საჯარო გამოკითხვის თანახმად, გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა არ სურს. Verian-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გრენლანდიელების მხოლოდ 6% ემხრობა აშშ-ის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო 6% გადაუწყვეტელია.
მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორია - გრენლანდია ამერიკის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამიტომ, მან დანიის ხელისუფლებას მოუწოდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე კონტროლი ამერიკას დაუთმოს. ამ განცხადებას, დანიის მხრიდან პროტესტი და, როგორც ჩანს, კუნძულის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების მიუხედავად, ამერიკის კონგრესში დაიწყეს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ქვეყნის მიერ გრენლანდიის გამოსყიდვას გულისხმობს. თუ კონგრესმა ეს კანონპროექტი მართლა მიიღო, დონალდ ტრამპი დანიის სამეფოსთან ამ თემაზე ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნის უფლებას მიიღებს. თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დანიისგან თანხმობას მიიღებს, ის ვალდებული იქნება გადაწყვეტილების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ხუთი დღის განმავლობაში აცნობოს.
ტრამპმა გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს დაწყებული საუბარი ბოლო პერიოდში გააცოცხლა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის გრენლანდიის ყიდვა სურს. გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომელიც დღეს დანიის შემადგენლობაში შედის და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს.
სამხედრო დანიშნულების ამერიკული ობიექტების არსებობის გარდა, გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კუთხითაც. გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ძევს, მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობი 2.2 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მაჩვენებლით, ტერიტორიულ ერთეულებს შორის გრენლანდია მეათე ადგილს იკავებს და ფართობით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, უკრაინა, საფრანგეთი და ესპანეთი.
თუმცა უკიდეგანო ფართობის მიუხედავად, გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული, რაც იქ არსებულ კლიმატს უკავშირდება, რომელიც მაქსიმალურ პირობებში -66°C აღემატება. ყინულის გამო, გრენლანდიაზე დედამიწის მტკნარი წყლის რეზერვის 8% არის კონცენტრირებული, მაგრამ გლობალური დათბობის გამო, რომელიც კუნძულზე უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე სხვა ადგილებში, გრენლანდიაზე არსებული ყინული სწრაფად დნება. გეოგრაფიულად, გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკას მიეკუთვნება, მაგრამ ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის.
დანიისგან გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე დონალდ ტრამპმა პირველად 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, მაგრამ იმ დროს ეს ნათქვამი სერიოზულად არავინ აღიქვა, ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იდეა აბსურდული იყო, ხოლო კუნძული არ იყიდებოდა.
გრენლანდია, მართალია, დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, მაგრამ კუნძულს საკუთარი ავტონომიური მთავრობა ჰყავს, რომელიც 2009 წლის აქტით შეიქმნა. მიმდინარე წელს, გრენლანდიამ საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კუნძულს, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკასთან მინერალების ვაჭრობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო საკითხებში საკუთარი როლის გაზრდა სურს.
ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველ რამდენიმე საათში ათობით ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ათობით ის განკარგულება გააუქმა, რომელზედაც მისი წინამორბედი, დემოკრატი ჯო ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს მიიღო — 2021 წლის ექვს იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიშისთვის ბრალდებული 1,500-მდე ადამიანის შეწყალება იყო. დემოკრატები ამ მოვლენას ამერიკული დემოკრატიის შავ დღედ და სახელმწიფო გადატრიალების, ხოლო რესპუბლიკელები ამერიკული პატრიოტიზმის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა მისი მოკავშირეები ფედერალური სასჯელებიდან გაათავისუფლა, რითაც, როგორც თავად ამბობს, სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ბოლო მოუღო.
დონალდ ტრამპმა ასევე გააუქმა ჯო ბაიდენის რამდენიმე განკარგულება, მათ შორის ის, რომლითაც აშშ-დან ადამიანის დეპორტაციის წინაპირობა მხოლოდ ის იყო, თუკი მას საზღვარზე დააკავებდნენ, ის სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენდა ან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა. ამრიგად, დეპორტაციას ახლა ყველა არალეგალი იმიგრანტი ექვემდებარება. ამ პოლიტიკის მეტად ეფექტიანად გასატარებლად, აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო ტერიტორიაზე მალე ამერიკული ჯარი განთავსდება.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასევე უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ის არ აღიარებს. შედეგად, აშშ-მ უკვე მეორედ დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ანუ ტრამპმა ის გაიმეორა, რაც პირველად 2017 წელს ვიხილეთ. საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი წიაღისეულის ინდუსტრიის აღორძინება იწყება, რაც ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული კომპანიები ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდიან, რაც გლობალურ სანავთობო ბირჟაზე საწვავის ფასს შეამცირებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს OPEC-ის სხვა წევრ სახელმწიფოებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან და რუსეთთან მიმართებით მოგებიან პოზიციაში ჩააყენებს. ჭაბურღილების გათხრა და ნავთობის მოპოვების გაზრდა, როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი დაპირებაა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა გუშინ მიიღო ქვეყანაში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის აკრძალვას უკავშირდება და აკრძალვა 75 დღით გადავადდა. ჩინურმა ByteDance-მა მისი კომპანიისთვის ამერიკელი მყიდველი უნდა იპოვოს, რათა ბიზნესი მას გადააბაროს.აპლიკაციის პოტენციურ მყიდველებს შორის განიხილება, როგორც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი მარკ ზაკერბერგი, ასევე Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი.
დონალდ ტრამპის გუშინდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად დაფუძნდა “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი”, რომლის ხელმძღვანელი ილონ მასკი იქნება. DOGE-ის აკრონიმით ცნობილი ორგანიზაცია არ არის ტიპური დეპარტამენტი, ანუ სამინისტრო, რადგან ის არის არა კონგრესის მიერ აღიარებული საკონსტიტუციო უწყება, არამედ პრეზიდენტის ოფისთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მანდატი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება იქნება. ამ მხრივ, მთავარ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ უნდა ველოდოთ, მაგრამ ფედერალურ უწყებებში ახალი კადრების აყვანაზე პრეზიდენტმა მორატორიუმი უკვე გუშინ გამოაცხადა.