დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დონალდ ტრამპმა ფიცი დადო ორ ბიბლიაზე: ერთი, რომელიც მას დედამ აჩუქა და ლინკოლნის ბიბლიაზე, რომელიც გამოიყენა რამდენიმე სხვა წინა პრეზიდენტმა - აბრაამ ლინკოლნმა 1861 წელს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის გამო ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
ინაუგურაციის ცერემონიაზე საზოგადოების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპისკენ და მისი ჩაცმის სტილისკენ იყო მიმართული.
მელანიამ ამერიკელი დიზაინერების სამოსზე შეაჩერა არჩევანი მას ამერიკელი დიზაინერის ადამ ლიპსის მუქი ლურჯი კლასიკური სამოსი ეცვა, რომელსაც Eric Javits-ის ქუდი შეუსაბამა.
აღსანიშნავია, რომ მელანია ყოველთვის ევროპელი დიზაინერების სამოსს ატარებს. ამიტომ მისი ეს ჩაცმულობა ერთგვარ განაცხადად და ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერად მიიჩნიეს.

დონალდ ტრამპის მიერ ფიცის დადების შემდეგ გაიმართა ე.წ. თავისუფლების ბალი, რომელიც ინაუგურაციის შემადგენელი ნაწილია. როგორც ამერიკული მედია წერს ახალ პრეზიდენტს ამჯერად საცეკვაო ფეხსაცმლის მორგება მოუწია. ღონისძიებაზე კვლავინდებურად თვალისმომჭრელი იყო პირველი ლედი მელანია, რომელიც ამჯერად შავ-თეთრ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ბრწყინავდა "ოდრის კაბაში" გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. ელეგანტურად და ტრადიციული უბრალოებით გამოიყურებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა. აღსანიშნავია, რომ ბალს არ დაესწრო ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონი.

ივანკა ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ბალზე სპეციალურად მისთვის შექმნილი 1954 წლის ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის რეპლიკა მოირგო.
პრეზიდენტის 43 წლის ქალიშვილი თავის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ვაშინგტონში, ბალზე რომანტიკული ცეკვის დროს გამოჩნდა.
ივანკამ თეთრი, ელეგანტური, სამოსი მოირგო - გრძელი, თავისუფალი კაბა შავი ყვავილოვანი დეტალებით იყო გაფორმებული. ეს კაბა ჰუბერტ დე ჟივანშის 1954 წლის ოტ კუტიურის შავ-თეთრი კაბის რეპროდუქცია იყო, რომელიც თავდაპირველად ოდრი ჰეპბერნისთვის ფილმ „საბრინაში“ შეიქმნა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ივანკასთვის "დიდი პატივი იყო ამ კაბის ტარება" და მადლიერება გამოხატა ჟივანშის გუნდსა და არნოს ოჯახის მიმართ „ორიგინალური ხელოვნების სილამაზის ზუსტი აღდგენისა და ოსტატობისთვის.“
"ოდრი ჰეპბერნი ივანკას დიდი ხანია შთააგონებს" - განაცხადეს მათ "მისთვის განსაკუთრებული პატივია მისი მემკვიდრეობის ამ გზით დაფასება, ხოლო ჟივანშის გუნდს მადლობას უხდის ამ დაუვიწყარი მომენტის შექმნისთვის".

ივანკას გრძელი ქერა თმა მჭიდროდ შეკრული ჰქონდა და სამოსი შავი ხელთათმანებითა და ბრწყინვალე ბრილიანტის ყელსაბამით დაამშვენა.
რაც შეეხება ჯარედს, იგი კლასიკურ შავ სმოკინგში იყო ჩაცმული.
წყვილი განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანდა ცეკვის დროს. ერთ-ერთ ფოტოში ისინი თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ხოლო ივანკას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
წყვილს დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე უშა ვენსი, ივანკას და ტიფანი ტრამპი თავის მეუღლესთან, მაიკლ ბულოსთან ერთად და ერიკ ტრამპი თავის ცოლთან, ლარა ტრამპთან ერთად შეუერთდნენ.
ტიფანი, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ნაცრისფერი კაბით წარდგა, ხოლო ლარამ წითელი კაბა მოირგო.
ივანკა დღის სხვა ღონისძიებაზეც ელეგანტურად გამოიყურებოდა.
ინაუგურაციის ცერემონიაზე იგი მწვანე კოსტიუმით წარდგა, რომელზეც შავი ფეხსაცმელი, გამჭვირვალე შავი წინდები, ტყავის ხელთათმანები და ბერეტის სტილის ქუდი მოირგო. თმა კი მოდური ფრანგული კვანძის სახით ჰქონდა შეკრული.
მხარზე "ლედი დიორის" ჩანთა ეკიდა, რომლის ფასი 5900 დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იყო, ივანკას ვაჟებმა, 10 წლის ჯოზეფმა და 8 წლის თეოდორმა, ყურადღება მიიქციეს.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, სადაც ბიჭები წმინდა იოანეს ტაძარში ინაუგურაციამდე გამართულ მსახურებაზე იძინებენ. ერთ-ერთ ფოტოში უფროსი ვაჟი დედას ეყრდნობა და სძინავს, ხოლო მისი ძმა დაძინებას აპირებს.

სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.
ერდოღანმა ყველას დაზარალებული მოქალაქეებისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს, მედიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა – 51.
კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მთის ფერდობთან არის განლაგებული, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.
აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყოველი ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვრის შუადღიდან იწყება. ასევე 20 იანვარს, იმართება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია. ბოლო წლებში პრეზიდენტებმა ფიცი დადეს უზარმაზარი დროებით პლატფორმაზე, რომელიც კაპიტოლიუმის თვალწარმტაც მდელოზე განთავსდა და ეროვნულ სავაჭრო ცენტრს გაჰყურებს. ყველაზე ხშირად, ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იბარებს. ორშაბათსაც ჯონ რობერტსი მეორედ მიიღებს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან ფიცს. ტრადიციის მიხედვით ახალი პრეზიდენტი ასევე გამოდის საინაუგურაციო სიტყვით, რომელშიც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავის გეგმებზე საუბრობს. 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მეტად მძიმე გამოსვლით დაიწყო, რომელშიც „ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე“ გამახვილდა ყურადღება. 20 იანვარს ფიცს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დადებს.
წელს ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ხვალ ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მილიარდერები ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი, ასევე ჩინური სოციალური ქსელების გიგანტის, „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი, შოუ ზი ჩუ.
ასევე ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი და წარმავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო სახელმწიფოს მეთაურებს, როგორც წესი, არ იწვევენ, მაგრამ ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია და იტალიისა და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი მიიპატიჟა. ჩამოთვლითაგან ამჟამად მხოლოდ მელონიმ დაადასტურა, რომ ინაუგურაციას დაესწრება.
ვაშინგტონში იმყოფება და ცერემონიას კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ფიცის დადების ცერემონიაზე ცნობილი მომღერალი, ქერი ანდერვუდი შეასრულებს "America the Beautiful“-ს.
დონალ ტრამპი, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოსთვის დაგეგმილ სამივე ოფიციალურ საინაუგურაციო გალა-კონცერტს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ათზე მეტი სხვა ღონისძიება. გალა-კონცერტების გარდა, ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონის Capital One Arena-ზე, ტრამპი გამართავს აქციას სახელწოდებით, „კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“.
აშშ-ში TikTok მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. 2025 წლის 19 იანვარს, ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის გამოყენებას. პლატფორმა აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციას აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციას ხსნიან, შემდეგი შეტყობინება ხვდებათ:
"ბოდიში, TikTok ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ დარჩით ხაზზე."
თეირანში, სასამართლოს შენობასთან სროლის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოჰამად მოგისე და ალი რაზინი დაიღუპნენ, ერთი მოსამართლე კი დაიჭრა. ირანული მედიის ინფორმაციით, ალი რაზინი და მოჰამად მოგისე თავდასხმის მსხვერპლნი თავიანთ ოფისში გახდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა უზენაესი სასამართლოს მრჩეველი, რომელიც მაგიდის ქვეშ დაიმალა.
სააგენტო IRNA ინფორმაციით, მოსამართლეებზე თავდამსხმელმა დაკავებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასევე წინასწარი ცნობით, თავდამსხმელი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს ვიზიტორი და სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.
ირანის ხელისუფლება თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მოკლული მოსამართლე მოჰამა მოგისე პოლიტპატიმრების საქმეებს განიხილავდა. აშშ-სა და ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. მას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მეორე დაღუპული მოსამართლე ალი რაზინი 1998 წელს თავდასხმას გადაურჩა, მაშინ მის ავტომობილში ბომბი დაამონტაჟეს.
მოკლული მოსამართლეები ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მუშაობდნენ.