Menu
RSS

რეგიონის ლიდერი გადახდებისა და ეკოსისტემების განვითარებით! თიბისიმ 125 მილიონი აშშ დოლარის პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

ობლიგაციები ირლანდიისა და საქართველოს საფონდო ბირჟებზე განთავსდება

თიბისი ბანკმა 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპი-ტალის ობლიგაციები გამოუშვა. 3 ივლისს, ეს ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. რაც მთავარია, დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ბირჟისა და საბანკო სექტორის ისტორიაში. მეტიც, თიბისი ბანკში ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს განავითარებს. 

125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციები დამატებით გამოუშვეს. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან, თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.75%-ით განისაზღვრა: 

,,ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში _ ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით. მსგავსი მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების სურვილი ძალიან დიდია. ძირითადი მოთხოვნა დაფიქსირდა, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული ტრანზაქცია დაგვეხმარება კაპიტალის გაზრდაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საქმიანობის გააქტიურებას''. 

 

როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ობლიგაციებს ბაზელ 3 სტანდარტის მიხედვით გამოუშვებენ და თიბისი ბანკის პირველად კაპიტალში ჩაითვლება. თავის მხრივ, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს. აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, თიბისი ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა, როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, თიბისის მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425 მილიონი აშშ დოლარია: 

,,უპრეცედენტო შემთხვეაა, როდესაც ევროობლიგაციები განთავსდება, როგორც ევროპის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ამით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რათა ტრან¬ზაქციები განახორციელოს, როგორც ევროპაში, ისე საქართველოშიც. საკმაოდ რთული მექანიზმი გავიარეთ სამართლებრივი და იურიდიული კუთხით, მაგრამ ამ ნაბიჯით, კიდევ ერთი ინიციატივის გამოჩენა გვინდოდა და ეს თბილისის საფონდო ბირჟის განვითარებაა'', _ განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისგან 125 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალისა და 300 მილიონი ევროობლიგაციების მოზიდვა, თიბისი ბანკისა და ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. 

თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის, გიორგი შა¬გიძის განცხადებით, ბანკი საფონდო ბირჟის ერთ-ერთი აქციონერია. შესაბამისად, მათი მიზანი მოგება კი არა, საფონდო ბირჟის განვითარებაა: 

,,ბაზრის განვითარებასთან ერთად, სარგებელს მივიღებთ, როგორც ჩვენ, ასევე საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ბაზარი კორპორაციული ბონდების გამოშვების ნაწილშიც გააქტიურდა''. 

ეს ტრანზაქცია მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების უზრუნველყოფით განხორციელდა:J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია _ ,,თიბისი კაპიტალთან'' ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia ამ ტრანზაქციაში მოქ¬მედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიული მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI ABGI Advisory Services Georgia  _ ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში