Menu
RSS

რატომ ვერ განვითარდა დაზღვევის ბაზარი საქართველოში

ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროს დავით ონოფრიშვილთან

თითქმის ორი კვირაა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის წარდგინებით, დავით ონოფრიშვილი ხუთწლიანი ვადით დაინიშნა. ,,ვერსიის'' მკითხველებს შევახსენებთ, რომ 1997 წელს, როდესაც საქართველოში დაზღვევის შესახებ კანონი მიიღეს, მისი ძირითადი ავტორი და ინიციატორი სწორედ დავით ონოფრიშვილი იყო. იქიდან მოყოლებული, ვიდრე 2007 წლამდე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებლად, ცალკე ერთეულად ფუნქციონირებდა. 2007 წელს, ამ უწყების ფუნქციები შეზღუდეს, 2008 წლიდან კი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, კოალიცია ,,ქართული ოცნების'' სახელით, თავისუფალი დემოკრატების მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერი, დავით ონოფრიშვილი დეპუტატი გახდა. პირველი, რაც მან, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, საკანონმდებლო ინიციატივა იყო, რომლითაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო. 

აქედან გამომდინარე, დავით ონოფრიშვილის კანდიდატურა ამ პოსტზე, სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ სამსახურს მართლაც, სერიოზული გამოწვევები აქვს: მოსახლეობის ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს, რათა თითოეული ჩვენგანი მივხვდეთ, რომ დაზღვევა ფინანსური ტვირთი კი არა, არამედ, გარანტიაა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგებისგან დაზღვეული ვიქნებით; ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის, სამართლიანი კონკურენციის პრინციპი არ უნდა დაირღვეს; მომხმარებელთა უფლებებიც დაცული უნდა იყოს და რაც მთავარია, პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ'', რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, სწორედ ამ სამსახურის უშუალო ზედამხედველობით უნდა აღასრულონ ბაზარზე მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა. 

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ,,ვერსიას'' დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი ესაუბრა:

 

_ ბატონო დავით, ამ პოსტზე თქვენი წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ბევრი გამოწვევა გხვდებათ, რასაც უნდა გაუმკლავდეთ. რა არის უმთავრესი პრობლემა, რაც სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ? 

_ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიზი, რათა არსებული გამოწვევების ფონზე დავადგინოთ, რა არის სამსახურის ძლიერი მხარე და სისუსტეები. ამასთან, სამსახური ინსტიტუციონალურად უნდა გაძლიერდეს, რომ საზედამხედველო ფუნქციები უფრო ეფექტურად განახორციელოს. დღეს აქტუალური თემაა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში. ესაა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის ამოქმედება ძალზედ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა უახლოეს სამეზობლოში, რომელსაც ეს კანონი არ აქვს. კარგა ხანია, აზერბაიჯანში, სომხეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს კანონი მოქმედებს, რადგან აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ეხება და იმ რისკების დაზღვევას მოიცავს, რაც მძღოლებს ხვდებათ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას. 

ისიც გამოწვევაა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება დაზღვევის სფეროში მთელ რიგ რეფორმებს ითვალისწინებს, რასაც გარკვეული ვადები გააჩნია. შესაბამისად, აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს და ყველა ის კანონი, რასაც ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს, დროულად მივიღოთ. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას. დაზღვევის სფეროში, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის დაზღვევას ყიდულობენ კომპანიებისგან, პრობლემის შემთხვევაში, როგორც წესი, მოქალაქეები მიმართავენ ჩვენს სამსახურს, რათა ვითარებაში გაერკვნენ. შესაბამისად, ჩვენი სამსახურის ცნობადობის გაზრდა ძალიან აქტუალურია. 

_ რას გულისხმობს კანონი მძღოლების სავალდებულო დაზღვევის შესახებ და რატომ აქამდე არ გვქონდა მიღებული? 

_ ეს კანონი, რომელიც პარლამენტში შევიდა, დაზღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტომობილს მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება, ამიტომ ამ ტიპის დაზღვევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სავალდებულოა. რეალურად, ეს კანონი ერთგვარი მატერიალური გარანტიაა, როგორც მძღოლისთვის და მისი მგზავრებისათვის, ასევე _ დაზარალებული მხარისთვის. რაც მთავარია, ამ ტიპის დაზღვევა, ავტოავარიის შედეგად მიყენებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქონებისთვის მიყენებულ ზიანსაც ფარავს. დაზღვევის ეს ფორმა იცავს დაზარალებულს, რომელსაც მიადგა ზიანი, რადგან ზარალს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს, ხოლო ზიანის მიმყენებელ მხარეს ანუ დამზღვევს მატერიალური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადაზღვევო თანხების მოცულობა, რომელიც დაზარალებულს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს უნაზღაურდება, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, თითოეული დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის გათვალისწინებულია 30 000 ლარი, რომლის ჯამური ლიმიტი 300 000 ლარია; თითოეული დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის გათვალისწინებულია 25 000 ლარი, რომლის ჯამური ლიმიტი 50 000 ლარია. 

_ რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ ავტომობილის მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში? 

_ ეს არის ერთჯერადი, წლიური გადასახადი. წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიხედვით, ასეა განსაზღვრული: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია _ 75-110 ლარი; მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების რაოდენობა (მძღოლის ადგილის გარდა), 8-ს არ აღემატება _ 100-150 ლარი; ავტობუსისთვის, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა (გარდა მძღოლის ადგილისა) 8-ს აღემატება _ 160-240 ლარი; სატვირთო ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება _ 210-310 ლარი; მისაბმელისთვის _ 50-75 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის _ 60-90 ლარი. 

_ არ გგონიათ, რომ ეს თანხა, რომელსაც მძღოლი წელიწადში ერთხელ გადაიხდის, მძიმე ტვირთად დააწვება, განსაკუთრებით, თუ ნაკლებშემოსავლიანია? 

_ არა და ახლავე აგიხსნით, რატომაც: ჯერ ერთი, დაზღვევის ეს ფორმა თითოეული მძღოლის სოციალური პასუხისმგებლობაა, მეორეც _ კანონის არსია მოქალაქის დაცულობა. უფრო კონკრეტულად, ესაა ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად წარმოქმნილი ქონებრივ-მატერიალური, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ერთგვარი გარანტი. მაგალითად, წელიწადში, მსუბუქი ავტომობილის სადაზღვევო პრემია 100-150 ლარია ანუ თვეში, საშუალოდ _ 8-12 ლარი, რაც დღეში 30-40 თეთრი გამოდის. ფაქტობრივად, ავტომობილის მფლობელი ყოველდღიური 30-40 თეთრის სადაზღვევო პრემიის საფასურად, შესაძლო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს, გარანტირებულია საკმაოდ მაღალი, ათასობით ლარის სადაზღვევო ანაზღაურებით. 

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ეს კანონი ნაკლებშემოსავლიანი პირებისთვისაა გათვალისწინებული, რადგან შეძლებული ადამიანები, რომლებსაც ძვირადღირებული ავტომობილები ჰყავთ, საკუთარი სურვილით, ახლაც აზღვევენ ავტომობილებს და მესამე პირის მიმართაც პასუხისმგებლობას. ეს იმ ადამიანების თავის ტკივილი და პრობლემაა, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შესაძლოა, ისეთ მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ თავიანთი დანაზოგების და უძრავი ქონების გაყიდვაც კი დასჭირდეთ. 

_ კანონის მიღების შემდეგ, მოქალაქეები ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში შეძლებენ ავტომობილების დაზღვევას? 

_ ამჟამად, საქართველოს დაზღვევის ბაზარზე 17 კომპანია ოპერირებს. კანონის ფარგლებში, მათი უმრავლესობა ამ პროექტში ჩაერთვება და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას ავტომობილის მფლობელი, საკუთარი სურვილით შეარჩევს. ჩვენი, როგორც ზედამხედველის თხოვნაცა და მოთხოვნაც ასეთია, რომ კომპანიებმა ისეთი ხრიკები არ გამოყენონ, რაც საბაზრო პრინციპებს დაარღვევს და კონკურენციის არათანაბარ პირობებს შექმნის. 

_ კომპანიები ამისთვის მზად არიან? 

_ დიახ, მზად არიან, რადგან მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის ეს სისტემა ამოქმედდეს, თუმცა სადაზღვევო კომპანიები იმისთვისაც არიან მზად, რომ საწყის ეტაპზე, შესაძლოა, მოგება ვერც ნახონ და სულაც, ზარალზე გავიდნენ. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, რადგან ავტოშემთხვევების სტატისტიკა, რომელიც ოფიციალურად გვაქვს, სრულყოფილი მაინც არაა. 

დაფარული ავარიების შემთხვევებიც გაცილებით ბევრია, როდესაც მძღოლები პოლიციას არ ატყობინებენ და ცდილობენ, პრობლემა ერთმანეთში მოაგვარონ. საყოველთაო დაზღვევის პირობებში კი, ავტოავარიების სტატისტიკა ,,გაიზარდება'', რადგან ამ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ზარალი აგინაზღაურონ, ავარიის შემთხვევა უნდა დააფიქსიროთ. ავტოსატრანსპორტო შემთხვევას კი პოლიცია აფიქსირებს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინაა დამნაშავე და ვინ _ დაზარალებული, რადგან სწორედ ამის მიხედვით ხდება დაზღვევის ანაზღაურება. 

როდესაც დაზღვევის ეს ფორმა ამოქმედდება, ერთ წელიწადში, უკვე უფრო ზუსტი სტატისტიკური მონაცემები გვექნება, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და რა ოდენობის კომპენსაცია გაიცა. 

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის'' ამოქმედებიდან ორი-სამი წლის შემდეგ, ის მძღოლები, რომლებიც საგზაო წესებს არ არღვევდნენ და არც ავტოავარია მოუხდენიათ, შედარებითYნაკლები გადასახდელი ექნებათ პრემიის სახით, ხოლო რისკიანი მძღოლებს _ გაცილებით მეტი. ახლა ამაზე საუბარი ნადრევია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, სადაზღვევო შენატანის ბონუს-მალუსის სისტემაც ამოქმედდება, თუმცა როგორც გითხარით, ამას დრო სჭირდება, რამდენიმე წელი უნდა გავიდეს და შესაბამისი სტატისტიკა დაგროვდეს.

იმასაც გეტყვით, რომ კანონის განხორციელების მიზნით, სავალდებულო დაზღვევის ბიურო, სპეციალური ორგანიზაცია შეიქმნება, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლად იარსებებს. ბიუროს ექნება საბჭო, რომელსაც 5 წევრი ეყოლება, მათ შორის, თითო წევრი _ ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, ერთი წევრი _ ჩვენი სამსახურიდან და ორი დამოუკიდებელი პირი იქნება. 

ბიუროს თავისი ბიუჯეტი ექნება, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ გარკვეული პროცენტული ოდენობით. ბიურო ორი, ძირითად, მიმართულებით იმუშავებს, ერთი _ საკომპენსაციო თანხების აკუმულირებაა, რაც სადაზღვევო კომპანიების შენატანი იქნება და აქედან გადაიხდება დაუზღვეველი, ან არარეგისტრირებული მანქანების შემთხვევები, ხოლო მეორე მიმართულება _ პრევენციული ღონისძიებებია. 

_ ბატონო დავით, ბრძანეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მიზნით თქვენს სამსახურში სპეციალური სამმართველოც შეიქმნა. კონკრეტულად, რის გამო მოგმართავენ მოქალაქეები, ან როგორ იცავთ მათ უფლებებს? 

_ მომხმარებელთა უფლებების სამმართველო იმ მოქალაქეებზე მუშაობს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, ან სხვადასხვა ტიპის მომსახურებიდან, რაც იყიდეს ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიაში, თავს გარკვეულწილად, დაზარალებულად თვლიან. გარკვეული პრეტენზიების შემთხვევაში, მოქალაქეები მიმართავენ ჩვენს სამსახურს, სადაც განიხილავენ მათ საქმეებს, ამის შემდეგ, კომპეტენტური პირები აძლევენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს და აკვალიანებენ. ჩვენს სამსახურს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება აქვს. 

არის შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანიები ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ფიქსირდება, როდესაც დავა სასამართლოში გრძელდება. ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც მოქალაქეს ოფიციალურად გადაეცემა, სასამართლოში დავის დროს, დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს. 

_ ძირითადად, რა ტიპის დაზღვევის გამო ჩივიან მოქალაქეები? 

_ ხშირად _ ჯანმრთელობის დაზღვევის გამო, ამის შემდეგ ავტომობილის დაზღვევა მოდის, რადგან დაზღვევის ეს ფორმები უფრო გავრცელებულია. 

_ ბატონო დავით, რატომ ვერ განვითარდა დაზღვევის ბაზარი საქართველოში, რატომ გახდა აუცილებელი, რომ იგივე, ჯანმრთელობის დაზღვევაში, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, სახელმწიფო ჩარეულიყო? 

_ საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ერთი, სახელმწიფო დაზღვევა არსებობდა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარება დაიწყო. დასაწყისში, სადაზღვევო ბაზარმა თითქოს კარგად აუწყო ფეხი საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ სხვა მიღწევებთან შედარებით, დაზღვევა მაინც ჩამორჩება ქვეყნის განვითარების საშუალო ტემპებს _ დაზღვევა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3%-ზე მეტს შეადგენს. 

სამწუხაროდ, დაზღვევის სახეობებიც კარგად ვერ განვითარდა. მაგალითად, თუ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო არ იქნებოდა, არცერთი კომპანია არ დაზღვევდა ავტომობილს, რადგან ტექნიკურად გაუმართავი მანქანის დაზღვევას საკუთარ თავზე არავინ აიღებდა. ყველამ კარგად იცით, რომ ტექდათვალიერება სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმდა, თუმცა არ უფიქრიათ, რომ ავტომობილების სავალდებული ტექნიკური შემოწმება მხოლოდ დაზღვევის ბაზრის განსავითარებლად კი არაა საჭირო, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხო ავტომობილისა და ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად გვჭირდებოდა. 

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრი დაიწვა და აღმოჩნდა, რომ მფლობელებს, რომლებსაც ამ სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტები იჯარით ჰქონდათ აღებული, დაზღვევა არც კი უფიქრიათ. ახლა ეს უკვე სავალდებულო დასაზღვევია. 

ჩვენი სამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის ერთობლივი საზრუნავი სწორედ ისაა, რომ ცნობადობა გავზარდოთ და ადამიანებმა დაზღვევის სიკეთე რეალურად გაიგონ. დიახ, დაზღვევა ერთგვარი, ფინანსური ხარჯია, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ეს ხარჯი, რასაც დაზღვევაში იხდით, იმ რისკებისგან გიცავთ, რაც თქვენი ჯანმრთელობის, ავტოავარიის, ხანძრის, ან სხვა შემთხვევაში დგება.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში