Menu
RSS

გალტ & თაგარტმა ენერგოსექტორის კვლევა წარადგინა

ენერგოკონფერენცია _ პლატფორმა მარეგულირებლების, კერძო კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის!

22 თებერვალს, სასატუმრო ,,თბილისი რუმსში'', გალტ & თაგარტმა კონფერენცია გამართა. კომპანიამ ფართო აუდიტორიას საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები გააცნო. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები.

გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორის, ოთარ შარიქაძის განცხადებით, კვლევაში დეტალურადაა განხილული ენერგეტიკის დარგის საკვანძო საკითხები _ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში მიმოხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ პოტენციურ შედეგებზე. მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უკავშირდება: 

,,პირველ რიგში, მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტი უკვე მეორედ ატარებს ამ ტიპის კონფერენციას. რეალურად, მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ ენერგეტიკაზე მოთხოვნა იზრდება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება და შესაბამისად, ეს ზრდა ენერგეტიკის მოთხოვნის ზრდაზეც აისახება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგულაციები იცვლება, რაც ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ასოციაციის შეთანხმებას და ვალდებულნი ვართ, ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას მოვარგოთ. ცხადია, ამ პროცესს სხვადასხვა კითხვა მოჰყვა და გადავწყვიტეთ, სექტორის კვლევა ჩაგვეტარებინა. ახლა კონფერენციას ვმართავთ, სადაც მოვიწვიეთ, როგორც მარეგულირებლები, ასევე ენერგეტიკის მწარმოებლები და დამფინანსებლები, რათა ამ ტიპის პლატფორმა სამივე მხარემ გამოიყენოს. ჩვენი მოლოდინი ოპტიმისტურია, მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკას საქართველოში დიდი მომავალი აქვს და რეგულაციებიც, რომლებიც ნელ-ნელა შემოვა, სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს'', _ განაცხადა ოთარ შარიქაძემ. 

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის, მოსალოდნელია მისი გაორმაგება. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორცილებით, საქართველო არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას შეძლებს, არამედ ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება. 

გალტ & თაგარტის მოსაზრებით, ამჟამად, დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები საბოლოო შეფასებისას, ტექნიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი არც კი აღმოჩნდეს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პროექტების იდენტიფიცირებისას არსებული საინვესტიციო გარემო, დღევანდელისგან განსხვავებულია. გალტ & თაგარტის მოსაზრებით, სექტორში მიმდინარე რეფორმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ბაზრის ახალი სტრუქტურა, ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან სექტორის აქტიური მონაწილეები: 

,,გვსურს, კერძო სექტორმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე იმსჯელონ. გვინდა, მოწვეულ სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ აღიქვამს კერძო სექტორი, ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს''. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, ენერგეტიკა ერთ-ერთი, დინამიურად განვითარებული სფეროა საქართველოში. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა მზარდია და არსებულ გამოწვევებს სექტორმა სათანადოდ უნდა უპასუხოს: 

,,შესაქმნელია ახალი სიმძლავრეები, რა მიმართულებითაც გვაქვს მცირე ჩამორჩენა. თუმცა საქართველოს ბანკი ამას ქმედითი ნაბიჯის გადადგმით პასუხობს და სექტორს გრძელვადიან დაფინანსებას სთავაზობს. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავრობის მხრიდან მივესალმებით იმ რეფორმების დაჩქარებას, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით ხორციელდება, მაგრამ სასურველია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. სახელმწიფოს მიდგომა ენერგეტიკის დარგის მიმართ სავსებით სწორია, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს. ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ხანგძლივი პერიოდი სჭირდება, მაგრამ ამ მხრივ, ქარის ენერგიის გამოყენება გამონაკლისია, რადგან პროექტები, რომლებიც მზადაა ასაშენებლად, შეიძლება საკმაოდ სწრაფად, დაახლოებით, წელიწადნახევარში აშენდეს''. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში