Menu
RSS

საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

არჩილ გაჩეჩილაძე: „უამრავ საქმიანობას შორის, რომლებსაც ვახორციელებთ, ერთ-ერთია სოციალური საწარმოების წახალისება“

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განსახორციელებლად, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ 2017 წლიდან დღემდე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, 11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე, დამატებით 4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარება და შშმ პირების დასაქმება. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. მისივე თქმით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოციალური საწარმოს ის პროექტი დაფინანსდება, რომელსაც ორმაგი _ ეკონომიკური და სოციალური მიზანი ექნება. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად, პროექტის ეკონომიკური მიზანი, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის _ სოციალური კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს: 

,,მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით, წინა წლებშიც საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა და ეს აქტიურობა კვლავ გრძელდება. ჩვენი მიზანია, ისეთი სოციალური საწარმოები დავაფინანსოთ, რომლებიც ერთი მხრივ, მდგრადები იქნებიან, ხოლო მეორე მხრივ _ დადებით გავლენას იქონიებენ იმ სოციუმზე, სადაც ჩვენ, ყველა ვმოღვაწეობთ. მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ ამ საწარმოებმა, სხვადასხვა შშმ პირებისთვის შესაძლებლობები შექმნან'', _ აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

მისი თქმით, 2017 წლიდან, საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას ახორციელებს. ამ დრომდე, ჯამში, 15 სოციალური საწარმო 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დაფინანსდა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რა ტიპის პროექტებს მიანიჭებს საქართველოს ბანკი უპირატესობას და სავალდებულოა, თუ არა, რომ კომპანიებს გარკვეული გამოცდილება ჰქონდეთ ამ სფეროში, არჩილ გაჩეჩილაძემ გვიპასუხა: 

 

,,ჩვენი მიდგომა და რწმენა ასეთია, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ამ გარემოში არსებობს, სოციალური პასუხისმგებლობაც ეკისრება. უამრავ საქმიანობას შორის, რომლებსაც ვახორციელებთ, ერთ-ერთია სოციალური საწარმოების წახალისება, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ იმ გარემოზე, სადაც ფუნქციონირებენ. რაც შეეხება კონკურსს, არ გვინდა, რომ ჩვენს მიერ გაღებული დაფინანსება ერთჯერადი ნაბიჯი იყოს და რაღაც დროის მერე კომპანია დაიხუროს, პირიქით, გვინდა, ამ პროექტის მდგრადობა დავნერგოთ. გარდა ამისა, გვინდა დავინახოთ, რამდენად ასაქმებს კომპანია ადამიანებს, ან რა გავლენას ახდენს გარემოზე, რომელიც სოციალურად დადებითია. ეს შეიძლება იყოს შშმ პირების წახალისება ანუ მათი დასაქმება, ვინაიდან ამ ადამიანების დასაქმების შანსი, როგორც წესი, ნაკლებია. 

რაც შეეხება კომპანიების გამოცდილებას, მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეიქმნა საწარმო, მთავარია, დავრწმუნდეთ, რომ ეს გრანტი არ იქნება მისი მთავარი წყარო, რომლითაც იარსებებს და მერე გაქრება. შესაბამისად, მდგრადობა უმნიშვნელოვანესია''. 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს, 18:00 საათზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის, საქართველოს ბანკი ღია კარის დღეებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს. 

განაცხადის შევსებას საქართველოს ბანკის ფონდ ,,სიცოცხლის ხის'' ვებ-გვერდზე: www.tree.ge  შეძლებთ. დაინტერესებული პირები დაკავშირებას შეძლებენ შემდეგ ელ-ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   და ტელეფონის ნომერზე: 2 44 44 93. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში