Menu
RSS

რუსული „სპარტაკის“ კაპიტანად ქართველი გიორგი ჯიქია აირჩიეს

აბრამოვიჩმა „ჩელსის“ ფეხბურთელები „კალინკა-მალინკაზე“ ააცეკვა და რუსული დროშის ფერებიანი ფორმით შემოსა 

ევროთასზებზე მოასპარეზე ოთხი ქართული გუნდიდან, შემდეგ ეტაპზე სამი გავიდა. იმას, რომ პრაქტიკულად, დაშლილი ქუთაისის „ტორპედო“ „ორდაბასის“ ბარიერს ვერ გადალახავდა, შეგუებული ვიყავით და ასეც მოხდა. კახა ჩხეტიანის ახალგაზრდა ბიჭებმა მეტოქეს ერთი გოლიც ვერ გაუტანეს და ყაზახეთში წაგებული 0:1-ის შემდეგ, თბილისში შეხვედრა 0:2-ით დათმეს. თავს მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი, ქართველი კახა ცხადაძეა და მას წარმატებები ვუსურვოთ.

 

ძალიან გვანერვიულა საქართველოს ჩემპიონმა „საბურთალომ“. „შერიფთან“ ტირასპოლში მოგებული მატჩის შემდეგ (3:0), თბილისურ შეხვედრას გულშემატკივარიცა და ფეხბურთელებიც არხეინად შეხვდნენ. შედეგად, პირველ 15 წუთში, ქართული გუნდი უკვე 0:3-ს აგებდა და საბედნიეროდ, გონს დროზე მოეგო, მეორე ნახევარში ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქედ ზაგრების „დინამო“ ეყოლება. ხორვატიის ჩემპიონი ძალიან ძლიერი გუნდია და „საბურთალოს“ უსერიოზულესი გამოცდა ელოდება. 

ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე მშვიდად გააღწიეს თბილისის „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამ“, რომლებმაც შინ და გარეთ იმარჯვეს. 25 ივლისს, ქართული გუნდები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებს გამართავენ: „დინამო“ - აზერბაიჯანში, „გაბალას“ სტუმრობს, საჩხერელებს კი შოტლანდიაში, „აბერდინთან“ აქვთ ურთულესი დაპირისპირება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მეორე ეტაპზე გასვლით, „საბურთალო“ უეფასგან 660 ათას ევროს მიიღებს, „დინამოს“ და „ჩიხურას“ მისაღები თანხა 500 ათასი ევროა.

რაც შეეხება „ტორპედოს“, რომელმაც ასპარეზობა პირველ ეტაპზე დაასრულა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 240 ათასი ევრო ერგება.

 

***

ტოდ იანგი აშშ-ის სენატის სენატორია და ინდიანას წარმოადგენს. ჰოდა, სწორედ ამ კაცმა დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, რომ „ინდიანა პეისერის“ ახალწვეულის, გოგა ბითაძის თამაშის ხილვა ძალიან აინტერესებს და სწორედ ამიტომ, ქართველ ცენტრს, სავიზო პრობლემების მოგვარებაში, პირადად დაეხმარა. მოგეხსენებათ, გოგა აშშ-ში, სწორედ სავიზო დაბრკოლებების გამო ვერ მიდიოდა და, როგორც ჩანს, ინდიანელმა სენატორმა ეს პრობლემა მოაგვარა.

 

***

ბუდაპეშტში, მოფარიკავეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ყველაზე წარმატებულად ქართველთაგან, სანდრო ბაზაძე გამოვიდა. მან მერვედფინალამდე მიაღწია და სწორედ ამის გამო, დაგროვებული სარეიტინგო ქულებით, მსოფლიო კვალიფიკაციაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა, რაც უდავოდ მისასალმებელია. სანდრო მერვედფინალში იტალიელ მეტოქესთან, ლუკა კურატოლისთან დამარცხდა, თუმცა ამის მიუხედავად, მსოფლიო რვეულში ყოფნა საპატიოა.

 

***

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში არაერთი წარმატებული კლუბი თამაშობს, მთავარ გუნდად, მაინც მოსკოვის „სპარტაკი“ მოიხსენიება. მეტსახელი „სახალხო გუნდი“, ყველაფერზე მეტყველებს და ყველაზე მეტი გულშემატკივარიც, სწორედ „სპარტაკს“ ჰყავს. მიმდინარე სეზონის სტარტზე კი, „სპარტაკის“ ფეხბურთელებმა ახალი კაპიტანი აირჩიეს და ეს პატივი გიორგი ჯიქიას ერგო. გიორგი 25 წლის მცველია, რომელმაც წლების წინ, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავს. ამის მიუხედავად, კაპიტნად მის არჩევას თითქოს არავინ ელოდა, მაგრამ თანაგუნდელებმა, სწორედ მასზე გააკეთეს აქცენტი, რადგან გიორგის გუნდის ლიდერად მიიჩნევენ.

 

***

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, სექტემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მზადების ფარგლებში, ჩვენს გუნდს აგვისტოში, სამი ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. ორ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი შოტლანდიას ხვდებოდა, ხოლო 27 აგვისტოს, ამხანაგურად რუსეთისთვის თბილისში უნდა გვემასპინძლა, თუმცა რუსეთის რაგბის კავშირმა საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა გადაიფიქრა.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში, კერძოდ კი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლა, რიგ შემთხვევებში, იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და ამით, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანაში სტუმრად მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს. ამ მიზეზის გამო, რუსეთის რაგბის ფედერაცია მიზანშეუწყონლად მიიჩნევს, ამ გუნდებს შორის დაგეგმილი მატჩის გამართვას, რომელიც თბილისში, 27 აგვისტოს უნდა შემდგარიყო. რუსეთის რაგბის ფედერაცია ძალიან აფასებს იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ქართველ კოლეგებთან ჩამოუყალიბდა და შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემა, რომლებიც ემიჯნება კულტურულ, რელიგიურ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ განსხვავებას. დიდ ბოდიშს ვუხდით ორივე გუნდის გულშემატკივრებს“, _ ნათქვამია რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

***

საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი რომ იქნება, უკვე გადაწყდა. ამის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ფინალური ეტაპის კვალიფიკაციაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტურნირის ფინალური ეტაპი ჩვენს გარეშე ჩაივლის. ჩვენ გარანტირებული ადგილი გვაქვს ისევე, როგორც კიდევ სამ მასპინძელს - ჩეხეთს, იტალიასა და გერმანიას. უბრალოდ, ევროპული კალათბურთის მამები თვლიან, რომ საკვალიფიკაციოს გარეშე, მასპინძელი ქვეყნების ნაკრებებს სათამაშო პრაქტიკა არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღებია, რადგან ნაკრების მწვრთნელს თამამად შეეძლება ნებისმიერი სქემის დამუშავება და ასეც არ იყოს, ბიჭები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ.

 

***

„ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ლონდონური კლუბი, რუსულ სულს აზიაროს. გარდა იმისა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, „ჩელსის“ საშინაო არენაზე „კალინკა, მალინკას“ მუსიკა ირთვება, ლონდონური კლუბის ფეხბურთელებმა, ახალი სეზონისთვის სათამაშო ფორმა წარადგინეს. ჰოდა, ფორმა რუსული დროშის ფერებშია გადაწყვეტილი და ამის შესახებ ბრიტანული პრესა აქტიურად წერს. ინგლისელი ჟურნალისტების აზრით, „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ეს ფორმა არ უნდა ჩაიცვან და გააპროტესტონ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი სამოსი, სწორედ კლუბის ლიდერებმა წარადგინეს და საეჭვოა, რომელიმეს პროტესტის სურვილი ჰქონდეს.

 

***

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი სერიოზულ შარში გაეხვა - მისმა სამშენებლო კომპანიამ, ერთ-ერთი მშენებლობის დაწყებამდე, 60 ძირი ხე გაჩეხა, რისი უფლებაც კანონით არ ჰქონდა. ამის ამო, რამოსის კომპანია 250 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, კომპანიას დაევალა, რომ გაჩეხილი 60 ხის სანაცვლოდ, 90 ისეთი ხე დარგოს, როგორსაც ქალაქის მერია დაუკვეთს.

 

***

გერმანული ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ 2006 წელს, მაშინ, როცა ბეკენბაუერი გერმანიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს თავმჯდომარეობდა, 7 მილიონ ევრომდე გათეთრდა. იმის მიუხედავად, რომ ძიება მიმდინარეობს და ბეკენბაუერის დაკითხვაც საჭიროა, ავადმყოფობის გამო, ამის გაკეთება ვერ ხერხდება. როგორც ექიმები ამბობენ, დაკითხვა კი არა, კაიზერ ფრანცთან საუბარიც კი შეუძლებელია, იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა.

 

***

კიდევ ერთი სკანდალი ინგლისი ნაკრების ფორვარდს, დანიელ სტარიჯს უკავშირდება. ახლა გაირკვა, რომ 2018 წლის იანვარში, სტარიჯმა, თავის ძმას ფსონი გააკეთებინა ტრანსფერზე, რომლის მიხედვითაც, სტარიჯი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებდა. რა თქმა უნდა, დანიელმა კარგად იცოდა, სად აპირებდა გადასვლას და მის ძმასაც მსუყე მოგების იმედი ჰქონდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა, ამბავი კი გახმაურდა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ რეაქცია არ დააყოვნა. სტარიჯს თამაში 4 კვირით აეკრძალა (ათვლა სეზონის განახლების შემდეგ დაიწყება) და ის 70 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სტარიჯი ახლა უკლუბოდაა და აღნიშნული სკანდალი, მის კარიერაზე დადებითად, ნამდვილად არ აისახება.

 

***

ჰოლანდიური „აიაქსის“ კაპიტანი, მატეის დე ლიხტი, რომლის ხილვა საკუთარ რიგებში, პრაქტიკულად, ყველა დიდ გუნდს სურდა, საბოლოო ჯამში, „იუვენტუსში“ გადავიდა. ტურინულმა კლუბმა, მის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო თავად ფეხბურთელი, წლიურად 12 მილიონს ანუ თვეში მილიონ ევროს მიიღებს. დაგვეთანხმებით, რომ 19 წლის ბიჭისთვის, ეს ფანტასტიური კონტრაქტია.

 

***

და ერთიც: გარიგებული მატჩების გამო, ბელგიის საფეხბურთო კავშირმა, „მეხელენი“ დასაჯა და ევროთასებიდან მოკვეთა. შესაბამისად, მისი ადგილი „გენტმა“ დაიკავა, რომლის ღირსებასაც სამი ქართველი იცავს - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილთაია და გიორგი ბერიძე ევროთასებზე, მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან და ბვურთს ევროპა ლიგაზე გააგორებენ. 

ბათო ჯაფარრიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში