სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
აღნიშნული დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდვრის სოუსი და 560 ქილა აჯიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი პირის პროცესი გაიმართა. ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ, რის შემდეგაც სასამართლო რეპლილკების ეტაპზე გადავა.
ავალიანის სამეზე სამართალდამცავებმა, ჯამში, 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
მათივე განცხადებით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი. ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.
კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებების ეფექტიანი მუშაობისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, წლიდან წლამდე მცირდება ბზის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შემთხვევები. ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძირითადად ერთეული ფაქტები ფიქსირდება, ხოლო მოქალაქეები სულ უფრო ხშირად არჩევანს კანონიერად მოპოვებულ ბზაზე აჩერებენ.
ბზის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გასცემს.