Menu
RSS

საქართველოს ბანკი ხუთ სოციალურ საწარმოს დააფინანსებს

„ინკლუზიურობა მოდაში“, „ბაბალეს ჭრელი წინდები“, „ფორთოხლისფერი ავტობუსი“, „მოირგე“ და Plastic Watcher-ი _ საწარმოები და პროდუქცია შშმ პირებისთვის

საქართველოს ბანკი ხუთ სოციალურ საწარმოს დააფინანსებს. ქვეყნის წამყვანმა ბანკმა საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე, საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ ხუთ პროექტს, საქართველოს ბანკი 50 000 ლარამდე დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, ბანკი 250 000 ლარამდე მოცულობის დაფინანსებას გასცემს. 2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, 143 სოციალური საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის 5 გამარჯვებული დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული.

უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს ბანკის ფონდის _ ,,სიცოცხლის ხე'' ორგანიზებით, კონკურსი ტარდება. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, საგრანტო კონკურსის მიზანი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს: 

,,მესამე წელია, რაც საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმოების შექმნას აფინანსებს. 50 000-ლარიან დაფინანსებას გადავცემთ ისეთ საწარმოებს, რომლებიც ცხოვრებას უუმჯობესებენ სოციალურად დაუცველ, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენთვის ეს სასიხარულო პროცესია, აქამდე უკვე 10 საწარმო დავაფინანსეთ, დღეს კიდევ 5 საწარმოს დავაფინანსებთ. ჯამში, 250 000 ლარის ოდენობის გრანტი გავეცით, თითოეული საწარმო კი 50 000 ლარით დაფინანსდა''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მომავალში საგრანტო კონკურსი და რას გეგმავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით, არჩილ გაჩეჩილაძემ გვიპასუხა: ,,სოციალური საწარმოების კუთხით რასაც ვაკეთებთ, ეს ძალიან კარგი, ინოვაციური პროექტი იყო, რომელიც დიდი ალბათობით, მომავალშიც გაგრძელდება. კორპორატიული პასუხისმგებლობის მხრივ კი, ბევრ სიახლეს გპირდებით''. 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია: სოციალური საწარმო _ ,,მოირგე''; საინიციატივო ჯგუფი ,,თეატრო მობილეს'' პროექტი _ ,,ფორთოხლისფერი ავტობუსი''; პოლიეთილენის ნარჩენების მართვა _ Plastic Watcher-ი; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი _ ,,ბაბალეს ჭრელი წინდები''; ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი _ ,,ინკლუზიურობა მოდაში''. 

,,მოირგე'' _ პროექტის მიზანია ზესტაფონში, საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობისა და მობილობის გაუმჯობესების მიზნით. 

,,ფორთოხლისფერი ავტობუსი'' _ საინიციატივო ჯგუფის ,,თეატრო მობილეს'' ეს პროექტი მობილური, ადაპტირებული თეატრალური სივრცეა, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით. აქ შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილებისა და მონო სპექტაკლების გამართვა. უფრო ფართო აუდიტორიისთვის კი ღია ცის ქვეშ, წარმოდგენები მოეწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, რათა თეატრი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, სადაც ქუჩის პერფორმანსები და სპექტაკლები გაიმართება. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და ინკლუზიური გარემოს შექმნას. 

Plastic Watcher-ი _ პოლიეთილენის ნარჩენების მართვის ეს პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში გარემოსდაცვით საკითხებზე, პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარებისა და გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით. საწარმოში შშმ პირები დასაქმდებიან. 

,,ბაბალეს ჭრელი წინდები'' _ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ამ პროექტის მიზანია სოციალური საწარმოს შექმნა, რომელიც ბაბალეს ჭრელ წინდებს წარმოებს. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობასა და მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციართა ნახატების გამოყენებით. ამ საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას. 

დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლია ტაბატაძე აცხადებს, რომ ამ პროექტის საშუალებით, საწარმო მთელი წლის განმავლობაში შეძლებს აწარმოოს სწორედ ის წინდები, რასაც საზოგადოება ,,ჭრელი წინდების'' სახელით იცნობს: 

,,უკვე რამდენიმე წელია, რაც ,,ჭრელი წინდების'' კამპანიას ვატარებთ, შარშან პირველად გავაკეთეთ ფანდრაიზინგი და წელსაც, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს _ 21 მარტს, ისევ ფანდრაიზინგს ვაპირებთ, რაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხების გადაჭრას ხმარდება. პროექტი ,,ბაბალეს ჭრელი წინდები'' დაგვეხმარება, რათა წლის განმავლობაში შევძლოთ და გამოვცეთ ჩვენთვის სასურველი დიზანის, ჩვენი გოგო-ბიჭების ნახატებით, ასევე ტურისტებისთვის საინტერესო დიზაინის მქონე წინდები''. 

,,ინკლუზიურობა მოდაში'' _ ადაპტური და საორსულე ტანისამოსის ეს პროექტი გულისხმობს ინოვაციური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. ესაა ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი. შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი ამ ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, ხოლო ტანისამოსს თავად შშმ პირებიც კი შექმნიან. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული, თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ. 

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის დამფუძნებლის, განო მელითაურის განცხადებით, ქართული ადაპტური სამოსის პირველი კოლექცია ხელმისაწვდომი, ან უფასო იქნება შშმ პირებისთვის. მეტიც, მისივე თქმით, შესაძლოა, ეს კოლექცია ევროპის ბაზარზეც ვიხილოთ: 

,,პროექტის იდეა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩემს სამაგისტრო ნაშრომზე დავიწყე მუშაობა. სამი წელი მოვდიოდით ამ გამარჯვებამდე და ვფიქრობ, საქართველოს ბანკისა და ფონდ ,,სიცოცხლის ხის'' ეს პროექტი ძალიან დიდი სტიმულია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდისთვის. რაც შეეხება ინკლუზიურობას მოდაში, თუ განათლების სექტორში გვაქვს ინკლუზიური მიდგომა ანუ სკოლებში ყველა ტიპის ბავშვმა უნდა ისწავლოს, ცხადია, ტანსაცმელიც ისევე საჭიროა ყველასთვის და მათ შორის, შშმ პირებისთვის, როგორც საჭმელი და ჰიგიენა. პარალელურად, ჩავუშვებთ საორსულე ტანისამოსის ხაზსაც, რაც ერთგვარი სიახლე და ინოვაციაა ორსული ქალბატონებისთვის საქართველოში''. 

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც სოციალურ საწარმოებს 2017 წლიდან აფინანსებს. ამ დრომდე, მთლიანობაში, 10 სოციალური საწარმო შეიქმნა, რომელიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში