თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამასთან, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც.
„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს. ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი, რომ პროცესი დაიწყოს და ფართების დაკანონება მოხდეს.
ზოგადად, ამ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. პროგრამა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ოჯახი ფართებით არ დაკმაყოფილდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის დელეგატები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3 150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.
თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც წარმოადგენს როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში. აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას. მოქალაქეთა ნაწილი ასევე არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის 3, I მიკრო რაიონში, N12 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შიდა წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
71 გრძივ მეტრზე გამოიცვალა გარე და შიდა ქსელი, დამონტაჟდა წყალარინების ორი ჭა.
სამუშაოების ღირებულებამ 37 718 ლარი შეადგინა.
სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს და სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.
გამგეობის ორგანიზებით, ამჯერად, რაიონის მასშტაბით კლუბებს შორის ძიუდოს ტურნირი “სამგორის თასი" გაიმართა.
ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ვაუჩერები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ზაქარია წიკლაურმა გადასცეს.
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად მიხეილ ცისკარიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3 650 კვ.მ ფართობზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
პროექტის საორიენტციო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.