Menu
RSS

შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 2019 წლის ანგარიში დისტანციურად წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესწავლილ იქნა 200-მდე სისხლის სამართლის საქმე, რომელთა შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო და რომლებზეც 2019 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით.

2019 წელს, ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომელთა მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი, 2018 წლის იგივე მონაცემების თითქმის იდენტურია, რაც 176 შემთხვევას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი მიმართვიანობისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს, არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს _ 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს _ 1 პირის მიმართ.

გამოძიების დაწყების პარალელურად, სადაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა შესაძლო ქორწინების იძულების გარემოებები, მსხვერპლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, არასრულწლოვნები გადაყვანილ იქნენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში.

მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება გამოწვევად, რის გამოც, ხშირად შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე პოლიციის ინფორმირება რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება. აღნიშნული ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას.

შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრებისა და უბნის ინსპექტორთა როლის გაძლიერება, ხოლო გამოძიების ხარისხის გასაზრდელად _ გამომძიებელთა კვალიფიკაციისა და სენსიტიურობის ამაღლება.

2019 წელს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაზარალებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე, გამომძიებლებისათვის მომზადდა სპეციალური ინსტრუქცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტანდარტებზე, რომლის პრაქტიკაში აქტიურ გამოყენებაზე მონიტორინგს დეპარტამენტი ახორციელებს.

2019 წლის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვთა ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით, საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით _ „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.

არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც დანაშაულის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და დაზარალებულთა სათანადო სერვისებში გადამისამართების, ისე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარების მიმართულებით.

კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში