Menu
RSS

რატომ ვერ გადაასვენეს თურქეთში მოკლული ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ბაქოში

შეძლებს თუ ვერა „გულის“ ძმა კრიმინალური იმპერიის შენარჩუნებას

რიმინალური სამყაროს ლიდერს გასულ კვირას გამოემშვიდობნენ. ნადირ სალიფოვი, იგივე „ლოტუ გული“, სასტუმროს ნომერში საკუთარი დაცვის წევრმა, ხაგან ზეინალოვმა მოკლა. მკვლელი თურქ სამართალდამცავებს ჰყავთ დაპატიმრებული და უმკაცრესად იცავენ, თუმცა დაკავებისთანავე, ზეინალოვმა პოლიციას არა საკუთარი, არამედ, ოჯახის წევრების _ ცოლისა და ორი შვილის დაცვა მოსთხოვა. სამართალდამცავები იმავე დღეს მივიდნენ ხაგანის სახლში, მაგრამ იქ მისი ცოლ-შვილი აღარ დახვდათ. ახალგაზრდა ქალი, ორ ბავშვთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში მეორე დღეს... სალიფოვის მეგობრებმა მიიყვანეს და განაცხადეს, რომ ისინი მხეცები არ არიან და შურს ბავშვებსა და უმწეო ქალზე არ იძიებენ. მათ ზეინალოვი სჭირდებათ და, ადრე თუ გვიან, მიწვდებიან კიდეც. ეს არ იყო ერთადერთი საინტერესო რამ, რაც გასულ კვირას, სალიფოვისა და მისი სახელის გარშემო მოხდა.

დავიწყოთ იმით, რომ „გული“ ბაქოს გარეუბანში, მამის გვერდით უნდა დაეკრძალათ, მაგრამ პანდემიისა თუ სხვა მიზეზით, მის გადასვენებაზე უარი თქვეს. პარალელურად, თურქეთის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა სტამბოლში, სადაც სალიფოვი დაკრძალეს, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების თავშეყრა არ მომხდარიყო და წინა დღით, საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა. ამ მიზეზით, თურქეთში რამდენიმე ასეული ადამიანი ვერ ჩავიდა „გულისთვის“ ბოლო პატივის მისაგებად, თუმცა მის ცხედარს ორი ათასამდე კაცი მაინც მიჰყვებოდა. 

„გულის“ მიერ გათავისუფლებული ტახტი უკვე ჩააბარეს მის ძმას, ასევე, „კანონიერ ქურდ“ ნამიკ სალიფოვს, მაგრამ როგორც ამბობენ, ნამიკს თავისი ძმის გავლენის ნახევარიც არ აქვს და რამდენად მოახერხებს კრიმინალური იმპერიის შენარჩუნებასა და მის სათავეში დარჩენას, ძნელი სათქმელია. ასევე, ძნელია იმის განსაზღვრა, რა ელოდებათ სხვადასხვა ქვეყანაში „გულის“ მომხრეებს. მათ ბრძოლით მოპოვებული ადგილების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, თან მათ ამბიციებს უკვე ნაკლებად გაითვალისწინებენ. საქართველო ავიღოთ, ყველასთვის ცნობილია, რომ სალიფოვის ნათესავი საქართველოში „QU001LI“ ნომრიანი ავტომობილით მოძრაობდა და ეს ერთგვარი „ნარუშილოვკა“ იყო. მას არავინ ეხებოდა და აზერბაიჯანელები უდიდეს პატივს მიაგებდნენ. რამდენად ეპატიება ახლა ამ ნომრით მოძრავ მანქანას ის, რაც ადრე ეპატიებოდა, ძნელი სათქმელია.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში