Menu
RSS

თიბისი კაპიტალის მასშტაბური კვლევა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ

2019 წლის იანვარში, საბანკო რეგულაციების გამო, იპოთეკური სესხების რაოდენობა 47%-ით შემცირდა

თიბისი კაპიტალმა მორიგი კვლევა წარადგინა, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორს ეხება. ესაა 2018 წლის სრული ანალიზი და მისი პრეზენტაცია სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში'' გაიმართა. უძრავი ქონების ბაზრისა და მასმედიის წარმომადგენლების გარდა, პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე დეველოპერების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რათა რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია, რომ კომპანიებმა და პოტენციურმა ინვესტორებმა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასონ.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 4.1 მილიარდი ლარია, რომლის 65% ახლადაშენებული ბინების ტრანზაქციებით იყო განპირობებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბინების რეალიზებული ფართობი 31%-ით გაიზარდა, რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების მოლოდინმაც შეუწყო ხელი. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა 47%-ით შემცირდა. 

2018 წელს, მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე დაფიქსირდა. თბილისის ცენტრალურ უბნებში, რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდი ფართობის ბინებზე მოთხოვნითაა განპირობებული, ხოლო გარეუბნებში, შედარებით პატარა ბინების გაყიდვები ჭარბობს. ამავდროულად, ახალი სამშენებლო რეგულაციების ფონზე, წინა წელთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 45%-ით შემცირდა. თიბისი კაპიტალის გათვლებით, ნებართვების კლება საცხოვრებელი ფართობის შემცირებაში, 2021 წლის დასრულებულ მშენებლობებში აისახება. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, მართალია, ეს კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, უძრავი ქონების შესახებ ვრცელ და სტატისტიკურ ინფორმაციას მოიცავს, მაგრამ აქცენტი მაინც თბილისსა და ბათუმს ეხება: 

„უძრავი ქონების ბაზარი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი, სტრატეგიული მიმართულებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი შეხვედრა, სწორედ ჩვენს არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან გაგვემართა. 2018 წელი, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და მიმდინარე წელიც წარმატებით დავიწყეთ. გვინდა, რომ კლიენტებთან მჭიდრო, ხანგრძლივი ურთიერთობა დავამყაროთ. მოგეხსენებათ, შევისწავლეთ და დავაგროვეთ საკმაოდ ვრცელი, სტატისტიკური ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა აქცენტს მაინც თბილისსა და ბათუმზე ვაკეთებთ. გვინდა, პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ბაზრის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. მთავარი ისაა, რომ უძრავი ქონების ღირებულება საკმაოდ სტაბილურია. ვფიქრობთ, მომავალში მოთხოვნა გაიზრდება და ფასების მხრივაც პოზიტიური ზრდა დაფიქსირდება“. 

თიბისი კაპიტალის დირექტორმა, გიორგი თხელიძემ ყურადღება უძრავი ქონების ბაზრის განვითარების დინამიკასა და ამ კვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა: 

„ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რათა მსგავსი კვლევა მოგვემზადებინა. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ სწრაფად იზრდება და შესაბამისად, ინტერესიც დიდია. საკმაოდ მჭიდროდ ვიმუშავეთ თბილისის მერიასთან, რადგან ბაზრის სრულყოფილი კვლევისთვის, უამრავი ინფორმაციის დამუშავება დაგვჭირდა. წარვადგინეთ ზრდის მაჩვენებლების შეფასება და ბაზრის პერსპექტივაც. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლოა, რეგულაციებმა ეს პროცესი გარკვეულწილად შეაფერხოს კიდეც. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა, რაც უკვე სახეზეა და რაც ამ ბაზარზე პოზიტიურად აისახება. ვფიქრობთ, უძრავი ქონების სექტორში ზრდა იქნება, რაშიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ბანკებისა და სექტორის როლი მნიშვნელოვანია. მართალია, რეგულაციებს უარყოფითი გავლენა მოჰყვა, მაგრამ ვფიქრობთ, უშუალოდ სამშენებლო რეგულაციებს შენელების ეფექტი არ მოჰყვება''. 

Allproperti.ge-ს დამფუძნებელმა, გიორგი ჩუმაშვილმა აღნიშნა, რომ თიბისი კაპიტალმა საკმაოდ საინტერესო ანგარიში წარუდგინა ფართო აუდიტორიას: 

,,უძრავი ქონების ბაზრის კვლევებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ პროცესში ჩართულ დეველოპერებსა და უძრავი ქონების ბიზნესის სხვა მოთამაშეებს სწორი ხედვა ჰქონდეთ, რაშიც ეს კვლევა გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს. ამ კვლევით, თიბისი კაპიტალმა მთელ ბაზარსა და სექტორს მისცა ინფორმაცია, თუ როგორი ტრენდები, ლოკაციები, მიწოდება და შესყიდვის პირობები იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. დეველოპერებს, ბროკერებს, ბანკებსა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ეს კვლევა დააინტერესებთ, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოტენციალს ასახავს. ჩვენც თიბისი კაპიტალის ანალიზის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რათა ბაზარს მისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები შევთავაზოთ. რაც შეეხება კონკრეტულად Aლლპროპერტი.გე-ს, ჩვენი მიზანია, უძრავი ქონების ბაზრისთვის ციფრული სივრცე ღია გავხადოთ, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ იყო. ახლა მთავარია, რომ საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ყველა სერვისი ციფრულად ხელმისაწვდომი იყოს. თიბისისთან ერთად, ვგეგმავთ, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გავიტანოთ ჩვენი პლატფორმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ეკოსისტემა იქნება რეგიონში''. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების სექტორისთვის დამახასიათებელი ფუნდამენტური კრიტერიუმები ჯანსაღია, რაც ამჟამად სექტორის „გადახურების“ საშიშროებას გამორიცხავს. წინა წელთან შედარებით, 2018 წლის ტრანზაქციების საშუალო ფასი ლარში _ 6%-ით გაზრდილია, ხოლო ხოლო დოლარში _ 5%-ით. თბილისში, ყველაზე ძვირი უბნის სტატუსს მთაწმინდა ინარჩუნებს. 

მსგავს ქალაქებთან შედარებით, დედაქალაქში ბინების ფასები უფრო იაფია, როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრში, რაც სამომავლო ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ნელ და სტაბილურ ზრდას პროგნოზირებს, ახლო მომავალში _ ზომიერი ბალანსის შენარჩუნებით. 

თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 2017 წლიდან, თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში