწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას ოქროს ფასი ექნება. ნაციონალებმა თადარიგი საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიჭირეს და 11 პარტია შემოიერთეს, ,,ევროპელები'' კი ყველაფერს ახლა მიხვდნენ და არ ექნება მნიშვნელობა, ვის შეიერთებენ, ხმებზე ნადირობა დაუნდობელი იქნება. 

მანამდე კი შუალედური არჩევნებია. ხელისუფლება იოლ გამარჯვებას სწორედ მთაწმინდაზე, ზესტაფონსა და ჭიათურაში ელის, აი, ზუგდიდი, მარნეული და ხულო საჭიდაო რომ იქნება, არავინ მალავს.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Mon, 01 Apr 2019 11:44:04 +0400