Menu
RSS

ვლადიმერ ბორცვაძე: „ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე!“

„ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“, _ ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, თითოეული სამართალდამრღვევი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს. 

„გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან“, _ აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ მარნეულში, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და გამოძიება კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ როგორც კი მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მყისიერი იქნება. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, კვლავ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება და დაველოდოთ. 

მას შემდგომ, რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, იქნება მყისიერი“, _ განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

 

ამასთან, ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, გამოძიება სოფელ ნახიდურში, სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლის ფაქტზეცაა დაწყებული და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

მისივე თქმით, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების აღსასრულებლად მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე, სადაც ადგილობრივებმა პოლიციას მოსამართლის განჩინების აღსრულებაში ხელი შეუშალეს. 

„მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები გამოცხადდნენ ამ პირის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, მოსამართლის განჩინების აღსრულების მიზნით, რა დროსაც ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა, იქ მცხოვრებმა ხალხმა, ხელი შეუშალეს სამართალდამცველებს მოსამართლის განჩინების აღსრულებაში. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლისთვის ხელის შეშლას. ამ საქმეზეც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, _ განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში