პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განახლება-გაუმჯობესების მიზნით, 2026-2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში გამგებელმა დაათვალიერა კოლეჯის სასწავლო სივრცეები, გაეცნო პროფესიული განათლების პროგრამებსა და სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რასაც კოლეჯი სთავაზობს სტუდენტებს თანამედროვე პროფესიის დაუფლებისა და შრომის ბაზარზე წარმატებით ინტეგრაციისთვის. კახა სამხარაძემ დადებითად შეაფასა კოლეჯში არსებული გარემო, სასწავლო ინფრასტრუქტურა და სტუდენტების აქტიურობა. მან ასევე აღნიშნა პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი როლი რეგიონში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყოს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.
ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე.
“საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება. ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა. პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი - ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს.
„თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.
თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.
მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო, ხოლო 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი, 106 წლის ორი ქალი იყო.
მოსული უხვი ნალექის გამო, სამგორის რაიონში, ისევე როგორც მთელ დედაქალაქში, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები.
ამ დროისთვის, დაფიქსირებული შეტყობინებების უმეტესობა ხეების წაქცევასა და ტოტების მტვრევას უკავშირდება.
გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, „თბილსერვის ჯგუფი“ და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს თბილისის მერიას და „თბილსერვის ჯგუფს“ ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 72 22 22; 2 61 90 50 ან მოგვწეროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ , შპს “თბილსერვის ჯგუფი” და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის.