ყველა ადამიანს აქვს ხუშტური და ხასიათის თავისებურება. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით რთულია მისი ხასიათისა და გუნება-განწყობის გამოცნობა. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ძირითადად ასეა. მაგალითისთვის მეცნიერები ავიღოთ, რომლებიც კაცობრიობას ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ, მაგრამ ოჯახის წევრები მათ უცნაურ ხასიათზე ხმამაღლა არა, მაგრამ მაინც საუბრობენ.
ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ერთ-ერთ გამოჩენილ მეცნიერს ეხება, მისი აღმოჩენები თუ წიგნები დღემდე სახელმძღვნელოა და არა მარტო ქართველებისთვის. სინამდვილეში, ბევრმა არ იცის, რომ ეს ადამიანი ძალიან, ძალიან რთული ხასიათის იყო და მხოლოდ მეცნიერებაზე ფიქრობდა, ყველაფერი დანარჩენი კი, უბრალოდ, არ აინტერესებდა და ადამიანებსაც კი, მეცნიერების დამხმარე ატრიბუტად თვლიდა.
პოლიციის განყოფილებაში ქალბატონი მივიდა და განცხადა, რომ მამამთილი დაკარგა.
„ყველაფერი ერთი კვირის წინ დაიწყო. მოულოდნელად, მამამთილი გამოგვეცხადა, რომელმაც გვითხრა, რომ საკუთარი მემკვიდრეობა სურდა შვილისთვის დაეტოვებინა. შვილი ჩემი ქმარია, ჩვენ შვილიც გვყავს ანუ იმ კაცის შვილიშვილი. ჩემმა მეუღლემ მამა ცივად მიიღო. საქმე ის გახლავთ, რომ როცა დაიბადა, მამა ოჯახიდან უკვე წასული გახლდათ. ის მეცნიერია, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი. თურმე, ჩემი დედამთილი მასთან ლაბორანტად მუშაობდა, ურთიერთობაც ჰქონდათ და მერე, როცა კაცმა გაიგო, რომ ქალი ორსულად გახლდათ, მიატოვა და რუსეთში წავიდა. აქამდე მასზე არაფერი გვსმენია, ახლა კი, მოულოდნელად გამოგვეცხადა, მოხუცებულია, საკმაოდ მოტეხილი, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება. მას სურს, რომ თბილისში არსებული ბინა და მოსკოვის სახლი დაგვიტოვოს. ქმარს რომ ესაუბრა, დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა, რადგან ის, როგორც ძაღლს, ისე ელაპარაკებოდა, ეუბნებოდა, აქამდე სად იყავი, ახლა, ალბათ, მოვლა გჭირდება და იმიტომ გამოჩნდიო. არადა, მას მოვლა აშკარად არ სჭირდება. ჰოდა, სამი დღეა, ჩემი მამამთილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. არ ვიცით, სად არის, სად ვეძებოთ. ჩემს ქმარს ბიზნესი აქვს, დიდი სახლი გვაქვს და მამამთილი ჩვენთან რჩებოდა, თუმცა სამი დღეა, გაქრა“, - განაცხადა ქალმა.
რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა მუშაობა მაშინვე დაიწყეს. გამოჩენილი მეცნიერის გაქრობა (იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელი რუსეთში მოღვაწეობდა), უბრალო საქმე არ იყო. პირველ რიგში, სასტუმროები, საავადმყოფოები და მორგები მოიძიეს, თუმცა იქ ვერ მიაგნეს. ეს, ერთი მხრივ, კარგი იყო, რადგან საავადმყოფოებსა და მორგებში რომ არ დახვდათ, გამოდიოდა, რომ უდიდესი ალბათობით, ცოცხალი იყო. პაპა ბოლოს შვილიშვილმა ნახა, რომელიც 23 წლის გახლდათ და ცალკე ცხოვრობდა. მან მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო, ისე კი, ძალიან კარგი მოხუცია, გადასარევად აზრივნებს, თანამედროვეობაზეც კარგი წარმოდგენა აქვს. მინდა, ასეთი პაპა მყავდესო...
გამომძიებელს მოეჩვენა, რომ პაპისადმი ასეთი თბილი დამოკიდებულების მიუხედავად, ბიჭი საერთოდ არ ნერვიულობდა, რომ მოხუცი დაკარგული იყო და ვერ პოულობდნენ.
პარალელურად, სამართალდამცავებმა რუსეთიდან მეცნიერის ფოტო გამოითხოვეს, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვეძებთო. ოჯახში მისი ფოტო არ ჰქონდათ, დედამ არ დამახვედრა და მე რატომ უნდა მეძებნა კაცი, რომელმაც მაშინ მიმატოვა, როცა ჯერ კიდევ მუცელში ვიყავიო. ერთი გაფიქრება, ისიც კი თქვეს სამართალდამცავებმა, რომ შეიძლებოდა, გაბრაზებულ შვილს მამაზე შური ეძია, მაგრამ ეს აზრი მალევე უარყვეს - ჯერ ერთი, ბიზნესმენისთვის დამატებითი ქონება არ იქნებოდა ურიგო და მეორეც, არ იყო მოწოდებით კრიმინალი და კაცს, მით უმეტეს, მამას, ვერ და არ მოკლავდა. ფოტო მალე ჩამოვიდა და ყველა განყოფილებაში გამოაკრეს, თან ისევ სასტუმროებსა და საავადმყოფოებს ამოწმებდნენ. რადგან წინსვლა არ იყო, კვლავ ოჯახს მიადგნენ, ეგებ, რამე გამოგრჩათ და გვითხრათო. მათ კი მხრები აიჩეჩეს, რაც ვთქვით, ვერაფერს დავამატებთო და გამომძიებელმა ჯიბიდან ფოტო ამოიღო, ხომ ჰგავს თქვენს მოხუცს, სხვანაირად ხომ არ გამოიყურებაო. ცოლ-ქმარმა ფოტოს დახედეს, მერე ერთმანეთს შეხედეს და მტკიცედ თქვეს - „ფოტოზე სულ სხვა კაცია გამოსახული!“
გამომძიებელი დაიბნა, რუსეთში ახალი მოთხოვნა გააგზავნა და ახალი ფოტოებიც მიიღო, მაგრამ იმავე კაცის, რომლისაც პირველ ეტაპზე გამოუგზავნეს. მეტიც, ცოტა ხანში მოსკოვიდან დარეკეს და თქვეს, რომ მეცნიერი, რომლის ფოტოებსაც ასე დაჟინებით ითხოვდა ქართული მხარე, ორი წლის განმავლობაში ეტლში იჯდა, მოგზურობა არ შეეძლო და ამჯერადაც რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ეს რაღაც ახალი გახლდათ - გამოდიოდა, რომ მისი სახელით ვიღაც ჩამოვიდა და ამათ რაღაც მემკვიდრეობაზე ესაუბრებოდა. ძიება სხვა მიმართულებით წავიდა, ამოიღეს ჩანაწერები აეროპორტიდან, შეაჯერეს, ოჯახს პასპორტების ასლები ანახეს და მათ ის მამაკაცი ამოიცნეს, რომელიც თავს მეცნიერად ასაღებდა. მოსკოვმა დაადასტურა, რომ ეს კაცი, რამდენიმე ათეული წელი, მეცნიერის ასისტენტი იყო და მას ერთგულად ემსახურებოდა. გამოდიოდა, რომ საქართველოში სწორედ ის ჩამოვიდა. რუსმა სამართალდამცვებმა მეცნიერი დაჰკითხეს.
„დიახ, მე გავუშვი ჩემი უერთგულესი თანაშემწე საქართველოში იმისთვის, რომ ჩემი შვილი ენახა. თუ ის ღირსეულია, ქონებას დავუტოვებ, თუ არადა, ყველაფერს მოსკოვის ზოოპარკს გადავცემ, მე ცხოველები ძალიან მიყვარს. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ასისტენტი დაიკარგა, არ მჯერა. მან გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან კარგი შვილიშვილი მყავს, ამიტომ მთელ ქონებას, სავარაუდოდ, სწორედ მას დავუტოვებ. ერთ ზარს კიდევ ველოდები, რაღაც უნდა დადასტურდეს და ანდერძსაც დავწერ“, - განაცხადა მეცნიერმა.
მეცნიერის განცხადებამ ძალოვნები საერთოდ დააბნია. გამოდიოდა, რომ ამ ტყუილის აზრზე თავად ისიც იყო, მაგრამ... სად გაქრა ასისტენტი? ან საიდან რეკავდა და რა უნდა დაედასტურებინა? სამართალდამცავები მას ძალიან აქტიურად ეძებდნენ და ისევ ბიჭთან მივიდნენ, რომელიც „პაპაზე“ ძალიან თბილად საუბრობდა. როცა უთხრეს, რომ ის მისი ნამდვილი პაპა არ იყო, მხოლოდ გაეღიმა და ნერვიც არ ატოკებია.
„ბიჭის ბინას უთვალთვალეთ, მან იცის, სად არის მოხუცი“, - გასცა განკარგულება გამომძიებელმა და მართლაც, მის სახლთან მორიგეობა ოპერჯგუფმა დაიწყო. ბევრი ლოდინი არ დასჭირვებიათ, ის, ვისაც ეძებდნენ, საღამოს გამოჩნდა და ბინაშიც კი არ აუშვეს, სადარბაზოსთან დააკავეს.
„რასაც ახლა მოგიყვებით, შესაძლოა, ზღაპარს ჰგავდეს, მაგრამ რეალობა ეს არის. პროფესორს ლაბორანტთან ურთიერთობა, მგონი, მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ ჰქონდა. მას ამაზე საუბარი არ უყვარდა. ესეც მანამდე იყო, სანამ მე გამოვჩნდებოდი. მე მართლა გულწრფელად შემიყვარდა ის ქალი, ცოლად მოყვანასაც ვაპირებდი, მაგრამ მოულოდნელად, პროფესორმა წასვლა გადაწყვიტა, მე აუცილებლად უნდა წავყოლოდი, ქალი კი ვერ წამომყვა, დედა ჰყავდა ავად, ვერ ტოვებდა. წავედით და მერე გავიგე, რომ ორსულად იყო. პროფესორმა გადაწყვიტა, რომ ეს მისი შვილი იყო და ხელი აიქნია, აბორტი გაიკეთოსო. მე კი... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ჩემი იყო, თანაც ლაბორანტმა მითხრა, ორივე დამეკარგეთ, აბორტი გავიკეთეო. თურმე, პროფესორი, აქაური ნაცნობების მეშვეობით, ამ ქალის ცხოვრებას თვალ-ყურს ადევნებდა, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა. ახლა კი, სიბერეში გადაწყვიტა, რომ ყველაფერი შვილისთვის დაეტოვებინა, მაგრამ მე მკაცრდ გამაფრთხილა, თუ კარგი კაცია და იმსახურებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუტოვებო. ეს დღეები დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად დამჭირდა. ჩემი შვილია ეს კაციც და ეს ბიჭიც ჩემი შვილიშვილია. ჩავალ და პროფესორს ყველაფერს ავუხსნი“, - განაცხადა დაკავებულმა.
მეცნიერისთვის ახსნა-განმარტებები საჭირო აღარ იყო, რადგან ის გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, მთელი ქონება სწორედ შვილიშვილს ერგო, თუმცა რეალურად, ის მისი შვილიშვილი არ გახლდათ. რუსმა სამართალდამცავებმა ბევრი იბრძოლეს, სასამართლოშიც იჩივლეს, რადგან სურდათ, მეცნიერის არცთუ მცირე ქონება რუსეთს დარჩენოდა, მით უმეტეს, მას ნათქვამიც ჰქონდა, შესაძლოა, ყველაფერი აქაურ ზოოპარკს დავუტოვოო. ზოოპარკზე არავინ ფიქრობდა, მთავარი იყო, მისი უზარმაზარი სახლი ჩაეგდოთ ხელში, მაგრამ ქართულმა მხარემ სასამართლო მოიგო. მოგების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ანდერძში ბიჭის სახელი და გვარი ეწერა, არ ეწერა სიტყვა შვილიშვილი ანუ მეცნიერი ქონებას კონკრეტულ პირს უტოვებდა და რამე ნათესაურ კავშირზე მინიშნებას არ აკეთებდა. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი, სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს.