შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 4 პირი. გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა , რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.