Menu
RSS

კახა საბანაძე: „ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა!“

დეტალური ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ 8 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე, მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართულებით, წყლის ჭავლი დამიზნებით არ ყოფილა გამოყენებული. 

„წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში უკანონოდ შესვლას. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა“, _ განაცხადა კახა საბანაძემ. 

ამასთან, კახაბერ საბანაძის განმარტებით, როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: 

„როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“. 

მისივე თქმით, წყლის ჭავლი, როგორც იძულების სპეციალური საშუალება, გამოყენებულ იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციელს აქვს უფლება, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად, საზოგადოების წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როდესაც რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს გაფრთხილების საშუალება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. 

„წყლის ჭავლი სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული. მაშინ, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე, პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ან არ არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ მოხდეს გაფრთხილება, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, ამ შემთხვევაში, წყლის ჭავლი“, _ განაცხადა კახაბერ საბანაძემ. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 8 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. 

„დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე, პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ, მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი. აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება _ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით _ რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა _ ფარი. პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება _ წყლის ჭავლი. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკო-ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, _ განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში