აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძლიერი და სწორი ამერიკული და უკრაინული ლიდერობით, რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ძალადობრივი და საშინელი, რომელიც ძლიერი, სწორი ამერიკული და უკრაინული ლიდერობით არასოდეს მოხდებოდა. ის დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე მე მეორე ვადით თანამდებობას დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და მხოლოდ გაუარესდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყალბი და მოპარული თუ არ იქნებოდა, ერთადერთი, რაც რადიკალურ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, არ იარსებებდა უკრაინა-რუსეთის ომი, როგორც არ არსებობდა, თუნდაც მინიშნებაც კი, ჩემი პირველი ვადისას თანამდებობაზე ყოფნის დროს. პუტინი არასოდეს დაესხმებოდა თავს. მხოლოდ მაშინ, როცა მძინარე ჯო მოქმედებაში დაინახა, თქვა: „ახლა ჩემი შანსია“. დანარჩენი ისტორიაა და ასე გრძელდება. მე მემკვიდრეობით მერგო ეს ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც წამგებიანია ყველასთვის, განსაკუთრებით იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ასე დაიღუპნენ. უკრაინის „ლიდერებმა“ ნულოვანი მადლიერება გამოხატეს ჩვენი ძალისხმევისადმი და ევროპა აგრძელებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. აშშ აგრძელებს იარაღის მასიური თანხებით მიყიდვას ნატო-სთვის, უკრაინაში გასანაწილებლად (კორუმპირებულმა ჯომ ყველაფერი უფასოდ მისცა, მათ შორის „დიდი“ ფული)“, – წერს დონალდ ტრამპი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაშია აღნიშნული, დელეგაციას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრე ერმაკი ჩაუდგება სათავეში. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შევლენ: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
უკრაინული დელეგაციის წევრები აგრეთვე არიან: საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის რადის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ოლექსანდრ პოკლადი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსანდრ ბევზი.
ფანტაზიაა, თითქოს უკრაინას თუ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება მოახლოვდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.
მისი თქმით, მშვიდობას ვერ დაამყარებენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ.
„ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ უნდა შეაჩეროს მკვლელობები და უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი, იყოს მისაღები როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის, მაქსიმალურად შეამციროს ომის ხელახლა დაწყების რისკი. ყველანაირი კრიტიკა იმ სამშვიდობო ჩარჩოს მიმართ, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს, ან წარმოადგენს ამ ჩარჩოს არასწორად გაგებას, ან არასწორად აღწერს არსებულ რეალობას ადგილზე.
არსებობს ფანტაზია, თითქოს თუ უკრაინას მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება ახლოსაა. მშვიდობას ვერ დაამყარებენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ. ის შეიძლება, დამყარდეს გონიერ ადამიანთა მიერ, რომლებიც რეალურ სამყაროში ცხოვრობენ“, – წერს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის შესახებ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას NBC News-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, გეგმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, გეგმის შედგენაში ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.
„გეგმის საკვანძო ნაწილს ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა წარმოადგენს, რათა გრძელვადიანი მშვიდობა შენარჩუნდეს. ის გულისხმობს აგრეთვე მყარი მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის იმის გადაცემას, რაც მას სჭირდება“, - ციტირებს ტელეარხი ამერიკელ მაღალჩინოსანს.
ამერიკელმა ჩინოვნიკმა გეგმის დეტალები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ჯერ დახვეწას და საკვანძო მხარეების მიერ განხილვას საჭიროებს.
აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა NBC News-ს განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო ჯერ უკრაინელებს უნდა წარედგინოს. ამასთან, მასზე მუშაობის დასრულების ვადები უკრაინაში ამერიკის სამხედრო დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა.
ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დაფინანსების შესახებ კანონს ხელი მოაწერა და ამრიგად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დაასრულა.
ტრამპის ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 222 ხლით 209 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომლის წყალობითაც, სულ მცირე 2026 წლის იანვრის ბოლომდე ფედერალურ მთავრობას ფული ექნება.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ხელმოწერის წყალობით ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც 43 დღე არ მუშაობდნენ, სამუშაო ადგილებს უკვე დღეიდან დაუბრუნდებიან, თუმცა რამდენად სწრაფად აღდგება სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ჯერ უცნობია.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს განმეორდეს. ქვეყნის მართვა ასე არ შეიძლება“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელმოწერის დროს.
აშშ-ში ე.წ. შათდაუნი, რა დროსაც მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს, 1 ოქტომბერს გამოცხადდა, როცა „დემოკრატმა“ სენატორებმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. ის 10 ნოემბერს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
7 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ხატაბი, აშშ-ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილი პირების რეესტრიდან ამოიღეს. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.
თერთმეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით ამბოხებულთა ალიანსმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ტრამპი შარაას მაისში, ერ-რიადში ვიზიტის დროს შეხვდა.
4 ნოემბერს, კალიფორნიაში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში და ვირჯინიაში გუბერნატორების და შტატის გენერალური პროკურორების არჩევნები ჩატარდა, სადაც დემოკრატებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მათ გაიმარჯვეს ისეთ შტატებში, სადაც გასულ წლებში რესპუბლიკელებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოზიციები — განსაკუთრებით ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში.
დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ნიუ-იორკში ზოჰრან მამდანის შთამბეჭდავი გამარჯვება გახდა. ამით მან დასრულდა წინა მერის ენდრიუ კუომოს პოლიტიკური კარიერა და ქალაქის პირველი მუსლიმი მერი გახდა.

ვინ არის ზოჰრან მამდანი?
ზოჰრან კვამე მამდანი 1991 წლის 18 ოქტომბერს უგანდაში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში. დედა პროფესიით კინორეჟისორია, ხოლო მამა კოლუმბიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი. ის ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემის კურსდამთავრებულია, სწავლობდა ბრონქსის სამეცნიერო უმაღლეს სკოლაში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი აფრიკული კვლევების მიმართულებით ბოუდინის კოლეჯში. 2018 წელს მამდანი გახდა ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე.
ის იყო თავისი სკოლის პირველი კრიკეტის გუნდის თანადამფუძნებელი. მოგვიანებით კოლეჯში შექმნა ორგანიზაცია Students for Justice in Palestine, ხოლო შემდგომში ჩაერთო სხვადასხვა მოძრაობაში, რომლებიც იბრძოდნენ არჩევნების დემოკრატიზაციისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის.
პოლიტიკოსობამდე ის რეპერი იყო და Mr. Cardamom-ის სახელით იცნობდნენ. 2016 წელს "დისნეის" ფილმისთვის Queen of Katwe, მუსიკა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის რეჟისორი, მამდანის დედა, მირა ნაირია. კიდევ ერთი სიმღერა კი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მან ბებიას მიუძღვნა.
ასევე ის მუშაობდა იპოთეკური სესხის დაკარგვის თავიდან აცილების კონსულტანტად, სადაც ეხმარებოდა დაბალშემოსავლიან ფერადკანიან ოჯახებს ქუინსის მასშტაბით, რათა მათ თავიდან აეცილებინათ გამოსახლება და შეენარჩუნებინათ თავიანთი საცხოვრებელი. მამდანი წერს, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა საჯარო სამსახურისკენ, როგორც თავად ამბობს, ბანკებთან ყოველდღიურმა მოლაპარაკებებმა დააფიქრა იმაზე, რომ საცხოვრებელი კრიზისი ბუნებრივი მდგომარეობა კი არა, ეკონომიკური და პოლიტიკური არჩევანია.
მისი თქმით, აღნიშნული კრიზისი ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული პროკორპორაციული პოლიტიკის შედეგია, თუმცა ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა შეცვალოს.
მამდანი წელს 27 წლის სირიელ-ამერიკელ მხატვარზე, რამა დუვაჯიზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი Hinge-ის საშუალებით გაიცნეს. ისინი ახლა ქუინსის ასტორიას უბანში ცხოვრობს.

ის ამაყობს, რომ არის პირველი სამხრეთ აზიელი მამაკაცი, პირველი უგანდელი და მხოლოდ მესამე მუსლიმი, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრი გახდა.
როგორც თავად აღნიშნავს, მისი მისიაა გააძლიეროს ის ხმები, რომლებიც ხშირად ვერ ისმის, განსაკუთრებით იმ თემების, რომლებიც ისტორიულად არ მონაწილეობდნენ შტატის პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.