გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, გაიმართა ღონისძიება „სამგორი - მწვანე რაიონი“. ღონისძიების მიზანია მომავალ თაობებში ეკოლოგიის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ეკომომავლისადმი ინტერესის გაღრმავება. შეხვედრაზე მოეწყო სამგორის რაიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეკრეაციული სივრცეების პროექტების ფოტოგამოფენა, გაიმართა პრეზენტაცია და ჩატარდა საინფორმაციო ლექცია, რომელიც ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.
სამგორის რაიონს რეკრეაციული სივრცე შეემატება
ვარკეთილის მე-4 მ/რ-ის II რიგის, კორპუსი N2-სა და N3-ს შორის, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ 3200 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი სივრცე. დამონტაჟდება გარე განათების და სარწყავი სისტემები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით და გამწვანდება ხე-მცენარეებით.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.
22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.
დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც. ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.
ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ვრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა იცვლება.
„მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“.
უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.
ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც გადაადგილდება ზემოაღნიშნული სქემით.
რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.