Menu
RSS

საოპერაციო ლიზინგი _ ავტოსესხების რეალური ალტერნატივა!

თიბისი ლიზინგი ავტომფლობელებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი ანუ ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა, ავტოსესხების ერთადერთი, რეალური ალტერნატივაა. ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ვაკეში, თიბისი ლიზინგის ოფისში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე გაცხადდა, ჩვეულებრივ ავტოსესხებთან შედარებით, საოპერაციო ლიზინგი 30%-დან 40%-მდე იაფი პროდუქტია.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, თიბისი ლიზინგი ბაზრის 70%-ს ფლობს. მისი თქმით, თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია, ავტომფლობელებს ახალ, ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს: ,,თიბისი ლიზინგი საქართველოში, ლიზინგის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. ამიტომ ჩვენთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველად საქართველოში, თიბისი ლიზინგმა კერძო და იურიდიული პირებისთვის, ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული პროდუქტი შექმნა. ეს არის საოპერაციო ლიზინგი, იგივე ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ნებიმიერი დისკომფორტი თიბისი ლიზინგს გადააბაროს და ავტომობილისგან მხოლოდ სიამოვნება მიიღოს''.
თიბისი ლიზინგის ხელმძღვანელმა, გაგა გოგუამ განმარტა, რომ კომპანიის უმთავრესი ამოცანა, ევროპასა და ამერიკაში კარგად აპრობირებული, ხოლო საქართველოში ინოვაციური პროდუქტების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაა. მისივე თქმით, იმავდროულად, კომპანიის ძირითადი ამოცანა სოციალური პასუხისმგებლობაა: ,,ჩვენთვის მთავარია, მომხმარებლებს ავტოპარკის განახლებაში დავეხმაროთ. ამიტომ ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომლითაც ახალი ავტომობილის შეძენას შეძლებენ და ამით ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებენ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეიძინოს ახალი ავტომობილი, რათა საქართველოს ბაზრიდან მეორადი ავტომობილები გაქრეს''.
თიბისი ლიზინგის წარმომადგენელმა, ლევან აბაშიძემ ინოვაციური პროდუქტის დეტალები განმარტა. მისი თქმით, საოპერაციო ლიზინგის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს დაფინანსებას მისთვის სასურველი ახალი ავტომანქანის ცენტრიდან გამოსაყვანად, რომელიც მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში, მის მფლობელობაში იქნება, ხოლო ავტომობილის მოვლის პასუხისმგებლობას თიბისი ლიზინგი საკუთარ თავზე აიღებს: ,,მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერი, მისთვის სასურველი სერვისი აირჩიოს, რომელიც მანქანის მოვლასა და ექსპლოატაციას სჭირდება და რომელსაც თიბისი ლიზინგისგან მიიღებს. ეს სერვისებია: ავტომობილის მოვლა-შენახვა; საბურავების მართვა; დაზღვევა; გზაზე დახმარება; მძღოლის მომსახურება (რეცხვა და საწვავის ავზის შევსება); სათადარიგო ავტომობილი. საოპერაციო ლიზინგს, ერთდროულად, რამდენიმე უპირატესობა აქვს, რადგან მომხმარებელი სრულიად ახალ ავტომობილს იღებს; თავიდან ირიდებს ყველანაირ ხარჯსა და დისკომფორტს, რომელიც ავტომობილის ფლობას უკავშირდება, მათ შორის, შეკეთებას, მოვლას, დაზღვევას; ყოველთვიური შენატანი 30%-40%-ით ნაკლებია, ვიდრე ავტოსესხის შემთხვევაში; ხელშეკრულების პერიოდის ბოლოს, შესაძლებელია, ავტომობილის დაბრუნება, რაც მისი გაყიდვის პრობლემას ხსნის, ან ნებისმიერი, სასურველი საავტომობილო ცენტრიდან, ახლით ჩანაცვლება''.
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ამისათვის საჭიროა, შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე _ www.tbcleasing.ge მარტივი, ონლაინგანაცხადი შეავსოთ, დაუკავშირდეთ თიბისი ლიზინგის ქოლ-ცენტრს ნომერზე: 2 122 111.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში