Menu
RSS

ვლადიმერ ბორცვაძე: „ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს!“

„როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო!“

„ტყუილია, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად’‘, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, ე.წ. შაქარაშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც საზოგადოებას გამოძიების შუალედური შედეგები წარუდგინა. 

„რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესა და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც შემთხვევის დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და არც შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთნ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა“, _ აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“-ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, შეტყობინება კი გაუქმებული იყო. 

„ჩვენ ვასაჯაროებთ ,,112’‘-ში განხორციელებულ შეტყობინებებს, იაკობ ბრეგვაძის მიერ დანაშაულის დღეს გაკეთებულ შეტყობინებას და მინდა, დეტალურად მოგახსენოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ ღამით, როცა ეს ტრაგედია მოხდა, იაკობ ბრეგვაძე, მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იგი იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდეგაც თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით რეკავს „112“-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას, მაგრამ ამავე შეტყობინების განხოცრიცელებისას, იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება. ის ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე, უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში გზავნის ამ შეტყობინებას საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოებში. ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებით და პარალელურად, სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს, ადგილმდებარეობისა და ლოკაციის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და ოპერატორი იძულებული ხდება, ხელმეორედ დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს, რათა დააზუსტოს მისი ლოკაცია. მეორე ზარი განხორციელდა „112“-ის ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ ამავდროულად, განუმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და სთხოვს, რომ გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა, „112“-ის ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას. დაპირისპიერებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, ხოლო იგი „ავტოსტოპის“ საშუალებით ცდილობს თბილისის მიმართულებით წასვლას. ბრეგვაძე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს ცალსახად, გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდგომ, პოლიციელები იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აქვე, დავაზუსტებ, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო“, _ განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას ამცნო, რომ ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედებას გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, გადაეცემა პროკურატურას. 

„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გადაეცემა პროკურატურას“, _ განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

ბორცვაძის თქმითვე, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ არსებულ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა: 

„ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება ისე, რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს. ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი ვარაუდობს, რომ თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება, ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“. 

გარდა ამისა, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კამერების ჩანაწერები წაშლილია, სიმართლეს არ შეესაბამება და თქვა, რომ ამ საქმეზე, 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერია ამოღებული. 

„ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ ამ საქმეზე, 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტხანს, ეს ჩანაწერები არ ინახება. ჩვენ მივმართეთ, ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ გაირკვა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება, თუმცა ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით. თბილისის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს, უბრალოდ, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენაა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

შაქარაშვილის საქმის გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას, ვლადიმერ ბორცვაძემ ხანძარის ფაქტზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა: 

„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. 6 ივლისს, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი _ ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“. 

შს მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება: 

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქ გასამიჯნია კონკრეტული _ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, არცერთ საქმეზე, არავის ხელს არ დავაფარებ. თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება“. 

ამას გარდა, ვლადიმერ ბორცვაძე კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ იაკობ ბრეგვაძის თბილისში ჩამოიყვანა, ტყუილია: 

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს... „შკოდას“ ტიპის ავტომობილს _ ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში, „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილია და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი, იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად გაგზავნა, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“. 

ზემოხსენებულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. 

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ყველა შესაძლო ვერსიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებისა და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“. 

ამასთან, როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებას ამცნო, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს: 

„საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და ამჟამად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს’‘.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში